ოჯახის მეგობარი BMW
ოჯახის მეგობარი BMW
17.04.2015
Active Tourer დააგრძელეს და ესეც ასე: BMW-ს პირველი ვენი მზადაა!

იცით, რა არის ყველაზე საინტერესო Gran Tourer-ის კონცეფციაში? თავად ის ფაქტი, რომ BMW თავის ახალ ”ფუნქციურ ავტომობილს” ოფიციალურად ვენს არ უწოდებს და არც არასდროს აღიარებს, რომ ეს ვენია. არადა, ზუსტადაც რომ ვენია!

ჩვენს წინაშეა ნახევრად შნოიანი ძარა მაღალი სახურავით, სიგრძეში ვარირებადი უკანა სავარძლით, დიდი საბარგულითა და მაქსიმუმ 7 მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობით. ასე განსაჯეთ, თვით პროდუქციის ხელმძღვანელი ჟაკ-ოლივიე კლინგიც აღიარებს, რომ ამ ავტომობილის კონცეფციაზე მუშაობისას საორიენტაციო მოდელი Volkswagen Touran იყო.

მოკლედ, სურთ თუ არა ამის აღიარება, ეს ვენია. ჰოდა, მოდით, Gran Tourer ჩვენც ისე შევამოწმოთ, როგორც ვენს შეეფერება და არა იმ კრიტერიუმებით, რა კრიტერიუმებითაც ჩვეულებრივ BMW-ს სხვა მოდელებს ვამოწმებთ ხოლმე. რამდენად უხდება ეს ავტომობილი BMW-ს ოჯახს? ახალი მოდელი A-საყრდენამდე, პირველი რიგის მიხედვით და ძარის მიღმა მოთავსებული დეტალებით პატარა Active Tourer-ის იდენტურია. ეს უკანასკნელი კი, როგორც იცით, სექტემბრიდან იყიდება. მიუნხენელებმა მოზრდილი ვენი უკან დააგრძელეს. Gran Tourer 21 სანტიმეტრით გრძელია, მისი ჭერი კი - 5 სანტიმეტრით მაღალი. სწორედ ამ ორი მონაცემის დამსახურებაა ის, რომ წინა სავარძლების უკან გაცილებით მეტი სივრცეა, ვიდრე მინივენ Active Tourer-ში და ესეც ასე: BMW-ს ვენიც მზადაა!

Auto Bild
Gran Tourer თვით VW Touran-ზე გრძელია

რამდენადაც ჰგვანან ერთმანეთს BMW-ს წინაამძრავიანი ოჯახის მეგობრები, იმდენად მნიშვნელოვანია მათ შორის მცირე განსხვავებები. უკანა სავარძელი სამი სანტიმეტრით მაღლა დგას და სამი სანტიმეტრით განიერია. ამან ის გამოიწვია, რომ უკან ბავშვის სამი სავარძელი (!) ეტევა. ახალი დამატებითი ოფციის სახით ხელმისაწვდომია პატარა გადამოსაწევი მაგიდები (190 ევრო) და იმდენი სათავსო, რომ დედა და ბავშვები ნივთების ძებნით გაერთობიან. ახლა კი დაფიქრდით: ვინ იფიქრებდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს BMW ოჯახისთვის საჭირო პრაქტიკულობაზე და სალონის ტევადობაზე ასე იზრუნებდა? ამავდროულად, ბავარიელებს სჯერათ, რომ Gran Tourer-ის მყიდველთა საშუალო ასაკი Active Tourer-ის მყიდველთა საშუალო ასაკზე 15 წლით მცირე იქნება. ანუ, ახალგაზრდები Gran Tourer-ს უფრო იყიდიან.

Auto Bild
კოკპიტი ორიენტირებულია მძღოლზე, რომელმაც მანქანა უნდა იგრძნოს. მერე რა, რომ ვენია - BMW-ს ღირებულებებს არ ღალატობს

Auto Bild
ის, რაც ჩვენი ავტორისთვის ტანვარჯიშია, ბავშვებს გაუხარდებათ: სულ უკან ჩაჯდომა რთულია, ბავშვები კი მოქნილად გადაძვრებიან

Auto Bild
თუმცაღა მესამე რიგში კომფორტი გამორიცხულია. ”ნინტენდოს” თაობის ზემოთ აქ წესიერად ვერავინ დაჯდება, მაგრამ ამაზე მეტი სივრცე არც სხვა 7-ადგილიანებშია

