სადაა ჩემი საჩუქარი?
სადაა ჩემი საჩუქარი?
31.12.2013
ავტომობილამდე იყო ცხენი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ცხენს სატრანსპორტო საშუალებად თითქმის აღარავინ იყენებს, მანქანასთან მიმართებაში მაინც ყოველთვის ვახსენებთ ხოლმე. იმიტომ, რომ მანქანის სიმძლავრე ცხენისძალებით იზომება. სხვა საქმეა ის, რომ რაც დრო გადის, ავტომობილის ცხენისძალებს უფრო და უფრო ნაკლებად ანიჭებენ მნიშვნელობას - თანამედროვე მანქანისთვის წინა პლანზე ისეთმა მახასიათებლებმა წამოიწია, როგორებიცაა გართობის სისტემა და ინტერნეტკავშირი, მაგრამ ცხენის ძალა მაინც ერთ-ერთ უმთავრეს საზომად რჩება. 2014 ცხენის წელიწადია და მრავალცხენისძალიან ავტომობილებთან ერთად, საწვავის შესაბამისი რაოდენობის შეძენის შესაძლებლობაც უნდა ვისურვოთ. ან, საწვავის გაიაფება...

საწვავის ოპტიმალური ფასის გამოთვლა ადვილი ნამდვილად არ არის - საქართველოში ნავთობი არ გვაქვს, იმპორტი კი მუდმივად ცვალებად ფასებთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუმცა ჯერ კიდევ ორი წლის წინ არსებობდა უამრავი გამოთვლა და ვარაუდი იმის შესახებ, რომ ჩვენთან საწვავი მინიმუმ 60 თეთრით და მაქსიმუმ 1 ლარით იაფი უნდა ყოფილიყო. ეს იმ დროს, როცა პრემიუმი 2,35 ლარი ღირდა. გავიდა ორი წელი და დღეს პრემიუმი 2,20 ლარი ღირს. ოდნავ ნაკლებიც ღირდა, მეტიც, მაგრამ პრემიუმის საშუალო ფასი 2,20 ლარი რჩება. ავტომატურად ჩნდება კითხვები: სად არიან ისინი, ვინც ფასს ითვლიდა და მინიმუმ 60-თეთრიან გაიაფებას მოითხოვდა? არგუმენტები გაქრა?

ვისურვოთ ნავთობის გაიაფება საერთაშორისო ბაზარზე და, შესაბამისად, საქართველოშიც.

საწვავი ისეთი რამ არის, მისი ფასით მანიპულირება ადვილია, რადგან რაც არ უნდა ძვირი იყოს, საწვავის მოხმარება ფასის ზრდის პროპორციულად ნამდვილად არ შემცირდება. თბილისში აუტანელი საცობები იქმნებოდა მაშინაც, როცა პრემიუმი 2,35 ლარი ღირდა და ახლაც, როცა 2,20 ლარი ღირს. 2013 წელს საცობების პრობლემის მოსაგვარებლად თითქმის არაფერი გაკეთებულა.

ავიღოთ, მაგალითად, სააკაძის მოედანი. შუადღისას და საღამოს იქ ხშირად ისეთი ამბები ხდება, დედა შვილს რომ არ აიყვანს. ეს იმის ბრალიცაა, რომ (სხვათა შორის, არა მარტო სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე) მომრავლდა მეორე რიგში გაჩერებული ავტომობილების რაოდენობა. ჩერდებიან იქ, სადაც გაჩერება აკრძალულია, ჩართავენ ავარიულებს და ელოდებიან შაურმას. ამ დროს, 4-5 მანქანის გამო მოძრაობა ისე ფერხდება, რომ ისედაც დასტრესილი ხალხი ჭკუიდან გადადის - ლანძღვა-გინება-ცემა-ტყეპასაც არაერთხელ შევესწარით. ფაქტია, რომ აუტანელი საცობების დიდი ნაწილი წესების დარღვევის, ან იმის გამო იქმნება, რომ კონკრეტულ ადგილზე მაინცდამაინც პიკის საათში გადაწყდა ისეთი სამუშაოების ჩატარება, რაც აუცილებლად წარმოქმნის საცობს.
2014 წელს ვისურვოთ ნაკლები საცობი, ოღონდ ამისთვის მძღოლების შეგნების ამაღლებაა აუცილებელი. სხვანაირად, არაფერი გამოვა და რაც შეეხება საპატრულო პოლიციის სიმკაცრეს:

