ლეგენდარული Audi sport quattro გუშინ და დღეს
ლეგენდარული Audi sport quattro გუშინ და დღეს
19.12.2013
”აუდის” იმ სარბოლო სულისკვეთების დაბრუნება უნდა, რომლითაც 80-იან წლებში რალიში დომინირებდა. ფრანკფურტის ავტოშოუზე წარმოდგენილი ახალი sport quattro ყველას მოეწონა, ბევრმა კი მასში ”აუდის” ხვალინდელი დღე დაინახა

იყო დრო, როცა ”აუდი” არც საფეხბურთო კლუბებს ასპონსორებდა და არც კლასიკური მუსიკის კონცერტებს აფინანსებდა. იმ დროს ”აუდის” ყურადღება მთლიანად ავტოსპორტისკენ, რბოლებისკენ და მსოფლიოს ჩემპიონატისკენ იყო მიმართული. მაშინ ”აუდის” ინჟინრები არავის ეკითხებოდნენ ჭკუას, თუ როგორი დიზაინი უნდა ჰქონოდა მანქანას, რომელიც რალიში უნდა გამოსულიყო - უბრალოდ, ისეთს აკეთებდნენ, როგორიც სჭირდებოდათ. ალბათ იმასაც მიხვდით, რომ არცისე შორეულ წარსულზე ვსაუბრობთ. ლაპარაკია 80-იან წლებზე და იმ პერიოდზე, როცა Audi Sport Quattro-ს დიზაინს კრიტიკულად ვერავინ უყურებდა, რადგან ეს მანქანა რბოლებს იგებდა და პუბლიკას აღაფრთოვანებდა.

ლეგენდარულ Sport Quattro-ს უხეში კანტები და უკომპრომისო, სუფთა ტექნოლოგიური სული აქვს და ინგოლშტადტელებს ახლა სწორედ ამ სულის დაბრუნება უნდათ. რატომ? ამ კითხვით ”აუდის” შეფ-დიზაინერ ვოლფგანგ ეგერს უნდა მივმართოთ. ლეგენდარული, წითელი Sport Quattro საღამოს მზის შუქზე ბრწყინავს, ვოლფგანგი კი კიდევ ერთხელ, ვინ მოთვლის, მერამდენედ ათვალიერებს ამ მანქანას - შეკუმშული და დაძაბული ძარა, უხეშად ფორმირებული საბურავის თაღები... ”ეს საბრძოლო ხასიათი მართლაც განუმეორებელია, - ”აუდის” შეფ-დიზაინერს ეს სიტყვები პირდაპირ გულიდან ამოსდის, - თითოეული დეტალი ფუნქციურია. ერთი მილიმეტრიც კი არაა ზედმეტი! ჯერ მარტო C-საყრდენი რად ღირს?!”

ამ პატარა კომენტარიდანაც იოლად მივხვდებით, სტილის რომელ დეტალებზე გააკეთა აქცენტი ეგერის გუნდმა იმისათვის, რომ ახალი მოდელისთვის ლეგენდარული წინამორბედის დნმ გადმოენერგა. Sport Quattro-ს კონცეპტმა ფრანკფურტის ავტოშოუზე უდიდესი მოწონება დაიმსახურა და ჩვენც სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ”აუდის” ახალი გმირი და ორიგინალი Sport Quattro ერთმანეთისთვის შეგვეხვედრებინა და ეს შეხვედრა ექსკლუზიურად მოვაწყვეთ.


ძველი: დიდი საჭე, 5-საფეხურიანი მექანიკა და ბრუნების წითელი ზონა 7250-დან. მარჯვნივ, ცენტრალურ კონსოლზე ხედავთ ბერკეტს, რომელიც დიფერენციალებს ბლოკავს


ახალი: კოკპიტი მთლიანად მძღოლზეა ფოკუსირებული და ყველა ინფორმაციას მძღოლს აწვდის. ცენტრალურ კონსოლზე განთავსებული MMI-ღილაკი ტახო-დისპლეისაც არეგულირებს

პირველი შთაბეჭდილება: ნუთუ, ამ ორ ავტომობილს შორის განსხვავება მხოლოდ 30 წელია? მას მერე ”აუდიმ” ტყავი ხომ ძალიან ბევრჯერ გამოიცვალა. ძველ Sport Quattro-ს უმარტივესი შავი ცხაურა ჰქონდა, ინტერიერში კი ახლაც 80-იანი წლების შარმი იგრძნობა და იმდროინდელი სუნი ტრიალებს. ტახომეტრსა და ბრუნების ამთვლელს (წითელი ზონა 7250-დან!) შორის პატარა მაჩვენებელია, რომელიც ტურბინაში წნევის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, ცენტრალურ კონსოლზე კი ამოსაწევი ბერკეტია, რომელიც დიფერენციალის ბლოკირების გააქტიურებას ემსახურება, რაც რალისთვის შექმნილი ამ ცხოველის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლოა.

მოდით, ვოლფგანგ ეგერთან ერთად ახალ მოდელში გადავინაცვლოთ და ვნახოთ, რა შეინარჩუნა ახალმა Sport Quattro-მ ლეგენდარული ორიგინალისგან. საბურავის თაღის კუთხოვანი ფორმა და კოკა-კოლას ბოთლის სტილში შეზიდული გვერდები მანქანას იმაზე უფრო კომპაქტურს აჩენს, ვიდრე 4,60-მეტრიანი სიგრძის ავტომობილის შემთხვევაში წარმოვიდგენდით. ექსტრემალურად ვიწრო გვერდითი ფანჯრები და, რაც მთავარია, მძლავრი უკანა საყრდენი ახალ Sport Quattro-ს ისეთ ნაღდ იერსახეს ანიჭებს, თითქოს ”აუდი” მის სერიულ გაყიდვას ხვალიდან აპირებდეს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ თამამად ვიტყვით, რომ ასეთი ვიზუალით ეს ორკარიანი კუპე უკვე ყველაფრისთვის მზადაა.

4-ლიტრიანი Biturbo (560 ცხენის ძალა) იმავე ”ხვრელებით” იქოქება, რომლებსაც RS7-დან ვიცნობთ. ავტოშოუს წინ ინგოლშტადტელებმა მას 110-კილოვატიანი ელექტრომოტორიც უსახსოვრეს. სხვათა შორის, სწორედ ამ ორმა ძრავამ უნდა არბენინოს მომავალში A4 და, რა თქმა უნდა, გაცილებით ეკონომიურად - მნიშვნელობა არა აქვს, მხოლოდ ელექტრონულად ივლის, თუ ბენზინისა და ელექტროენერგიის ნებისმიერი კომბინაციით. უკან განთავსებული აკუმულატორების დამუხტვა სახლში, ჩვეულებრივი კაბელით, ჩვეულებრივი შტეფსელიდან შეიძლება (Plug-in), რისთვისაც ”აუდის” დიზაინ-ჯგუფმა მანქანას მშვენიერი საავტომობილო როზეტიც მოაყოლა - ვერცხლისფერი სახურავით, რომლის შემჩნევა ძარაზე ძალიან ადვილია. ესეც შოუს ელემენტია.

Auto Bild
ლეგენდარული Sport Quattro-ს ორიგინალი 1983-დან 1985 წლამდე იწარმოებოდა

დინამიკაში მათი შედარება ჯერ არაა სასურველი, რადგან ახალი მოდელი სერიული არ არის და თანაც, ორიგინალსაც პატივი უნდა ვცეთ, რადგან ეს ლეგენდარული Sport Quattro ერთ-ერთია იმ 6 შემორჩენილი ეგზემპლარიდან, რომელსაც 100 000 კილომეტრიც კი არ აქვს გავლილი. კონკრეტულად ამ ეგზემპლარის გარბენი კი 79 580 კილომეტრია და მის ძრავას ისეთი კეთილშობილი ხმა აქვს, როგორიც ბაბუაჩემის კუპეს ექნებოდა თავის დროზე. ტურბინა 3500 ბრუნიდან იღვიძებს, თუმცა 5-ცილინდრიანი ძრავა თავის შესაძლებლობებს იმიტ გვაჩვენებს, რომ ჩვეულებრივი სვლის დროს არაჩვეულებრივს არაფერს აკეთებს. ის მხოლოდ მაშინ გადაიქცევა ცხოველად, როცა გარდიგარდმო მართავ.

