რეპორტაჟი

თბილისური ავტოჩანახატი

 

სად იყო ადრე ამდენი გასართობი, დღეს რომ გვაქვს? არადა, ვიღაცეები ამბობენ, მოსაწყენი ცხოვრება დადგაო. ეტყობა, ფანჯრიდან არ იყურებიან.

მოწყენილებს, თუ კორპუსში ცხოვრობენ, მე, პირადად, ფანჯრიდან ყურებას ვურჩევდი. ამასთან, თუ ბედი წყალობთ და კორპუსი ისეთ ადგილზე დგას, სადაც ერთი მხრიდან ეზოა, მეორედან კი ქუჩა, მათ ბედს ძაღლი საერთოდ აღარ დაჰყეფს. არასოდეს! მეტიც, სეირით გართულებმა, შეიძლება, მთელი დარჩენილი ცხოვრება, საკუთარ ბინაში, წინ და უკან სირბილში გაატარონ და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინონ, რომ უკვე 86 წლისა გამხდარან. ამას ან ვიღაც ეტყვის ან იგრძნობენ, როცა შუა ოთახს ძველებური სიმკვირცხლით ვეღარ გადაკვეთენ და სადმე, სარკესთან შეყოვნდებიან.

ამდენი უკბილო ხუმრობა დღევანდელი თბილისის ავტო-ჩანახატისთვის დაგვჭირდა. ქალაქისა, რომელიც ევროპისკენ მიიწევს, თუმცა მის ქუჩებში მანქანები და ადამიანები ერთმანეთში მაინც აზიურად იზილებიან. გადაიხედეთ, მაგალითად, ზემოთ აღწერილი კორპუსიდან ქუჩის მხარეს. რას ხედავთ? ტროტუარის კიდესთან დახაზულ სადგომს, სადაც მძღოლებს მანქანების ხაზებს შორის ჩაყენება ვერ მოუხერხებიათ და ოკრობოკროდ დაუტოვებიათ. რაც უფრო მდიდრულია მანქანა, მით უფრო უდიერად დგას. ამ მანქანების მწკრივთან, ქუჩის სიღრმეში, ვხედავთ სხვა მანქანებს, რომლებიც მათ კეტავენ. ამ მანქანებს ავარიულები უციმციმებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავრი გადმოვიდა, მძღოლი კი შიგ დარჩა და ელოდება. შეიძლება, მძღოლიც გადმოვიდა ერთი წამით. მოშორებით კიდევ ერთი მანქანა დგას, რომელსაც ავარიულები არ უციმციმებს. ეს უფრო ცუდი შემთხევაა - ესე იგი, გოგონა ვერც მიხვდა, რომ ვიღაც ჩაკეტა.

მანქანების ამ მწკრივს შორის დადის კაცი მწვანე ან ყვითელი მოსასხამით და ძველი ავტოინსპექტორის ჯოხით. ეს გახლავთ ადამიანი, რომელზეც ტელევიზორში გვეუბნებიან სინამდვილეში არავინაც არ არისო, მაგრამ 50 თეთრი მაინც უნდა მისცე. ამასთან, თუ შენს მანქანას «სიტიპარკის» გოგო-ბიჭები შემოესიენ, შენ კი «თბილისი არ გიყვარს», ეს კაცი ვერ გიცავს.

ქუჩის კიდევ უფრო სიღრმეში, მოციმციმე მანქანების მერე, თითქმის ორმაგ ხაზთან (ჩვენთან, ევრ-აზიაში, ქუჩები ხომ ვიწროა) «მარშრუტკები» ჩერდებიან. და, იცით, რას აკეთებენ ამ დროს ის მძღოლები, «მარშრუტკებს» უკან რომ მოყვებოდნენ? ორიდან ერთს: ან იგინებიან და ელოდებიან, როდის ჩამოსვამს «მარშრუტკა» მგზავრს, ან იგინებიან და ცდილობენ დანჯღრეულ მიკროავტობუსს შემოუარონ, რითაც გზას უარესად კეტავენ და «საცობს» ქმნიან.

სწორედ ამ დროს ამჩნევთ, რომ კორპუსის კუთხეში, ძველ გასტრონომთან, ერთი მანქანა «წრიალებს». აშკარად ადგილს ეძებს. დიდი მიხვედრა არ სჭირდება, ეს ურჩი გადამხდელია - ავტოსადგომების თანხას არასდროს იხდის და მუდამ ისეთ ადგილებს ეტანება, სადაც «სიტიპარკის» გოგო-ბიჭები არ დადიან - კორპუსის ეზო, პირველ სართულზე მცხოვრებთა ბაღ-ბოსტნები... თუ მოახერხა, ლოჯშიც შეუძვრება ვინმეს. ახლაც ცმუკავს, თქვენი კორპუსის ეზოსთან ცდილობს მოხერხებული ადგილის პოვნას. ცხადია ვერ იპოვნის და ეზოში მოუწევს შემოსვლა, იქ კი მარტო თენგიზას და გურამას ადგილებია თავისუფალი. თენგიზა მალე დაბრუნდება და თავის ადგილზე უცხო მანქანა რომ დახვდება, ქოშს უკუღმა ჰყრის.

ესეც თქვენ მიზეზი, რომ ბინის მეორე ბოლოსკენ გახვიდეთ და ეზოში გადაიხედოთ. გახვედით და რას ხედავთ: «ურჩ გადამხდელს» თენგიზას ადგილის დაკავება მორიდებია და ჟენიას ჯიხურთან გადაუწყვეტია ორი ბორბლით ტროტუარზე შედგომა, იქ კი ლოჯების მოშენების ეპოქიდან ერთი წვეტიანი რკინაა კარგა მაღლა ამოშვერილი. კორპუსის მაცხოვრებლების მეტმა, მისი არსებობის შესახებ, არავინ იცის. თან, ისეთ ადგილზეა, არც ჩანს, ოხერი. ჰოდა, მთელი ეზო გადაიკეტა...

...რას ამბობთ, სად იყო ადრე ამდენი გასართობი, დღეს რომ გვაქვს. ვიღაცეები ამბობენ, მოსაწყენი ცხოვრება დადგაო. ეტყობა ფანჯრიდან არ იყურებიან.

ილია ბაბუნაშვილი

Похожие новости об автомобилях

აგრეთვე დაგაინტერესებთ

ცხოვრება ციფრებში
 
საჭესთან მხოლოდ ქალიშვილები არიან
 
ფოლკლორი ავტობუსებში
 
ზოგიც შენ დაამატე, მკითხველო!
 
რომელ საწვავს ასხამთ თქვენს ავტომობილში?
ვისოლი
რომპეტროლი
ლუკოილი
სოკარი
გალფი
სხვა