პორშეს წითელი აენთება? (+ VIDEO)
პორშეს წითელი აენთება? (+ VIDEO)
05.12.2013
Alfa 4C ძლიერია. ლამაზია. ძრავა ცენტრში აქვს. და Porsche Cayman-ს დუელში იწვევს. გამოუჩნდა თუ არა პორშეს სერიოზული კონკურენტი, ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხს მხოლოდ დრო და ამ ავტომობილების გაყიდვების მონაცემები გაგვცემს, მანამდე კი AUTO BILD-ის შედარებით შემოიფარგლეთ

მოგზაურობა ნაღდად არ გამოდგა ისეთი, როგორიც სპორტულ მანქანებს უყვართ. შტუტგარტში ამაზრზენად წვიმდა, შვეიცარიის რადარებით დატვირთულ გზებზე პენსიონერულად ვიარეთ, მილანთან კი ავტობანი გადაკეტილი დაგვხვდა. Porsche Cayman-ისთვის ეს გზა ძალიან მოსაწყენი გამოდგა - ავტოსტრადებზე 6-საათიან დამღლელ ხეტიალს ნიურბურგრინგზე ფრენა ერჩივნა. თუმცა ამხელა გზის პენსიონერული სვლით გავლა ნამდვილად ღირდა იმ პაემნისთვის, რომელიც ”პორშეს” იტალიაში დაუნიშნეს. ”კაიმანი” პირველად უნდა შეხვედროდა იმ იტალიელს, რომელსაც მისთვის წლების მანძილზე მოპოვებული ტიტულის, მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ცენტრალურძრავიანი სპორტული მანქანის წოდების ჩამორთმევა უნდა. გაინტერესებთ, ვინაა ის თავზეხელაღებული იტალიელი? Alfa 4C! საიდან ამდენი გამბედაობა ძვირფასო, წითელო რომეო?

არადა, ასეთი გამბედაობა ლოგიკურია, რადგან იტალიელებმა მართლაც მოახერხეს და ამ მანქანის სახით შექმნეს ის, რასაც 2011 წელს დაგვპირდნენ: თითქმის 4 მეტრი სიგრძის მქონე, ოპტიმირებულწონიანი 4-ცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი სპორტული ავტომობილი წონისა და სიმძლავრის ისეთი ბრწყინვალე შეფარდებით, როგორიცაა 4 კილოგრამი ერთ ცხენის ძალაზე. ”ეს არის სპორტსმენი, რომელსაც Alfa Romeo-ს დნმ აქვს და ამ მარკას მთელ მსოფლიოში ახალ გზებს გაუხსნის,” - ეს ”ალფას” შეფის, ჰარალდ ვესტერის სიტყვებია.



იტალიელებს დიზაინი თითქმის არასდროს ეშლებათ, მაგრამ ამ მანქანას ისეთი ვიზუალი მიანიჭეს, რომ 4C ახლო წარსულიდან ყველა წინამორბედ ”ალფა რომეოსგან” მკვეთრად განსხვავდება და გაცილებით მძაფრია. ამას არ ველოდით. ბრავო! ქებას იმსახურებს ტექნიკური დანახარჯიც - კარბონი, ალუმინი და დიეტა ისეთ დეტალებშიც კი, როგორიცაა სამუხრუჭე მექანიზმის დისკოს კოჭი, რომელიც მსუბუქი მეტალისგანაა შექმნილი. მანქანის მშრალი წონა 895 კილოგრამია და მიუხედავად იმისა, რომ ამას ბენზინი, ზეთი, წყალი და (მყიდველს გააჩნია) კონდიციონერიც უნდა მივათვალოთ, ”ალფა რომეოს” ინჟინრები მაინც აპლოდისმენტებს იმსახურებენ, რადგან 4C-ს წონა ჯამში 1000 კილოგრამს არ აჭარბებს. ბრავისიმო!

ამრიგად, ”პორშეს” სწორედ ასეთი პატარა და მსუბუქი იტალიური კუპე უტევს. თანაც, ისეთი ოპტიკური უვერტურით, რომ ბევრს მის დანახვაზე ეჭვი შეეპარება იმაში, რომ სერიულ ავტომობილთან აქვს საქმე. Alfa 4C უბრალოდ თვალწარმტაცი მანქანაა: სკუდეტო, სამკუთხედი ცხაურა როგორც ძახილის ნიშანი, უკან მოკლე კიჩო მოხდენილი ფორმებით და მსუბუქად მცურავი ხაზები ისეთი მომხიბვლელი დეტალებით, როგორებიცაა კარის ნაზი და სათუთი სახელურები, რომლებსაც მხოლოდ რამდენიმე თითს თუ მოარგებთ. Alfa 4C ჟურნალი აღარ არის, ეს უკვე კინოა!

