ცნობილ ადამიანებს უმეტესად ძვირფასი მანქანები ჰყავთ, თუმცა ჩვენს ახალ რუბრიკაში ისინი მხოლოდ თავიანთ ავტოებზე არ ისაუბრებენ. გადავწყვიტეთ, რუბრიკა სელებრითი კიდევ უფრო გაგვემდიდრებინა და ამიერიდან, ცნობილები ახალთახალ მანქანებს ”რენტგენის სხივებზე” და თბილსის (და არა მარტო თბილისის) ქუჩებში გაატარებენ, თავიანთ აზრს მოგვახსენებენ და ზოგადად მანქანებზეც ილაპარაკებენ.
ახალ რუბრიკას ტყუპებით ვიწყებთ, შოთა და არჩილ არველაძეები პირველები არიან, AUTO BILD-ის მიერ შერჩეულ მანქანებს რომ მიუსხდნენ და გამოსცადეს. ცხადია, მათი შეფასებები პროფესიონალური არ არის, თუმცა ასეთი, სახალხო შეფასებებიც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
მაშ ასე, თქვენ წინაშეა AUTO BILD-ის განახლებული რუბრიკა და არველაძეების ტყუპი ტესტი.
ჰოლანდიაში შოთას მისტერ ბინი შეარქვეს - ღადაობაში როუენ ატკინსონივით მაგარი ხარ და გარენულადაც გავხარო. ერთ-ერთმა ჰოლანდიურმა საიტმა კი შოთას ფოტომონტაჟი მიუძღვნა - მისტერ ბინის ცეროდენა ”მინის” საჭესთან დასვა.
მანქანა მისთვის არ არის რაღაც ბრჭყვიალა ნივთი, რითაც თავი უნდა მოიწონოს. ის ამითაც ყოველთვის განსახვავდებოდა სხვა ქართველი ფეხბურთელებისგან. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმეგოლემ, რომელიც ახლა თურქული კლუბის, "ქასიმფაშას" მთავარი მწვრთნელია, ქართული AUTO BILD- ისთვის 2013 წლის Kia Cerato გატესტა.
შოთა არველაძე ურიგო მძღოლი როდი გამოდგა - მისთვის უცხო, ახალ ავტომობილს ალღო უცბად აუღო და თბილისის ქუჩებში მოხდენილად დააგელვებდა.
შოთა, რეზი და აჩი - ძმებმა არველაძეებმა თავიანთი პირველი, საზიარო მანქანა მაშინ შეიძინეს, როცა თბილისის "დინამში" თამაშობდნენ და საქართველოს ჩემპიონობისთვის პრემია, 1000-1000 დოლარი აიღეს - ვაზ 2109 მაშინ სამი ათასზე მეტი არ ღირდა.
"ჩემი მეორე მანქანა "ტრაბზონსფორში" გადასვლის მერე ვიყიდე, თურქეთში რომ ვთამაშობდი, BMW-ს მესამე სერიაც მყავდა. ქართველები მაშინ გიჟდებოდნენ ამ მანქანებზე, მე კი ამ მანქანებს განსაკუთრებულ ნივთებად არ მივიჩნევდი. წავალ და მაგარ მანქანას ვიყიდი - ასეთი განწყობა არასდროს არ მქონია და ავტომობილის საყიდლად არასდროს ვემზადებოდი. ჰოლანდიაში და ბრიტანეთში არაერთი მანქანა გამოვიცვალე, "მერსედესიც" მყავდა, "ოპელიც" და "ტოიოტაც". ახლა სტამბულში BMW- ს ქროსოვერით დავდივარ, კლუბმა კი "აუდი" გამომიყო" - გვითხრა შოთამ.

თქმა რად უნდა, ევროპაში სხვანაირი, უფრო მოწესრიგებული მძღოლები არიან, ვიდრე ჩვენთან, თუმცა შოთა ამბობს, რომ: "ამ მხრივ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა, დღეს ავტობანზე "ზადნით" აღარ დადიან და ალბათ ვეღარ გააკეთებენ იმას, რასაც ადრე აკეთებდნენ. ყველაფერი თავის ჩარჩოებში ექცევა. კარგია, რომ ღვედის გაკეთება საქართველოშიც სავალდებულო გახდა, ეს წესი ადრეც რომ ყოფილიყო, ბევრი ჩვენი ახლობელი გადაურჩებოდა სავალალო შემთხვევას".
არველაძემ ერთი ისტორიაც გაიხსენა. "ზუსტად არ მახსოვს მოდელი, მაგრამ მართლაც კარგი "მერსედესი" შევიძინე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მკითხეს, კაპოტი არ ახადე და არ ნახე, იქ რა ხდებაო. გამიკვირდა და ვუთხარი, კაპოტი რატომ უნდა მენახან, კაპოტში ხომ არ ვზივარ-მეთქი. მერე ერთად ავხადეთ კაპოტი ჩემს "მერსედესს" და თურმე ისიც მნიშვნელოვანი ყოფილა, მაგრამ ცილინდრებს და ”ხადავოის” მაინც ვერაფერი გავუგე. ეგ კი არა, ჩემი ავტომობილის ნომერიც კი არასდროს დამიმახსოვრებია”.
შოთა ახლა მწვრთნელია და საკუთარ წესებს მანქანაშიც ამკვიდრებს. "ჩემს მანქანაში სიგარეტი არავის მოუწევია! სულაც გრელანდიაში რომ მივდიოდე მანქანით, სიგარეტს სალონში არავის მოვაწევინებ."

Kia Cerato-ს შეფასებაში კი შოთა არცთუ მკაცრი გამოდგა. ყველაზე უფრო ჯდომის კომფორტი, სალონის სივრცე და მომსახურება მოეწონა. კუს ტბის აღმართები რომ ავიარეთ, გვითხრა, ამ მანქანას სიმძლავრე აკლიაო. მერე ”სერატოს” ამორტიზატორებიც კი შეუმოწმა, როგორც შეეძლო და დაკვირვებული თვალით შეათვალიერა ეს ახალთახალი სედანი. ბოლოს ფასიც იკითხა და ყველაზე მკაცრი შეფასებაც მერე გააკეთა. შოთამ კორეულ სედანს ყველაზე მაღალი (მაქსიმალური) ქულები სალონის კონცეფციაში, მომსახურებისა და ჯდომის კომფორტში დაუწერა და სხვათა შორის, სედანის შეფასებისას ეს სწორედ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია. ”სერატომ” შოთა არველაძისგან 9-9 ბალი დაიმსახურა ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინშიც - ანუ, ცნობილი ავტოდიზაინერის, პეტერ შრაიერის ნახელავი მასაც ძალიან მოეწონა. ტყუპისცალის აზრით, ”სერატო” საკმაოდ უხმაურო ავტომობილია და ”კიას” ხილვადობაც მოუწონა.
რაც შეეხება წუნს: ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ შოთას კუს ტბის აღმართზე ”სერატოს” სიმძლავრე ეცოტავა და აჩქარება 7 ბალით შეუფასა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მართვის სიამოვნებაში 8 ქულა დაუწერა - მოეწონა მოხვევის სისტება და მანქანის მანევრულობა.
შოთა არველაძის შეფასება
(10-ბალიანი სისტემით)
KIA CERATO
ექსტერიერის დიზაინი - 9
ინტერიერის დიზაინი - 9
სივრცე სალონში - 10
ხმაური სალონში - 9
მართვის სიამოვნება - 8
აჩქარება - 7
მომსახურება - 10
ხილვადობა - 9
ჯდომის კომფორტი - 10
ფასთან შესაბამისობა - 7
ჯამი (მაქს. 100) - 88
ტექნიკური მონაცემები
KIA CERATO 1.6
ძრავა 4-ცილინდრიანი DOHC
მოცულობა 1.6 ლ
სიმძლავრე 130 ცხენის ძალა
გადაცემათა კოლოფი 6-საფ. ავტომატიკა
საწვავის საშ. ხარჯი * 6,9 ლ/100 კმ-ზე
სიგრძე 4 560 სმ
სიგანე 1 780 სმ
სიმაღლე 1 445 სმ
ფასი (კიას ცენტრში) 18 650 დოლარი
* ოფიციალური, ქარხნული მონაცემი
როგორ გავასწორო საათი?
აჩიმ შოთაზე ადრე დაასრულა ფეხბურთელის კარიერა, რადგან მუხლის მძიმე ტრავმა ჰქონდა. მისი ტრავმიანიობა კი ფეხბურთის თამაშით არ დაწყებულა - მოტოციკლი "იამაჰა" წვიმაში მოუცურდა და ფეხი პირველად მაშინ დაუზიანდა.
ბოლო წლებში მან არაერთი მანაქანა გამოიცვალა, უცვლელი რჩებოდა მხოლოდ ბრენდი - არჩილ არველაძე არჩევანს ყოველთვის BMW-ზე აკეთებს: ”მანქანა რბილად უნდა დადიოდეს. არ არის აუცილებელი, რომ ძალიან სწრაფი იყოს. ახლა BMW X5 მყავს, თუმცა მთაში არ დავდივარ... კომფორტულია და ეს მომწონს. მაღლა ჯდომას შევეჩვიე და სედანზე გადაჯდომა ალბათ გამიჭირდება. შევეჩვია BMW- საც! შემიყვარდა კიდეც, ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო მანქანაა!”
აჩისთვის ”ჰიუნდაის” ცენტრიდან ახალი Santa Fe გამოვიყვანეთ, რომელიც 4-ცილინდრიანი ბენზინის ძრავით (2 359 სმ3, 178 ცხენის ძალა) და 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით გახლდათ აღჭურვილი. ეს Santa Fe-ს ყველაზე დაბალფასიანი ვერსიაა (28 550 დოლარი), სრული კომპლექტაციით კი დაახლოებით 10 000 დოლარით მეტი ღირს. დიზელისძრავიანი და სრულკომპლექტაციანი Santa Fe-ს ფასი კი 40 000 დოლარამდე ადის.

”ნერვები მეშლება, როცა მანქანის სალონში ხმაური მესმის და შესაბამისად, ჩემთვის მთავარი სწორედ ისაა, რომ სალონში ჭრაჭუნის ან სხვა უცნაური ხმები არ ისმონდეს. ახალი ავტომობილის შეფასება ადვილია, რადგან ყველაფერი მწყობრში აქვს - საქმე ისაა, როგორ ფორმაში იქნება 3-4 წლის შემდეგ,” - გვითხრა აჩიმ და როცა Hyundai Santa Fe-ს საჭეს მიუჯდა, პირველი შთბაჭდილებით მოხიბლული დარჩა: ”ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ კარგი მანქანაა, თუმცა ზუსტი შეფასებისთვის ეს არ კმარა, რამდენიმე წელი რომ გეყოლება მანქანა, დასკვნების გამოტანაც მერე აჯობებს.”
საქართველოს და თურქეთის შემდეგ, აჩი ფეხბურთს ჰოლანდიაში და გერმანიაში თამაშობდა და ორივე ქვეყანაში ”ჰონდა” ან ”მერსედესი” ჰყავდა, რადგან სწორედ ეს მარკები იყო ჰოლანდიური ”ბრედას” და გერმანული ”კიოლნის” სპონსორები.
აჩისთან ერთად წყნეთშიც ავედით. Santa Fe რბილი და კომფორტულიაო - გვეუბნებოდა ტყუპისცალი და როცა ვკითხეთ, მომსახურებით რამდენად კმაყოფილი იყო, გვიპასუხა: ”ამ საქმეში ძალიან სუსტი ვარ, სალონში იმდენი ღილაკია, ყველას დანიშნულება არ ვიცი. ოთხ-ხუთ ენაზე ვლაპარაკობ, მაგრამ ესეც არ მშველის. მანქანის სალონში საათის გასწორება რომ დამჭირდეს, შესაძლოა, უცბად ესეც ვერ გავაკეთო!”
აჩის აქაურ ავტოტენდენციებზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა, საქართველოში ხომ ბევრისთვის მანქანა იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ მანქანა.
”თბილისში მანქანა სულ სხვა მნიშვნელობას იძენს, ვიდრე ევროპაში. აქ რჩევებსაც თავისებურს გაძლევენ. მაგალითად, მითხრეს, რომ უფრო მცირე ზომის დისკები დამეყენებინა - ვიზუალურად უკეთესი იქნებაო.”

კომპლიმენტების გარდა, აჩიმ Hyundai Santa Fe-ზე ისიც გვითხრა, 100 კილომეტრზე 16-17 ლიტრ საწვავს თუ ხარჯავს, ეს უკვე ძალიან ცუდიაო - კომპიუტერი იმ მომენტში საშუალო ხარჯის სახით სწორედ ამდენს წერდა.
წყნეთის გზის აღმართებზე ტყუპისცალმა გასწრების მანევრის შესრულება არაერთხელ სცადა, თუმცა ყოველთვის ვერ გამოუვიდა და 178 ცხენის ძალის მქონე Santa Fe-ზე დასძინა - სისწრაფეს უცბად ვერ კრეფსო.
როცა ტყუპისცალმა კორეული ქროსოვერის ფასი იკითხა, რამდენიმეწამიანი პაუზა გააკეთა და დაასკვნა: ”ამ ფასად ამ მანქანას ჩემთვის არ ვიყიდი. მეუღლეს კი შეიძლება ვუყიდო! მე უფრო მძლავრი ძრავის მქონე მოდელს შევიძენდი. 28 000 დოლარად ცოტათი ნახმარი, მაგრამ გაცილებით მძლავრი ქროსოვერი მომივა.”

აჩი შოთაზე ოცი წუთით უმცროსია, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ტყუპისცალს სიდინჯეში ჩამორჩება, პასუხებსაც მანქანზე გულდასმით დაკვირვების მერე იძლეოდა: ”მანქანა ხუთი-ექვსი წელი უნდა გყავდეს და მერე გამოცვალო. ავტომობილი იმის მიხედვითაც უნდა შეარჩიო, თუ სად ცხოვრობ. თუ მონტე კარლოში ცხოვრობ და ”ბენტლის” იყიდი, ათბალიანი შკალით ამ არჩევანს ათიანი უნდა დავუწეროთ,” -გვითხრა მან.
რაც შეეხება Santa Fe-ს შეფასებას: არჩილ არველაძე ტყუპისცალზე უფრო მკაცრი აღმოჩნდა. თუკი შოთას მიერ Kia Cerato-სთვის დაწერილი ქულებიდან ყველაზე დაბალი შვიდიანი იყო, აჩიმ ”ჰიუნდაის” ქროსოვერს ერთ-ერთ კრიტერიუმში 6 ბალი დაუწერა, ყველაზე მეტად კი Santa Fe-ს ექსტერიერის დიზაინი, ხმაურიზოლაცია, ხილვადობა და ჯდომის კომფორტი მოეწონა.
არჩილ არველაძის შეფასება
(10-ბალიანი სისტემით)

ექსტერიერის დიზაინი - 9
ინტერიერის დიზაინი - 6
სივრცე სალონში - 8
ხმაური სალონში - 10
მართვის სიამოვნება - 8
აჩქარება - 7
მომსახურება - 8
ხილვადობა - 10
ჯდომის კომფორტი - 9
ფასთან შესაბამისობა - 8
ჯამი (მაქს. 100) - 83
ტექნიკური მონაცემები
HYUNDAI SANTA FE 2,4 A/T GL 4x4
ძრავა 4-ცილინდრიანი DOHC
მოცულობა 2 359 სმ3
სიმძლავრე 178 ცხენის ძალა
მაქს. სიჩქარე 190 კმ/სთ
გადაცემათა კოლოფი 6-საფ. ავტომატიკა
ავზი 64 ლ
სიგრძე 4 690 სმ
სიგანე 1 880 სმ
სიმაღლე 1 690 სმ
ფასი (ჰიუნდაის ცენტრში) 28 550 დოლარი