ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან ადვილია: იმიტომ, რომ განახლებული მოდელი მზადაა! გამოქვეყნდა პირველი ოფიციალური ფოტოებიც და დილერები განახლებულ ”მესამე სერიას” ამავე თვეში მიიღებენ!
მოდით, ერთად გავიაროთ, რა სიახლეებია განახლებულ ”სამიანში”.


ვიზუალური თვალსაზრისით მხოლოდ რამდენიმე დეტალია გაუმჯობესებული: მაგალითად, მოდიფიცირებული მაშუქები ოფციური LED-განათებით, ახალი ბამპერებით წინ და უკან, ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ინტერიერი განახლებული ცენტრალური კონსოლით.
სიახლეებია კაპოტის ქვეშაც. მაგალითად, ახალი ”მესამე სერია” პირველად 3-ცილინდრიანი ძრავითაც ხელმისაწვდომია. 136-ცხენისძალიანი ძრავა ახალ საბაზო მოდელ 318i-ში იქნება ხელმისაწვდომი, ეს უკანასკნელი კი მოგეხსენებათ, 316i-ს შეცვლის.
3-ცილინდრიანი Turbo თავის მაქსიმალურ ბრუნის მომენტს (220 ნიუტონმეტრი) 1250 ბრუნიდანვე ავითარებს. თუკი გასწრებისას გაუჭირდა, Overboost-ის დახმარებით სიმძლავრე მცირე ხნით 230 ნიუტონმეტრამდე გაიზრდება - ამისათვის, აქსელერაციის სატერფულზე თამამად და მხნედ მიდგმაა საჭირო.

6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის მეშვეობით BMW 318i 0-დან 100 კმ/სთ-მდე 8,9 წამში ჩქარდება, მაქსიმალური სისწრაფე კი 210 კმ/სთ-ია. ბავარიელები ამ ვერსიის შემთხვევაში 100 კილომეტრზე 5,5-ლიტრიან საწვავის ხარჯს გვპირდებიან. ოღონდ, ეს სედანის შემთხვევაში - კომბის შემთხვევაში კი - 5,9 ლიტრს.
საერთო ჯამში ხელმისაწვდომია ბენზინის 4 ძრავა (136-დან 326 ცხენის ძალამდე სიმძლავრით) და დიზელის 7 აგრეგატი (116-დან 313 ცხენის ძალამდე სიმძლავრით. სედანის სავარაუდო საწყისი ფასი დაახლოებით 30 000 ევროა, კომბის - 32 000 ევრო.
განახლებული ”მესამე სერიის” შესახებ უფრო დეტალურად ჟურნალ ”AUTO BILD საქართველოს” ივნისის ნომერში გიამბობთ. მანამდე კი გადახედეთ ფოტოგალერეას, სადაც ნახავთ, რა მოდელების გამოშვებას გეგმავს BMW 2019 წლამდე.
იხილეთ ფოტოგალერეა:
►BMW-ს გეგმები 2019 წლამდე
