იტალიელთა მთავარი იარაღი
03.11.2013
350 კმ/სთ-ზე მეტი, 963 ცხენის ძალა, ფასი: 1.19 მილიონი ევრო...

გამოცანა: ის მარიო ბალოტელიზე ველური და სივლიო ბერლუსკონიზე რადიკალურია. ბევრს მასთან შეხვედრა მონიკა ბელუჩისთან პაემანს ურჩევნია! მინიშნება: Made In Bella Italia... ნეტა, რა უნდა იყოს? ჰიბრიდული ექსტრემისტი Ferrari LaFerrari - სუპერსპორტული ავტომობილების ახალი გმირი!

როცა „ფოლკსვაგენის“ კონცერნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ანუ, მთავარი ბოსი თავისთვის ისეთ ავტომობილს უკვეთავს, რომელიც მისი კონცერნის მიღმა შეიქმნა, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთობ განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. დიახ, ფერდინანდ პიოხმა Ferrari LaFerrari შეუკვეთა, ამ მანქანაში მილიონზე მეტს იხდის და, რაც მთავარია, აძლევენ კიდეც! საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ჰერ პიოხს ზოგადად „ფერარის“ ყიდვა და „ფოლკსვაგენის“ კონცერნში შეყვანა უნდა და ვინ იცის, იქნებ იტალიელებმა ამ თანხმობით იმ „დიდი თანხმობისკენ“ პირველი ნაბიჯიც გადადგეს. ის ფაქტი, რომ პიოხი ამ მანქანას მართლაც მიიღებს, უკვე სენსაციაა, რადგან „ფერარი“ სულ 499 ეგზემპლარს აწარმოებს, მსურველი კი 700-ზე მეტია.



ეს კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ დღესდღეობით „ფერარის“ შესაძენად მარტო მილიარდერობა აღარ კმარა. ბოლოს და ბოლოს მილიარდერი გახდე და მაინც უარი გითხრან იმაზე, რაც მილიონზე „ოდნავ“ მეტი ღირს - ამაზე დიდი პარადოქსი რაღა უნდა იყოს?..

მოდელის სახელწოდება ხსენებულ ფასს ნაღდად არ ამართლებს - ნუთუ, კრეატიულ იტალიელებს სხვა არაფერი მოუვიდათ თავში, თუ არა LaFerrari? სამაგიეროდ, ახალი „ენცოს“ დინამიკურობა მის ფასს ნაღდად შეესაბამება. დასტურად ეს მაგალითებიც გამოდგება: ეს ჩვენი LaFerrari 300 კმ/სთ სისწრაფეს 15 წამში ავითარებს; 200 კმ/სთ-ს - 7 წამში; 100-ს - 3 წამში! 3-კილომეტრიან სატესტო ტრეკზე ფერნანდო ალონსოს ერთი წრისთვის LaFerrari-თ 5 წამით ნაკლები დრო დასჭირდა, ვიდრე წინამორბედი „ენცოთი“.

ჩვენ კი ფაქტობრივად ვალდებულები ვართ, ვაქოთ მისი კომპლექსური ელექტროამძრაობა KERS-Hybridsystem, რომელიც ფორმულა 1-ის ნოუჰაუზეა დაფუძნებული და რომელიც LaFerrari-ს 163 ცხენის ძალას მატებს. ისე, ჩვენს შორის რომ დარჩეს, ჰიბრიდული ამძრაობა კარგი სალაპარაკო თემააა, მაგრამ ამ კლასში (იხილეთ Porsche 918, McLaren P1) სერიოზული არგუმენტი არაა და, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს არ იქნება.
იმის თქმა გვინდა, რომ „მუსიკას“ ამ ავტომობილის შემთხვევაშიც ძირითადად V12-ძრავა „უკვეთავს“. ანუ, საავტომობილო იტალიის მთავარი იარაღი მხოლოდ ელექტრონულად 100 კილომეტრსაც კი ვერ გაივლის. შეფ-კონსტრუქტორმა ამადეო ფელისამაც იცის, რომ „ფერარი“ მისთვის დამახასიათებელი საუნდის გარეშე იგივეა, რაც გორილა, რომელიც ხელებს მკერდზე არ იბრახუნებს.


