1982 წელს ”მერსედესმა” ყველასათვის კარგად ნაცნობი Mercedes 190 გამოუშვა - მოდელი, რომელიც გერმანიასა და საავტომობილო ევროპაში ”მერსედესის” რევოლუციად აღიქვეს და Baby-Benz უწოდეს, საბჭოთა კავშირში კი - ”პაზორ ნაციი”. ეს გახლდათ პატარა და ”მერსედესის” კვალობაზე საკმაოდ იაფი სედანი, რომელსაც შტუტგარტელთა ცოტა არ იყოს, დამტვრიანებული სამოდელო რიგი უნდა გამოეცოცხლებინა და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები უნდა მიეზიდა. ასეთი ავტომობილი ტრადიციების მოყვარული ”მერსედესის” ისტორიაში მანამდე არ არსებობდა და ამიტომაც იყო ის გერმანიისთვის და ევროპისთვის რევოლუციური მანქანა, რომელსაც მოფერებით Baby-Benz-ად მოიხსენიებდნენ, საბჭოეთისთვის კი ”ნაციის სირცხვილი” - იქ ხომ ვერასდროს ეგუებოდნენ და ყოველთვის აბუჩად იგდებდნენ რადიკალურ ცვლილებებს და ამიტომაც ჩამორჩებოდნენ დროს.
გავიდა დრო, ევროპაში ყველაფერი შეიცვალა - მათ შორის, საავტომობილო გემოვნებაც და დღეს იქ სედანს ზედაც აღარავინ უყურებს. პოსტ-საბჭოეთის სივრცეში კი სედანები ძველებურად პოპულარულია. თუმცა დავუბრუნდეთ და ვისაუბროთ მხოლოდ ევროპაზე: ვისაც მასობრივად პოპულარული ავტომობილის წარმოება უნდა, მომხმარებელს აუცილებლად უნდა სთავაზობდეს SUV-ს, ანუ, ქროსოვერს, ანუ ”პარკეტის ჯიპს”, როგორც ამ კლასის მანქანებს საქართველოში მოვიხსენიებთ. დღეს მოდაში რატომღაც მაღლა ჯდომაა, თუმცა SUV-ებს სხვაც ბევრი რამ ახასიათებთ დადებითი - მაგალითად მოხდენილი სპორტულისკენ მიდრეკილი დიზაინი და ბევრი სივრცე.
დრო მიდის, მოდა და გემოვნება იცვლება, ბოლო წლებში SUV-ებიც დაპატარავდნენ და ავტომწარმოებლები უფრო და უფრო კომპაქტურ ფსევდო-ყველგანმავლებს აწარმოებენ. VW Tiguan, Nissan Qashqai ან BMW X1 ამ ტენდენციის საუკეთესო მაგალითებია, თუმცა უკვე უფრო პატარებიც არსებობენ - Opel Mokka, Mini Countryman, Nissan Juke... შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ”მერსედესიც” ამ გზას გაჰყვა: თუკი შტუტგარტელთა ყველაზე პატარა ქროსოვერი აქამდე GLK იყო, ფრანკფურტის ავტოშოუზე ამაყმა შვაბებმა კიდევ უფრო პატარა SUV, Mercedes GLA წარმოადგინეს.
კომპაქტური SUV-ები ახლა მოდაშია. ანუ, განსაკუთრებული ანალიზი საჭირო არაა: GLA წარმატებული მოდელი იქნება
ჩვენც თამამად ვიტყვით, რომ სწორედ ეს არის ნამდვილი ახალი Baby-Benz, რადგან ”A-კლასი” ამ მეტსახელისთვის ზედმეტად პატარაა, ”B-კლასი” ზედმეტად კონსერვატიული, ხოლო CLA კი ნამეტნავად არაპრაქტიკული. GLA კი თავისი სიგრძით (4,42 მეტრი) სასიამოვნოდ კომპაქტურია. ის ნამდვილად ქარიზმატული ფორმატის მქონე ავტომობილია, რადგან სულაც არ იყო საჭირო, რომ უფრო მაღალი ყოფილიყო: ”მერსედესის” პატარა ქროსოვერის სიმაღლე მხოლოდ 1,49 მეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ”A-კლასზე” მხოლოდ 6 სანტიმეტრით მაღალი გამოდის. ისე, იქნებ მისთვის უბრალოდ მაღალი კომპაქტი გვეწოდებინა?