რაც შეეძება ძვირფას შოუ-კარს: კარბონის კანი, ხელნაკეთი დეტალები, სამგანზომილებიანი ცხაურა - აქ უკვე ყველაფერი თანამედროვეა. ”ალბათ ხვდებით, რომ RS-მოდელების ნიშნებთან გაქვთ საქმე,” - მეუბნება ვოლფგანგ ეგერი. უფრო მეტიც, ჰერ ეგერ: აქ უკვე ”აუდის” ხვალინდელი სახე ჩანს. მოხვევის ციმციმები ლამის გარე სარკეებამდე ციმციმებს, ახალ მაშუქებს კი განათების მხოლოდ ორი წერტილი აქვთ. შეფდიზაინერი მეუბნება, ”აუდიში” შუქდიოდური, ჯაჭვური განათების ხანა უკვე წარსულს ჩაბარდაო. საინტერესოა...

Auto Bild

სამგანზომილებიანი უკანა მაშუქები შესაძლოა, მოდური გახდეს. ისევე, როგორც ახალი Sport Quattro-ს კოკპიტი: სიღრმეში ჩაძირვის ნაცვლად, საჭის უკან განთავსებული ინსტრუმენტი მძღოლს პირდაპირ სახეში ანათებს და ყველა საჭირო ცნობას აწვდის. სამაგიეროდ, გვერდით მჯდომის სიახლოვეს აღარაა ღილაკები და ჩამრთველ-გადამრთველები. კიდევ კარგი, რომ გადაცემათა კოლოფის ბერკეტიც არ მოყვა შემცირებაში და ისევ იმ ადგილზეა, სადაც მარჯვენა ხელი მოელოდა. უკვე ფაქტია, რომ ახალი Sport Quattro მძღოლის მანქანა უნდა იყოს - მარტივი, ლოგიკური და მკაცრი. ეგერის თქმით, ამ მანქანას არცერთი ზედმეტი ხაზი და ზოლი არ ექნება: ”Sport Quattro ემოციური უნდა იყოს და არა ველური!”

ასე და ამგვარად, ეს ყვითელი სპორტული ჰიბრიდი ტიპურ გერმანული სიგნალია მთელი მსოფლიოსადმი: ”აუდი” მშვენიერ კუპეს ქმნის, ახალი Sport Quattro ამ მარკას სწორედაც დაამშვენებს.

დასკვნა
ვისურვებდით, რომ ახალი Sport Quattro ოცნებად არ დარჩენილიყო, მაგრამ ისიც საქმეა, რომ ამ კონცეპტმა ”აუდის” ხვალინდელი დღე დაგვანახვა. დიზაინის შტრიხები, შეცვლილი ცხაურა და ასეთი ჰიბრიდული ტექნოლოგია ნაღდად სერიული გახდება.
იოახიმ შტაატი

Auto Bild
მათ შორის განსხვავება 30 წელიწადი, თითქმის 400 ცხენის ძალა და ამდენივე კილოგრამია
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
article image
Cat Image
ეკონომიური მაზერატი
2014-06-26 08:43:12
როგორია MASERATI QUATTROPORTE დიზელის ძრავით?
სრულად
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
"პუტინ, ხუილო!" სტადიონზე 60 ათასი ფანის შესრულებით - "შპარგალკა" ქართველ გულშემატკივრებს (+VIDEO)
დინამო-დნიპრო 1:2 - დასანანი მარცხი [VIDEO]
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
ბრაზილიელი ჯადოქარი გერმანიის ნაკრების დაწყევლას აპირებს
სხვა სიახლეები
მოდა MADE IN GERMANY: პორშე მაკანი და BMW X4
07.05.2014
მაინც რით იზიდავენ ეს SUV-ები მასებს ასე ძალიან? ორივე თითქმის ერთნაირი ზომისაა, ორივე მძლავრია და ორივეს მარკის უძლიერესი იმიჯი უმაგრებს ზურგს.
სრულად
პორშემ ეს გზა აირჩია!
28.03.2014
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
მერსედესი, BMW, თუ აუდი?
26.02.2014
ახალი Mercedes C-კლასის პირველი სტატიკური შედარება BMW-ს მესამე სერიასთან და Audi A4-თან: რა სარგებლობა მოაქვს ახალ ტექნიკას?
სრულად
საქართველოში ბენზინის ფასი არაადეკვატურად გაიზარდა?
10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში
დამუხრუჭებული ავტობიზნესი
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 22°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Hyundayi Tucson
Mercedes E320
Mercedes E320
Mercedes E220