499 ბედნიერის „სამუშაო მაგიდა“ - კოკპიტი ნებისმიერს გულისცემას აუჩქარებს

მგრგვინავი 6.3-ლიტრიანი აგრეგატი, რომელიც „ენცოშიც“ ძგერდა, FF-საც აქვს და F12 Berlinetta-საც ემსახურება, კიდევ უფრო მძლავრი გახდა. ახლა ის უკვე ყველა დროის ყველაზე მძლავრი ძრავაა მათ შორის, რაც „ფერარის“ სერიულ მოდელებს ოდესმე ჰქონიათ. 800 ცხენის ძალა 9000 ბრუნზე და ეს ყველაფერი ყოველგვარი ტურბინის გარეშე - აქ კომენტარი მართლა ზედმეტია. დაუმატეთ ამას ელექტროძრავის სიმძლავრე და 1000-მდე ცხენის ძალას მივიღებთ - მაგიურ სიმძლავრეს, რომელმაც 1200-კილოგრამიანი ტვირთი უნდა ზიდოს. შესაბამისად, აღარც აჩქარების ის ზღაპრული შედეგები გვიკვირს, დასაწყისში რომ ვსაუბრობდით.

თავიდან მძღოლის გვერდითა სავარძელზე ვთავსდები, რომელიც ერთ ადგილზე სამუდამოდაა გაქვავებული. ოდნავ უკან ვარ გადახრილი, საჯდომი ღრმად ჩაეჭედა და თავი ფორმულა 1-ის ბოლიდში მგონია. მერე მახსენდება, რომ თანამგზავრის სავარძელზე ვზივარ და ლოგიკურად მიჩნდება კითხვა: რა საჭიროა ეს სკამი? თქვენი ნება რომ იყოს, დათანხმდებოდით ამ სკამზე ჯდომას მაშინ, როცა ამ ფეთქებადი მანქანის საჭეს 70 წლის ფულიანი კაცი მიუჯდება? სულაც არ მინდა ვიცოდე, რამდენი ოფლია დაღვრილი სუპერსპორტული ავტომობილების გვერდით სავარძლებზე და ამიტომაც საჭესთან ვინაცვლებ, კოკპიტის „ლანდშაფტს“ ვათვალიერებ. სპორტული, არამრგვალი საჭე შთაბეჭდილებას ახდენს - ეჭვი არ მეპარება, რომ ათი წლის წინათ ასეთი საჭე ფორმულა 1-ში ავანგარდში იქნებოდა. ზუსტად ისე, როგორც F1-ის სარბოლო ბოლიდში, გადართვებს აქაც საჭეზე, დიოდური განათებით ვხედავთ, უკან კი გადასართველი ბერკეტებია.


საჭეზე განთავსებული ამ პატარა ღილაკით სიმძაფრე რეგულირდება

ვაღიარებ: მიხარია, რომ ამ ავტომობილის გატესტვის საშუალება არ გვაქვს და მხოლოდ სტუდიაში სტატიკური დათვალიერებით უნდა შემოვიფარგლოთ. კარგია, რომ ჩემი შესაძლებლობების დამტკიცება 963-ცხენისძალიან სუპერსპორტულ ავტომობილზე არ მომიწევს. სიმართლე უნდა ვთქვათ და სრულყოფილად ეს მხოლოდ რამდენიმე მრბოლელს თუ შეუძლია - სწორედ ამიტომ აწერია საჭეს ფერნანდო ალონსო! ეს წარწერა კიდევ იმისთვისაა, რომ ის 499 ბედნიერი ყოველთვის ხედავდეს, რაში გადაიხადა ამდენი ფული. რა თქმა უნდა, უფრო შორს წასვლა და საჭეზე მფლობელების სახელებისა და გვარების წაწერაც შეიძლებოდა, მაგრამ, ფერდინანდ პიოხის შესაძლებლობების დაკნინების გარეშე მიმაჩნია, რომ აქ სწორედ ალონსოს გვარის ადგილია.
ინტერიერში უკანა ხედვის კამერასაც მივაგენი და ამ ატმოსფეროსთვის აბსოლუტურად შეუსაბამო ნავიგაციასაც. უფრო უარესიც: აქ რადიოცაა! „ფერარის“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა მაშინვე მომახალა, აუცილებელი არაა, რომ ნავიგაცია და რადიო ჰქონდესო, მაგრამ ფასი ამით, რა თქმა უნდა, არ შემცირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სურვილის შემთხვევაში რადიოც ხელმისაწვდომია და ნავიგაციაც.

ორი აზრი არ არსებობს: ეს ავტომობილი ყველაზე ახლოსაა ფორმულა 1-თან იმ მანქანებს შორის, რომლებსაც გზებზე ჩვეულებრივად ხეტიალის უფლება აქვთ მინიჭებული. GTO-ს, F40-ის, F50-ისა და „ენცოს“ შემცვლელის მახასიათებლები ალონსოს ნაღდი ბოლიდისას თითქმის არ ჩამოუვარდება.