Alfa Romeo-ს დიზაინის უდიდესი ისტორიის წინაშე Porsche Cayman, რომელიც ბოლოს და ბოლოს, ყველაზე ტანადი ”პორშეა”, დიაინის კუთხით მხოლოდ პრაგმატულობით თუ მოიწონებს თავს. თავმომწონე იტალიელის გვერდით ის ზედმეტად გერმანელი, უფრო ზუსტად, ტიპური შვაბია - მაღალია, გრძელი და, მიუხედავად იმისა, რომ მასაც ძალიან მძაფრი დიზაინი აქვს, ყოველდღიურობისთვის უფრო კომპეტენტურიც მოჩანს. ”პორშეს” ყველა დეტალში ეტყობა გერმანული მიდგომის ისეთი თავისებურებები, როგორიცაა გამოყენებაზე ორიენტირება თითოეულ დეტალში, რასაც მანქანაში ჩაჯდომისთანავე იგრძნობთ: ხალიჩები, შალითები, ჩამრთველები, პრაქტიკული და ხარისხიანი ცენტრალური კონსოლი - ყველაფერი, რაც ”პორშეში” ყოველთვის მოგვწონდა. ამასთან, ”პორშეს” დამატებითი ოპციების სია ისეთივე გრძელია, როგორც ”ალფას” ექსპლუატაციის ინსტრუქცია.

Auto Bild
Auto Bild
AlFA 4C: დაბალი ჭერის გამო ჩაჯდომა კი ძნელია, მაგრამ თუ ჩაჯექი, გადმოსვლა აღარ მოგინდება

Auto Bild

”ალფას” 4-ცილინდრიანი ძრავა, რომელსაც იტალიელები ძველი, ლეგენდარული აგრეგატების სტილში 1750-იანს უწოდებენ, ”პორშეს” ძრავასთან შედარებით ნახევარი სიმძლავრისაა, მაგრამ ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ გრანდიოზულ აგრეგატად წარმოჩინდეს. საკმარისია, სავარძლების თავსადებების უკან გაიხედოთ, რომ მანქანის გულს დაინახავთ, მისი ხმის მთელი სიცხადით შეგრძნობა კი შორი დისტანციიდანაც შესაძლებელია, რადგან სპორტული მაყუჩი აქვს, რომელსაც, ნაძლევს ჩამოვალთ, ყველა მყიდველი შეუკვეთავს, რადგან ამ ძრავის ხმა თმების ყალყზე დაყენების ერთ-ერთი უმთავრესი გამომწვევი მიზეზია. ასე და ამგვარად, ძრავაც ჩვენთან ერთადაა და ეს სპარტანული გადაწყვეტილება მოსაწონია ზუსტად ისე, როგორც Lotus Elise-ში ან, ადრე, Renault Sport Spyder-ში იყო. დამატებით ოპციებში CD-რადიო და კლიმატკონტროლიცაა, მოხვევის სისტემა ჰიდროგამაძლიერებლით კი - არა! ძალიანაც კარგი!

სტარტი ავიღოთ. მანქანა ასფალტზეა გაკრული და 4-ცილინდრიანი აგრეგატი ფეხის პირველივე წაჭერაზე ღრიალს, სტვენას და ღმუილს იწყებს და ბრუნებს ისე სწრაფად უმატებს, რომ გადართვას საჭის უკან განთავსებული ბერკეტებითაც კი დააგვიანებთ, მაგრამ არა უშავს, უფრო სწორად, რა საჭიროა - ამ აგრეგატს მაღალ ბრუნებზე მუშაობა მოსწონს, რაც ჩვენც ძალიან მოგვწონს. ძრავის ხმა ამ დროს უბრალოდ გადასარევია და... ვის რაში სჭირდება რადიო?