2013 წელს თბილისში ახალი რადარები დააყენეს. ეს კარგია, მოძრაობა დარეგულირდა, ავარიებით გამოწვეულმა მსხვერპლმა მნიშვნელოვნად იკლო, მაგრამ, სამაგიეროდ, შეინიშნებოდა არასწორი მიდგომა ჯარიმების განაწილების მხრივ. 100-ლარიანი ჯარიმა სიჩქარის გადაჭარბებაზე ძალიან მკაცრი, მაგრამ ისეთი განაჩენია, შესაძლოა ქართული რეალობისთვის სწორედ ასე იყოს საჭირო, მაგრამ... სად არის ლოიალურობა? მოქნილი მიდგომა? სად ჩანს მოსახლეობაზე ზრუნვის სურვილი? ვგულისხმობთ იმას, რომ მძღოლები, რომლებმაც სიჩქარეს გადააჭარბეს და ჯარიმა ჯერ კიდევ არ ენახათ, მეორე და მესამე დღესაც ჯარიმდებოდნენ და ჯამში ერთად 300 ან 400 ლარის გადახდა უწევდათ. გაგვახსენეთ, რამდენია ჩვენთან საარსებო მინიმუმი?..

იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა მძღოლმა 100-ლარიანი ჯარიმა გადაიხადა და 2-3 თვის შემდეგ მიუვიდა იმაზე ძველი ჯარიმა. თანაც, ორი და ორივე 100-ლარიანი. 2013 წელს ამ თემაზე ბევრი წერილი მოგვივიდა, თუმცა კარგი ის არის, რომ წლის ბოლოს, ნოემბერსა და დეკემბერში, ჩივილებმა იკლო, რაც იმედს აჩენს, რომ ამ მხრივ სიტუაცია შედარებით გამოსწორდა. ვნახოთ, რა იქნება 2014-ში. დარღვევისთვის დაჯარიმება საჭირო კი არა, აუცილებელია, მაგრამ ადამიანმა ისიც უნდა იგრძნოს, რომ ამით მისი გაყვლეფა კი არ უნდათ, არამედ მასზე ზრუნავენ. როცა რადარი ახალი დაყენებულია, რა გასაკვირია, რომ მძღოლმა მისი არსებობა არ იცოდეს (თან საქართველოში, სადაც რადარი ჯერ კიდევ ახალი ხილია) და ასეთ დროს დღეში 3-ჯერ არ უნდა დააჯარიმო. უნდა არსებობდეს გამაფრთხილებელი ჯარიმა...

2014 წელს ნაკლები თავხედი მძღოლიც უნდა ვისურვოთ, რადგან საბოლოო ჯამში, საგზაო მოძრაობისას ყველაფერი თავად იმაზეა დამოკიდებული, ვინც საჭესთან ზის და ვინც საკუთარი ეგოიზმით სხვებს არ შეაფერხებს.

ცხენი მხოლოდ დადებითთან ასოცირდება და მოდით, ბოლოს ყველამ ერთად ვისურვოთ, რომ 2014 წელი მაქსიმალურად დადებითი იყოს. და, რაც მთავარია, ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ ამისათვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თოვლის პაპა თუ სანტა კლაუსი საცობში რომ გაიჭედოს, ან შემოსავლის ნახევარზე მეტი ჯარიმებში რომ იხადოს, რა პასუხი უნდა გავცეთ ახალი წლის პირველ დილას ჩვენს პატარებს კითხვაზე - სადაა ჩემი საჩუქარი?

Auto Bild
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
article image
Cat Image
ეკონომიური მაზერატი
2014-06-26 08:43:12
როგორია MASERATI QUATTROPORTE დიზელის ძრავით?
სრულად
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
დინამო-დნიპრო 1:2 - დასანანი მარცხი [VIDEO]
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
ბრაზილიელი ჯადოქარი გერმანიის ნაკრების დაწყევლას აპირებს
სხვა სიახლეები
თბილისური ავტოჩანახატი
26.03.2013

სად იყო ადრე ამდენი გასართობი, დღეს რომ გვაქვს? არადა, ვიღაცეები ამბობენ, მოსაწყენი ცხოვრება დადგაო. ეტყობა, ფანჯრიდან არ იყურებიან

სრულად
ჩემი «ოპელ ასტრა» გავათხოვე
17.10.2012

იმ დღესაც ვზივარ სამსახურში და დასცხო ჩემმა ტელეფონმა «ბლექ დოგი». დავხედე - უცხო ნომერია. გისმენთ-მეთქი. განცხადების თაობაზე ვრეკავო

სრულად
რატომ უნდა ვიყო ახვარი?
07.09.2012

მერფის კანონები გაგიგიათ? მე დიდი ხნის წინ წავიკითხე, ბევრი ვიცინე და რამდენიმე დამამახსოვრდა

სრულად
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
ჭირნახულის დაზღვევა ჩვენს ფერმერებსაც ეღირსებათ?!
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 26°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Opel Vectra
Honda Capa
Mercedes Vito
სასწრაფოდ! იყიდება გოლფ 3