ახალი Mercedes S-კლასი: როცა მანქანა თვითონ გმართავს (+VIDEO)
02.12.2013
მის საჭესთან პირველად მოვთავსდით, მაგრამ მაინც არ დაგვრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ავტომობილი ვმართეთ. ახალმა S-კლასმა თვითონ გვმართა
როგორც იქნა, ახალი ”S-კლასის” საქმეში ნახვის საშუალებაც მოგვეცა. ეს ის შემთხვევაა, როცა უბრალოდ მანქანაში უნდა ჩაჯდე, მაშინვე დაქოქო და დაძრა, მაგრამ არა! ამისათვის ჯერ ადრეა, რადგან Mercedes S 500 L-ში თავგადასავალი მის დაძვრამდე იწყება.

მძღოლის სავარძელში ვეფლობი და პირველი რეაქცია, რა თქმა უნდა, სავარძლის ჩემს გემოზე გასწორებაა. გასწორებაცაა და გასწორებაც, ეს ლოჟა კი თვით კამასუტრაზე მეტ პოზას ცნობს. შემდეგი ნაბიჯი: სავარძელი შეგვიძლია გავათბოთ ან გავაგრილოთ, თანაც, სიმძლავრესაც ჩვენ ვარეგულირებთ. ან იქნებ ზურგის მასაჟით სიამოვნება სჯობდეს? მშვენიერი იდეაა, მაგრამ რომელი მასაჟი ავირჩიო? ”S-კლასის” სავარძელი შვიდნაირ მასაჟს მთავაზობს - კლასიკურიდან დაწყებული, ვიდრე Hot Stone მასაჟამდე, ე.წ. Art Bangkok Special-ის ”გავლით”. თითოეული მასაჟი შეიძლება იყოს მსუბუქი ან ძლიერი.


”S-კლასი” სრული სვლითა და კომფორტით: მასაჟორი სავარძლები, ხელის ჩამოსადებები გათბობით, ”მეტალიზირებული” ხე და ორი ეკრანი კოკპიტზე, მარცხნივ ვირტუალური ინსტრუმენტები


განახლებული კომანდ-სისტემა 12,3-დუიმიანი ეკრანით: ნავიგაცია Navitainment-ფუნქციებით (Google Maps და ა.შ.), ინტეგრირებული WLAN-Hotspot-ით, ”მერსედესის” აპლიკაციებით, 10-გიგაბაიტიანი მეხსიერებით, მეხსიერების ბარათებისა და USB პორტით, DVD-ვიდეო და ფოტოების დათვალიერების ფუნქციით

კომფორტის მოყვარული პილოტისთვის რადარებითა და კამერებით აღჭურვილი ასისტენტ-სისტემებიც დიდი ბედნიერებაა. ”S-კლასი” სურვილის შემთხვევაში წინ მიმავალ მანქანას ავტომატურადაც მიჰყვება, მსუბუქად მოუხვევს კიდეც და 50 კმ/სთ სისწრაფემდე ოპტიმალურ დამუხრუჭებასაც აიღებს თავის თავზე. ეს ”მერსედესი” ფეხით მოსიარულეებისთვისაც ამუხრუჭებს და, მაგალითად, ძაღლებისთვისაც. ეს მართლაც დიდი ფუფუნებაა ისეთი მძღოლისთვის, რომელსაც დროდადრო ყურადღების გადატანა მულტიმედიაზეც უნდა. გამოიძახებთ თანამედროვე კომანდ-სისტემას, შეხვალთ ინტერნეტში, მოსინჯავთ ”მერსედესის” აპლიკაციებს, უყურებთ ტელევიზორს ან DVD-ს - ახალი ”S-კლასის” სალონში ყველაფერი შესაძლებელია. რა თქმა უნდა, არა მარტო მძღოლისთვის და წინა მგზავრისთვის - უკანა სავარძლის ბინადარნი ამ ყველაფერს წინა სავარძლების თავსადებებში ჩამონტაჟებულ ეკრანებზე მოახერხებენ. ფაქტია, რომ ვისაც უნდა, ყველა ფუნქცია კარგად გაიცნოს და მომსახურება მაქსიმალურად გაითავისოს, ამისათვის მგზავრობის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათი დასჭირდება.