ეს იდეა GLA-ში ჩაჯდომამდე გაგვიჩნდა, მაგრამ მის სალონში მოთავსების შემდეგ მაშინვე გადავიფიქრეთ, რადგან ჯდომის პოზიცია საკმაოდ მაღალია იმისათვის, რომ მანქანა არა კომპაქტ-კლასის, არამედ სწორედ SUV-კლასის წარმომადგენლად მოვიხსენიოთ.
GLA-ს კოკპიტი მდიდრულია: მულტიფუნქციური საჭე - მთავარი მარტივი მომსახურებაა. შეგიძლიათ გამოიყენოთ Apple iPhone-ის Siri-სისტემა; ცენტრალური კონსოლი - მნიშვნელოვანი ჩამრთველები მარტივად ხელმისაწვდომია. ახალია აღმართზე ასვლის ასისტენტი და სპეციალური ოფროუდ-პროგრამები; მულტიმედია ეკრანი - ”მერსედესი” GLA-ში მულტიმედიის გაუმჯობესებულ კომპლექტაციას გვთავაზობს. ინფორმაციას ცოცხალ რეჟიმში მიიღებთ
ცენტრალურ კონსოლზე მულტიმედიასისტემების სამართავ ღილაკს შეხვდებით, მაგრამ ის ზედმეტად უკანაა განთავსებული
ამას ემატება საკმაოდ კარგი ხილვადობა. როგორც ჩანს, ამ მხრივ ”მერსედესმა” ”A-კლასში” დაშვებულ შეცდომებზე ისწავლა. გარდა ამისა, სალონში სივრცეც საკმარისია. წინა რიგში ძალიან მაღალი მძღოლიც ნორმალურად მოთავსდება, უკან კი, ამ კლასის კონცეფციის შესაბამისად, ცოტათი სივიწროვეა, მაგრამ არა იმდენად, რომ შევწუხდეთ. ”B-კლასიდან” გადმოტანილი უკანა სავარძლები არა მარტო კოფმორტულია, არამედ, დამატებით ფულის გადახდის შემთხვევაში მათი საზურგეების თქვენს გემოზე დარეგულირებასაც შეძლებთ.
საბარგულის ფორმატი ყოველდღიურ მოხმარებას შეესაბამება: მისი მოცულობა 421 ლიტრია, რაც ”A-კლასზე” 80 ლიტრით მეტს ნიშნავს. ამაზე მნიშვნელოვანი შეიძლება ის იყოს, რომ GLA-ს უკან გაყოფილი მაშუქები აქვს და შესაბამისად, საბარგულის გახსნაც გაცილებით განიერია. ეს იმას ნიშნავს, რომ ”A-კლასისგან” განსხვავებით, GLA-ს საბარგულში ისეთ ნივთებსაც კომფორტულად ჩადებთ, როგორებიცაა ბავშვის ეტლი ან დიდი ჩემოდანი. საბარგულის კარის ელექტრონული გახსნა-დაკეტვის ფუნქცია დამატებითი, ფასიანი ოპციაა.
რაოდენ სწრაფად იცვლება საავტომობილო სამყარო, ამას GLA-ს კოკპიტი გვიჩვენებს. თუკი ისეთი კონკურენტი, როგორიცაა BMW X1 იაფფასიან პლასტმასს გვთავაზობს და ჩვენს მოხიბვლას რობუსტული შარმით ცდილობს, ”ბენცის” ინტერიერი გაცილებით ძვირფასია. რბილი მასალები, ალუმინის კანტები, ფასიან ოპციად ხელმისაწვდომი ხელოვნური ტყავი და ხის დეკორაციები მძღოლის ”სამუშაო მაგიდას” მართლაც მდიდრულ და ხარისხიან გამომეტყველებას ანიჭებს.
