ტესტები

PREGO თუ BITTE?

ფოტოებზე ნაჩვენები მოდელების ფასები 14 000 ევროს უახლოვდება - ეს მაქსიმალური კომლექტაციებია - რაც იმას ნიშნავს, რომ არცერთი არ არის იაფი
გასართობი ტახომეტრი, ფანჯრების ამწევი ღილაკები ცენტრალურ კონსოლზე: Fiat 500-ს VW Up-ზე გაცილებით კრეატიული სალონი აქვს
VW UP «ფოლკსვაგენი» მშვიდი, პრაგმატული ხაზებით გამოირჩევა. მის დიზაინერებს ექსპერიმენტებისთვის არ მიუმართავთ
FIAT 500 იტალიელი კი ისე გამოიყურება, რომ მანდილოსნებს მისი ჩანთაში ჩადება, სახლში წაღება და საწოლში ჩაწვენაც მოუნდებათ
ყველაფერი «ფოლკსვაგენის» გერმანულ სტილში: მარჯვენა ფანჯრის ამწევი მხოლოდ მარჯვენა კარზე!
FIAT 500: სალონის უკანა ნაწილში სავარძელი კი არა, მოსჯილი სკამი გელით, სადაც ზრდასრულ ადამიანებს დაჯდომა მხოლოდ მაშინ მოუნდებათ, თუ სხვა შემთხვევაში ფეხით წამოსვლა მოუწევთ. რამდენადაც პატარაა ავტომობილი, იმდენად დიდია ღილაკები: ზამთარში, სქელი ხელთათმანებითაც ყველაფერს უშეცდომოდ ჩართავთ და გამორთავთ. მომხიბვლელი ბერკეტი კონსოლის ზედა ნაწილზეა განთავსებული, ბარდაჩოკი სასაცილოდ პატარაა
VW UP: ეს ლამაზი სავარძლებიც დამატებითი ოფციაა (High Up), თუმცა Up-ის სალონს იმდენად ალამაზებენ, რომ უარს ნუ იტყვით. საბაზო კომპლექტაციაში ეს მოზრდილი «ბარდაჩოკიც» კი არ არის (მხოლოდ Move Up-იდან). Navi-Info სისტემა მხოლოდ მაღალ კომპლექტაციაშია იაფი (355 ევრო), სხვა შემთხვევაში კი CD Player-იც უნდა დაამატოთ და 710 ევრო დაგიჯდებათ
კუპე და ყუთი. Up-ის საბარგულის კარი ყოველთვის შავია. ტიუნინგის მოყვარულები პირველად სწორედ ამას შეცვლიან
FIAT 500: რაც მთავარია, ორი ყუთი ლუდი დაეტევა. უკანა სავარძლების ჩოჩხი ჩანს და ამაზე არ უნდა გავბრაზდეთ
VW UP: «ფოლკსვაგენის» საბარგული უფრო ტევადია, მაგრამ არა იმდენად, რომ გაოცებისგან პირი დავაღოთ
 

«ფოლკსვაგენში» პირდაპირ ამბობენ, ჩვენი ახალი მცირელიტრაჟიანი განსაკუთრებით მანდილოსნებს მოეწონებათო და უკვე გასაგებია, რაზეც აკეთებენ აქცენტს. Up მართლაც კარგი ტიპია, მაგრამ კომპლექტაციების მიხედვით ისეთი ფასები ადევს, ცხადზე უცხადესია, რომ მარტო კარგი ტიპობით გულთამპყრობელი ვერ გახდება. იმედი გვქონდა, რომ 10 000 ევროდ ისეთი Up-ის ყიდვა იქნებოდა შესაძლებელი, რომელიც ყველასათვის თუ არა, ბევრისთვის მაინც იქნებოდა მისაღები, მაგრამ ოცნების კოშკები უკვე დანგრეულია. თუ ფანჯრების მექანიკურად აწევ-ჩაწევა არ გინდა, 460 ევრო უნდა გადაიხადო; CD Player-ისთვის და კონდიციონერისტვის - 895 ევრო; თვით design pack-ად წოდებულ «ბარდაჩოკსაც» თავისი ფასი ადევს ‑ 85 ევრო...

