მრჩეველი

შეარჩიეთ კარგად მოვლილი ჯეტა

«ფოლკსვაგენი” ცნობილი იყო იმით, რომ თავის პირმშოებს დედამიწის თბილი დინებების, ქარების და სტიქიების სახელებს არქმევდა. ასე წარმოიშვა სახელი «გოლფი» (გოლფსტრიმი) და «პასატიც” (ზღვის ქარის ერთ-ერთი სახეობა), თუმცა ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი სახეობაა «ჯეტა” (ევროპაში «ბორა”), ვერაფრით გავიგე
 

დღემდე ვერ გავარკვიე ქართველი ხალხის ზოგადი დამოკიდებულება მეოთხე თაობის «ჯეტას» მიმართ. აქ სასტიკ რადიკალიზმს აქვს ადგილი და აზრი ორად იყოფა. პირველი: «ჯეტას» ყოფილი მფლობელები, რომლებიც უშვერი სიტყვებით ლანძღავენ და ირწმუნებიან, რომ აღარასდროს შეიძენენ «ჯეტას» და მეორე: ვინც უკვე იყიდა «ჯეტა», ან ვისაც ჯერ არ ყოლია და ძალიან უნდა, რომ შეიძინოს - მიუხედავად პირველი კატეგორიის ადამიანების დაჟინებული რჩევისა. ამ ორ კატეგორიას შორის გაჩაღებულ სუპერპოლემიკას Facebook-ზე, ჩვენი ჟურნალის გვერდზეც (Auto Bild Georgia) წავაწყდი და გარკვეულწილად ამიტომაც გადაწყდა მეორადების ტესტში 2004 წელს გამოშვებული ფოლკსვაგენ «ჯეტა” გაგვეტესტა.

«ფოლკსვაგენი” ცნობილი იყო იმით, რომ თავის პირმშოებს დედამიწის თბილი დინებების, ქარების და სტიქიების სახელებს არქმევდა. ასე წარმოიშვა სახელი «გოლფი» (გოლფსტრიმი) და «პასატიც” (ზღვის ქარის ერთ-ერთი სახეობა), თუმცა ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი სახეობაა «ჯეტა” (ევროპაში «ბორა”), ვერაფრით გავიგე. ეს ალბათ მხოლოდ «ფოლკსვაგენის ბუნებრივი მოვლენების შემსწავლელმა და შემდეგ ამ მოვლენათა სახელების მანქანებზე დამრქმევმა ჯგუფმა იცოდა, რადგან «გოლფის” და მის ბაზაზე აწყობილი «ჯეტას” წარმოება ათეულობით წლებს ითვლის. სახელებს რომ თავი დავანებოთ, ალბათ ცოტამ თუ იცის ის ფაქტი, რომ ამ თაობის «ჯეტას» ბაბუა, საბჭოეთის ბოლო პერიოდში უზომოდ პოპულარული, ძირითადად «ბადრიჯნისფერი” ე.წ. «კუდიანი ნოლ-ძევიტის» არაღიარებული წინაპარიცაა. მოკლედ, ისტორიულ და სახელთან დაკავშირებული დეტალებით თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ ტესტზე გადავალ.

მანქანაში რამდენიმე საათი გავატარე და მეორადის კვალობაზე აღფრთოვანებული ნამდვილად არ დავრჩენილვარ. მანქანის ოდომეტრი 100 000 კილომეტრზე მეტს აჩვენებდა და შეგრძნებაც ისეთი იყო, როგორიც ასეთი გარბენის მქონე ავტომობილს შეეფერება: ვიბრაცია და ჭრიალი უსწორმასწორო საფარზე, დეფექტები სალონში: გადაცვეთილი რეგულირების ბერკეტები შუშის ასაწევ-დასაწევი ღილაკების ჩათვლით. თუმცა, ეს ამ პერიოდის «ფოლკსვაგენის» და «აუდის” მოდელებისთვის დამახასიათებელი ნიშანია, რადგან «ფოლკსვაგენი» მის ჯგუფში შემავალ ყველა ფირმის ავტოსთვის ერთსა და იმავე პანელებს იყენებდა, რომლებსაც საღებავი ადვილად ეცლებოდა. სალონში ყველაზე მეტად კოკპიტის განათება არ მომეწონა, მიცრეცილ-შაბიამნისფერ-იისფერი ამონათება ნერვების მომშლელი მეჩვენა, თითქოს კოღოების გასანადგურებელი ან გასარუჯი ელექტროაპარატის წინ ზიხარ.

გადაცემათა ავტომატური კოლოფი მშვენივრად მუშაობდა - მხოლოდ მცირე, თითქმის უმნიშვნელო ბიძგები გადართვისას, რაც 2004 წლის თითქმის ყველა ავტომატური კოლოფისთვის დამახასიათებელია. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ავტომატური კოლოფი ამ მანქანაზე საუკეთესო გამოსავალია, რადგან მექანიკურკოლოფიანი «ჯეტას” კონუსის სატერფული საშინლად დამღლელია, საბოლოო გათიშვამდე იმხელა სვლა აქვს, რომ მამაჩემის «ჟიგულიც» მონაგონია.