ინტერნეტ-კავშირის გარეშე დღეს თითქმის არცერთი მანქანა არ იწარმოება და გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ”მერსედესის” ახალი ქროსოვერია. მაგალითად, Apple iPhone ავტომობილს ისე უკავშირდება, რომ ყველა ფუნქციას პირდაპიდ და უპრობლემოდ გამოიყენებთ. ამასთან, ეკრანზე მაშინვე ხელმისაწვდომი ხდება ისეთი სოციალური ქსელები, როგორებიცაა ”თვითერი” ან ”ფესიბუქი”.
”მერსედესის” ინჟინრებმა საშინაო დავალებები არა მარტო თანამედროვე, არამედ კლასიკურ კატეგორიებშიც კარგად შეასრულეს. GLA-ს გაყიდვები ნოემბერში დაიწყება და ეკონომიური ძრავები აგრეგატების თავდაპირველ არჩევანშიც ხელმისაწდომია (იცილეთ ცხრილი). დიზელის ყველაზე სუსტი ვარიანტი 136 ცხენის ძალით 100 კილომეტრზე 4,3 ლიტრით უნდა დაკმაყოფილდეს, რაც ჰაერის წინააღმდეგობის კოეფიციენტის შემცირებისა და სერიული სტარტ-სტოპის დამსახურებაა. თვით ყველაზე მძლავრი ბენზინის ძრავაც (2-ლიტრიანი, 211 ცხენის ძალა) საკმაოდ ეკონომიურია (7,1 ლ/100კმ).
კარგ გზებს მიღმა: GLA-ში სრული ამძრაობა დამატებითი, ფასიანი ოპციაა. მიუხედავად 4x4-ისა, მძიმე უგზოობაზე მის წაყვანას არ გირჩევთ...
შტუტგარტელები ყველაზე მეტად სრული ამძრაობით ამაყობენ. GLA პირველია ”მერსედესის” უგზოობის ავტომობილების სამოდელო რიგში, რომელსაც ”მომენტების განაწილების სრულიად მოქნილი” სისტემა აქვს. ჰო, ცოტა არ იყოს, ჩახლართულად ჟღერს და მარტივად რომ ვთქვათ, ამ სისტემაში იგულისმება ის, რომ ახალი Baby-Benz-ს წინა ან უკანა ღერძზე თავისი სიმძლავრის 100 პროცენტამდე გადანაწილება შეუძლია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ GLA-ს ოფროუდზე დიდი მოთხოვნები უნდა წავუყენოთ - შტუტგარტელები მის ნამდვილ უგზოობაზე გაყვანას არც კი გვთავაზობენ და მის ყველგანმავლობაში, რა თქმა უნდა, მხოლოდ მსუბუქ უგზოობას გულისხმობენ.
კითხვაზე, მაინც რისთვის შეიქმნა GLA, უმჯობესია, ”მერსედესის” გაყიდვების დირექტორმა, იოახიმ შმიდტმა გვიპასუხოს: ”GLA მყიდველებს პირველ რიგში თავისი პროგრესული ხასიათითა და მოქნილი მართვადობით აღაფრთოვანებს. მისი ადგილი ქალაქში, შარაგზებზე, ავტობანზე და მსუბუქ უგზოობაზეა.”
GLA-ს გატესტვის საშუალება ჯერ არ მოგცემია და იმედს ვიტოვებთ, რომ ინჟინრებმა დინამიკურობის კუთხით არ გადააჭარბეს ისე, როგორც ეს ”A-კლასისა” და CLA-ს შემთხვევაში დაემართათ, სადაც დინამიკურობას კომფორტი შეეწირა. ასეთ იმედს იმის გამო გამოვთქვამთ, რომ კონკურენტებისგან განსხვავებით, GLA არ გვთავაზობს არჩევანს სპორტულ და კომფორტულ რეჟიმებს შორის...