როგორი და რა ფერის მასალებით უნდა იყოს სალონი გაწყობილი, ეს უკვე მთლიანად მფლობელის გემოვნებასა და ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ჩვენს შემთხვევაში ინტერიერში ვერცხლისფერი ხე ბრწყინავდა. ცხადია, იყო ბევრი ქრომი და ალუმინიც - ყველაფერი იმისათვის, რომ თავი მდიდრულ ავტომობილში გვეგრძნო.


ძვირადღირებული კომფორტი: მაგიდა - მშვენიერი, ალუმინის მაგიდა, რომელიც ცენტრალური კონსოლიდან თვითმფრინავის სტილში ამოდის
2142 ევრო; ცენტრალური კონსოლი - მისი მეშვეობით ”S-კლასი” 4-ადგილიან სედანად იქცევა. აქვს ორი სათავსო წყლის გაცხელებისა და გაგრილების ფუნქციით 1369 ევრო; მასაჟორი სავარძელი - ჯდომის კომფორტის პაკეტში შედის სავარძლების კლიმატიზირება და მასაჟი, არ შედის ხელის ჩამოსადების გათბობის ფუნქცია (607 ევრო) 1904 ევრო; ნახევრად მწოლიარე პოზა - ფეხების ჩამოსადებითა და საზურგის 43,5-გრადუსით გაადწევის ფუნქციით 2143 ევრო; მულტიმედია - ინდივიდუალური გართობა ყველასათვის 10-დუიმიანი ეკრანებით, უკაბელო ყურსასმენებითა და კომანდ-სისტემის დისტანციური მართვით 2856 ევრო.


სალონის მოწყობა უდავოდ მაღალხარისხიანი და მდიდრულია - ისეთი, როგორიც ”S-კლასს” შეეფერება. წინ მსხდომთ, მაშინვე თვალში მოხვდება შავი ფერის დაფა საჭის უკან, რომელიც ცენტრალურ კონსოლსაც ბოლომდე გასდევს და მაჩვენებლებსა და ნავიგაციის ეკრანს მოიცავს. მისი სიგრძე თითქმის 70 სანტიმეტრია, სიმაღლე კი 14 სანტიმეტრი. ეს შავი დაფა კოკპიტის ასეთ სტილს არცისე შეესაბამება. მისი აზრი ცხადი მხოლოდ ჩართვის, ანუ, მანქანის დაქოქვის შემდეგ ხდება - იდეალური განათებით ნაჩვენები ვირტულაური ინსტრუმენტები მარცხნივ და კომანდ-სისტემის ფუნქციები მარცხნივ შეხამების მხრივ კითხვის ნიშნებს აღარ ტოვებს.

გაჩერებულზე ძრავის ხმა საერთოდ არ ისმის და პრინციპში, ვერც დაძრვისას გაიგებთ. გამონაკლისი მხოლოდ ის შემთხვევაა, თუ გარეთ ძალიან ცხელა - 30-35 გრადუსში, რაც იმ დღეს იყო, კლიმატკონტროლი თავისას მოითხოვს იდილიას საჰაეროებიდან არღვევს - როგორც ჩანს, აბსოლუტურ სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ დროა საჭირო.

სხვამხრივ, ავტომობილი თავის საქმეს პირველსავე კილომეტრებზე იდეალურად აკეთებს: მისი სტიქია კომფორტია და კომფორტულობის თვალსაზრისით ახალი “S-კლასი” კვლავ ახალ მასშტაბებს ამკვიდრებს. უპირველესად აღსანიშნავი ხმაურიზოლაციაა - საბურავების ან ჰაერის ნაკადის ხმა მხოლოდ ტკბილი ჩურჩულივით ჩამესმის და ნორმალური სვლის რეჟიმში კაპოტქვეშეთიდანაც თითქმის არაფერი ისმის. იმის თქმა მინდა, რომ S500 უხმაურო არ არის, მაგრამ იმდენად ჩუმია, რომ მგზავრებს სისწრაფის გამოცნობა ძალიან გაუჭირდებათ.


