შეტევა ქვემოდან: AUDI vs BMW
14.11.2013
ახალმა Audi A3 სედანმა BMW-ს მესამე სერიას დაუმიზნა. მესამე სერია BMW-ს ბესტსელერია, რომელმაც ახლა Audi A3 სედანის სახით ახალი კონკურენტი კომპაქტური კლასიდან მიიღო

მცდელობა არაერთი ჰქონდათ, მაგრამ მიზანს ვერაფრით აღწევდნენ. «აუდის» ყოველთვის სურდა საშუალო კლასში BMW-ს «მესამე სერიის» ჰეგემონიის დამხობა, მაგრამ ინგოლშტადტელები ამას ვერასდროს ახერხებდნენ. ბავარიულ «სამიანს» ისინი ჯერ Audi 80-ით ებრძოდნენ, მერე Audi A4-ით, მაგრამ ბოლოს მაინც უშანსოდ რჩებოდნენ. უკვე ათწლეულებია, რაც BMW საშუალო კლასში ლიდერობს. ახლა კი «აუდიმ» სტრატეგია შეცვალა და საშუალო კლასისთვის კონკურენციის გაწევა კომპაქტური A3 სედანით უნდა.

შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ A3 სედანი «მესამე სერიისთვის» შეგვედარებინა და როცა ავტომობილები ერთმანეთის გვერდით დავაყენეთ, მაშინვე მივხვდით: ახალ «აუდის» აქვს საიმისო ფორმატი, რომ BMW 3er-ს გვერდით დაუდგეს. მართალია, ინგოლშტადტელი 17 სანტიმეტრით მოკლეა, მაგრამ სცენაზე დგომა მასაც ეხერხება. მდიდრულად ქრომირებული ცხაურა, დაჭიმული გვერდითი ხაზი, მოხდენილად ფორმირებული კიჩო - ეს სედანები ფორმალურად იმაზე მეტად ჰგვანან ერთმანეთს, ვიდრე ამას BMW-ს ხელმძღვანელობა ისურვებდა.

Auto Bild
დეტალური ზომები: BMW-ს «მესამე სერია» Audi A3 სედანზე 17 სანტიმეტრით გრძელია და გაცილებით დიდი საბარგული აქვს

პირველი და მართლაც სერიოზული სენსაცია კი ინტერიერში, კერძოდ კოკპიტზე მელოდა: მიუხედავად იმისა, რომ A3 კომპაქტური კლასის წარმომადგენელია, მისი კოკპიტი BMW-საზე მაღალი ხარისხის ჩანს. რბილი მასალები, სასიამოვნოდ მომუშავე გადამრთველები და მოხდენილი დამუშავება გვიჩვენებს, თუ რატომ დაიმკვიდრა «აუდიმ» ინტერიერის ჩემპიონის სახელი.

ამ მხრივ უფრო მაღალი კლასის BMW ინგოლშტადტელს უკვე ჩამორჩება. «მესამე სერიის» კოკპიტზე შედარებით უბრალო მასალებია გამოყენებული და დამუშავებაც არაა ისეთი სრულყოფილი, როგორსაც BMW-სგან უნდა ველოდოთ. თუმცა მომსახურებისა და ხილვადობის მხრივ «მესამე სერია» ნამდვილად უნაკლოა.

Auto Bild
Audi A3 სედანი: სოლიდური გარემო: მშვენიერი მასალები, გულმოდგინე დამუშავება და ელექტრონულად მოძრავი ნავიგაციის ეკრანი «აუდიში». მომსახურება BMW-ს იდენტურია


BMW 3er: სპორტული სულისკვეთება: ცენტრალური კონსოლი მძღოლისკენაა გადმოხრილი. მომსახურება შესანიშნავია, დამუშავება და მასალები კი - არცისე

«აუდი» ინტერნეტკავშირის კუთხითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ისევე, როგორც BMW, უსაფრთხოების მნიშვნელოვან ასისტენტ-სისტემებს A3-იც გვთავაზობს და ბავარიელს ამ კუთხით უპირატესობას მხოლოდ ნავიგაციის მხრივ აქვს: იმ დროს, როცა BMW შესანიშნავი Real Time Traffic Information-ითაა (RTTI) აღჭურვილი და საცობების შესახებ ცნობებს რეალურ რეჟიმში და უნაკლოდ გვაწვდის, «აუდი» ისევ «გუგლის» ბაზით შემოიფარგლება, რომლის ინფორმაცია ყოველდღიურ ხმარებაშ ყოველთვის ნამდვილად არ ემთხვევა.

