ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
25.03.2015
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის! ზოგადად, კორეელებმა თავიანთ კომპაქტურ SUV-ში მარტო სახელი კი არა, ბევრი რამ შეცვალეს

...და უცებ, აბსოლუტურად მოულოდნელად, ჟრუანტელმა დამიარა. ტვინმა პირდაპირ გადასცა მთელ სხეულს ბრძანება: მინდა, მინდა, მინდა! ერთი ნახვით შეყვარების ხომ ყველას გვჯერა? ბევრი იმასაც ამბობს, სიყვარული ერთი ნახვითაა, თუ არის, აბა, ბევრი ნახვით სიყვარული უკვე სხვა რამეაო...

მოკლედ, ”ჰიუნდაიშის” ცენტრში გახლდით დაპატიჟებული: ახალი Tucson, რომელმაც ix35-ს შეცვლის, ჟენევის ავტოშოუზე ოფიციალურ პრეზენტაციამდე რამდენიმე კვირით ადრე, ექსკლუზიურად გვიჩვენეს. ახალი კორეული კომპაქტური SUV? გასაოცარი და გადასარევი რა უნდა იყოს? რით უნდა გამაკვირვოს? სწორედ ამას ვფიქრობდი და, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, სასტიკად შევცდი. როცა ”ჰიუნდაის” წარმომადგენლებმა ახალ Tucson-ს ფარდა ახადეს, ყბა ჩამომივარდა და პირი ღია დამრჩა! ეს ”აუდის” ყოფილი დიზაინერის, პეტერ შრაიერის დამსახურებაა, რომელიც ახლა ”ჰიუნდაის” შეფ-დიზაინერია.

Auto Bild
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი თავდაჯერებული დიზაინი აქამდე არცერთ კორეულ ავტომობილს არ ჰქონია. ახალი დიზაინი Tucson-ს ძალიან მოუხდა

მეტყველი ფარები, დიდი, ქრომირებული და სამგანზომილებიანი ცხაურა, ასევე მაგრად დაჭიმული ხაზები - ახალი Tucson ისე გამოიყურება, შეიძლება იფიქრო, რომ ”აუდია”. როგორც ჩანს, ”ჰიუნდაიმ” არასრული და პუტკუნა დიზაინი საბოლოოდ ჩააბარა ისტორიას.

ეს ყველაფერი სრულიად ახალი პლატფორმის დამსახურებაცაა, რომელსაც ”ჰიუნდაის” კონცერნში პირველად სწორედ ახალი Tucson იყენებს. ამ პლატფორმის შედეგად მანქანამ არა მარტო სუფთა პროპორციები, არამედ უფრო ტევადი სალონიც მიიღო. Tucson, წინამორბედ ix35-თან შედარებით, გარეგნულად მხოლოდ 7 სანტიმეტრით გრძელია (4,48 მეტრი), მაგრამ ახალი პლატფორმის დამსახურებით, ინტერიერში ახლა გაცილებით მეტ სივრცეს გვთავაზობს. წინ მეფურად ზიხარ, უკან კი სივიწროვეზე უკვე აღარც ტანმაღალი მგზავრები იწუწუნებენ. საბარგულის მინიმალური მოცულობა კი ახლა 514 ლიტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ჩემოდნით მეტი ჩაეტევა, ვიდრე წინამორბედ მოდელში.

Auto Bild
ახალი Tucson-ის სალონი: რბილი მასალები, ქრომირებული დეტალები და კარგი დამუშავება
Connected Car: როგორც იქნა, ”ჰიუნდაი” აბსოლუტურად თანამედროვე ნავიგაციას და მულტიმედიას გვთავაზობს. კორეელები ამბობენ, რომ ახალი სისტემა წინამორბედისაზე სამჯერ სწრაფად მუშაობს. ეკრანი, რა თქმა უნდა, სენსორულია

