სიახლეები
ერთი შეხედვით ბევრი არაფერი შეცვლილა. ცხვირსა და კიჩოს ახლა „შკოდას“ აქტუალური სახე აქვს და ისე გამოიყურება, როგორც ახალი Octavia-სა და Rapid-ის ცხვირი და კიჩო. კოკპიტზე ახალი, უფრო უკეთესი ხარისხის მასალებია გამოყენებული.
რას გვთავაზობს
ოპერაციამ შედეგი გამოიღო: „შკოდას“ ტოპ-მოდელის ექსტერიერი ახლა უკვე შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, ინტერიერი კი უფრო უკეთესი ხარისხისაა. სალონში (განსაკუთრებით უკან) ისევ საკმაოდ დიდი სივრცეა.
როგორ დადის
პატარა სიურპრიზი: ყველაზე სუსტი დიზელის ძრავაც კი საკმაოდ მძლავრია. ვგულისხმობთ 1.6 TDI-ს 105 ცხენის ძალით (იხილეთ ტექნიკური მონაცემები). 250-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტის დახმარებით ეს აგრეგატი 1.5-ტონიან ლიმუზინს საკმაოდ მოხდენილად აჩქარებს.
„შკოდას“ დაპირებით, Greenline-ვერსია, რაც სტარტ/სტოპ-სისტემასაც გულისხმობს, ამ ძრავით აღჭურვილი Superb-ის საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე 4.2 ლიტრი დიზელი უნდა იყოს. ტესტის დროს ასეთი შედეგი, რა თქმა უნდა, ვერ მივიღეთ. ჩვენი შედეგი 100 კილომეტრზე 5.7 ლიტრი იყო, მაგრამ არც ესაა ცუდი.
ძველებურად კარგია ჯდომის კომფორტი, კომფორტულია დაკიდების სისტემაც. მართალია, უმაღლესი კლასის სტანდარტებს არ შეესაბამება, მაგრამ, სამაგიეროდ, Greenline-ვერსია საბაზო კომპლექტაციით მხოლოდ 27 490 ევრო ღირს. გაცილებით იაფია 1.4 TSI ძრავით აღჭურვილი მოდელი (125 ცხენის ძალა) - ის 23 990 ევრო ღირს. კომბი-ვერსია 1000 ევროთი მეტი ღირს. გაყიდვები ივნისის ბოლოს იწყება.
განახლებული Superb „შკოდას“ თბილისის ცენტრშიც დაახლოებით ივნისის ბოლოს გამოჩნდება - ჩვენს ბაზარზე მისი ფასი 25 500 დოლარიდან დაიწყება.
ტექნიკური მონაცემები
Skoda Superb 1.6 TDI Greenline
4-ცილინდრიანი, Turbo • მოცულობა: 1598 სმ3 • სიმძლავრე: 77 კვტ (105 ცხ. ძ.)/4400 • ბრუნის მომენტი: 250 ნმ/1500 • წინა ამძრაობა • 6-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4833/1817/1449 მმ • საბარგულის მოცულობა: 595-1700 ლ • ავზის მოცულობა: 60 ლ. • წონა: 1519 კგ • 0-100 კმ/სთ: 12,2 წამში • მაქს. სიჩქარე: 197 კმ/სთ • საწვავის ხარჯი: 4,2 ლ D/100 კმ-ზე • CO2:109 გ/კმ
ფასი: 27 490 Euro
მოგვწონს
ახალი ხარისხი - მიუხედავად მინიმალური ცვლილებებისა, Superb აშკარად გათანამედროვდა.
გვაკლია
საკიდარის სრულყოფილება - კომფორტულია, მაგრამ ტოპ-მოდელს სრულყოფილი დაკიდების სისტემა უნდა ჰქონდეს.
გვიკვირს
სიმძლავრე - დიზელის ყველაზე მცირელიტრაჟიანი ძრავა 1.6-ლიტრიანია და 105 ცხენის ძალა აქვს, მაგრამ Superb ამ აგრეგატითაც შესაშურად დადის.
დასკვნა
Skoda Superb დიდ სედანებს შორის ყველაზე იაფი იყო და კარგია, რომ ამ მხრივ არც ფეისლიფტის შემდეგ იცვლება რამე. თუმცა „შკოდა“ ხომ ფასთან შესაბამისობის კრიტერიუმის ერთ-ერთი ჩემპიონია.
რობინ ჰორნიგი