რეპორტაჟი

უსაზღვრო ფანტაზია

კრის ფაიფერის სპონტანური შოუ ლოპოტას ტბაზე
გერმანელმა სპორტსმენმა რუსთაველის გამზირზე ექსტრემალური და თავბრუდამხვევი შოუ გამართა
კრის ფაიფერს განსაკუთრებით კახეთი მოეწონა, სადაც რთველში მიიღო მონაწილეობა, დაკრიფა ყურძენი, საწნახელში დაწურა ღვინო, ქართველ მომღერლებთან ერთად იმღერა მრავალჟამიერი და კიდეც ითამადა
განსაკუთრებით ეფექტური გახლდათ კრისის და ქართველი დრიფტერების ერთობლივი ნომრები
 

22 ოქტომბერს, მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა სთანთრაიდინგში, ლეგენდარულმა გერმანელმა სპორტსმენმა კრის ფაიფერმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ყველაზე ექსტრემალური და თავბრუდამხვევი შოუ გამართა.

კრისი თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა, სადაც მის შოუს 20 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, თუმცა როგორც თავად განაცხადა, თბილისში გამართული ღონისძიებით განსაკუთრებით კმაყოფილი დარჩა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან კომპანია «რედ ბულმა» ყველაფერი იდეალურად დაგეგმა და განახორციელა.

შოუ ქართველმა ბაიკერებმა გახსნეს. რამდენიმე კარგად დადგმული ნომრის შემდეგ კი, ქვეყნის ეროვნული დროშის ფონზე კრის ფაიფერი გამოჩნდა, რომელიც მოვლენების ეპიცენტრში ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა მოცეკვავეებმა შეაცილეს - შემდეგ კი დაიწყო ის, რისთვის რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა: ფაიფერის პირველი ნომერი მართლაც შთამბეჭდავი გახლდათ - კრისმა არც მეტი, არც ნაკლები, მთლიულური იცეკვა და თანაც, მისივე მოტოციკლეტით. შემდეგ კი ის ტრადიციული ტრიუკები შემოგვთავაზა, რითაც სახელი მთელ მსოფლიოში გაითქვა.

განსაკუთრებით ეფექტური გახლდათ კრისის და ქართველი დრიფტერების ერთობლივი ნომრები, რომლებმაც მაყურებლები აღფრთოვანებაში მოიყვანა. ერთი სიტყვით, შოუ შედგა, ნანახით კი აბსოლუტურად ყველა კმაყოფილი დარჩა.

აქვე ვთქვათ, რომ არც კრის ფაიფერი დარჩა უკმაყოფილო საქართველოში სტუმრობით: განსაკუთრებით მოეწონა კახეთი, სადაც რთველში მიიღო მონაწილეობა, დაკრიფა ყურძენი, საწნახელში დაწურა ღვინო, ქართველ მომღერლებთან ერთად იმღერა მრავალჟამიერი, ითამადა კიდეც და ლოპოტას ტბაზე სპონტანური შოუც მოაწყო.

Похожие новости об автомобилях

აგრეთვე დაგაინტერესებთ

რომელ საწვავს ასხამთ თქვენს ავტომობილში?
ვისოლი
რომპეტროლი
ლუკოილი
სოკარი
გალფი
სხვა