ჩაჯდები მანქანაში და კოკპიტზე მაშინვე შეამჩნევ, რაოდენ სწრაფად სწავლობენ კორელეები კარგად მუშაობას. მიხვდები იმასაც, რომ ისინი ამ ყველაფერს სწორედ ევროპელებისგან სწავლობენ. რბილი მასალები, მშვენიერი ტყავი და ქრომირებული დეტალები მართლაც ძალიან კარგად გამოიყურება. ბრუნების მთვლელსა და სპიდომეტრს შორის განთავსებული ეკრანი და ახალი ნავიგაციის დიდი დისპლეი უკვე პრემიუმ ხარისხისაა. კორეელები ამბობენ, რომ ახალი მიკროპროცესორების დამსახურებით ეს უკანასკნელი სამჯერ უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე წინამორბედში. თუმცა ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ კორეელებმა ბოლოს და ბოლოს თავისთვისაც აღმოაჩინეს თანამედროვე მულტიმედია და ინტერნეტკავშირი. ასე რომ, ”ჰიუნდაიმ” ”ქვის ხანიდან” პირდაპირ თანამედროვე დროში გადმოინაცვლა: კორეელებმა ”ფოლკსვაგენსა” და ”მერსედესს” მიბაძეს და ჰოლანდიურ სპეციალისტ TomTom-თან თანამშრომლობით მიიღეს ისეთი ნავიგაცია და მულტიმედია, როგორიც ამჟამინდელ პროგრესულ თაობას სჭირდება. ”ჰიუნდაისთვის” დამახასიათებელი გადაწყვეტილებაა ისიც, რომ თუკი ეს მომსახურება მის ევროპულ კონკურენტებში ფული ღირს, ”ჰიუნდაის” შემთხვევაში, Tucson-ის შეძენისას, 7-წლიანი მომსახურება უფასოდ მოყვება.

Auto Bild
ტევადი სალონი: ჩვენი ავტორი შტეფან ფოსვინკელი ორმეტრიანია და უკანა სავარძელზე უპრობლემოდ მოთავსდა

Auto Bild
საბარგულის მინიმალური მოცულობა ახლა უკვე 541 ლიტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ჩემოდნით მეტი ჩაეტევა, ვიდრე წინამორბედში

სასიამოვნო სიახლეებია ასისტენტ-სისტემების კუთხითაც: Tucson-ს მოყვება ავტომატური დამუხრუჭების ასისტენტი, რომელიც ფეხით მოსიარულეებსაც კი ცნობს და საჭიროების შემთხვევაში, თავისით დაამუხრუჭებს.
Auto Bild
კაპოტის ქვეშ ნაცნობი ძრავები მუშაობენ - გამონაკლისი მხოლოდ ერთია. ბენზინის საკმაოდ მწყურვალი 2-ლიტრიანი აგრეგატი 1,6-ლიტრიანმა Turbo-მ შეცვალა, რომელიც 176-ცხენისძალიანი სიმძლავრით უფრო ძლიერია და ამავდროულად, 20 პროცენტამდე საწვავი უნდა დაზოგოს. ახალი ძრავა პირველად იქნება კომბინირებული ორდისკიან ტრანსმისიასთან. დიზელის ძრავების სიმძლავრეები კი 115, 136 და 184 ცხენის ძალაა.

ახალი Hyundai Tucson, ზუსტად ისეთი, როგორსაც ფოტოებზე ხედავთ, ”ჰიუნდაის” თბილისის ცენტრში სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი და მისი საწყისი ფასი 22 000 დოლარი იქნება.

დასკვნა
”ჰიუნდაის” მთავარი პლუსები აქამდე კარგი გარანტია, კონკურენტებზე უკეთესი კომპლექტაცია, მისაღები ფასი და ერთი სიტყვით, რაციონალური მიდგომა იყო. ახალი Tucson კი უკვე ისეთი ავტომობილიცაა, რომელიც გულისცემასაც აჩქარებს. ეს SUV ძალიან კარგად გამოიყურება და სალონიც მშვენიერი აქვს. ეს არის სრულიად ახალი ხაზი, რომელიც კორეელს უხდება. ამიტომაც ვამბობ: მინდა ეს ”ჰიუნდაი”!
შტეფან ფოსვინკელი

Auto Bild
მეტყველი დიზაინი: ახალი Hyundai Tucson აბსოლუტურად თანამედროვე SUV-ია

ასევე იხილეთ:

ფოლკსვაგენის პირველი ბიგ მაკი
Auto Bild

ვის უნდა სამხიდიანი ლენდ როვერი?
Auto Bild

ახალი Audi R8 იფრენს!

Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
თბილისი არქიტექტორების თვალით
დენის გაიაფებას ლარის კიდევ 10%-ით გამყარება სჭირდება
ქართულ ავიაბაზარზე რუსული კომპანიების წილი იზრდება
N76 მარტი 2016
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Nissan Tiida 25 $
Opel Vectra 8 $
Opel Vectra 8 $
Mitsubishi Delica 50 $