ტესტები

რომელია თქვენში შეფი?

სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა: სამი დიდი SUV - VW Touareg, BMW X5 და ახალი Mercedes ML
ხარისხიანი, მოწესრიგებული და სოლიდური: VW Touareg-ის კოკპიტი
შესანიშნავი ხილვადობა: BMW X5-ში მძღოლი თავს ისე იგრძნობს, როგორც ნორმალურ სედანში
ბევრი სიახლე ახალ ML-ში: მასალები უმაღლესი ხარისხისაა
BMW X5: კომფორტული სავარძელი სალონის უკანა ნაწილში საკმაოდ დიდი სივრცით. BMW ამ მხრივ «მერსედესს» ბევრით არ ჩამოუვარდება
MERCEDES ML-ში შედარებით მეტი სივრცეა. სავარძლები უაღრესად კომფორტულია, მუხლებისთვის და თავისთვის კი სივრცე საკმარისზე მეტია. ML-ში ჩაჯდომა-გადმოსვლა ყველაზე მოსახერხებელია
VW TOUAREG: კონკურენტებთან შედარებით, სავარძლების ღრმა პოზიციონირება; მუხლებისთვის შედარებით ნაკლები სივრცეა, საზურგეები მოძრაობს
BMW X5: აქ უფრო მეტი ეტევა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს: მოცულობა მინიმუმ 620-ლიტრიანია, მაქსიმუმ - 1750-ლიტრიანი
ML-ს საუკეთესო მაჩვენებლები აქვს: მინიმალური მოცულობა 690 ლიტრი, მაქსიმალური - 2010 ლიტრი. «მერსედესის» SUV ტვირთამწეობითაც საუკეთესოა - 630 კილოგრამი
Touareg ამ შედარებაში საბარგულის მოცულობით ყველაზე მოკრძალებულია: მინიმუმ 580 ლიტრი, მაქსიმუმ 1642 ლიტრი
Mercedes ML 350 CDI: მასში ყველაზე დიდი სივრცეა, ყველაზე მძლავრიცაა, ყველაზე ჩუმი და ყველაზე უსაფრთხოც. ამ კლასისთვის საკმარისად მანევრულია და მეტოქეებს კომფორტის ბევრ კრიტერიუმში ჯობნის
BMW-ს მთავარი უპირატესობა მისი სპორტული ნიჭი, ძრავისა და ავტომატური კოლოფის ხმაშეწყობილი მუშაობაა. X5 ამ კრიტერიუმებში თავის უპირატესობას კიდევ ერთხელ ხაზგასმით ამტკიცებს. მაქსიმალურად გასიამოვნებთ, თან კომფორტსაც შეგიქმნით. მუხრუჭები უკეთესი რომ ქონდეს, პირველ ადგილზე გავიდოდა
«ფოლკსვაგენის» დიდი SUV-ის მთავარი პლუსები საწვავის შედარებით ნაკლები ხარჯი, შედარებით დაბალი ფასი და ამ ყველაფერთან ერთად, მაღალი ხარისხია
 

ML და კომპანია - ევროპაში ამ ავტომობილებს Fullsize-SUV-ებს უწოდებენ, ანუ, ქროსოვერის XXL ზომასთან გვაქვს საქმე. მართალია, ეს კლასი აღარ არის ისეთი მოდური, როგორც წლების წინ იყო, მაგრამ მაინც დღემდე უაღრესად დაფასებული კლასია. Mercedes ML კი ამ კლასის ერთ-ერთი უპირველესი დამაარსებელია. მართალია, ML არასდროს იყო ყველაზე პოპულარული თავის კლასში არც ყველაზე გაყიდვადი ყოფილა ოდესმე, მაგრამ ხომ იცით, რას ნიშნავს, ატარო «მერსედესის» ლოგო, ანუ, ვარსკვლავი, როგორც გერმანიაში ამბობენ ხოლმე.

