თუ სამუხრუჭე სითხე ძველია, თქვენმა ავტომობილმა შეიძლება აღარ დაამუხრუჭოს
წინა ნომერში გაგაცანით, როგორ უნდა მოამზადოთ თქვენი ავტომობილი ზამთრისთვის - მოგეცით 9 აუცილებელი რჩევა, რაც წელიწადის ამ დროს მანქანისთვის ყველაზე მეტადაა აქტუალური. ახლა კი კონკრეტულად ერთ საკითხს შევეხებით - კერძოდ, სამუხრუჭე სითხეს, რომელსაც ყოველთვის არასაკმარისი ყურადღება ეთმობა, რაც დიდი შეცდომაა.
შესაძლოა, ავტომობილის სამუხრუჭე ხუნდები, დისკოები და სხვა დეტალები მწყობრში იყოს, მაგრამ თუ სამუხრუჭე სითხესაც ჯეროვანი ყურადღება არ მიექცა, ამას, შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში შედეგი მოჰყვეს. როგორც წესი, უმეტესად ამოწმებენ სამუხრუჭე სითხის რაოდენობას, რაც არაა საკმარისი. შესაძლოა, სითხე არ აკლდეს, მაგრამ იყოს ძველი - დაძველებული სამუხრუჭე სითხე კი საშიშია.
დროთა განმავლობაში სამუხრუჭე სისტემაში წყლის რაოდენობა მატულობს, რაც თქვენი უსაფრთხოებისთვის პრობლემატურია, რადგან წყალი 100 გრადუსზე დუღს, სამუხრუჭე სითხე კი მინიმუმ 200 გრადუს ცელსიუსამდე არ იწყებს დუღილს. შესაბამისად, წყლის თითოეული წვეთის მატებასთან ერთად, სამუხრუჭე სითხის დუღილის წერტილიც კლებულობს.
ვითარება განსაკუთრებით პრობლემატურია მთაში, სადაც ჰაერის დაბალი წნევის გამო წყალი უფრო ადრე დუღდება, რამაც შესაძლოა ცუდი შედეგი გამოიღოს: დამუხრუჭებისას წარმოიქმნება მეტი სითბო და როცა სითხე დუღილის წერტილს მიაღწევს, ავტომობილი აღარ ამუხრუჭებს. პირველი ნიშანი ისაა, რომ მუხრუჭის სატერფული უფრო და უფრო ქვემოთ ჩადის და მალე მიაღწევს იმ დონეს, როცა ბოლომდე, ფაქტობრივად უკვე სიცარიელეში აჭერთ და მანქანა აღარ ჩერდება.
AUTO BILD-მა ათი, შემთხვევით შერჩეული ავტომობილი შეამოწმა - სითხეს ტესტირება უბრალოდ, შპრიცით ჩავუტარეთ და ასეთი შედეგი მივიღეთ: არავინ იცოდა, როდის გამოცვალა ბოლოს სამუხრუჭე სითხე, ერთ შემთხვევაში კი უკვე საშიშ ზღვარზე იყო.
სამუხრუჭე სითხის ტემპერატურა...
...180 °C - მიიღწევა გრძელ დაღმართებზე მუხრუჭის ხანგრძლივი გამოყენებისას.
...160 °C - მიიღწევა ავტობანზე ხშირი დამუხრუჭებისას.
...140 °C - მიიღწევა მაღალი სიჩქარის დროს ერთხელ მაგრად დამუხრუჭებისას.