AUTO BILD-ის მკითხველებისთვის ტერმინი კარბონი უკვე კარგადაა ნაცნობი და იმასაც შეამჩნევდით, რომ ამ სიტყვას აქამდე ყოველთვის აღმატებით კონტექსტში ვიყენებდით ხოლმე. მაგრამ ასეთი განწყობა ნელ-ნელა წარსულს უნდა ჩაბარდეს, რადგან „ფერარიმ“ კიდევ უფრო წინ წაიწია: LaFerrari-ს ძარა კარბონის არა ერთი, არამედ ოთხი სხვადასხვა ვარიანტისგანაა შექმნილი. ერთს T1000 ჰქვია, მეორეს T800 და ა.შ. - გააჩნია ძარის სიღრმეს - ზოგან რბილია, ზოგან მაგარი... რაც მთავარია, ესეც სკუდერიაში შეიქმნა - ზუსტად იმ ფეჩში გამოცხვა, სადაც ფორმულა 1-ის ბოლიდის ძარა ცხვება ხოლმე.

აეროდინამიკასაც ფორმულა 1-ის გავლენა ეტყობა. წინა მხარეს, ძირზე პატარა ზომის სარქველებია, რომლებიც სისწრაფის მიხედვით იხსნება. ამავდროულად, უკანა დიფუზორზე დიდი სარქველები იწევა და უკანა სპოილერიც ამოდის, რაც ჯამში ავტომობილს უნაკლო აეროდინამიკას ანიჭებს.
ძრავის გამაგრილებლის უკან საბარგულია - თუკი შეიძლება, რომ ამას საბარგული ეწოდოს. ბარგის (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ჩადებაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ზედმეტია. „გენიალურია“ სახელთათმანეც, რომელიც ზუსტად ერთ iPhone-ს იტევს.

დიზაინი იმ კაცის ნახელავია, ვის მიერ შექმნილ ავტომობილებს თითქმის ყველა კუთხეში ვხვდებით - მაგალითად, VW Golf VI. დიახ, სწორედ იმ ფლავიო მანძონის ვგულისხმობთ, რომელმაც 2010 წელს ვოლფსბურგიდან მარანელოზე გადაინაცვლა, „ფოლკსვაგენი“ „ფერარიში“ გაცვალა. გერმანელებისთვის რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს, მიუხედავად ამისა ამ „ფერარისა“ და ზემოთ ხსენებულ „ფოლკსვაგენს“ შორის მსგავსებების აღმოჩენა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. მანძონიმ კი თვით ტრადიციული „პინინფარინა“ დაჯაბნა და სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ არც „პინინფარინას“ იდეები იყო ცუდი (ან კი როგორ იქნებოდა?), ავტომობილს თითოეულ დიზაინერულ შტრიხში ეტყობა, რატომ მიენიჭა უპირატესობა მანძონის იდეებს.

მაინც როგორია ჯამში LaFerrari-ს დიზაინი? სუბიექტურად რომ მივუდგე, პირადად ცემი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, რომ ამდენი ხვრელი არ ჰქონდეს - მიმაჩნია, რომ მინიმუმ უფრო მეტად დახურული და შესაბამისად, მშვიდი ფორმა „ფერარის“ ყოველთვის უხდებოდა. დღეს კი, სუპერსპორტული ავტომობილების მწარმებლები ერთმანეთს თითქოს ხვრელების სიმრავლესა და ზომებში ეჯიბრებიანო. ეს ჩვენი „La“ თითქმის მხოლოდ ხვრელებისგან შედგება. თუმცა, ძარაზე სარკეებიც აქვს, რომლებიც 350 კმ/სთ-ით „ფრენას“ თუ გაუძლებენ, ეს იმის დასტური იქნება, რომ „მცხობელს“ მართლა კარგად უმუშავია.


ძარას „ჩვეულებრიბვი“ ატრიბუტიკაც აქვს - მაგალითად, სარკეები

Ferrari LaFerrari-ს პირველ ეგზემპლარებს მფლობელები წლის ბოლოს მიიღებენ. ჩვენს მიერ ნანახი შოუ-მოდელისგან განსხვავებით, სერიული მოდელები დანომრილი არ იქნება, რადგან „ფერარის“ ბედნიერი და უბედური რიცხვებით გამოწვეული ქაოსის თავიდან აცილება უნდა. არადა, მე-18 ნომერი ჩინეთში მინიმუმ ორმაგ ფასადაც გაიყიდებოდა - 18 იქ გამდიდრების რიცხვია, ამ შემთხვევაში კი კიდევ უფრო გამდიდრების ნიშანი იქნებოდა. თუმცა ამ ავტომობილის შესაძენად მხოლოდ სიმდიდრე და სურვილი არაა საკმარისი, რაზეც სტატიის დასაწყისშიც ვისაუბრე - რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, დიდი ჩინეთი მხოლოდ ორ ეგზემპლარს მიიღებს! ერთით მეტს, ვიდრე „ფოლკსვაგენის“ შეფი და „ფერარის“ ფანი ფერდინანდ პიოხი...