ბაზა წინამორბედისგან: თვლების ბაზა უცვლელია, გარე ზომები ოდნავ გაიზარდა, გრძელი ვერსია 13 სანტიმეტრით გრძელია

კომფორტის გარანტი ნომერი ორი: სავალი ნაწილი, რომელიც წინამორბედის ნათესავია, მაგრამ გადამწყვეტ ასპექტში გაუმჯობესდა. ჩვენ მიერ გატესტილი ეგზემპლარი MBC-ტექნიკით (Magic Body Control) გახლდათ აღჭურვილი, რაც 5057 ევრო ღირს. ეს არის ABC-სავალი ნაწილის (Active Body Control) ბაზაზე აწყობილი სისტემა, რომელსაც ახლა მოქნილი დაკიდება, ვარირებადი ამორტიზატორები და სტერეოკამერა აქვს. ეს უკანასკნელი გზის საფარს 15 მეტრის დისტანციაზე აღიქვამს და ინფორმაციას კომპიუტერს აწვდის. შესაბამისად, ჰიდრავლიკური დაკიდება და ამორტიზატორები მოსალოდნელი სიტუაციისთვის წინასწარ ემზადებიან. ეს მართლაც გენიალური სისტემაა, სამწუხარო კი ის არის, რომ მხოლოდ დღის შუქზე მუშაობს. და კიდევ: გზა ძალიან ცუდი არ უნდა იყოს და ავტომობილი 130 კმ/სთ-ზე მეტი სისწრაფით არ უნდა მოძრაობდეს.

ჩვეულებრივ და ჩვეულებრივზე ოდნავ უარეს გზას კი ახალი ”S-კლასი” წინასწარვე ერგება. ისე ნუ გაიგებთ, თითქოს მფრინავი ხალიჩა იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ”მერსედესის” ახალი გმირი კურსის მკვეთრ ცვლილებასაც მოხდენილად იტანს, გვერდით გადახრას კი მხოლოდ გარეთ მდგომნი თუ შეამჩნევენ.
სხვამხრივ, ”S-კლასის” ძარა სრულყოფილი მდივანივით იქცევა: უარს არაფერზე ამბობს. ღილაკზე თითის ერთი დაჭერით სპორტული რეჟიმის გააქტიურებაც მოსულა, მაგრამ სად სპორტი და სად ”S-კლასი”? ყოველ შემთხვევაში, ავტომობილი ამ რეჟიმში Magic-ზე უარს ამბობს და მანქანის კომფორტს მცირეოდენ სიმძაფრეს სძენს, სპორტულობაზე საუბარი კი მაინც ზედმეტია. თუმცა Mercedes ”S-კლასის” ამის გამო გაკრიტიკება იგივეა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რომ გააკრიტიკო, რატომ არ იცის დრიფტაობაო... უბრალოდ, სპორტი არაა ის დისციპლინა, რომელიც ”S-კლასს” უნდა მოსთხოვო.


530-ლიტრიანი საბარგული - ლუქს-კლასში ეს საშუალო მაჩვენებელია

შესაბამისია მისი მოხვევის სისტემაც, რომელიც ახლა ჰიდრავლიკურის ნაცვლად, ელექტრონული დახმარების სისტემითაა აღჭურვილი, რომლის ძლიერი მხარე სრულყოფილი მგრძნობელობა არაა, მაგრამ სოლიდურად და უპრობლემოდ მოქმედებს და 5,25-მეტრიან სედანს საკმარისზე მეტ მანევრულობასაც კი ანიჭებს. ამასთან, მოხვევის ელექტრონული მხარდაჭერის პლუსი ისიცაა, რომ რამდენიმე ტრიუკი მოჰყვება - მაგალითად, დახმარება დაპარკინგების დროს.
კომფორტს ემსახურება ცნობილი 4,7-ლიტრიანი, ბიტურბირებული V8-ძრავაც. 455 ცხენის ძალისა და 700-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტის მეშვეობით, მარჯვენა პედალზე ფეხის მცირეოდენი მოძრაობაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 250 კმ-სთ რამდენიმე წამში განავითაროს. თანაც, აღნიშნული უხმაუროდ, მსუბუქად და მართლაც სამაგალითო კომფორტით მიიღწევა, რაშიც თავისი წვლილი 7-საფეხურიან ავტომატიკასაც მიუძღვის.

ამგვარად მოტორიზებული ”S-კლასი” 100 კილომეტრზე უჩვეულოდ მცირე, მხოლოდ 8,6-ლიტრიან საწვავის ხარჯს გვპირდება, მაგრამ პრაქტიკაში საშუალო წვა 10 ლიტრს დასტრიალებს. თუმცა მძლავრი ”S-კლასისთვის” ესეც ნორმალური შედეგია. ამაზე მეტად ეკონომიური ”S-კლასი” იგივეა, რაც ბიო-თამბაქო...