სალონში BMW უფრო მეტ სივრცეს გვთავაზობს, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. «მესამე სერიაში» მძღოლი და წინა მგზავრიც უფრო თავისუფლად სხედან, განსხვავება კი განსაკუთრებით უკან იგრძნობა, რაც იმის დამსახურებაა, რომ BMW-ს «სამიანს» Audi A3-ზე 17 სანტიმეტრით გრძელი ბაზა აქვს. თუმცა «აუდის» გულის დასამშვიდებლად უნდა ითქვას, რომ მაღალი მგზავრები A3-ში თავს არაკომფორტულად ნამდვილად არ იგრძნობენ - სივრცე აქაც საკმარისია, ოღონდ უფრო ცოტაა, ვიდრე BMW-ში.

Auto Bild
Audi A3 სედანი: თავსზემოთ და მუხლებისთვის ნაკლები სივრცეა: აქ უკვე კარგად ჩანს, რომ «აუდი» BMW-ზე პატარაა. მიუხედავად ამისა, სივიზროვეს ვერ დავიჩემებთ


BMW 3er: ჯდომის კომფორტული პოზიცია, საკმარისზე მეტი სივრცე: BMW-ს «სამიანი» ამ კრიტერიუმში ერთ-ერთი საუკეთესო სედანია

განსხვავება მნიშვნელოვნად იგრძნობა საბარგულის მოცულობის კრიტერიუმშიც: იმ დროს, როცა BMW-ს «მესამე სერია» ამ კლასისთვის შესანიშნავ, 480-ლიტრიან მოცულობას გვთავაზობს და საბარგულის კარის გაღების კუთხე გაცილებით დიდია, Audi A3-ის მძღოლი 425-ლიტრიანი საბარგულით უნდა დაკმაყოფილდეს და ბარგიც შედარებით არაკომფორტულად უნდა ჩაალაგოს.

სამაგიეროდ, «აუდის» უპირატესობას სხვაგან და სხვამხრივ, კერძოდ, შარაგზებზე იგრძნობთ. ინგოლშტადტელებმა თავიანთი ახალი სედანი დიეტაზე დასვეს - A3 მხოლოდ 1315 კილოგრამს იწონის. შედარებისთვის, BMW 316i-ს წონა 145 კილოგრამით მეტია და რაც მთავარია, ამ განსხვავებას მძღოლი ყოველთვის იგრძნობს - იმ დროს, როცა ბავარიელთა «სამიანი» სურვილს კარგავს, იდენტურად მოტორიზებული, 1,4-ლიტრიანი ტურბო-აგრეგატის მქონე A3 გაცილებით ცოცხალი და ბეჯითი ჩანს. მორიგი სენსაციაა ისიც, რომ «აუდი» აშკარად უკეთეს ტრანსმისიას გვთავაზობს: 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი «აუდიში» აშკარად უფრო სოლიდურად გვემსახურება, BMW-ს გადაცემათა კოლოფის ბერკეტს კი მეტი ძალა სჭირდება და გადართვებიც შედარებით მყიფეა.

კიდევ ერთი პლუსი «აუდის»: საწვავის ხარჯი! კომბინირებულ ციკლში A3 100 კილომეტრზე საშუალოდ 4,7 ლიტრით კმაყოფილდება, რაც BMW-ს მაჩვენებელზე 1,1 ლიტრით ნაკლებია. სხვათა შორის, ეს მხოლოდ მცირე წონის დამსახურება არ გახლავთ. «აუდი» 1.4 TFSI-სთან ერთად გვთავაზობს ტექნიკას, რომელიც დროთა განმავლობაში ორ ცილინდრს თიშავს. რაც მთავარია, ეს პროცესი არ იგრძნობა - უბრალოდ, მაჩვენებელთა დაფაზე სპეციალური ნიშანი გვეუბნება, რომ მოცემულ მომენტში ორი ცილინდრი გათიშულია.


იპოვნეთ ათი განსხვავება: «აუდი» (წინ) და BMW პროფილით ერთმანეთს ძალიან ჰგვანან

ახალი A3 სედანის დამსახურებით საქმე, შესაძლოა, იქამდეც კი მივიდეს, რომ BMW-ს ყველაზე დინამიკური ავტომობილის სტატუსის დაკარგვის საფრთხეც კი დაემუქროს. მოსახვევებში «მესამე სერიას», მართალია, მეტი გამოცდილება ეტყობა, მაგრამ «აუდისთან» შედარებით ცოტათი დამძიმებული მოჩანს. სამაგიეროდ, BMW-ს მოხვევის სისტემა «აუდისას» ძველებურად სჯობნის - უფრო პირდაპირიცაა და უფრო სოლიდურიც. ასეა, თუ ისე, ეს მაინც მაღალი დონის დუელია და საშუალო კლასში ორივე სედანს სპორტულობის ყველაზე მეტი ნიჭი აქვს. თანაც, ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე, რადგან «აუდი» და BMW სპორტისა და კომფორტის მართლაც შესანიშნავ ნაზავს გვთავაზობენ. BMW-სგან ეს არც გვიკვირს, რადგან სატესტო ავტომობილი ადაპტური სავალი ნაწილითაა აღჭურვილი, რაც 1100 ევრო ღირს. ამ ოპციით BMW თვით ყველაზე ამაზრზენ ორმოებსაც კი უპრობლემოდ უმკლავდება და გრძელ «ტალღებზეც» მოხდენილად გადადის. სერიული სავალი ნაწილით აღჭურვილ «აუდიზე» იგივეს ვერ ვიტყოდით, რადგან A3 მცირე უსწორმასწორობებზეც კი «ნერვიულდება» და ტალღოვან გზაზე მისი სავალი ნაწილი არცისე სოლიდურად გამოიყურება.

საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ A3 სედანმა BMW-ს «მესამე სერიის» გვერდით თავი სოლიდურად წარმოაჩინა და AUTO BILD-ის შედარებითი ტესტების სერიულ გამარჯვებულთან კარგი შედეგი აჩვენა. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ «აუდი» გაცილებით იაფიცაა: 140 ცხენის ძალის მქონე 1,4-ლიტრიანი ძრავით ინგოლშტადტელი 25 500 ევრო ღირს, BMW 316i კი დაახლოებით იდენტური კომპლექტაციით 3 300 ევროთი ძვირად ფასობს. ესეც კიდევ ერთი არგუმენტი იმისა, თუ რატომ აქვს «აუდის» იმის შანსი, რომ BMW-ს «სამიანს» ქვედა კლასიდან თამამად შეუტიოს.

დასკვნა
ამას ვინ იფიქრებდა? ახალი A3 სედანი BMW-ს «სამიანს» ტოლსწორად ეთამაშება. «აუდი» ამ შემთხვევაში BMW-ს შედარებით პატარა ალტერნატივაა - სოლიდური შესაძლებლობებით და დაბალი ფასით. ლოგიკურად ჩნდება კითხვა: ამის მერე რატომ უნდა ვიყიდოთ Audi A4?
შტეფან ფოსვინკელი


AUDI A3 სედანი
1.4 TFSI; 140 ცხენის ძალა; საწვავის ხარჯი: 4,7 ლიტრი; 25 500 ევრო

BMW 316i
136 ცხენის ძალა; საწვავის ხარჯი: 5,8 ლიტრი; 28 800 ევრო


შეფასება

BMW 3er
BMW-ს «მესამე სერია» საშუალო კლასის ერთ-ერთი ყველაზე გაწონასწორებული ავტომობილია. აქვს საკმარისზე მეტი სივრცე და მიუხედავად ამისა, მაინც სასიამოვნოდ კომპაქტურია. სავალი ნაწილის შეხამება სრულყოფილია, სალონში გამოყენებული მასალების ხარისხი კი ავტომობილის მაღალ ფასს არ შეესაბამება.
შეფასება

Audi A3 სედანი
სენსაცია ინგოლშტადტიდან: «აუდიმ» კომპაქტური A3-ის ბაზაზე საკმაოდ სერიოზული სედანი შექმნა. მოქნილი ძრავა მოულოდნელად ეკონომიურია და ეს აგრეგატი, შესაძლოა, ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. დამუშავება შესანიშნავია და თან ავტომობილი არცისე ძვირი ღირს.
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
article image
Cat Image
ეკონომიური მაზერატი
2014-06-26 08:43:12
როგორია MASERATI QUATTROPORTE დიზელის ძრავით?
სრულად
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
"პუტინ, ხუილო!" სტადიონზე 60 ათასი ფანის შესრულებით - "შპარგალკა" ქართველ გულშემატკივრებს (+VIDEO)
დინამო-დნიპრო 1:2 - დასანანი მარცხი [VIDEO]
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
ბრაზილიელი ჯადოქარი გერმანიის ნაკრების დაწყევლას აპირებს
სხვა სიახლეები
მოდა MADE IN GERMANY: პორშე მაკანი და BMW X4
07.05.2014
მაინც რით იზიდავენ ეს SUV-ები მასებს ასე ძალიან? ორივე თითქმის ერთნაირი ზომისაა, ორივე მძლავრია და ორივეს მარკის უძლიერესი იმიჯი უმაგრებს ზურგს.
სრულად
პორშემ ეს გზა აირჩია!
28.03.2014
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
მერსედესი, BMW, თუ აუდი?
26.02.2014
ახალი Mercedes C-კლასის პირველი სტატიკური შედარება BMW-ს მესამე სერიასთან და Audi A4-თან: რა სარგებლობა მოაქვს ახალ ტექნიკას?
სრულად
საქართველოში ბენზინის ფასი არაადეკვატურად გაიზარდა?
10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში
დამუხრუჭებული ავტობიზნესი
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 22°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes Vito
სასწრაფოდ! იყიდება გოლფ 3
Mercedes CLK200
Mercedes E320