აი, ახლა კი უკვე მართლა დროა, ”ოპელის” იმიჯი გადაიხედოს. ბოლო თვეებში რიუსელსჰაიმური კომპანიისგან აღარ მოდის ნეგატიური ცნობები ქარხნების დახურვისა და თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ. პირიქით, ”ოპელმა” სამოდელო რიგი თანამედროვე ტენდენციებზე ზედგამოჭრილი ახალი მოდელებით, მინი-ქროსოვერ Mokka-თი და შესანიშნავი მცირელიტრაჟიანით, Adam-ით გააფართოვა, რომლებიც საკმაოდ კარგად იყიდება. და საერთოდ, ”ოპელში” უკვე ყველა კარგ ხასიათზეა: მუშებით დაწყებული, მენეჯმენტით დამთავრებული, ყველას ისეთი პოზიტიური და ოპტიმისტური განწყობა აქვს, როგორიც ”ოპელში” დიდი ხანია, აღარ შეგვიმჩნევია. ეს ყველაფერი პირველ რიგში ერთი კაცის დამსახურებაა: კარლ-თომას ნოიმანს ვგულისხმობთ. ”ოპელის” ახალმა შეფმა მოახერხა და უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე გერმანული მარკა კრიზისიდან გამოჰყავს.
ცხადია, ნოიმანი უმთავრესი პრობლემას ”ერთ ღამეში” ვერ მოაგვარებდა - ბრენდის იმიჯის ”პოლირებას” დრო სჭირდება. ”ეს მარკის ყველაზე დიდი პრობლემაა, - აღიარებს ნოიმანი, - დაუშვებელია, რომ შესანიშნავი პროდუქტი უფრო ხელს გვიშლიდეს, ვიდრე გვეხმარებოდეს.” ერთი სიტყვით, პრაქტიკული, თანამედროვე და თუნდაც თავიანთ კლასებში ერთ-ერთი საუკეთესო მოდელები კარგია, მაგრამ ”ოპელს” სასწრაფოდ საიმიჯო მოდელი სჭირდება, რათა პოტენციური კლიენტები მარკისკენ მოახედოს.
სალამი მომავალს: დიდი ფანტაზია არ არის საჭირო იმისთვის, რომ ”მონცას” სახეზე მომდევნო Insignia ამოვიცნოთ. ფრთების სტილში გაკეთებულ კარებს კი სერიულობის შანსი არ აქვთ. კარების ასეთ კონცეფციას უფრო ვიზუალური და სიმბოლური დატვირთვა აქვს: ”მონცამ” ”ოპელს” ფრთები უნდა შეასხას
სწორედ ეს როლი უნდა იტვირთოს ახალი ჰიბრიდული კუპეს სტუდიურმა მოდელმა, რომელსაც რიუსელსჰაიმელებმა ისტორიული, უდიდესი ტრადიციების მქონე სახელი დაარქვეს: ”მონცა”. ეს მართლაც შესანიშნავი მაღალი კლასის კუპეა, რომელიც პირველ რიგში ”ოპელის” მომავლის მოდელების კონტურებს გვიჩვენებს. ანუ, როგორც ბრენდის დიზაინერი მალკოლმ უორდი ამბობს: ”მონცაში” ”ოპელის” მომავალი ჩანს. ეს ავტომობლი სკულპტურული დიზაინისა და გერმანული სიზუსტის შერწყმას გვთავაზობს.”
ამაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ”მონცა” ახალი იდეებით აღსავსეა, რაც ”ოპელს” საშუალებას მისცემს, მისი სერიაში ჩაშვების შემთხვევაში კონკურენტებს დროში გაასწროს. დიზაინერმა უორდმა ”ოპელის” აქტუალური მოდელების ერთ-ერთი თვალსაჩინო პრობლემა სწორედ ”მონცაში” გადაჭრა: ავტომობილის სიგრძისა და მისი ინტერიერის სივრცის შეფარდებას ვგულისხმობთ.
ცალკეული ეკრანების ნაცვლად ”ოპელი” ”მონცაში” მთლიანად ერთ LED-ეკრანს გვთავაზობს. ამრიგად, მთელი კოკპიტი ერთ დიდ მაჩვენებლად გადაიქცევა
მაგალითად, Astra-ში ინტერიერი ავტომობილის სიგრძესთან შეფარდებით ვიწროა და ”ოპელმა” მომავალში ასეთი შეცდომა აღარ უნდა დაუშვას. ”მონცაში” ეს შეცდომა აღარაა დაშვებული: მისი სიგრძე 4,69 მეტრია, სალონში კი ოთხი მგზავრისთვის იმდენი სივრცეა, რამდენიც Insignia-ში. ”ამ სტუდიურ კუპეში სივრცის გამოყენების უაღრესად ეფექტურ კონცეფციას ვხვდებით, რაც მომავალში ”ოპელის” დამახასიათებელი ნიშანი უნდა იყოს. ამას ბევრი ფიქრისა და ანალიზის წყალობით მივაღწიეთ,” - ამბობს უორდი. ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, ინჟინრებმა და დიზაინერებმა ტორპედო 15 სანტიმეტრით ღრმად განათავსეს.