სარბოლო სავალი ნაწილი თავის სახელს აბსოლუტურად ამართლებს და ამისთვის სწორედაც სუფთა, მექანიკური მოხვევაა ზედგამოჭრილი, რომელზეც ჰარალდ ვესტერი ამბობს, ამაზე პირდაპირი მოხვევა ბუნებაში არ არსებობსო. მართალიცაა, რადგან Alfa 4C-ს მოხვევის სისტემა მძღოლს გზას ხელებით დაახატვინებს, რაც იტალიის შარაგზებზე არცისე უსაფრთხო გართობაა. ზუსტად ისე, როგორც ცენტრალიზებულ ძრავას შეშვენის, ”ალფა” წინა ღერძისკენ სიმძლავრის მხოლოდ 40 პროცენტს უშვებს. 140 კმ/სთ-იდან ეს შესანიშნავი ”რომეო” უფრო და უფრო მსუბუქი ხდება და სიმსუბუქის მატების შეგრძნება იქამდე გაგყვებათ, სანამ ასეთი კითხვა არ გაგიჩნდებათ: ”ასფალტზე ორმოები მართლა იყო, თუ მომეჩვენა?” ანუ, იმ დროს, როცა ორმოებს ვეღარ იგრძნობთ. აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ მკვეთრ მოსახვევში ”ალფა” მშვენიერ უკანალს გარდიგარდმო აათამაშებს, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ - ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ გაგართოთ და თუ გამოცდილი მძღოლი ხართ, საშიში მართლა არაფერია, რაშიც წამის მეათედშივე დარწმუნდებით, თუკი ადეკვატური რეაქცია გექნებათ. დასკვნა აქედან: ”ალფას” მფლობელს გართობა ნებისმიერ დროს გარანტირებული აქვს - 4C მფლობელს არ მოაწყენს.

Auto Bild
Auto Bild
სრულყოფილი სპორტული სავარძლები. ტრანსმისიას 7 საფეხური აქვს, მაჩვენებლები ძველ სტილში, ანალოგურია




”ალფადან” ”პორშეში” გადამჯდარს, თავი მდიდრულ იახტაში გეგონებათ. სივრცე მეტია, სიმშვიდეც და ”კაიმანის” ინტერიერში სპორტ-ღილაკებთან ერთად, ჭიქის ჩასადებსაც კი შეხვდებით. ბოქსერ-ძრავას დაქოქვისთანავე ეტყობა, რომ 6 ცილინდრთან და 3,4-ლიტრიან მოცულობასთან გვაქვს საქმე. მისი კონცეფცია მარტივი და მწყურვალია: ბრუნები ტურბინის ნაცვლად! თუკი ”ალფაში” 6500 ბრუნიდან საქმეში ელექტრონული ბორკილი ერთვება, ”კაიმანი” საქმეს უფრო ზემოთაც აგრძელებს - მისთვის წითელი ზონა 7500 ბრუნია.

მიუხედავად ამისა, ”კაიმანი” ”ალფას” სიმძლავრისა და წონის შეფარდებასთან ახლოს მხოლოდ S-ვერსიით მიდის: 4,15 კილოგრამი ერთი ცხენის ძალისთვის. იმ დროს, როცა კარაბინიერები ლანჩზე უნდა ყოფილიყვნენ, საიდუმლოდ პატარა, 300-მეტრიანი შეჯიბრი მოვაწყვეთ და ”ალფამ” ”პორშეს” ორიოდე მეტრით აჯობა.


ორი მაყუჩი აუცილებელი ატრიბუტია. ”ალფას”, ისევე, როგორც მის უფროს ძმას, 8C-ს, რომელიც 2007 წელს გამოვიდა, მრგვალი უკანა მაშუქები აქვს

ზუსტი მოხვევის სისტემა ”პორშეში” ნებისმიერ დამწყებს მისცემს იმის უფლებას, რომ თავი სებასტიან ფეტელი ეგონოს და ამ დროს დამწყებებს მფარველი ანგელოზიც აუცილებლად დასჭირდებათ. გამოცდილი მრბოლელები სპორტულ რეჟიმს გააქტიურებენ და დიდხანს იფრენენ, შესვენებისას კი, ბოქსებში აუცილებლად მომღიმარი საახებით იტყვია, ეს ”კაიმანი” 911-ზე უკეთესიაო. უფრო იაფი ხომ არის და არის.