შეიქმნა ML-ის მესამე თაობა და ჩვენც გვაინტერესებს: მოახერხებს ეს მოდელი ბოლოს და ბოლოს იმას, რასაც მას თავისი გვარისშვილობა ავალდებულებს? შეუძლია მას კონკურენტების, განსაკუთრებით კი კლასის ბესტსელერ BMW X5-ის ჩაძირვა? გადავწყვიტეთ, ML 350 Bluetec ისეთ გიგანტებს შევადაროთ, როგორებიც არიან BMW X5 30d და VW Touareg V6 TDI. სამივე მათგანი ექვსცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი და სამივე დიზელს წვავს.

ML-ის ეს ვერსია პირველ რიგში სიმძლავრით გაუმჯობესდა და 245 ცხენის ძალის ნაცვლად, ახლა 258 ცხენის ძალას გვთავაზობს. კონკურენტებს კი უპირველეს ყოვლისა, ისევ ფასით უსწრებს: ML 350-ის საბაზო ვერსია 59 000 ევრო ღირს, რაც Touareg-ის საბაზო ვერსიის ფასზე მთელი 6 500 ევროთი მეტია. თუ «მერსედესს» უმთავრეს ოფციებს დავუმატებთ, რაც გატესტილ ვერსიას ჰქონდა, 65 396 ევროს მივიღებთ. ამხელა თანხის სანაცვლოდ, ML-ის მყიდველი მიიღებს ავტომობილს, რომელიც ნებისმიერ საზოგადოებაში უდიდეს პატივისცემას დაიმსახურებს. თუ რატომ ღირს ML ასე ძვირი, ამ კითხვაზე პასუხს სალონიც გაგვცემს: შიგნით ყველაფერი ძალიან მაღალი ხარისხისაა. როგორც ჩანს, «მერსედესის» სტილისტებმა მართლაც ბევრი იფიქრეს და იმუშავეს, რაც ძველ ML-ს აკლდა, BMW X5-სა და VW Touareg-ს კი ნამდვილად არ აკლდათ! ტენდენცია კი ამ კლასში აშკარად ლუქსისკენ მიდის - ყველას Range Rover-ობა უნდა...

სამივე ავტომობილის სალონს პრაქტიკული და პრაგმატული თვალით რომ შევხედოთ, ML-ში ყველაზე მეტად სალონის კონცეფცია, ანუ, ბევრი ადგილი მოგვწონს. ამ ავტომობილში ოთხი მგზავრი უაღრესად კომფორტულად მოთავსდება. სწორედ ეს არის დიდი SUV-ების უპირატესობა შედარებით და გაცილებით პატარა SUV-ებთან, რომლებიც ამ კრიტერიუმში ფაქტობრივად ვერასდროს გვაოცებენ. თუმცა ამ თვალსაზრისით, ML-ს X5 და Touareg არაფრით ჩამორჩებიან. სამაგიეროდ, ახალი ML საბარგულის მოცულობით, მოწყობითა და ვარირებით ორივე კონკურენტს ჯობნის, რაც ლოგიკურიცაა: ML-ის მოტივაცია ხომ ხანგრძლივი მგზავრობაა, თანაც, მაქსიმალურად კომფორტული. V6 ძრავა 2.3-ტონიან ავტომობილს (დატვირთული 2.95 ტონაა) მშვენივრად მიაქანებს და 224 კმ/სთ-მდე აჩქარებს. სალონში ხმაური ოდნავადაც არ გვაწუხებს, დაკიდებაც სუპერ-კომფორტულია. თუმცა კომფორტი «მერსედესის» მოწოდებაა, ჩვენ კი სულ სხვა რამ გვაინტერესებს: რამდენად მანევრულია ახალი ML? წინამორბედზე მანევრული ნამდვილად არ არის, მაგრამ ტორტმანის სტაბილიზაციის სისტემა, რაც ამ მოდელს უდგას, ძალიან ძვირი ღირს - 3 689 ევრო. ESP კი საქმეში ძველებურად უხეშად ერთვება.

ერთი სიტყვით, თუ ამხელა SUV-ის ტარებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება გინდათ, მაინც BMW X5 უნდა აირჩიოთ, რასაც ეს მოდელი ამ შედარებაშიც კიდევ ერთხელ ხაზგასმით ამტკიცებს. მისი ექვსცილინდრიანი ძრავა ისეთი მონდომებული და დაგეშილია, როგორც დამშეული, გალიიდან ახალგამოშვებული როტვეილერი. მკვეთრ მოსახვევებში კი, X5 ისეთი მოქნილია, რომ კონკურენტებზე მთელი ერთი ტონით მსუბუქი გვეჩვენება. შესანიშნავი აეროდინამიკა, პირდაპირი მოხვევა, სტაბილური ელექტრონიკა, საუკეთესო ავტომატიკა - ეს ყველაფერი ისევ თვალსაჩინოა. თანაც, BMW-მაც დაამტკიცა, რომ საკმაოდ კომფორტული დაკიდების შექმნა შეუძლია. კომფორტის შესამოწმებელ ტრეკზე X5 გასაოცრად კარგად იქცევა, ხოლო ის, რომ საბოლოო ჯამში დიდ გზაზე მაინც ML უფრო წავიდოდით, იმის ბრალია, რომ X5 უფრო ხმაურიანია და ბარგისთვისაც ნაკლებ ადგილს გვთავაზობს.

იგივე პრობლემა აქვს Touareg-საც, რომლის საბარგულის მაქსიმალური მოცულობა 1642 ლიტრია და «ფოლკსვაგენის» დიდი SUV 574-კილოგრამიანი ტვირთამწეობითაც ვერ გაგვაოცებს. სამაგიეროდ, Touareg იმ განცდით გვაბედნიერებს, რომ მისი ყიდვის შემდეგ აუცილებლად დავასკვნით: კარგად გვივაჭრია! ეს იმიტომ, რომ VW Touareg კონკურენტებზე იაფია, მაგრამ ძვირფასად და სოლიდურად გამოიყურება. ამასთან, «ფოლკსვაგენის» დიდი ქროსოვერი კომფორტით «მერსედესს» ჩამორჩება, სპორტულობით კი BMW-ს და ორივეზე მეტად ხმაურიანიცაა. სამაგიეროდ, Touareg ორივე კონკურენტზე ოდნავ ნაკლებ საწვავს მოიხმარს. საბოლოო ჯამში, VW-ს დიდი SUV ხარისხიანი ავტომობილია, ამ შედარებაში კი გამარჯვება არ უწერია. მოგებული ML გახლავთ, რადგან «მერსედესის» დიდი SUV ყველაზე პოლიტკორექტულია: გამოირჩევა საუკეთესო უსაფრთხოებით და მხოლოდ ის აკმაყოფილებს გამონაბოლქვის EU-6 ნორმას. თუმცა ამ თვალსაზრისით გაუმჯობესებას BMW X5-ისგანაც ველით.

 

დასკვნა

ახალმა ML-მა მოსისხლე მტერ X5-ს სულ რაღაც 2 ქულით აჯობა! საერთო ჯამში, ისინი პრაქტიკულად ერთ დონეზე დგანან, უბრალოდ, განსხვავებული ხასიათი აქვთ: BMW ამ შემთხვევაშიც მომთხოვნი მძღოლების მანქანაა, «მერსედესი» კი მშვიდი და კომფორტული მგზავრობის მოყვარულთა ავტომობილია. ადრე X5 ML-ს ყოველთვის ამარცხებდა, რადგან «მერსედესის» დიდი SUV სვლის დინამიკაში გაცილებით მოიკოჭლებდა. ახალმა ML კი სწორედ ყველაზე პრობლემურ ზონებში გაუმჯობესდა - შედეგიც სახეზეა. შედარებით იაფი «ფოლკსვაგენისგან» კი ამ კომპანიაში სასწაულებს არც ველოდით. Touareg არც განსაკუთრებით დინამიკურია, არც განსაკუთრებით კომფორტული და არც განსაკუთრებით დიდადგილიანი.

ვოლფგანგ კიონიგი

Похожие новости об автомобилях
რომელ საწვავს ასხამთ თქვენს ავტომობილში?
ვისოლი
რომპეტროლი
ლუკოილი
სოკარი
გალფი
სხვა