და აი ისიც: Plus 8, ლეგენდარული და ფენომენალური «მორგანის» ახალი მოდელი - უფრო სწრაფი და უფრო მკაცრი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მან ძრავა BMW V8-სგან მიიღო და უკვე 367 ცხენის ძალა აქვს
ახლა კი ვხვდებით, რომ ეს ავტომობილი ძალიან გვაკლდა და უკიდურესად გვენატრებოდა. მისი ისტორიულად ბებერი ძვლები, მაყუჩიდან გამოსული, ავისმომასწავებელი ავდრის ხმა, დამწვარი რეზინების არომატი — როგორ მოგვნატრებია ეს ყველაფერი. მანქანა, რომელიც ორთქლმავალს უფრო გავს, ვიდრე ავტომობილს, რომელსაც ქვის ხანის დროინდელი ძარა აქვს და რომელიც სიმძლავრეს რვა ცილინდრიდან უზრუნველყოფს, ეს მოჩვენება თავისი ხმებით, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი იარაღების გადატენვის ხმებს რომ გვაგონებს, 8 წლის მანძილზე არ ჩანდა. რვა წლის წინ, ბრიტანელებს მისთვის შესაფერისი ძრავები გამოელიათ და დაასამარეს, რითაც ინგლისური როდსტერების ბასტიონს ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელი მოაკლდა.
სწორედ ამიტომ მივიღეთ ახალი მოდელი ასე თბილად. თქვენ ამბობთ, რომ ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ყოველი სხვა «მორგანი»? რა თქმა უნდა, ასეა! ეს სწორედ ისეთი «მორგან-როდსტერია», როგორიც გვიყვარს და როგორსაც ვაფასებთ. 75 წელია ასეა და კონცეფცია რატომ უნდა შეეცვალათ? უფრო მძლავრიცაა და ბრუტალურიც, მაგრამ გარედან ეს არ ჩანს და რაც ყველაზე მთავარია, ისევ რვა ცილინდრი აქვს.
ერთი სიტყვით, Plus 8 მკვდრეთით აღსდგა. ის უფრო სავიზიტო ბარათია, ვიდრე ყოველდღიური მოხმარების ავტომობილი, ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერ ადგილზე რომანტიკოსობას იჩემებს და ლირიკული გადახვევებისთვის მუზებს აღგვიძრავს — ამას წინათ Morgan Plus 8-ს ლექსი თვით ლონდონის მერმაც მიუძღვნა.
«მორგანის» ქარხანაში ახალი მოდელის ავკარგიანობაზე ფირმის დამაარსებლის შვილიშვილი ჩარლს მორგანი გვესაუბრება და Plus 8-ის საიდუმლოებებს გვანდობს: ვისაც ჰგონია, რომ ბევრი არაფერი შეცვლილა, სასტიკად ცდება. 30-ანი წლებისთვის დამახასიათებელი სავალი ნაწილი ისტორიას საბოლოოდ ჩაბარდა: როდსტერის ანტიკური ტანისსამოსის ქვეშ თანამედროვე, ალუმინის ძარაა, განსაკუთრებულ ყურადღებას კი დაკიდების თანამედროვეობასთან იდეალურად შეხამებული სისტემა იმსახურებს, რომელიც ამ უძველეს ავტომობილს საოცარ სისწრაფესა და მოქნილობას ანიჭებს. დაფრთიანებული კაპოტის ქვეშ 4.8-ლიტრიანი აგრეგატი გრგვინავს, რომელიც წარმოშობით ბავარიიდანაა — კერძოდ, Bayerische Motoren Werke-ს, ანუ BMW-ს ნამუშევარია (რაც პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო ძრავასთან გვაქვს საქმე). ტურბინაზე ლაპარაკი ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ზედმეტია, სიმძლავრე კი 367 ცხენის ძალას შეადგენს. ეს აგრეგატი ჩვეულებისამებრ მძიმეწონიან BMW X5-შია ხოლმე მოთავსებული, ხოლო აქ, «მორგანის» შემთხვევაში კი მხოლოდ 1100 კილოგრამის თრევა უწევს. «333 ცხენის ძალა ერთი ტონისთვის» — ანგარიშობს მისტერ მორგანი და შედარებისთვის, მაგალითად, ღიმილიანი სახით, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ავტომობილის მონაცემი მოჰყავს — Porsche 911-ის შემთხვევაში ერთ ტონაზე 287 ცხენის ძალა მოდისო.
მე, ამ დროს მსოფლიო კლასიკად ქცეული ბრიტანული როდსტერის უაღრესად ჰაეროვან სალონში ვთავსდები, სავარძელს ჩემს ზომაზე ვირგებ, კოკპიტს მივჩერებივარ და გასაღების ღრიჭოს ვეძებ. უშედეგოდ! ღრიჭო არსად ჩანს და ვერც კონუსის პედალს ვპოულობ. «მორგანი» ახლა ღილაკით იქოქება. აქვს კონდიციონერი, ორი აირბალიში და რაც არ უნდა მოულოდნელი იყოს, არა მექანიკური, არამედ ავტომატური კოლოფი.