მაგრამ მოდით, ფულზე დიდხანს ნუ ვისაუბრებთ, რადგან მფლობელის გაყვლეფა ორივე მანქანას უნდა - ”პორშეს” ძალიან ძვირადღირებული ექსტრა-ოპციებით, ”ალფას” კი უახლესი 4C-კლუბით, სადაც 4C-ს კოლექციით ისეირნებთ ან საკუთარ რბოლას მოაწყობთ. თანამოაზრეთა გაერთიანება, რა თქმა უნდა, რასაც დღეს Community-ს უწოდებენ და რაც ”პორშეს” მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს, Alfa 4C კი ჯერ კიდევ არაა ასეთი მასობრივი.

დასკვნა
”შე სათამაშო!” - ეუბნება ”პორშე” ”ალფას”. ”შე კრეისერო!” - პასუხობს ”ალფა”. მე ვამბობ: სათამაშოა, თუ კრეისერი, ორივე სპორტულია.
იოახიმ შტაატი



Porsche Cayman S PDK

6-ცილინდრიანი Boxer • მოცულობა: 3436 სმ3 • სიმძლავრე: 239 კვ (325 ცხ. ძ.)/7400 • ბრუნის მომენტი: 370 ნმ/4500 • უკანა ამძრაობა • 7-საფეხურიანი PDK • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4380/1801–1980*/1295 მმ • წონა: 1350 კგ • საბარგულის მოცულობა წინ/უკან: 150/162 ლ. • ავზის მოცულობა: 64 ლ • 0–100 კმ/სთ: 4,7 წამში • მაქს. სიჩქარე: 281 კმ/სთ • საწვავის საშუალო ხარჯი: 8,0 ლ. Super/100 კმ • გამონაბოლქბი: 188 გ/კმ
ფასი: 66 944 ევრო

Alfa Romeo 4C

4-ცილინდრიანი, Turbo • მოცულობა: 1742 სმ3 • სიმძლავრე: 176 კვ (240 ცხ. ძ.)/6000 • ბრუნის მომენტი: 350 ნმ/2100 • უკანა ამძრაობა • 6-საფეხურიანი ორმაგი შეჭიდების ტრანსმისია • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 3989/1864–2090*/1183 მმ • მშრალი წონა: 895 კგ • საბარგულის მოცულობა: 110 ლ. • ავზის მოცულობა: 40 ლ. • 0–100 კმ/სთ: 4,5 წამში • მაქს. სიჩქარე: 258 კმ/სთ • საწვავის საშუალო ხარჯი: 6,8 ლ. Super/100 კმ • გამონაბოლქვი: 157 გ/კმ
ფასი: 50 500 ევრო

იხილეთ ვიდეო Alfa Romeo 4C- შესახებ



იხილეთ ვიდეო პორშე კაიმანის შესახებ

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
article image
Cat Image
ეკონომიური მაზერატი
2014-06-26 08:43:12
როგორია MASERATI QUATTROPORTE დიზელის ძრავით?
სრულად
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
"პუტინ, ხუილო!" სტადიონზე 60 ათასი ფანის შესრულებით - "შპარგალკა" ქართველ გულშემატკივრებს (+VIDEO)
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
ბრაზილიელი ჯადოქარი გერმანიის ნაკრების დაწყევლას აპირებს
2 სანტიმეტრიც და ხეიბრად დარჩებოდა - რას გადაურჩა ნეიმარი
სხვა სიახლეები
მოდა MADE IN GERMANY: პორშე მაკანი და BMW X4
07.05.2014
მაინც რით იზიდავენ ეს SUV-ები მასებს ასე ძალიან? ორივე თითქმის ერთნაირი ზომისაა, ორივე მძლავრია და ორივეს მარკის უძლიერესი იმიჯი უმაგრებს ზურგს.
სრულად
პორშემ ეს გზა აირჩია!
28.03.2014
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
მერსედესი, BMW, თუ აუდი?
26.02.2014
ახალი Mercedes C-კლასის პირველი სტატიკური შედარება BMW-ს მესამე სერიასთან და Audi A4-თან: რა სარგებლობა მოაქვს ახალ ტექნიკას?
სრულად
საქართველოში ბენზინის ფასი არაადეკვატურად გაიზარდა?
10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში
დამუხრუჭებული ავტობიზნესი
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 21°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Honda Capa
Mercedes C240
სასწრაფოდ იყიდება გოლფ 3.ავტომატიკა.
HONDA Hr-v