Mamma Mia! თითქმის 1000 ცხენის ძალა 1200 კილოგრამისთვის!

ტექნიკური მონაცემები
Ferrari LaFerrari

V12, ცენტრალიზებული ძრავა • მოცულობა: 6262 სმ3 • სიმძლავრე: 588 კვტ (800 ცხ. ძ.)/9000 • ბრუნის მომენტი: 700 ნმ/6750 • ელექტროძრავა: 120 კვტ (163 ცხ. ძ.) • სისტემური სიმძლავრე: 708 კვტ (963 ცხ. ძ.) • უკანა ამძრაობა • 7-საფ. ორმაგი გადაცემათა კოლოფი • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4702/1992/1116 მმ • 0–100/0–200/0–300 კმ/სთ: >3,0/>7,0/15,0 წმ • მაქს. სიჩქარე: 350 კმ/სთ • საწვავის \შერეული ხარჯი: 13,9 ლ Super Plus • გამონაბოლქვი (CO2): 330 გ/კმ • ფასი: 1 190 000 ევროდან

დასკვნა
ავტომობილის მართვითა და ზოგადად ფლობით მიღებულ ან მისაღებ სიამოვნებას ამიერიდან ახალი სახელი აქვს და LaFerrari ჰქია. ახალი „ენცო“ Bugatti Veyron-ს 300 კმ/სთ-მდე აჩქარებაში მთელი 1.7 წამით სჯობნის - თუკი ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ კი უკვე მოუთმენლად ველით პირველ ტესტს და იმ მომენტს, როცა LaFerrari-ს ძრავის ხმას გავიგონებთ.
ბერნჰარდ შმიდტი



facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
სტრიპტიზი სტრიპზე
2014-03-31 10:58:23
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
Cat Image
პორშემ ეს გზა აირჩია!
2014-03-28 06:21:47
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
Cat Image
ეს BMW ძალიან ხარბია!
2014-03-20 06:48:34
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ,
სრულად
უცნაური ჯარიმები - სანქცია ხმაღალი სექსისთვის, სახელისა და ცხვირის მოხოცვისთვის
8 ყველაზე დიდი ხვრელი დედამიწის ზედაპირზე (+8 PHOTO)
5 ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც ასევე მედიცინის შეუცვლელი წამალია
ჯაბა კანკავა: ყველაზე მეტად აფხაზეთისა და "ოსეთის" თემამ აღმაშფოთა
"რუბინის" მწვრთნელმა ფეხბურთელი საბა კვირკველიას ტრავმირებისთვის დასაჯა
”მილანში" ახალი პროექტი მუშავდება - ბარბარა ბერლუსკონიმ ყველა გააოცა
სხვა სიახლეები
მოდი, ვნახოთ ახალი Lamborghini Huracan
04.03.2014
Gallardo ”ლამბორგინის” ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელი იყო - ჯამში 14 000 ეგზემპლარი გაიყიდა. 2014 წლიდან კი სცენაზე მისი შემცვლელი, 610 ცხენის ძალის მქონე Huracan გამოდის
სრულად
BMW-ს სამი მუშკეტერი (+VIDEO)
03.03.2014
პირველი M3-ის შეხვედრა ახალ M3-თან და M4-თან. სულისკვეთება იგივეა, ტექნიკა კი მკვეთრად შეიცვალა
სრულად
გამოუშვით ეს პატარა ფრანგები!
25.02.2014
”რენო” და ”პეჟო” ორი ახალი მცირელიტრაჟიანით გვიჩვენებენ, თუ რატომ არ უნდა ჩამოვწეროთ ფრანგული ავტოწარმოება
სრულად
თბილისში მალე ახალი მეტროსადგური აშენდება - რატომ მაღლივთან და არა უფრო მჭიდროდ დასახლებულ რაიონში
უკრაინელი ტურისტებისთვის ყირიმის ალტერნატივად აჭარა განიხილება
ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება მინივენი საუკეთესო მდგომარეობაში
ქირავდება ა/მ მერსედესი საბოლოო შესყიდვით
იყიდება სასწრაფოდ! ოპელ ვექტრა
სასწრაფოდ იყიდება ფოლკსვაგენ გოლფ 3