თუ უკან Executive-სავარძელი გაქვს, დიდი შანსია, რომ საჭესთან ჯდომას უკან ჯდომა ამჯობინო. ას უკანასკნელი საშუალებას გაძლევს, ნახევრად მწოლიარე პოზაში იმგზავრო - ამ დროს წინა მგზავრის სავარძელი ბოლომდე გადაწეულია. უკანა ცენტრალური კონსოლიდან თვითმფრინავის სტილში ორი მაგიდა ამოდის, აქვეა ჭიქებისა და ბოთლების ჩასადებიც, რომელიც სასმელს გაგიცხელებთ, ან გაგიგრილებთ და საოცარი ბალიშები თავისთვის. თუ გინდა, რომ ამ სავარძელზე თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნო, სიმაღლეში 1,85 მეტრზე მეტი არ უნდა იყო. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ფეხებისთვის ადგილი არ გეყოს. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ასეთი პოზის დროს მანქანიდან სწრაფად გადმოსვლა პრობლემატურია: ან პირდაპირ მწოლიარე პოზიდან უნდა გადმოგორდე, რაც ნაკლებად ელეგანტურია, ანაც სავარძლის გასწორებას უნდა დაელოდო.

სივრცის ნაკლებობაზე ”S-კლასის” გრძელ ვერსიაში, რა თქმა უნდა, ფიქრიც ზედმეტია და სხვათა შორის, ჩვეულებრივი ვერსიაც (რომელიც 13 სანტიმეტრით მოკლეა) შესანიშნავ კომფორტს გვთავაზობს. S500-ის შემთხვევაში მოკლე და გრძელი ვერსიების ფასებს შორის განსხვავება კი 3000 ევროა, რაც, შესაძლოა, ცოტა არ არის, მაგრამ ავტომობილის მინიმალურ ფასთან ერთად (104 601 ევრო) ნაკლებად სახსენებელია. ერთი სიტყვით, ისევ იმ გამოთქმამდე მივედით, რომელსაც ამ ავტომობილის კლიენტები ხშირად ხმარობენ ხოლმე: თუ ”S-კლასია”, ”ნაღდი S-კლასი” უნდა იყოს...


მოგვწონსკომფორტი: ასეთი მოხერხებული და კომფორტული სხვა შემთხვევაში მხოლოდ ”როლს-როისი” შეიძლება იყოს.

გვაკლია
მეტი გართობა: რატომ არ მოაყოლეს ინტეგრირებული ფენი? რატომ არ აქვს ხალიჩებს გათბობის ფუნქცია?
გვიკვირს
ნორმალურობა: კაცი ვერაფერს შეეჩვევა ისე სწრაფად, როგორც ”S-კლასის” კომფორტს.

დასკვნა
პროგრესი იქ, სადაც ყველაზე მეტად საჭიროა: მეტი კომფორტი, მეტი უსაფრთხოება, მეტი ფუფუნება. მით უმეტეს კარგია ის, რომ ახალი ”S-კლასი” კარგადაც გამოიყურება.
ვოლფგანგ კიონიგი



6 მთავარი ნაბიჯი: ასეთი ჭკვიანია S-კლასი

დისტანციის რეგულირება მოხვევის ასისტენტით

”S-კლასი” წინ მიმავალს სტაბილური დისტანციით მისდევს და ოდნავ უხვევს კიდეც. თუ გზის მონიშვნები ვერ შენიშნა, საორიენტაციოდ წინ მიმავალ ავტომობილს იყენებს

ავტომატური დაპარკინგება

”S-კლასი” აბსოლუტურად ავტომატურად პარკინგდება, მძღოლმა მხოლოდ გაზი უნდა მისცეს და დაამუხრუჭოს. სისტემას აქვს ვიწრო საპარკინგე ადგილიდან მანქანის გამოყვანის ასისტენტიც

კურსის შეცვლის მაფრთხილებელი

ავტომობილი აღიქვამს როგორც გამსწრებ, ისე დაპარკინგებულ ავტომობილებს და გვაფრთხილებს მაშინაც, როცა შეხვედრი მიმართულებიდან რაიმე საფრთხის საშიშროება შეიძლება წარმოიქმნას

დამუხრუჭება ფეხით მოსიარულეთათვის

სისტემა ახლა უკვე ფეხით მოსიარულეებსაც ცნობს და აქტიურია 72 კმ/სთ-მდე სისწრაფის დროს, რაც უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად ზრდის. თუკი მძღოლმა რეაქცია დააგვიანა, ”S-კლასი” ავტონომიურად ამუხრუჭებს