ამ ავტომობილის ტრადიციულ ფანებს ცხადია, მაშინვე ასეთი კითხვა გაუჩნდებათ: «კი, მაგრამ ეს რა ოხრობაა? ავტომობილმა გარეგნულად არცერთ ტრადიციას არ უღალატა, მაგრამ რა ხდება შიგნით? რა შუაშია აქ ღილაკით დაქოქვა და ავტომატიკა?»
რა გითხრათ? ამ კითხვაზე პასუხი ისევ თქვენთვითონ უნდა გასცეთ. ერთადერთი, რაც მე შემიძლია, იმის აღწერაა, თუ როგორ დადის «მორგანი» ავტომატიკით და თამამად უნდა ვთქვა, რომ «ბავარიელი ცხენების» ხმა ასე აშკარად სხვა არცერთი ავტომობილის ძრავიდან არ გამიგონია. ჩარლს მორგანი Plus 8-ს «პატარა ხულიგანს» უწოდებს, მე კი «დიდ ხულიგანს» დავარქმევდი.
გარეგნულ იერსახესთან შედარებით, მისი სვლა კიდევ უფრო სენსაციურია. აქსელერატორის პედალზე მცირედი წათამაშებაც საკმარისია, რომ V8 აგრეგატის სიმძლავრე სრული სიცხადით შეიგრძნო — წააჭერ და მანქანა ისე მიფრინავს, როგორც უეინ რუნის დარტყმული ბურთი კარისკენ. კოლოფი ექვს საფეხურს ძალიან სწრაფად და თავდაჯერებულად რთავს. თუ ფიქრობთ, რომ მოსახვევების მოხდენილად ჩასაყლაპად საჭესთან აუცილებლად კუნთმაგარი მძღოლი უნდა იჯდეს, ცდებით: მისი მოხვევის სისტემა არა მარტო ძალიან პირდაპირია, არამედ რბილიცაა, რადგან ჰიდრავლიკური გახდა. უფრო მეტიც: Morgan Plus 8 გზის არცერთ მონაკვეთზე არ ორჭოფობს და არც ტორტმანებს — ცხადი ხდება, რომ კომფორტზეც იზრუნეს. ეს ყველაფერი, შესაძლოა, ბევრს არ მოსწონდეს, მაგრამ იმისათვის, რომ Morgan Plus 8 გაცოცხლებულიყო, ასეთი რამე-რუმეები უბრალოდ აუცილებელი გახლდათ, რადგან ძველებურად ხისტი და არაკომფორტული «მორგანი» მხოლოდ ერთეულებს მოსწონთ. 490-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტი დაბალ სიჩქარეში გადართვისას მძღოლისგან პროფესიონალიზმს მხოლოდ მკვეთრ მოსახვევებში ითხოვს — ჩარლზ მორგანი ელექტრონულ ასისტენტებზე უარს განგებ ამბობს, მანქანამ სიამოვნება ხომ უნდა მოგვანიჭოსო. ასე რომ, «მორგანის» ტრადიციული ფანები ცოტათი მაინც დამშვიდდებიან, როცა გაიგებენ, რომ Plus 8-ს არც ASR აქვს, არც ESP და არც ABS. არაპროფესიონალები კი დიფერენციალის ბლოკირებით უნდა დაკმაყოფილდნენ.
კიდევ ერთი საოცარი «მორგანი» 108 000 ევრო ღირს. ძვირია, მაგრამ მაგარი ტიპია...
ტექნიკური მონაცემები
V8 ძრავა; 4 სარქველი თითო ცილინდრზე; მოცულობა: 4799 სმ3; სიმძლავრე: 270 კვ (367 ცხ. ძ.)/6200; ბრუნის მომენტი: 490 ნმ/3500; უკანა ამძრაობა; 6-საფეხურიანი ავტომატიკა; წონა: 1100 კგ; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4010/1751/1220 მმ; საწვავის საშუალო ხარჯი: 11.0 ლ Super Plus; CO2: 256 გ/კმ; მაქს. სიჩქარე: 249 კმ/სთ; 0-100 კმ/სთ: 4.2 წამში; ავზის მოცულობა: 55 ლ.
ფასი: 108 000 ევროდან
დასკვნა
ჰიდრავლიკა, ავტომატიკა, კონდიციონერი — ახალი Morgan Plus 8 ტრადიციების ნაწილი დაარღვია, მაგრამ ეს აუცილებელი იყო. პირადად ჩემთვის ეს ყველაზე მადისაღმძვრელი «მორგანია» იმ «მორგანებს» შორის, რომლებიც საქმეში მინახავს. უბრალოდ, დროს ფეხი აუწყო — ისიც, ცოტათი. რაც მთავარია, განუმეორებელ და სუპერ-ექსკლუზიურ ავტომობილად დარჩა.
ვოლფგანგ კიონიგი