პირდაპირ ვთქვათ: ადამიანი მცირელიტრაჟიან ავტომობილში ამდენ ფულს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ მანქანას გარკვეული შარმიც ექნება, რადგან დაუწერელი კანონია: მცირელიტრაჟიანი, რომელიც 10 000 ევროზე მეტი ღირს, ქარიზმატული უნდა იყოს. მაგალითად, ისეთი, როგორიცაა უკვე გამოცდილი და მრავლისმნახველი Fiat 500. ასე რომ, უახლეს Volkswagen Up-ს პირველივე შედარებაში კონკურენტად «ჩინკუეჩენტო» შემთხვევით არ დავუყენეთ. იტალიელის Bella Figura აბსოლუტურად ყველა მანდილოსანს მოწონს, უკნიდან «რა საყვარელია», წინიდან «როგორ გიყურებს» და არსებობს კიდევ არაერთი დადებითი ეპითეტი, რაც ქალებს Fiat 500-ისთვის მიუძღვნიათ. ასე რომ, Up-ის პირველივე გამოცდა სერიოზულია.

პირდაპირ უნდა ვთქვათ ისიც, რომ VW Up პირველი შეხედვისთანავე არ იწვევს ისეთ აღტაცებას, როგორიც თავის დროზე Fiat 500-მა გამოიწვია. თუმცა «ფოლკსვაგენში» ამაზე აქცენტი არც გაუკეთებიათ - მაშინ «ფოლკსვაგენი» აღარ იქნებოდა «ფოლკსვაგენი». ვოლფსბურგელთა მიზანი ხალხის ნელ-ნელა, ეტაპობრივად აღფრთოვანებაა - გამძლეობით, ხარისხით და სალონის საუკეთესო კონცეფციით. და არა პირველივე ნახვით მოხიბლვა და მერე ნერვების მოშლა, როგორც ეს იტალიელებს ჩვევიათ.

მოკლედ, Up ყუთია, «ფიატი» კი კუპე. საბარგულის შესახებ ლაპარაკი არც ღირს (185 ლიტრი), უკანა სავარძელზე კი ზრდასრული ადამიანები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაჯდებიან, თუ სხვა გამოსავალი არ ექნებათ. მართალია, Up-ის სალონის უკანა ნაწილში თავისთვის ოდნავ მეტი ადგილია, ვიდრე «ფიატში», სამაგიეროდ, მუხლები ზუსტად ისე გეტკინებათ, როგორც «ჩინკუეჩენტოში». ერთი სიტყვით, რეალობა ასეთია: სამნახევარმეტრიან ავტომობილში ორზე მეტი ადამიანი ნორმალურად ვერ მოთავსდება - რაც არ უნდა მოიფიქრონ, ავტომწარმოებლები ამ ფაქტს ვერაფერს მოუხერხებენ.

რაც შეეხება მძღოლის სამუშაო მაგიდას ორივე ავტომობილში: Fiat 500 ტემპერამენტს აქაც ავლენს, მანქანა გეთამაშება და შენს ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის. მაგალითად, დიდი მრგვალი მაჩვენებელი წესიერად კი არ გაწვდის ინფორმაციებს, არამედ უფრო გაბნევს და ტვინს გიძაბავს. თუმცა ლამაზად ანათებს და თუ ცოტათი აზარტულიც ხარ, ეს თამაში სიამოვნებას განიჭებს. სავარძლის პოზიციონირება მაღალია, საჭე მხოლოდ სიმაღლეში რეგულირდება. ამ თვალსაზრისით, Volkswagen Up უფრო სერიოზულადაა გაკეთებული, რასაც ველოდით კიდეც. ინსტრუმენტები ინფორმაციულია და პირველ რიგში ცნობებს გაწვდის - თანაც ისე, როგორც საჭიროა. Up-ის სალონი უფრო ფრაქტიკულიცაა: აქ იპოვით მოზრდილი ბოთლებისა თუ ქილების ჩასადებებს. სამაგიეროდ, Up-ის სალონი ვერაფრით დაგაინტრიგებს, ვერაფრით გაგართობს. დავნიძლავდეთ, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მანდილოსნები არჩევანს გაცილებით მხიარული სალონის მქონე Fiat 500-ზე შეაჩერებენ?..

