ადრე თუ გვიან, იაგუარს ეს ნაბიჯი უნდა გადაედგა
Shocking! ”იაგუარი” SUV-ის გამოშვებას გეგმავს! წლის ერთ-ერთი უმთავრესი ავტოსენსაცია ფრანკფურტის ავტოშოუზე ჯერ კიდევ სტუდიური მოდელის სახით იყო წარმოდგენილი, მაგრამ ცნობილია, რომ სერიული გახდება და ჩვენც გადავწყვიტეთ, ”იაგუარის” ქროსოვერი დეტალურად შეგვესწავლა.
ჩვენი ავტორი ვოლფგანგ კიონიგი და Jaguar C-X17: ასეთი მაღალი ”იაგუარი” აქამდე არასდროს ყოფილა: ეს SUV სიმაღლეში 1,65 მეტრია. ახალი დეტალი: საჰაეროების გარშემო თეთრი რგოლები წინა განათებას ემსახურება
იან კალუმი 14 წელია, ”იაგუარის” შეფ-დიზაინერად მუშაობს და არ მალავს, რომ ვერ წარმოედგინა, ოდესმე SUV-ის დიზაინის შექმნას თუ დაავალებდნენ. დასამალი არაფერია: ამის წარმოდგენა ჩვენც გვიჭირდა და ალბათ თქვენც. ”იაგუარში დაბლა მუშაობას ვიყავი მიჩვეული, ახლა კი მაღალი ავტომობილის დიზაინი უნდა შეგვექმნა,” - მეუბნება კალუმი.
მისი აზრით ეს ტენდენცია დრომ მოიტანა და ეჭვი მასაც არ ეპარება იმაში, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა მალე SUV-ების საჭეებს მიუსხდებიან. სხვათა შორის, კალუმი ტერმინ SUV-ის გამოყენებას ერიდება და ურჩევნია, თავისი ახალი ნამუშევარს ქროსოვერად მოიხსენიოს. ამ სენსაციური სტუდიური მოდელის თავდაპირველი სახელია C-X17 და ფრანკფურტის ავტოშოუზე იმ მოდელების სიაში ჩაეწერა, რომლებსაც ყველაზე მეტი მნახველი ჰყავდათ. 2015 წლიდან მისი სერიული წარმოება დაიწყება - გარეგნულად ოდნავ თუ შეცვლიან და სავარაუდოდ Jaguar XQ-ს დაარქმევენ.
ინტერიერში თვალშისაცემ კოკპიტს და მომსახურების სამ სენსორულ ეკრანს შეხვდებით
შესაძლებელი იყო, რომ სტუდიურ მოდელში ჯდომის პოზიცია უფრო კომფორტული ყოფილიყო, მაგრამ არ არის
ფაქტია, რომ თვითმარქვია ყველგანმავლის შექმნა ”იაგუარის” მხრიდან დაგვიანებული, მაგრამ მაინც დროული გადაწყვეტილება იყო. თავად განსაჯეთ: შარშან ”ლენდ როვერმა” და ”იაგუარმა” 360 000 ავტომობილი აწარმოეს, რომელთაგან ”იაგუარზე” მხოლოდ 55 000 მოდელი მოდიოდა.
ახალი სერიული მოდელები, XF და F-Type მშვენიერი ავტომობილებია, მაგრამ ”იაგუარს” გაყიდვებს მასობრივად ვერცერთი ვერ გაუზრდის. ერთი სიტყვით, ცხადი ხდება, რომ ბრიტანელებს სამოდელო რიგში პოპულარობის პიკში მყოფი SUV-კლასის ავტომობილი და საშუალო კლასის სედანი აკლია. აი, რეაქციაც: 2014 წლის შემოდგომიდან ”იაგუარი” BMW-ს მესამე სერიის კონკურენტს გამოუშვებს, რომელსაც დღევანდელი გადასახედიდან Q-Type დაერქმევა, თითქმის ერთი წლის შემდეგ კი XQ გამოვა - ავტომობილი, რომილს მსგავსი ”იაგუარს” აქამდე არასდროის ჰყოლია. ორივე მათგანი უახლეს პლატფორმაზე აეწყობა, რომლის სიგრძე 4,4-დან 4,9 მეტრამდე იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პლატფორმა XF-ისა და XK-ს შემცვლელებისთვისაც გამოდგება.
