«ლე მანის 24 საათი» ლეგენდარული რბოლაა, რომელზეც ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა მოხვდეს ავტოსპორტის მოყვარული. ლე მანი სარტის დეპარტამენტის ცენტრი და საფრანგეთის შვიდი უდიდესი ქალაქიდან ერთ-ერთია, ასე რომ, იქ სასტუმროების სიმცირე არ შეიმჩნევა, მაგრამ ქალაქი ისეა განთქმული თავისი რბოლით, რომ სასტუმროს დაჯავშნას მარათონის დასრულებიდან მეორე დღესვე იწყებენ, რათა საგაისო რბოლას დაესწრონ. ასე რომ, მათ, ვინც საცხოვრებელი ადგილის პოვნა ვერ მოასწრო, ორი ვარიანტი აქვთ: ტრასასთან კემპინგის ტერიტორიაზე კარვის გაშლა ან მეზობელი ქალაქების სასტუმროში მოწყობა. ავტოსპორტის ფანების უმრავლესობა კარავში ცხოვრებას არჩევს. ისინი ლე მანში თავიანთი «ფერარებით», «პორშეებითა» და სხვა ძვირფასი მანქანებით ჩადიან. მთელი კვირა კემპინგის ტერიტორიაზე ყოფნისას მარტო რბოლის სტუმრების ავტომობილების თვალიერებითაც შეიძლება გართობა - ეს ერთგვარი უფასო გამოფენაა. ავტოდრომის ტერიტორიაზეა მანქანების ოფიციალური გამოფენაც. ტრასაზე შესვლისთანვე თვალში მოგხვდებათ «აუდის» სტენდი, სადაც სარბოლო მანქანის გარდა მისი საგზაო ვერსიაც არის გამოფენილი. მეზობლად «ნისანი» დგას, შემდეგ BMW და ასე შემდეგ, მაგრამ სიცოცხლე ჩქეფს ტრასის მეორე მხარეს, სადაც მოხვედრა შესაძლებელია მიწისქვეშა გადასასვლელით ან «დანლოპის» ცნობილი ხიდით, რომელიც ამავე სახელწოდების მოსახვევის თავზე გადის. რაც შეეხება გართობას, ყველაზე პოპულარულია ტრასაზე წრის გავლა, რაც ხუთი ევრო ღირს - შეგიძლიათ დატკბეთ ტრასის ბრწყინვალე ხედებით, ხოლო თუ ამას ღამით გააკეთებთ, დაუვიწყარი შეგრძნებები გარანტირებული გექნებათ. რბოლის საყურებლად ადგილის შერჩევისთვის ადრიანად უნდა იზრუნოთ, რადგან სტარტამდე ერთი საათით ადრე, გარშემო ბორცვები მაყურებლით არის სავსე. საჭიროა ამაღლებული ადგილის პოვნა, რადგან დამცავი ბარიერები საკმაოდ მაღალია და თუ დაბლა დასხდებით, მანქანის მოძრაობას მხოლოდ ძრავის ხმით თუ აღიქვამთ. წლევანდელმა, რიგით 79-ე მარათონმა მაყურებელს თვალსასეირო სანახობა უჩვენა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ გამარჯვებისთვის საჭიროა საიმედოობა, სისწრაფე და აკურატულობა. მორიგი 24-საათიანი რბოლა, წესით, საინტერესო უნდა გამოსულიყო. შარშანდელმა ლიდერებმა - «აუდიმ» და «პეჟომ» ახალი მანქანები მოამზადეს და წინასწარ შეიძლებოდა იმის პროგნოზირება, რომ სწორედ ეს ორი კონცერნი გამართავდა ბრძოლას გამარჯვებისთვის. მათ გარდა, «მთავარ» კლასში ისევ გამოჩნდა ანრი პესკაროლოს «ჩაუძირავი» გუნდი, «ასტონ მარტინის» აბსოლუტურად ახალი მანქანები, საჯინიბო «ჰოუპ რეისინგის» პირველი ჰიბრიდული პროტოტიპები... ისინი გამარჯვების პრეტენდენტებად არ მიიჩნეოდნენ, მაგრამ რბოლის მსვლელობაში გარკვეული ინტრიგის შეტანა შეეძლოთ. კვალიფიკაცია Audi R18-მა მოიგო, რომელმაც სტარტზე პირველი რიგი დაიკავა. შემდეგ იყო ორი «პეჟო 908», მათ კი მოყვებოდათ იმავე «აუდისა» და «პეჟოს» ქარხნული გუნდების კუპეები. «აუდიმ» პირველი დარტყმა მიაყენა კონკურენტს, მაგრამ ორივე გუნდის რიგებში კარგად იცოდნენ, რომ მოგებული კვალიფიკაცია ბევრს არაფერს ნიშნავდა. სტარტი ტრადიციულად ფრანგული დროშის დაქნევით მისცეს და მანქანები 24-საათიანი მარათონს შეუდგნენ. უკვე რამდენიმე წუთის შემდეგ პელოტონმა პირველი დანაკლისი განიცადა - ბრძოლას გამოეთიშა «ასტონ მარტინის» ორივე პროტოტიპი - მათ საიმედოობამ უმტყუნა. მაგრამ თუ ამ «რუხი» მანქანის პრობლემები პროგნოზირებადი