Sport Turismo გალამაზებული პანამერაა - პორშეს სტუდიური მოდელი ჰოლივუდში გავტესტეთ
„სანსეტ-ბულვარზე“ ავტომობილებს ყურადღებას ნაკლებად აქცევენ ხოლმე - აქ ყველა ჰოლივუდის ვარსკვლავს ეძებს და ესეც რომ არ იყოს. თუმცა Porsche Panamera Sport Turismo-ს შემთხვევაში, შესაძლოა, საქმე სხვაგვარად იყოს, რადგან ეს არ არის ისეთი „პორშე“, როგორებსაც აქ ყოველდღე ხშირად ხედავენ. Panamera Sport Turismo სტუდიური მოდელია, ერთადერთია!
მაგრამ რაკი ფირმის შეფი მათიას მიულერი კომბი-კლასის დიდი ფანია და ცუფენჰაუზენებელი ასეთი ფორმის „პორშეს“ მართლა სერიოზულად გეგმავენ, კონცეპტის გატესტვის საშუალება მოგვცეს, ხოლო ჩვენ ჰოლივუდი ავირჩიეთ, სადაც განსაკუთრებული ავტომობილით ვერავის გააოცებ, მაგრამ Panamera Sport Turismo-მ ეს მაინც შეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ „პორშეს“ კომბისებრი ძარა აქამდე არასდროს ჰქონია, Panamera Sport Turismo-მ ისეთი შთაბეჭდილება დაგვიტოვა, თითქოს სტუდიური მოდელი კი არაა, არამედ წლებია იწარმოება. სამაგიეროდ, მის სალონში მოთავსებულ ადამიანს სრულიად ახალი სამყარო ელის. ჯდომის პოზიცია ისეთი ღრმაა, როგორც ეს „პორშეს“ ეკადრება და სპორტულ სულისკვეთებას აღვივებს. უკან მოთავსებული მგზავრი ძალაუნებურად წინა სავარძლის საზურგეში ჩადგმულ შუშას უყურებს, საიდანაც „პორშეს“ ლოგო ანათებს. იქვე და კოკპიტზეც გამოყენებულია ალუმინი და მაშინვე თვალში გეცემათ დიდი, მრავალფუნქციური მონიტორებიც. ერთი სიტყვით, სალონში თავს მომავლის გემის კაპიტნად იგრძნობთ და არა მიხაელ შუმახერად, როგორც ეს სერიულ „პორშეებშია“ ხოლმე.
მოკლედ, მომავლის სიმღერასთან გვაქვს საქმე. აი, კაპოტქვეშ კი ნამდვილი მოტორი მუშაობს. როგორც კი აქსელერაციის სატერფულს წააჭერთ, მაშინვე გაიგებთ 3-ლიტრიანი, 333 ცხენის ძალის მქონე V6-ძრავის ხმას, რომელიც სპორტული მაყუჩის მქონე სტუდიურ მოდელში უხეშად ჟღერს. თუკი მშვიდად მართავთ, Sport Turismo-ც მშვიდად ივლის. ასეთ დროს ამძრაობას 95 ცხენის ძალის მქონე ელექტრო-მოტორი უზრუნველყოფს.
ამრიგად, ეს ავტომობილი 918 Spyder-ის შემდეგ „პორშეს“ პირველი Plug-in-ჰიბრიდია. ოღონდ, გაცილებით ფართო მასებზეა გათვლილი და ყოველდღიურ მოხმარებაშიც გაცილებით მეტი შეუძლია. ცხადია, რომ „პორშეს“, თუნდაც კომბი იყოს, მძღოლისთვის სიამოვნების მინიჭება უნდა შეეძლო. Sport Turismo ამასაც ახერხებს: ძრავების სისტემური სიმძლავრე 416 ცხენის ძალაა და ავტომობილი 100 კმ/სთ-მდე 6 წამში უნდა აჩქარდეს. ამას „პორშე“ გვეუბნება და ზუსტი ინფორმაციაა, ამას ახლა ვერ გეტყვით, რადგან ავტომობილის სრულფასოვანი გატესტვის საშუალება ჯერ არ მოგვცემია. ერთი რამ კი შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ: სტუდიურმა მოდელმა დაამტკიცა, რომ ეს მხოლოდ ნაცრისფერი თეორია არ არის.
ტექნიკური მონაცემები
Porsche Panamera Sport Turismo
პარალელური სრული ჰიბრიდი • V6, კომპრესორი • მოცულობა 2995 სმ3 • სიმძლავრე 245 კვ (333 ცხ. ძ.)/5500 • ბრუნის მომენტი 440 ნმ/5500 • ელექტრომოტორი 70 კვ (95 ცხ. ძ.) • სისტემური სიმძლავრე 306 კვ (416 ცხ. ძ.) • უკანა ამძრაობა • 8-საფეხურიანი ავტომატიკა • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე 4950/1990/1401 მმ • 0-100 კმ/სთ: 6,0 წამში • საწვავის შერეული ხარჯი: 3,5 ლ. Super • CO2 82 გ/კმ
დასკვნა
Sport Turismo სასიამოვნო სამართავი ავტომობილია. მისი დამუშავებული ჰიბრიდული ამძრაობა საწვავს ზოგავს და მიუხედავად ამისა, მანქანა დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. გარდა ამისა, ავტომობილი შესანიშნავად გამოიყურება და მინდა „პორშეს“ ვთხოვო: სერიული მოდელიც ზუსტად ასეთი გააკეთეთ!
თომას გაიგერი