XQ-ს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ალუმინის პირველი SUV იმ კლასში, სადაც ახლა Audi Q5 და BMW X3 ბესტსელერობენ, ახლო მომავალში კი ამ სიას Porsche Macan-იც დაემატება. პოპულარულ კლასში პირველი ავტომობილის შექმნით ბრიტანელები ახალგაზრდა ოჯახებს და ქალბატონებსაც მიიზიდავენ - ხომ იცით, ”იაგუარი” აქამდე უმეტესად საშუალო ასაკის მამაკაცებს აინტერესებდათ.
ყოველ შემთხვევაში, სწორედ ესაა ”იაგუარის” გეგმა და შეფ-დიზაინერი იან კალუმიც ურთულესი ამოცანის წინაშე იდგა: დიზაინზე მუშაობისას მას არც SUV-ის პრაქტიკულ მხარეზე უნდა ეთქვა უარი და ამავდროულად, ქროსოვერისთვის ”იაგუარისთვის” დამახასიათებელი სახეც უნდა მიენიჭებინა, რაც ნაღდად ურთულესი დავალებაა. გარდა ამისა, ისიც დაავალეს, რომ ”იაგუარის” SUV ოდნავადაც არ უნდა დამსგავსებოდა ”ბიძაშვილ” ”ლენდ როვერისას”.
შედეგი თქვენს წინაშეა: ამ ავტომობილს ”იაგუარის” გენები ეტყობა! ”ფორმა სისწრაფისა და სიგრძის გამომხატველია, - ამბობს კალუმი, - ჩვენი მიზანი მძაფრი დიზაინის მქონე SUV-ის შექმნა იყო.” სიმძაფრე მართლაც არ აკლია, რაშიც ზომებიც ხელს უწყობს: 4,72-მეტრიანი სიგრძე და 1,96-მეტრიანი სიგანე იმას ნიშნავს, რომ ”იაგუარის” ქროსოვერი BMW X3-ზე 7 სანტიმეტრით გრძელი და 8 სანტიმეტრით განიერია. ხიდებს შორის მანძილიც შთამბეჭდავია: 2,91 მეტრი (BMW-ზე 10 სანტიმეტრით მეტი). სამაგიეროდ, სიმაღლეში დაზოგეს: მომავალი XQ-ს სიმაღლე 1,65 მეტრია (BMW-ზე 1 სანტიმეტრით ნაკლები).
თვალში გეცემათ გრძელი კაპოტი და მოკლე წინა გადასვლა, რაც ყოველთვის საუკეთესო ხრიკია საიმისოდ, რომ ავტომობილს დინამიკური და მძლავრი სახე მიანიჭო. პირველივე შეხვედვითაც ვრწმუნდებით, რომ ტიპიურ ”იაგუართან” გვაქვს საქმე, რაც პირველ რიგში მისი ”თვალების”, ანუ მაშუქების და ახალი ”იაგუარებისთვის” დამახასიათებელი ცხაურის დამსახურებაა. საერთო ჯამში, ვიზუალურად საქმე გვაქვს სუფთად შესრულებულ, ყოველგვარი ზედმეტი ხაზების გარეშე დახატულ ავტომობილთან, რომელიც, მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, მოსახვევების ნაკლებობას მაინც არ უჩივის (ხედი გვერდიდან).
”ლენდ როვერს ძალიან გეომეტრიული ფორმები აქვს, ”იაგუარი” კი SUV-კლასში ფორმალურად პირიქით იქნება,” - მეუბნება კალუმი და თვალის ჩაკვრით აღიარებს, რომ 23-დუიმიანი დისკები სტუდიურ მოდელს მხოლოდ შოუს ეფექტისთვის დაუყენა.