წინასწარმეტყველი სავალი ნაწილი

სტერეოკამერა 15 მეტრის დისტანციაზე გზის საფარს აღიქვამს და მას ამორტიზატორების მოქმედებას შეუსაბამებს. სისტემა მხოლოდ დღისით, ანუ, კარგი განათებისას და 130 კმ/სთ-მდე სისწრაფისას მუშაობს

ავტომატური დამუხრუჭება

მუხრუჭის ასისტენტი არა მარტო საგანგებო სიტუაციაში ამუხრუჭებს, არამედ მაშინაც, როცა გარკვეულ რისკს იგრძნობს. თუკი მძღოლმა არასაკმარისად დაამუხრუჭა, სისტემა მუხრუჭს გაჩერებამდე სიმძლავრეს უმატებს. აქტიურია 72 კმ/სთ-მდე სისწრაფისას

ტექნიკური მონაცემები
Mercedes S 500 L
V8, Biturbo • ცილინდრზე 4 სარქველი • მოცულობა: 4663 სმ3 • სიმძლავრე: 335 კვტ (455 ცხ. ძ.)/5250 ბრ/წთ • ბრუნის მომენტი: 700 ნმ/1800 • უკანა ამძრაობა • 7-საფეხურიანი ავტომატიკა • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 5246/1899–2130*/1494 მმ • ბაზა: 3165 მმ • წონა: 2015 კგ • ავზი: 80 ლ. • საბარგულის მოცულობა: 530 ლ. • აცქარება: 0–100 კმ/სთ: 4,8 წამში • მაქს. სიჩქარე: 250 კმ/სთ • საწვავის ხარჯი: 8,6 ლ. Super • CO2:199 გ/კმ
ფასი: 107 636 ევრო
* სიგანე გარეთა სარკეებთან ერთად

აქ შეგიძლიათ ნახოთ ამ სტატიის შესაბამისი ვიდეო ახალი Mercedes ”S-კლასის” შესახებ
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
სტრიპტიზი სტრიპზე
2014-03-31 10:58:23
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
Cat Image
პორშემ ეს გზა აირჩია!
2014-03-28 06:21:47
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
Cat Image
ეს BMW ძალიან ხარბია!
2014-03-20 06:48:34
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ,
სრულად
უცნაური ჯარიმები - სანქცია ხმაღალი სექსისთვის, სახელისა და ცხვირის მოხოცვისთვის
8 ყველაზე დიდი ხვრელი დედამიწის ზედაპირზე (+8 PHOTO)
5 ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც ასევე მედიცინის შეუცვლელი წამალია
ჯაბა კანკავა: ყველაზე მეტად აფხაზეთისა და "ოსეთის" თემამ აღმაშფოთა
"რუბინის" მწვრთნელმა ფეხბურთელი საბა კვირკველიას ტრავმირებისთვის დასაჯა
”მილანში" ახალი პროექტი მუშავდება - ბარბარა ბერლუსკონიმ ყველა გააოცა
სხვა სიახლეები
სტრიპტიზი სტრიპზე
31.03.2014
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
ეს BMW ძალიან ხარბია!
20.03.2014
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ,
სრულად
Mercedes G 500: რა მსმელი, რა მჭამელი...
15.03.2014
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, რაც მაგრად მიადგამს გაზს, მით უფრო მეტ საწვავს მოიხმარს ავტომობილი. ჩვენ დავინტერესდით, რამდენ ლიტრ საწვავს ხარჯავს რამდენიმე ახალი მოდელი მაქსიმალური გაზის დროს და ვფიქრობთ, რომ ეს თქვენთვისაც საინტერესო იქნება
სრულად
თბილისში მალე ახალი მეტროსადგური აშენდება - რატომ მაღლივთან და არა უფრო მჭიდროდ დასახლებულ რაიონში
უკრაინელი ტურისტებისთვის ყირიმის ალტერნატივად აჭარა განიხილება
ქობულეთის შემოვლითი ჩქაროსნული გზის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება
ახალი ნომერი
თბილისი
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
იყიდება
სასწრაფოდ იყიდება ფოლკსვაგენ გოლფ 3
სასწრაფოდ! ბმვ 316
სასწრაფოდ იყიდება გოლფ 3.ავტომატიკა.