კარგი, განვაგრძოთ მიუნხენელთა საბავშვო ბაღში ძრომიალი. Gran Tourer უკანა სავარძლის უკან არსებულ სივრცეს მოქნილად იყენებს: შეგიძლიათ აირჩიოთ ან ხუთადგილიანი ვერსია ულტრადიდი საბარგულით, ანაც დამატებითი ოფციების ნუსხაში მონიშნოთ სავარძლების მესამე რიგი (790 ევრო), რომელიც ჩვეულებისამებრ იატაკის ქვეშ იქნება ჩაძირული და ხელის ერთი ამორტყმით ამოსწევთ. მესამე სავარძელზე მოთავსებისთვის საჭიროა, რომ მეორე რიგის სავარძელი წინ გასწიო, მაგრამ არის კი ეს ე.წ. Easy Entry? ანუ, მარტივია ჩაჯდომა? ჩაჯდომას კიდევ არა უშავს, ისე კი, მესამე რიგში ნამდვილად სივიწროვეა. მესამე რიგის ორივე პატარა სავარძელი იმდენად ღრმადაა იატაკზე, რომ 14 წლის ბავშვიც კი მუხლებს ლამის ყურებზე მიიბჯენს. რაც შეეხება თავის ზემოთ არსებულ სივრძელ: ჰა-ჰა, მაქსიმუმ მერვეკლასელ ბავშვს ეყოს, მაგრამ მოდით, ვიყოთ სამართლიანები: ეს ყველაფერი თვით შვიდადგილიან VW Touran-ს ან Citroen Grand Picasso-საც კი არ შეუძლია უკეთესად. გაწიე, გამოწიე, 4,56-მეტრიან სიგრძეში ამ თვალსაზრისით სასწაულებს ვერ მოახდენ.

Auto Bild
სამაგიეროდ, მეორე რიგში ყველაფერი რიგზეა. სავარძელი 13 სანტიმეტრის დისტანციაზე მოძრაობს. გადმოსაწევი მაგიდა დამატებითი ოფციაა

Auto Bild
აი, ასე იმალება მესამე რიგის სავარძლები და ასე გადადის მეორე რიგის სავარძლის საზურგე. უფრო გრძელი საგნის ჩასადებად კი მძღოლის გვერდითა სავარძელი უნდა გადაწიოთ

რაც მთავარია, საბარგულის კარი Gran Tourer-შიც ძალიან პრაქტიკულად, 1,87 მეტრ სიმაღლეზე იხსნება და თუ 490 ევროსაც გადაიხდით, ელექტრონულად გაიხსნება. ვინც უკანა სავარძლებს გააბრტყელებს, მართალია, მთლად სწორ ზედაპირს ვერ მიიღებს, მაგრამ საბარგულის მოცულობას 645 ლიტრიდან 1820 (!) ლიტრამდე გაზრდის. ეს კი მართლას წმინდა ვენის ფორმატია! ხუთადგილიანის შემთხვევაში კი, ანუ, მესამე რიგის გარეშე, საბარგულის მაქსიმალური მოცულობა 1905 ლიტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამაზე დიდი საბარგული არცერთ სხვა BMW-ს არ აქვს! შედარებისთვის: მასში მესამე სერიის Touring-ზე ოთხი ჩემოდნით მეტს ჩადებთ და მოცულობა BMW X5-ის საბარგულზე 35 ლიტრით მეტი გამოდის.

Auto Bild

Auto BildGran Tourer-ის გაყიდვები ივნისში ხუთი ძრავითა და ერთი სრულამძრავიანი მოდელით იწყება, რასაც ვერც Touran გვთავაზობს და ვერც Opel Zafira. ახლა, რა თქმა უნდა, დაიწყება დისკუსიები იმის შესახებ, თუ რამდენად მოყვება Gran Tourer-ს BMW-სთვის დამახასიათებელი მართვის სიამოვნება და არის თუ არა ოდნავ მაინც დინამიკური. ამას უშუალოდ ტესტ-დრაივი გვიჩვენებს. საწყისი ფასი ევროპაში 28 650 ევროა - ანუ, Active Tourer-ზე 1400 ევროთი მეტი. 225i არ იარსებებს, სამაგიეროდ, ივლისიდან ხელმისაწვდომი გახდება 216i 26 950 ევროდ. BMW-ში იმედი აქვთ, რომ მყიდველების 40 პროცენტი შვიადგილიან ვერსიას აირჩევს.

დამაინც: რა უნდა დავუძახოთ ამის მერე ამ მანქანას? ბორბლებიანი საბავშვო ბაღი? კიდევ კარგი, რომ კლინგმა ის მაინც თქვა, ყოველ შემთხვევაში, სიტყვა ვენი ჩვენთან ტაბუდადებული თემა აღარ არისო. აჰა, ხომ შესძლებიათ?

დასკვნა
არ დაიწყოთ ახლა ვენი და BMW არ არსებობსო! ეს არის ახალი BMW, რომელსაც ბევრი იყიდის. Gran Tourer-ს ნამდვილად აქვს იმის ნიჭი, რომ კარგი ვირი იყოს.
იოახიმ შტაატი

Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
BMW,
მთავრობამ ონლაინ აზარტული თამაშები საგულდაგულოდ მიივიწყა
რატომ უნდა დავაფინანსოთ სტარტაპი
როგორ დაიწყო ქართველმა მამაკაცმა ციმბირში ხის კოშკების მშენებლობა
N76 მარტი 2016
ახალი ნომერი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Honda Fit 2000 $
Opel Vectra 17 $
Honda Fit 2400 $
Mercedes-Benz CLS 55 AMG 17800 $