სერიული ვერსია, რა თქმა უნდა, უფრო მოკრძალებული დისკებითა და საბურავებით აღიჭურვება და მისი ინტერიერიც უფრო ახლოს იქნება რეალობასთან, ვიდრე ფრანკფურტში ნაჩვენები შოუ-მოდელის სალონი იყო. C-X17-ის ინტერიერი მნახველებს თავს ბზინვარე ალუმინით, ტყავითა და ბრწყინვალე შავი ფერით აწონებდა. ოთხი მოხდენილ სავარძელთან ერთად ორი საპიკნიკე დასაჯდომი ადგილი საბარგულის კარის მიღმა კარგი მიგნებაა, თუმცა ეს მხოლოდ სტუდიური მოდელისთვის დამახასიათებელი იდეებია.
ასევე მომავლის, მაგრამ გაცილებით რეალური სიმღერაა სენსორული ეკრანების მთელი კასკადი, რომელთა წარმოდგენა ცენტრალურ კონსოლზე იწყება და უკანა სავარძლებამდე გადის, რაც სალონში მსხდომთა კომუნიკაციას ემსახურება. კარგი მოფიქრებაა პანორამულ ჭერზე განთავსებული ჟალუზებიც.
ტექნიკური თვალსაზრისით ”იაგუარი” გამოცდილი კონცეფციის ერთგული დარჩება: ძრავა, რა თქმა უნდა, წინ განთავსდება და გძრივი პრინციპით იმუშავებს. ამძრაობას უკანა ბორბლები, ან, სურვილის შემთხვევაში ოთხივე ბორბალი უზრუნველყოფს. არჩევანს ბენზინის ახალ V6-სა (რომელიც F-Type-შიც გამოიყენება) და არაერთგზის გამცდილ დიზელის V6 ძრავებს შორის გააკეთებთ. გაყიდვების სტარტისთვის კი ”იაგუარი” უახლესი 4-ცილინდრიანი აგრეგატების (როგორც დიზელის, ასევე ბენზინის) გამოყენებას გეგმავს, რომლებიც ინგლისში მდებარე ახალ ქარხანაში იწარმოება. ძრავების დიაპაზონს მოგვიანებით ჰიბრიდული ამძრაობაც გააფართოვებს.
იან კალუმს ბევრი კითხვა დავუსვით და თითოეულზე ამომწურავი პასუხი მივიღეთ. საუბრის ბოლოს დაგვრჩა ერთი კითხვა, რომელიც ახლა ალბათ ”იაგუარის” ყველა ფანს და მოყვარულს აწუხებს: შეიძლება, რომ ქროსოვერი ”იაგუარი” იყოს? ამ კითხვაზე კალუმმა (უფრო რიტორიკული) კონტრკითხვით მიპასუხა: ”შესაძლებელი ყოფილა, რომ Cayenne ”პორშე” ყოფილიყო?”
კარგი იდეა: საბარგულის იატაკიდან ორი დასაჯდომი ადგილის ამოწევა შეიძლება, რაც პიკნიკისთვის იდეალური მიგნებაა
დასკვნა
როცა SUV-კლასის ავტომობილზე ვსაუბრობთ, აზრიანობის შესახებ დისკუსია უკვე დიდი ხანია, უადგილოა. ქროსოვერის კონცეფცია ჯერ კიდევ პროგრესულად მიიჩნევა. ჰოდა, რატომაც არ უნდა ესარგებლა ამ ტენდენციით ”იაგუარსაც”, თუკი ასეთი ნაბიჯი სხვა ისეთმა მწარმოებლებმაც გადადგეს, რომლებისთვისაც ასევე არ იყო ქროსოვერის შექმნა ჩვეულებრივი მოვლენა? ეს ის შემთხვევაა, როცა სტილის ღალატი ასატან ჩარჩოებში ზის.
ვოლფგანგ კიონიგი
იხილეთ ვიდეო: