ტესტები

ელიტარული თეთრი მგელი

«ყველაზე ეკონომიური პიკაპი», «კლასში საუკეთესო კომერციული ავტომობილი» და «რალი პარიზი-დაკარის 2010 წლის ოფიციალური გადამზიდი» - ეს ტიტულები «სახალხო პიკაპმა», შეიძლება ითქვას, დაბადებამდე მოიპოვა
მძღოლის «სამუშაო» ადგილი საკმაოდ კომფორტულია
ელეგანტური სალონი მოხერხებულიცაა
კაპოტქვეშ 2-ლიტრიანი, ბიტურბირებული დიზელის ძრავაა
გერმანელმა ინჟინრებმა და დიზაინერებმა მართლაც სანაქებოდ იმუშავეს და სრულიად ახალი ავტომობილი შექმნეს - ახალი პლატფორმა, შასი, ძრავა, დიზაინი...
სათავსო წინა სკამების ქვეშ
 

კონვეიერზე ავტომობილი წესიერად შემდგარიც კი არ იყო, როდესაც ავტოექსპერტებმა და ჟურნალისტებმა იგი უკვე «ჩინ-მენდლებით» დახუნძლეს. Volkswagen Amarok-ის შესახებ, ჩვენი გერმანელი კოლეგებიც რუდუნებით საუბრობდნენ და ჩვენც დაგვაინტერესა, თუ როგორია ეს ახალი ქმნილება, ამართლებს თუ არა თავის ტიტულებს. ამის გასარკვევად კი, რა თქმა უნდა,  საქართველოში «ვოლფსბურგული» ავტომობილების ოფიციალური დილერის, «იბერია აუტოს» შოურუმს ვეწვიეთ, სადაც უკვე თავს იწონებდა თეთრ ფრაკში გამოწყობილი «ამაროკი».

გერმანელმა ინჟინრებმა და დიზაინერებმა მართლაც სანაქებოდ იმუშავეს და სრულიად ახალი ავტომობილი შექმნეს - ახალი პლატფორმა, შასი, ძრავა, დიზაინი... ყველაფერი მშვენივრად გამოიყურება. მართალია, სიტყვა «ამაროკი» სამხრეთამერიკელ ინდიელთა ტომის ენაზე «მგელს» ნიშნავს, მაგრამ პიკაპის გამოხედვაში, ამ ცხოველის შტრიხები ნაკლებად იკითხება და თუ იკითხება, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ ინტელიგენტ მგელთან გვაქვს საქმე!

ერთი სიტყვით, დიზაინი დახვეწილი, ლაკონური და მიმზიდველია. მომწონს ასეთი ავტომობილები - რომლებიც ზედმეტი ფორმებისგან თავისუფალია და ფუნქციურობასაც არ კარგავს. სიმპათიურია!

სალონში მოთავსებულს, პირველი, რაც თვალში მხვდება, ცენტრალურ კონსოლზე განთავსებული რადიომიმღების დიიიდი ციფერბლატია. რა ნაცნობი გამოხედვა აქვს ამ რადიოს? ააა, ასეთი რამ, თუ არ ვცდები, «ტურანში» შემხვედრია! მაჩვენებელთა დაფა და ციფერბლატი სასიამოვნოდ ანათებს, ბევრი დეტალი კი ისევ ძალიან მეცნობა და ვხვდები რომ «ამაროკს» დეტალების უმრავლესობა სხვა «ფოლკსვაგენებისაგან» ერგო. დიდი ამბავი, მგელი ხომ ხროვაში მცხოვრები ცხოველია და «შენი და ჩემი» რამ გაყო?

საინტერესოა ამ დეტალების წარმოშობაც. მაგალითად, პორტაბელური საფერფლე ესპანეთში, Seat-ის ქარხანაშია დამზადებული, უსაფრთხოების ღვედები ჩეხეთში, ანუ Skoda-ში, ხოლო ავტომობილი კი საბოლოოდ არგენტინაშია აწყობილი. როგორც ხედავთ, მაგარ მომთაბარე მგელთან გვაქვს საქმე, მაგრამ ამის მიუხედავად, ინტერიერს ვერაფერს დაუწუნებ - კომფორტული, ერგონომიკული, მოხერხებული, ხარისხიანი და ფუნქციონალურია. კარგად ზიხარ, ყველაფერს წვდები, ადვილად მართავ და სხვა რაღა უნდა ადამიანს, რომელმაც საჭესთან დიდი დრო უნდა გაატაროს?

გასაღებს ვატრიალებ და დიზელის 2-ლიტრიანი, ბიტურბირებული აგრეგატი ტიკტიკით ეშვება. მაღალ ბრუნებზე სასიამოვნოდ ღიღინებს და მთლიანობაშიც, მისი ხმაური არ გაწუხებს. მომწონს თანამედროვე დიზელები! ამ მცირელიტრაჟიან ძრავას 163 ცხენისძალა აქვს და საკმაოდ მაღალი მაბრუნი მომენტიც - 400ნმ/1500-2000 ბრუნზე! ქაღალდზე ეს ყველაფერი მშვენივრად ჩანს, მაგრამ ადგილიდან დაძვრისას, მოულოდნელად გავჩერდი! ძრავა ჩაქრა...