”მერსედესში” ამბობენ, რომ GLA კარგი გზებისთვის შეიქმნა და მის სპორტულობაზე ამახვილებენ ყურადღებას. იმედია, ”A-კლასის” ან CLA-ს დარად, დინამიკურობაში არ გადააჭარბეს და სპორტულ ნიჭს კომფორტი არ შესწირეს. ამას ტესტის შემდეგ გავიგებთ
ფასის მხრივ GLA BMW X1-ისა და Audi Q3-ის ლიგისკენაა ორიენტირებული. საწყისი კომპლექტაციის მქონე GLA 200-ის ფასი დაახლოებით 28 000 ევრო იქნება, დიზელის ძრავის მქონე მოდელის ფასები კი 31 000 ევროდან დაიწყება (200 CDI) და 36 000 ევრომდე მიაღწევს (220 CDI). სრული ამძრაობა მხოლოდ 7-საფეხურიან, ორმაგი შეჭიდების გადაცემათა კოლოფთან ერთად იქნება ხელმისაწვდომი და დამატებით 4000 ევრო ეღირება. რაც შეეხება ყველაზე ძვირფას ვერსიას: ახალი წლიდან შტუტგარტელები GLA 45 AMG-საც გამოუშვებენ, რომელიც 4-ცილინდრიანი, ტურბინიანი ძრავით აღიჭურვება, 360 ცხენის ძალა ექნება და დაახლოებით 50 000 ევრო ეღირება.
ესეც კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიცვალა საავტომობილო სამყარო: 30 წლის წინათ, Mercedes 190-ის საწყისი ფასი 26 000 გერმანულ მარკაზე ნაკლები იყო...
დასკვნა
GLA დროსაც შეესაბამება და მოდასაც, რაც სამაგალითოდ ეკონომიური ძრავების, ”მერსედესისთვის” ნამდვილად მისაღები ფასისა და მისი ფორმატის დამსახურებაა. ის ჭეშმარიტად ახალი Baby-Benz-ია!
შტეფან ფოსვინკელი
პირველი Baby-Benz
”მერსედესმა” არსებობის ისტორიაში პირველი საშუალო კლასის მოდელი 1982 წლის ბოლოს წარმოადგინა - ეს იყო ყველასათვის კარგად ცნობილი Mercedes 190. შვაბებმა ამ მოდელით პირდაპირ უაღრესად წარმატებული BMW-ს ”მესამე სერიის” კლიენტურად დაუმიზნეს. 190 ”მერსედესის” ისტორიაში ფაქტობრივად ახალი ერის დასაწყისი იყო, რომლის პროპორციები შტუტგარტელებმა ფაქტობრივად ”C-კლასამდე” (W 203) შეინარჩუნეს. საბაზო მოდელი 90 ცხენის ძალის მქონე ძრავით იყო აღჭურვილი, 1985 წლიდან კი ”მერსედესმა” კატალიზატორიანი ეგზემპლარებიც გამოუშვა. თავიდან თვით ჰიდრავლიკიანი მოხვევის სისტემაც ფასიანი ოპცია იყო. სპორტულმა ვერსიებმა Evo-მ და Evo II-მ, რომელთა სიმძლავრე 235 ცხენის ძალას აღწევდა, საკულტო სტატუსი მოიპოვეს, რაც იმის დამსახურებაცაა, რომ 1992 წელს კლაუს ლუდვიგმა DTM სწორედ Mercedes 190 E 2.5-16 Evo II-ით მოიგო. 1993 წლის აგვისტომდე W 201-ის 1,8 მილიონზე ეგზემპლარი გაიყიდა, რითაც Baby-Benz-ად წოდებული ეს მანქანა ”მერსედესის” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია.
Mercedes GLA-ს ძრავები გაყიდვების სტარტზე, ნოემბრიდან
ამ პლასტმასის ქვეშ დიზელის 2,2-ლიტრიანი ძრავა (170 ცხენის ძალით) იმალება
იხილეთ AUTO BILD TV-ის მიერ მომზადებული, ამ სტატიის შესაბამისი ვიდეო-რეპორტაჟი