2009 წლის 4 დეკემბერს „ნისანმა“ განაცხადა, რომ „ქაშქაის“ ახალ ვერსიას გამოუშვებდა და 2010 წლის მარტიდან იაპონელები დანაპირების შესრულებას შეუდგნენ... აპრილის ბოლოს „ნისანის“ თბილისის ცენტრს სწორედ განახლებული „ქაშქაის“ ახლოს გასაცნობად მივაკითხეთ და ევროპაში უაღრესად პოპულარული, კომპაქტური ქროსოვერით მცხეთისკენ გავისეირნეთ.
დიზაინი
ავტომობილის დიზაინი საგრძნობლად შეიცვალა. „ქაშქაიმ“ კარგად აუწყო ფეხი თანამედროვეობას და ახალმა მოდელმა წინამორბედი სილამაზით იოლად დაჩრდილა. „ქაშქაიმ“ უფრო აგრესიული და პრაქტიკული სახე მიიღო. ავტომობილის გრილზე უკვე თვალში საცემია ნიკელის დეტალების ნაკლებობა, ავტომობილის პროფილი კი კიდევ უფრო შეიცვალა, რადგან დისკები გაიზარდა და უკვე ორ ფერში იღებება.
სალონი
კოკპიტისა და ზოგადად ინტერიერის ძირითადი მასალა რბილი პლასტმასია, საჭე და სავარძლები კი ტყავითაა გაფორმებული. ავტომობილში ჩაჯდომოსთანავე ვგრძნობთ, რომ ინჟინრებს ძალიან ბევრი უფიქრიათ სივრცის კონცეფციაზე. ყველა დეტალი თითქოს იმაზეა ორიენტირებული, რომ მძღოლმა და მგზავრებმა თავი მაქსიმალურად თავისუფლად იგრძნონ. „ქაშქაის“ სალონში 5 ზრდასრული ადამიანი კომფორტულად თავსდება.

სალონში რამდენიმე პრაქტიკული სათავსია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „ბარდაჩოკი“, რომელშიც ხელთათმანთან ერთად მოზრდილ სომბრეროსაც თავისუფლად ჩაატევთ. ავტომობილში ვერტიკალურად მხოლოდ მძღოლის სავარძელი მოძრაობს. „ქაშქაი“ აღჭურვილია ინდივიდუალური კლიმატკონტროლით, რომლის მომართვა მძღოლსა და მგზავრს სურვილისამებრ შეუძლიათ.

ძრავები, სიმძლავრე
„ნისანის“ თბილისის ცენტრში (ჯეო ავტო) „ქაშქაის“ 6 კომპლექტაციაა ხელმისაწვდომი, ხოლო ძრავის მოცულობა ყველასთვის ერთია: ავტომობილი ბენზინის 2.0-ლიტრიანი აგრეგატითაა აღჭურვილი და 4 ცილინდრის მეშვეობით 142 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავაში შეფრქვევის სისტემა განახლებულია მრავალწერტილოვანი შეფრქვევის სისტემით. „ქაშქაი“ საწვავის მხრივ პრეტენზიული არაა და „პრემიუმზეც“ სიამოვნებით მუშაობს. საწვავის ხარჯი შემცირებულია და გამონაბოლქვის სტანდარტი ევრო 4-ს დაექვემდებარა. „ნისანი“ ქალაქში 100 კილომეტრზე 10.8 ლიტრით დაკმაყოფილებას გვპირდება, ქალაქგარეთ 6.8 ლიტრს, ხოლო შერეულ რეჟიმში - 8.2 ლიტრს. ეს ავტომატური კოლოფის მქონე ქროსოვერისთვის სასიამოვნო დაპირებებია. იმედია, როცა ავტომობილის სრულფასოვნად გატესტვის საშუალება მოგვეცემა, რეალობა დაპირებულზე ბევრად უარესი არ აღმოჩნდება.

კომპლექტაცია
„ქაშქაის“ სტანდარტული აღჭურვილობა საოჯახო ავტომობილის პირობებზე საკმაოდ მდიდარია. საბაზო კომპლექტაციაში გვხვდება ABS, წინა უსაფრთხოების ბალიშები, კარების ბლოკირება (ბავშვების უსაფრთხოებისათვის), მეტი მანევრულობისათვის ავტომობილი საჭის ელექტრო გამაძლიერებლით არის აღჭურვილი. ასევე „ქაშქაის“ მინიმალურ კომპლექტაციაში გააჩნია სტოპ-სიგნალი, რომელიც უსაფრთხო პარკირებაში გვეხმარება. ავტომობილი ტრანსმისიის ორ ტიპს გვთავაზობს, ესენია: 4X2 (წინა წამყვანი) და ძვირფასი 4X4 სისტემა.

ავტომობილის ფასი 22 900-დან 30 400 დოლარამდე მერყეობს. მაქსიმალური კომპლექტაციის „ქაშქაი“ 17-დუიმიანი დისკების ნაცვლად 18-იანებითაა აღჭურვილი. უსაფრთხოების სისტემებიც ფასთან ერთად მრავლდება და ემატება გვერდითა უსაფრთხოების ბალიშები, რომლებიც ავტოავარიის შემთხვევაში მგზავრებს ფანჯრის ნამსხვრევებისაგან იცავს. ასევე, მაქსიმალურ კომპლექტაციაში გვხვდება პანორამული ჭერი, რომელიც მგზავრობას სასიამოვნოს, და ესთეტიურად მდიდარს ხდის.
დასკვნა
ახალი „ნისან ქაშქაი“ კარგი ავტომობილია. მისი მართვა სიამოვნებაა როგორც ქალაქში, ისე ქალაქგარეთაც. ქროსოვერის ხასიათიც საკმაოდ კარგადაა შენარჩუნებული და ავტომობილის დასვრილი ხელთათმანით მართვა ტრაგედიას არ წარმოადგენს. „ქაშქაის“ საქართველოში მოღვაწეობის უკვე დიდი გამოცდილება აქვს და არა მგონია, ყოველდღიური ექსპლუატაციით უკმაყოფილო დაგტოვოთ.
ირაკლი ციქურიშვილი
ტექნიკური მონაცემები
Nissan Qashqai

მოცულობა 1997 სმ3
სიმძლავრე 104 კვტ (141 ცხ. ძ.)/6000
ბრუნის მომენტი 196 ნმ/4800
აჩქარება 0-100 კმ/სთ 10.7 წამში
მაქს. სიჩქარე 180 კმ/სთ
გადაცემათა კოლოფი უსაფეხურო SVT
ამძრაობა სრული
კლირენსი 200 მმ
წონა 1960 კგ
საბარგულის მოცულობა 352-860 ლიტრი
ტვირთამწეობა 415 კგ
სიგრძე 4315 მმ
სიგანე 1783 მმ
სიმაღლე 1606 მმ
მობრუნების რადიუსი 10.6 მ
საწვავის ხარჯი (შერეული) 8.2 ლ/100 კმ-ზე
ფასი „ნისანის“ თბილისის ცენტრში: 22 900 დოლარიდან*
* მაქსიმალური კომპლექტაციით 30 400 დოლარი ღირს