თავი უხერხულად ვიგრძენი, თითქოს მართვის მოწმობის გამოცდას ვაბარებდი და ჩავიჭერი, მაგრამ არ დავიბენი და თავიდან დავქოქე. მეორედ ასეთი რამ უკვე აღარ დამმართნია, ვინაიდან ბრუნებს ოდნავ მოვუმატე და სვანეთი გამახსენდა... რატომ სვანეთი? იმიტომ, რომ იქაც იგივე დამემართა, თანაც რამდენჯერმე და არამარტო მე, არამედ ჟურნალ «ავტორევიუს» წარმომადგენლებს - ნიკოლაი საროკინს და მთავარ რედაქტორ მიხაილ პოდოროჟანსკისაც! რომელ ავტომობილზე? Skoda Yeti - 1.8 ლიტრი ბენზინის ტურბირებული ძრავით, რომელსაც საკმაოდ დიდი ტურბოორმო «აღმოაჩნდა»! საქმე აქაც დაახლოებით იმავესთან გვაქვს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ძრავა დიზელისაა და ბრუნების ძალიან მაღლა აწევა არ მიხდება.

ეგ არაფერი, სამაგიეროდ ტრასაზე გასული «ამაროკი» სულმთლად «გამგელდა» და ყოველ წამს გადაცემის გამოცვლას ითხოვს! სულ რამდენიმე წამი და უკვე 120-ით მივქრივართ. მართლაც შესაშური დინამიკაა! 11 წამში ავტომობილი 100კმ/სთ-ს ავითარებს! გზაზე კარგად დგას და რბილადაც მიცურავს, არც ზედმეტი ხმაურები მაწუხებს. მოკლედ, ტრასაზე ხუთიანი შეიძლება დაეწეროს - გაშლილ მინდორში მგლის მუხლი ხომ თავისას შვრება...

თუმცა პიკაპი რისი პიკაპია, თუ გზიდან არ გადავიდა და ტალახშიც არ ამოიგანგლა? ასეთი პროცედურებიც წინ გველის, რადგან Amarok-ის შესაძლებლობების გაგება ბოლომდე გვინდა. გზიდან გადავდივარ და «საინტერესო» ადგილების ძიებას ვიწყებ. უსწორმასწორო ზედაპირზე შეიმჩნევა, რომ ვოლფსბურგელ მგელს ოდნავ მოკლე ფეხები აღმოაჩნდა, ანუ დაკიდების სვლები ზოგიერთ ადგილას არ გვყოფნის და ძალიან ხშირად, სრულიად უწყინარ ადგილასაც კი უკანა საბურავი ჰაერში იწყებს ტრიალს, მაგრამ ეგ არაფერი, ავტომობილი ხომ დაუტვირთავია და მსგავსი მიდრეკილება თითქმის ყველა დაუტვირთავ პიკაპს ახასიათებს. აღმართ-დაღმართში ისევ ტურბოორმო მახსენებს ხანდახან თავს, მაგრამ ამასაც ადვილად ვუმკლავდები, სამაგიეროდ, ყველა უსწორმასწორო ზედაპირზე უხმაუროდ და რბილად გადავდივარ.

კარგი გასართობია, განსაკუთრებით სტეპებში! ტვირთამწეობაც პატარა არაა, დაახლოებით 950 კილოგრამამდე. მოკლედ, შინაგანად კომფორტულ Amarok-ს, საჭიროების შემთხვევაში, გამგელებაც შეუძლია და კბილების «დაკრეჭაც»!

 

 

VW Amarok

 

ტექნიკური მონაცემები

 

ძრავა

 

2.0 TDI

 

სიმძლავრე

 

120 კვტ/163 ცხ. ძ.

 

ამძრაობა

 

4X4

 

გად. კოლოფი

 

6-საფ. მექანიკა

 

პაკეტი

 

ჰაილაინი

 

მოცურებისა და ბუქსირების საწინააღმდეგო სისტემები ASR, ABS; ელ-დიფერენციალის ჩამკეტი EDL; ბამპერები ავტომობილის ფერში; უკანა ბამპერში ინტეგრირებული საფეხური; ორმაგი კაბინა; თავის მისაყრდნობი უკანა სავარძელზე; 3-ადგილიანი სავარძელი უკან; სათავსოები წინა სავარძლების ქვეშ; ცენტრალური საკეტი დისტანციური მართვით; ელ. შუშები; ნაჭრის სალონი; რეზინის საფარი სალონში; მძღოლისა და მის გვერდით მჯდომი მგზავრის აირბალიშები, ამ უკანასკნელის დეაქტივაციის ფუნქციით; ელ. სარკეები გათბობით; გარეთა სარკეების ქრომირებული ბუდეები; გატაცების საწინააღმდეგო სისტემა «იმობილაიზერი»; 12-ვოლტიანი დენის წყარო; კრუისკონტროლი; მსუბუქი ლითონის დისკები 8 Jx17, საბურავები 245/65 R17; რადიოსისტემა RCD 310, 6 დინამიკით, CD Player-ით და MP3 ფუნქციით; ტყავის საჭე; ნისლსაწინააღმდეგო ფარები; მულტიფუნქციური დისპლეი; კლიმატტრონიკი.

 

ფასი («ფოლკსვაგენის» თბილისის ცენტრში): 30 200 დოლარის ეკვივალენტი ლარში

 

 

 

დასკვნა

ავტომობილი მთლიანობაში მომეწონა - მისი კომფორტულობიდან გამომდინარე. ბიტურბირებული აგრეგატი ტრასაზე არაჩვეულებრივ დინამიკას გვპირდება. საწვავის ხარჯიც მშვენიერია: ქალაქში, დაახლოებით 9.9 ლიტრი, ტრასაზე კი 6.5. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ «ამაროკი» ელიტარული ნადირობებისა და მოგზაურობებისთვის ზედგამოჭრილია.

დემურ აფციაური

Похожие новости об автомобилях

აგრეთვე დაგაინტერესებთ

რომელ საწვავს ასხამთ თქვენს ავტომობილში?
ვისოლი
რომპეტროლი
ლუკოილი
სოკარი
გალფი
სხვა