იყო, «აუდის» ინციდენტს ნამდვილად არავინ ელოდა. მარათონის დაწყებიდან ერთი საათიც არ იყო გასული, რომ გერმანულმა კონცერნმა თავისი ყველაზე ძლიერი ეკიპაჟი დაკარგა. გამოცდილი ალან მაკნიში თანაგუნდელ ტიმო ბერნჰარდს უსწრებდა და ამ დროს წინ მყოფი «ფერარი» ვერ შეამჩნია. მოსახვევში ორი მანქანა ვერ დაეტია და მაკნიში მთელი ძალით შეეჯახა «ფერარის», რომელიც ჰაერში აფრინდა და ბარიერს დაეცა. მანქანა ნაწილებად დაიმსხვრა და საბედნიეროდ, ნარჩენებმა იქვე მდგარი ფოტოგრაფები და მსაჯები არ დააზიანა. მაკნიშიც გადაურჩა ტრავმებს, მაგრამ ინციდენტმა ტრასაზე პეისკარის გამოსვლა გამოიწვია. რვა საათის შემდეგ ისევ გამოიჩინეს თავი «აუდის» მრბოლელებმა - შარშანდელი ჩემპიონი მაიკ როკენფელერი წრეზე ჩამორჩენილის გასწრებისას, ისევ შეეხო «ფერარის» და საბოლოოდ, მისი მანქანისგან პრაქტიკულად არაფერი დარჩა. საბედნიეროდ, პილოტი აქაც არ დაზიანებულა. ტრასაზე ისევ გამოჩნდა უსაფრთხოების მანქანა, რომელმაც ორი საათი ატარა პელოტონი. პირველად რბოლის ისტორიაში, ორგანიზატორებს პეისკარის შეცვლა მოუწიათ, რადგან უსაფრთხოების მანქანას საწვავი გაუთავდა. სანამ «აუდი» მანქანას მანქანაზე კარგავდა, სამივე «პეჟო» დამაჯერებლად გადიოდა წრეებს და თითქოს, ფრანგულ კონცერნს გარანტირებული ქონდა დამაჯერებელი გამარჯვება. მაგრამ ვერც «პეჟო 908»-ის დიდმა ეკონომიურობამ, მისმა მაღალმა საიმედოობამ ხელი ვერ შეუშალა Audi R18-ის სისწრაფესა და საბურავებისადმი ეკონომიურ მუშაობას. რბოლის დასკვნით ნაწილში გერმანული მარკის ეკიპაჟმა უშუალო დუელისას გამოსტაცა გამარჯვება «პეჟოს» და მარათონი გამარჯვებამდე მიიყვანა. მარსელ ფესლერმა, ბენუა ტრელიომ და ანდრე ლოტერერმა ერთადერთი გადარჩენილი Audi R18-ით გაუსწრეს «პეჟო 908»-ის კვარტეტს, რომელთაგანაც საუკეთესოები იყვნენ სებასტიან ბურდე, სიმონ პაჟენო და პედრო ლამი. 24-საათიანი რბოლის შემდეგ ორი ლიდერს შორის სხვაობა მხოლოდ 14 წამს შეადგენდა. «აუდის» ბოქსებში სრული საგიჟეთი სუფევდა, «პეჟოს» გუნდში - იმედგაცრუება. ეს გასაგებია: სამმა მანქანამ კონკურენტის ერთ ავტომობილთან წააგო. 2011 წლის «ლე მანმა» დაადასტურა, რომ ბრძოლა კვლავინდებურად ორ საქარხნო გუნდს შორის მიდის, «კერძო» საჯინიბოები კი მხოლოდ ერთმანეთში კონკურენციით უნდა დაკმაყოფილდნენ და ლიდერთა პრობლემების იმედი უნდა ჰქონდეთ. უკვე რამდენიმე წელია ვერ ახერხებს გამარჯვებისთვის ბრძოლას «მისტერ ლე მანი» ტომ კრისტენსენი - მისი თანაგუნდელები წარმატებულ რბოლებს მართავენ, რვაგზის ჩემპიონი დანიელი კი თავისი მიზეზით იძულებულია ადრეულ ეტაპზე მიატოვოს რბოლა. ჯერჯერობით არაფერი გამოსდის «პესკაროლოს» აღორძინებულ გუნდს, მაგრამ ყველაზე მეტად «ასტონ მარტინს» უჭირს - ინგლისური პროტოტიპების საიმედოობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და თითქმის არ აქვთ სისწრაფე. წლევანდელმა ავტომარათონმა დაგვანახა, რომ საერთო პრობლემა - ადამიანური ფაქტორია. რბოლამ თვალნათლივ აჩვენა, რომ ყველაზე გამოცდილი მრბოლელებიც არ არიან დაზღვეული შეცდომებისგან, რაც მათ ძვირად უჯდებათ. შეცდომები პიტსტოპებსა და ტრასაზე, ავარიები არამარტო ლე მანის ახალბედებს, არამედ ტიტულოვან პილოტებსაც მოსდით. გუნდებს წინ ერთი წელი აქვთ საკუთარი პილოტების უკეთ გასაწვრთნელად და ახალი ტექნიკის მოსამზადებლად. ეს აუცილებელია, რათა საიუბილეო მე-80 «ლე მანის 24 საათი» უფრო საინტერესო იყოს, ვიდრე წინა წლების რბოლები. გია თვალაბეიშვილი |
Похожие новости об автомобилях
აგრეთვე დაგაინტერესებთ |