მერფის კანონები გაგიგიათ? მე დიდი ხნის წინ წავიკითხე, ბევრი ვიცინე და რამდენიმე დამამახსოვრდა
მერფის კანონები გაგიგიათ? მე დიდი ხნის წინ წავიკითხე, ბევრი ვიცინე და რამდენიმე დამამახსოვრდა. ცინიკოსი და საზიზღარი ვინმე ბრძანდებოდა ეს ვიღაც მერფი, მე და ჩემმა მზემ. ერთი კანონი ასეთი იყო: როდესაც რაიმე მოწყობილობას დაშლით, შეაკეთებთ და ისევ ააწყობთ, ბოლო ქანჩის მოჭერის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ერთი დეტალი გარეთ დაგრჩენიათ. ხომ მაგარია? და რაც მთავარია, მართალია. აი, ზუსტად ამ სულისკვეთებისა გახლდათ უფალი მერფის სხვა კანონებიც...
მეგობრის აივნიდან ვუყურებდი: ერთი მსუბუქი მანქანა (ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ, ვთქვათ, «ფოლკსვაგენ ჯეტა») ცდილობდა, რამდენიმე მეტრით უკან გაგორებულიყო, 90 გრადუსით შემოტრიალებულიყო და კორპუსის ეზოდან გასულიყო. უკეთ რომ წარმოვიდგინოთ: «ჯეტა» კორპუსისკენ ცხვირით იდგა, ღამენათევი მანქანების მწკრივში, ერთი მხრიდან რაღაც გრძელ «ვენს» უნდა გაცდენოდა, მეორედან - საკმაოდ ახლოს მიყენებულ «მერსედესს». გარდა ამისა, თითქოს ჯინაზე, ჩემი მეგობრის ეზოში, სწორედ კორპუსის წინ, ნაძვებია დარგული და მანქანების მწკრივიდან გამოსვლისას, მძღოლს მათი ტოტები ეფარება _ ვინაიდან, მეგობარს ხშირად ვსტუმრობ, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან კარგად არის ნაცნობი. ხშირად მომგრეხია კისერი და ერთდროულად უკან, მარცხნივ და მარჯვნივ ყურებით თვალებიც დამიელმებია, თუმცა დავუბრუნდეთ «ჯეტას».
ისიც ზუსტად ასეთ დღეში იყო, ნელა ტოვებდა კორპუსისწინა «პარკინგს» _ ერთი მხრივ ცდილობდა, «მერსედესსა» და «ვენს» შორის მშვიდობით გამომძვრალიყო, მეორე მხრივ კი, ნაძვის გაფარჩხულ ტოტებს შორის ქუჩიდან ეზოში შემომავალ გზას აკვირდებოდა. ცოტაც, ცოტაც და... თავი სამშვიდობოს რომ დაიგულა, იფიქრა, ახლა საჭეს გემრიელად დავატრიალებო, მაგრამ ზემოთ მერფის კანონები ტყუილად კი არ ვახსენეთ. სწორედ ამ დროს, დაბარებულივით, ქუჩიდან ტაქსი _ რასაკვირველია, «ოპელ ასტრა» _ შემოვიდა. არა, არა, ზედმეტად ნუ დაიძაბებით, ავარია არ მომხდარა, მაგრამ მოხდა ის, რაც მე და ჩემს მეგობარს თვალში მოგვხვდა და გვენიშნა: «ასტრამ» ვაჟკაცურად დაასიგნალა _ ეი, ჩემს გზაზე მოვდივარ და გაჩერდი, გამატარეო.
_ შენ გგონია, ახლა, ამას სადმე ეჩქარება? _ მომიტრიალდა მეგობარი _ უბრალოდ...
და წინადადება აღარ დაამთავრა.
ახლა კი გთხოვთ, ერთხელაც გადავავლოთ ამ პატარა ამბავს თვალი. მგონი თქვენც დაგაინტერესებთ. ერთი მხრივ, ვხედავთ ადამიანს, რომელიც მეტ-ნაკლებად რთულ მანევრს ასრულებს. სხვა სიტყვებით, დიდ თუ პატარა (მნიშვნელობა არ აქვს) გასაჭირშია, მეორე მხრივ კი გვყავს კაცი, რომელსაც არაფერი უჭირს _ მოდის, მოღიღინებს და... როდესაც ხედავს, რომ ვიღაც ამ ღიღინ-ღიღინში უნებლიედ ხელს უშლის, უსიგნალებს. ამბავი ასე დასრულდა: კისერმოგრეხილი «ჯეტა» გაჩერდა, «ოპელმა» კი, ჟარგონზე რომ ვთქვათ, თავისი გაისწორა და გზა განაგრძო. კეთილი, მაგრამ, აბა, გიყვარდეს მოყვასი შენი და გასაჭირში მყოფს დახმარების ხელი გაუწოდეო? თუ ეგ საავტომობილო ცხოვრების იმ წესებში, რომელიც თბილისშია გამოცემული და სათაურად «გაიწი, ბიჭო, მე მოვდივარ!» აწერია, არ არის შეტანილი?
ერთი ნაცნობი მმოძღვრავდა, თბილისში საჭესთან რომ ზიხარ, «ნაგლი» უნდა იყოო. ვერ გავუგე და მომკალით. რატომ უნდა ვიყო «ნაგლი», ახვარი და საზიზღარი, როდესაც შემიძლია ვიყო ჯიგარი და სხვა ადამიანის პატივისმცემელი?
...და ბოლოს, ეს წინადადება ბევრჯერ დამიწერია, მაგრამ ახლაც გავიმეორებ: ასეთი და ამაზე კარგი ისტორიების მოყოლა, ეჭვი არ მეპარება, თითოეულ თქვენგანს შეუძლია. საჭირო რომ იყოს, მეც ბევრს გავიხსენებდი, მაგრამ მგონი, რაც მინდოდა, გასაგებად ვთქვი. წერილს კი ერთი ძველისძველი ლონდონური შთაბეჭდილებით დავასრულებ: ნაცნობს მანქანა ჰქონდა ნაქირავები და დამატარებდა. მე შტურმანად ვეჯექი, ხელში რუკა მეკავა და ვცდილობდი, მრავალმილიონიან უცხო ქალაქში მძღოლისთვის გზა მეკარნახა. რასაკვირველია, გვეშლებოდა ხოლმე და ასეთ დროს იცით, რას ვაკეთებდით? სხვა მანქანებს, ჩვეულებრივ ლონდონელებს, უბრალოდ ვანიშნებდით, ვთხოვდით, ვაგრძნობინებდით, რომ დარღვევა (თვით დარღვევაც კი) გვჭირდებოდა და ისინიც ადამიანურად ნებას გვრთავდნენ. ერთხელ, ორმაგი ხაზიც გადაგვაკვეთინეს. გაჩერდნენ და მოტრიალების საშუალება მოგვცეს. იცით, რატომ? იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი გასაჭირშია...
თუმცა, მოდი, წინადადება ყველამ თვითონ დაამთავროს!
ილია ბაბუნაშვილი