შედარებით მომაბეზრებელი აღმოჩნდა დიფერენციალის ზმუილიც, სვლის დროს ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს Crash Test Dummies-ის ცნობილი ჰიტის Mmm Mmm Mmm Mmm-ს მისამღერს ვუსმენდი, რომელიც სულ მეორდება, თუმცა ეს შეიძლება კონკრეტულად ამ «ჯეტას» პრობლემა იყო.

ორლიტრიანი FSI ძრავა კი მართლაც რომ იდეალურია. მართალია, არც ტურბირებულია და არც სპორტულობაზე აქვს პრეტენზია, მაგრამ არც გასწრების დროს შეგარცხვენთ და არც საუბნო მასშტაბის ცელქობისას, ოღონდ ამ შემთხვევაში, საბურავებს ეფექტურად და სანახაობრივად ვერ «მოაკაწრინებთ», რადგან «ჯეტა» წინა ამძრაობითაა. აქვე ძრავის კიდევ ერთ პლუსს გეტყვით - არავითარი ხმაური, თავისუფალ სვლაზე თითქოს ჩამქრალია და 2500-3000 ბრუნის შემდეგ დინჯად იწყებს როხროხს.

თავსებადობა გოლფ კლასის სედანებში, ისევე როგორც ზოგადად გოლფ კლასში, მაღალი ადამიანებისთვის პრობლემაა, რადგან გაბარიტების გამო ჩატევა ჭირს. ამ მხრივ გამონაკლისი არც «ჯეტა» აღმოჩნდა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ წინ ჩაჯდომა არ გამჭირვებია. აი, უკან კი, საქმე ცუდად წავიდა, ჩემს ზომაზე გასწორებული მძღოლის სავარძლის უკან საერთოდ ვერ ჩავეტიე, კარგა ხანი ვიწვალე, მცირე მანიპულაციებსაც მივმართე და - როგორც იქნა ჩავჯექი, თუმცა წელში გამართვა მაინც გამიჭირდა, რადგან თავი ჭერზე მიმებჯინა. ასე რომ, ჩემი სიმაღლის ადამიანებს (1.90სმ) «ჯეტას” უკანა სავარძელზე მოთავსებას არ გირჩევთ, მით უმეტეს, თუ შორი გზა გაქვთ გასავლელი.

რაც შეეხება ეკონომიურობას, მეორადი «ჯეტა» ორლიტრიანი FSI ძრავით და ავტომატური კოლოფით იყო აღჭურვილი. ეს უკანასკნელი კი საწვავის ხარჯს საგრძნობლად მატებს (მექანიკა 7-9, ავტომატი 8-10 ლიტრი 100 კილომეტრზე), თუმცა სიამოვნება ნამდვილად ღირს ამად, რადგან ქალაქის საცობებში ავტომატური კოლოფი მართლაც რომ მისწრებაა და იმავე მოდელის მექანიკაზე, გრძელსვლიანი «კონუსით» მარცხენა ფეხის ქანცის გაწყვეტამდე ვარჯიშს ბევრად ჯობს...

 

დასკვნა

მოკლედ, თუ თქვენ საშუალოლიტრაჟიანი და ეკონომიური მანქანა გსურთ, ამავდროულად ვერ იტანთ ჰეჩბექებს და «პასატის» შესაძენად ფული არ გყოფნით, მაშინ «ჯეტა» თქვენთვის თითქმის უალტერნატივო და იდეალური გამოსავალია. შეარჩიეთ კარგად მოვლილი და ისეთი «ჯეტა”, რომელსაც გარბენი 100 000 კილომეტრზე ნაკლები ექნება, შეუერთდით სტატიის დასაწყისში აღნიშნულ მეორე ჯგუფს და იქონიეთ იმედი, რომ უკვე თქვენი «ჯეტას” გაყიდვის შემდეგ, პირველ ჯგუფში არ გადაინაცვლებთ. ყველა მეორადი ნივთი ხომ გამოდგომაზე და თქვენ მიერ მისი გამოყენების სტილზეცაა დამოკიდებული.

ჯონი ხოჯავა

 

მფლობელის მოსაზრება

«ჯეტა» მოქნილია და კომფორტული

საერთოდ, უგზოობის ავტომობილები და ნელა სიარული მიყვარს, მაგრამ ერთ დღესაც, ჩემი პატარა «ჯიპით» (Mitsubishi Pajero io), გასწრებაზე გასვლა რომ მოვინდომე, აღმოვაჩინე, რომ 1982 წელს გამოშვებულ ვაზ-2101-თან ჭიდილიც კი გამიჭირდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, უფრო სწრაფი და მოქნილი მანქანა მეყიდა. ვფიქრობ, კარგი არჩევანი გავაკეთე - ფასის შესაბამისად. «ჯეტა» საკმაოდ სწრაფია (ჩემთვის) და კომფორტული.

ბექა ბაციკაძე

 

 

 

Похожие новости об автомобилях
რომელ საწვავს ასხამთ თქვენს ავტომობილში?
ვისოლი
რომპეტროლი
ლუკოილი
სოკარი
გალფი
სხვა