...და საერთოდ, ”მონცას” კოკპიტი განუმეორებელია. ”ოპელი” პირველი მწარმოებელია, რომელიც ცალკეულ ეკრანებზე უარს ამბობს და მთლიანად შუქდიოდურ განათებაზე გადადის. ამრიგად, მთელ ტორპედოზე, კარიდან კარამდე მულტიფუნქციური ეკრანი გადაიჭიმება, რომელზეც ყველა ინფორმაცია იქნება ასახული. დიზაინერებისთვის მთავარი მიზანი ინფორმაციის კასკადის მარტივად და პრაქტიკულად მიღება იყო. ”მონცას” მძღოლმა ინფორმაციის მისაღებად არჩევანი სამ რეჟიმს შორის უნდა გააკეთოს. რეჟიმებს ინგლისური სახელები აქვთ: ME (მე), US (ჩვენ) და ALL (ყველა). ME-რეჟიმში სისტემა აჩვენებს ყველა აუცილებელ ინფორმაციას მართვის დროს და, მაგალითად, ნავიგაციის შესახებ. US-რეჟიმი იმ შემთხვევისთვისაა, როცა მძღოლთან ერთად, მეგობრები ან ოჯახის წევრები მგზავრობენ - ამ დროს ეკრანზე სხვა დანარჩენთან ერთად, მუსიკის, ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარებაც შეიძლება. ALL-რეჟიმი კი მძღოლს მთელ სამყაროსთან აკავშირებს. ამ დროს მძღოლი სიტუაციების მიხედვით ხმოვან ბრძანებებსაც გასცემს ან საჭიდან მართავს სხვადასხვა ფუნქციებს. ერთი სიტყვით, ”ოპელში” ინტერნეტკავშირსა და Connected Car-ზე ძალიან სერიოზულად იმუშავეს. ”მონცაში” კარგად ჩანს, რას უნდა ელოდონ ჩვენი კლიენტები ახლო მომავალში ჩვენგან მძღოლისა და მგზავრების ინტერნეტთან დაკავშირების კუთხით,” - ამბობს ნოიმანი.
”მონცა” ოპელის დიზაინის მომავალს ასახავს” - მალკოლმ უორდი, ”ოპელის” დიზაინერი
ეს ყველაფერი ძალიან კარგია და სხვათა შორის, რიუსელსჰაიმელებმა საშინაო დავალებები კლასიკურ კრიტერიუმებშიც შეასრულეს. ”მონცას” ამძრაობას Plug-in-ჰიბრიდული სისტემა სრულყოფს - ეს ელექტრომობილ Opel Ampera-დან ნაცნობი ტექნიკის კიდევ უფრო გაუმჯობესებული ვარიანტია. სავსე ავზით გარბენის გახანგრძლივების მიზნით ”ოპელმა” აქცენტი ახალ, 3-ცილინდრიანი ტურბო-აგრეგატზე გააკეთა, რომელსაც დებიუტი ასევე ფრანკფურტის ავტოშოუზე ჰქონდა. სხვათა შორის, რიუსელსჰაიმელები ამ ძრავას შემოდგომიდან Adam-შიც ჩადგამენ.
”ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორი უნდა იყოს ”ოპელის” ავტომობილები მომავალში და გვაქვს კონკრეტული სტრატეგია, როგორ უნდა მივაღწიოთ დასახულ მიზნებს,” - ესეც მარკის შეფის, ნოიმანის სიტყვებია.
ვხედავთ ”მონცას” და ეს ყველაფერი უკვე გვჯერა.
მომხიბვლელი და პრაქტიკული: Monza ელეგანტურ Shooting Brake-ად ჩამოყალიბდა. მიუხედავად ყველაფრისა, საბარგულის მოცულობა 500 ლიტრია და ყოველდღიური მოხმარების პრინციპებს შეესაბამება
დასკვნა
”მონცას” თითქმის არ აქვს იმის შანსი, რომ სერიული ავტომობილი გახდეს, მაგრამ მას სხვა მისია აკისრია: გვიჩვენებს, საით მიდის ”ოპელი”. რიუსელსჰაიმელთა მიზანი მომავალში ხელმისაწვდომი, მაგრამ ინოვაციური იდეებით დატვირთული ავტომობილების წარმოებაა, რომლებიც ნაკლებად დააბინძურებენ გარემოს და თვალისმომჭრელი დაიზინი ექნებათ. ამას ემატება მომსახურების სრულიად ახალი კონცეფციაც, რომლითაც ”ოპელს” კონკურენტების დროში გასწრება სურს.
შტეფან ფოსვინკელი
Opel Monza A: 1978-1986
”ოპელმა” პირველი ”მონცა” საავტომობილო სამყაროს 1977 წელს, ასევე ფრანკფურტის ავტოშოუზე წარუდგინა და მისი დიზაინით მაშინაც ყველა მოიხიბლა. იმ დროს, როცა სხვა გერმანული ავტომწარმოებლები ჯერ კიდევ ბაროკოს ეპოქაში იყვნენ, ”ოპელმა” ”მონცას” სახით მაშინ ინოვაციური სიახლე შემოგვთავაზა. ის Rekord E-ს ბაზაზე შეიქმნა და 6-ცილინდრიანი ძრავებით 1978-დან 1986 წლამდე იწარმოებოდა.
იხილეთ ვიდეო: