ეს იდეა ბერლინის სენატში პარტია SPD-მ გაავრცელა. იდეა ბევრმა ექსპერტმა მოიწონა, მაგრამ გამოჩნდნენ კრიტიკოსებიც, რომლებიც იდეას საერთო ჯამში კი ეთანხმებიან, მაგრამ მის სრულყოფას ითხოვენ. ოპოზიციურ პარტია CDU-ში აცხადებენ, გადასახადის მხოლოდ ავტომობილის ზომის მიხედვით დაწესება არ შეიძლება, რადგან გასათვალისწინებელია, რომ გარემოს ყველა დიდი ავტომობილი არ აბინძურებს პატარაზე მეტად. მაგალითად, ჰიბრიდულ ყველგანმავალს შეიძლება უფრო ნაკლები გამონაბოლქვი ჰქონდეს, ვიდრე დიდი სიმძლავრის პატარა ავტომობილს. ამიტომაც საჭიროა, რომ ამ იდეის ფარგლებში ჰიბრიდული ავტომობილების ან ელექტრომობილების მფლობელებს შეღავათები დაუწესდეთ. აქვე ვთქვათ, რომ ევროკავშირში გამონაბოლქვზე ისედაც შესაბამისი გადასახადია დაწესებული - რაც უფრო მეტად აბინძურებს ავტომობილი გარემოს, მით მეტს იხდის მისი მფლობელი. ამ შემთხვევაში კი ბერლინის სენატის იდეა მხოლოდ პარკინგის გადასახადს ეხება.
ის, რაზეც ბერლინში უკვე სერიოზულად ფიქრობენ, შესაძლოა, საინტერესო იდეა იყოს თბილისის რეალობისთვისაც, რადგან ჩვენს დედაქალაქში საცობებისა და გამონაბოლქვის პრობლემა უკვე ძალიან სერიოზულია. პატარა ავტომობილებისა და შედარებით ეკოლოგიური ავტომობილების მფლობელების წახალისება ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა...