ერთადერთი, რაც Up-ს სერიულად მოყვება, ESP გახლავთ, სხვა ყველაფერი კი, რაც «ფოლკსვაგენის» ახალ მცირელიტრაჟიანში მოგვხიბლავს და გაგვამხიარულებს, დამატებითი ოფციაა და ფული ღირს. ბრუნების ამთვლელი, ცენტრალური საკეტი ან საბარგულის იატაკი? ეს ყველაფერიც მხოლოდ საშუალო ვარიანტში, Move Up-შია ჩადებული და ასეთის ფასი 10 650 ევროდან (60 ცხენის ძალა) იწყება. CD Player, კონდიციონერი და ალუმინის დისკებიც გნებავთ? მაშინ High Up უნდა შეიძინოთ, რომელიც 12 450 ევრო ღირს. უფრო მძლავრი ძრავა 75 ცხენის ძალით? დაამატეთ კიდევ 600 ევრო. მოკლედ, გაჭაღარავდები! ამ ყველაფერს ისიც დაუმატეთ, რომ ძრავა სამცილინდრიანია...

სამაგიეროდ, როგორც გერმანელებს და უფრო კონკრეტულად, «ფოლკსვაგენს» სჩვევია, ვოლფსბურგელებმა ამ ავტომობილს მთავარი პლუსები იქ ჩაუდეს, სადაც არ ჩანს: მაგალითად დაკიდების სისტემა და ზოგადად სავალი ნაწილი - მანქანა ცუდ გზებს იდეალურად ყლაპავს და ზედმეტი ხმები საერთოდ არ გაწუხებს. დაკიდება ძალიან კომფორტულია, მოხვევის სისტემა კი - ამ კლასის ავტომობილისთვის ძალიან პირდაპირი. მოგვიანებით, Volkswagen Up-ს ოთხცილინდრიანი აგრეგატითაც ვიხილავთ, 100 ცხენის ძალაც ექნება და თუ ამას გარანტირებულ კომფორტსაც დავუმატებთ, ქებას დაიმსახურებს, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვიანებით...

გამოცდილი, ტემპერამენტიანი Fiat 500 კი ამ ყველაფერს დღესვე გვთავაზობს - საერთო ჯამში 11 400 ევროდ. მართალია, მხოლოდ 69 ცხენის ძალასთან ერთად, მაგრამ სამაგიეროდ, «ჩინკუეჩენტო» 0-დან 100 კმ/სთ-მდე VW Up-ზე 0.3 წამით სწრაფად ჩქარდება. ამასთან, იტალიელის დაკიდევა უფრო ხისტი და შესაბამისად, შედარებით არაკომფორტულია, მოხვევაც ნაკლებად პირდაპირი, მაგრამ როგორც გითხარით, «ფიატმა» 500-ის შემთხვევაში აქცენტი ვიზუალურ მხარეზე და ფასებზე გააკეთა. «ჩინკუეჩენტოს» თვით პოპულარული სტარტ-სტოპიც კი სერიულად მოყვება! თუმცა იტალიელსაც აქვს ისეთი რაღაცები, რაშიც ფულს ითხოვს და რასაც «ფოლკსვაგენში» საერთოდ არ ცნობენ: მაგალითად, წითელი ფერი Ragga-Muffin (600 ევრო), Bi-Xenon ფარები (700 ევრო) და შუშის სახურავი Sky Dome (600 ევრო).

ჩვენ, «ფიატის» შემთხვევაში 100-ცხენისძალიან ძრავას გირჩევთ (თუ გართობაა, გართობა იყოს), «ფოლკსვაგენის» შემთხვევაში კი სამცილინდრიან, იაფფასიან აგრეგატს - ამ მანქანით ხომ უმეტესად მხოლოდ ქალაქში უნდა იაროთ და თანაც, თუ პრაქტიკულობაა, პრაქტიკულობა იყოს...

 

დასკვნა

ახალი Up ნაღდად არ არის იაფფასიანი მცირელიტრაჟიანი - ამ როლს ძალიან მალე მისი კონცერნული ძმები, Seat-ისა და Skoda-ს მარკის სახელით აწყობილი Up-ები შეითავსებენ. სამაგიეროდ, «ფოლკსვაგენს» აშკარად უნდა, რომ მოდური მცირელიტრაჟიანების კლასში თავისი სიტყვა თქვას და Up-ის სახით ამ კლასს კომფორტით ყველასგან გამორჩეული მანქანა წარმოადგინა. Fiat 500 ვოლფსბურგელ კონკურენტს შარმით, ტემპერამენტითა და გამოცდილებით ჯობნის - ძვირი კი ორივეა.

იოახიმ შტაატი

Похожие новости об автомобилях
რომელ საწვავს ასხამთ თქვენს ავტომობილში?
ვისოლი
რომპეტროლი
ლუკოილი
სოკარი
გალფი
სხვა