მერსედესი შოკშია, BMW-ს მეშვიდე სერიამ ახალ S-კლასს აჯობა!
მერსედესი შოკშია, BMW-ს მეშვიდე სერიამ ახალ S-კლასს აჯობა!
03.02.2014
მერსედესის ახალმა S-კლასმა BMW-ს მეშვიდე სერიასთან და Porsche Panamera-სთან პირველ შედარებაში მოულოდნელი სისუსტეები გამოავლინა

”მერსედესში” დაპირებები და მომხმარებლების დაინტრიგება ეხერხებათ. გასული წლის მაისში, ახალი ლუქს-ლიმუზინის პრეზენტაციაზე დაიმლერის შეფმა დიტერ ცეტშემ თქვა, ჩვენი ახალი ”S-კლასი” არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილი იქნებაო. ცეტშე უფრო შორსაც წავიდა და მდიდრული სედანის ახალ მოდელს საუკუნის მოვლენა უწოდა. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ ასეთ დაპირებებში გასაკვირი არაფერია, რადგან ”S-კლასი” ”მერსედესის” მოწინავე, მთავარი ვარსკვლავია და თანაც, მანამდე ”მერსედესმა” მომხმარებლების საკმაოდ დიდი ნაწილის ნდობა დაკარგა, რაც ”რენოსგან” გადმოკატავებული მინივენის, Citan-ის ჩაფლავებული ქრაშ-ტესტის დამსახურება გახლდათ.

მარკეტინგული პროზა იქით იყოს და ჩვენ, AUTO BILD-ში მხოლოდ იმის გვჯერა, რასაც ჩვენთვითონ ვამოწმებთ. ჩვენი მიზანია, გამოცდილი გუნდითა და ათწლეულების მანძილზე გამოცდილი კრიტერიუმებით გადავამოწმოთ მწარმოებელთა ყველა დაპირება. სწორედ ამისთვის ვტესტავთ მანქანებს საჯარო, თუ გადაკეტილ გზებსა და გზატკეცილებზე. ესეც ახალი Mercedes ”S-კლასის” პირველი შედარება.

ახალი S-კლასი არცისე ახალია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს

Auto BildAuto Bildმაშ ასე: რამდენად კარგია ახალი ”S-კლასი”? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად დაიმლერის ახალი ლაინერი სწორედ უმთავრესი კონკურენტებისთვის, BMW-ს მეშვიდე სერიისთვის და Porsche Panamera-სთვის უნდა შეგვედარებინა. საქმე იმაშია, რომ ბოლო წლებში უსაქმოდ არც ბავარიელები ყოფილან და 2008 წლიდან შემოთავაზებულ ”მეშვიდე სერიას” მუდმივად ანახლებდნენ და თანამედროვეობასთან შესაბამისობაში ინტერნეტკავშირის კუთხითაც მოჰყავდათ. ”მერსედესის” მეზობელმა ”პორშემ” კი თავისი ”პანამერა” ახლახან ვიზუალურადაც განაახლა, ტექნიკურადაც და პირველად გვთავაზობს გრძელ ვერსიას Executive-ის სახელით. ამრიგად, ძალიან საინტერესო სამთაბრძოლას ველით, რადგან ახალი S-კლასი არცისე ახალია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მართალია, ვიზუალურად სრულიად შეიცვალა, თუმცა წინამორბედისგანაც ბევრი რამ მიიღო - მაგალითად, გაუმჯობესებული პლატფორმა, რაც საბურავების ბაზის იდენტურობიდანაც ჩანს.
Auto Bild
ამ კლასში ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმი სალონის სივრცეა და ამ მხრივ ”მერსედესი” ულაპარაკოდ შეუდარებელია. წინაც და უკანაც ”S-კლასი” ორივე კონკურენტზე მეტ სივრცეს გვთავაზობს. რაც შეეხება ფასიან ოპციას “First Class Fond” - ამით ”S-კლასი” კონკურენტებზე გაცილებით მაღლა დგას. უკანა, მარჯვენა სავარძელზენახევრად მწოლიარე პოზაში წამოკოტრიალება და ფეხების გაშლა ერთი სიამოვნებაა, თუმცაღა ამას მძღოლის გვერდითა სავარძლის ფუნქციის დაკარგვა სჭირდება. ორი ამოსაწევი მაგიდა კონსოლზე, სასმელების გაგრილებისა და გაცხელების ფუნქციები, ბალიშები თავისთვის და თეძოებისთვის - ამ ყველაფერს ”მერსედესის” მგზავრი ახალ სიმაღლეზე აჰყავს - ოღონდ, ის ბედნიერი სიმაღლეში 1,85 მეტრზე მეტი არ უნდა იყოს. ცხადია, რომ ამ ყველაფრის მოსმენისა და მით უმეტეს გამოცდის შემდეგ, ”მაიბახი” აღარავის მოენატრება.

ყოველ შემთხვევაში, ამ კრიტერიუმში ”S-კლასს” კონკურენტი არ ჰყავს. მართალია, უკანა სავარძლების ვარირება BMW-სა და Porsche-შიც შესაძლებელია, მაგრამ წამოწოლას ვერცერთში ვერ მოახერხებთ. ამ მხრივ, მდიდრულ კლასში ”მერსედესი” შეუდარებელია.

დამუშავება: აი, სად გაუჭირდა მერსედესს!

სამაგიეროდ, შტუტგარტელებს ”S-კლასის” კოკპიტის გაფორმება არცისე კარგად გამოუვიდათ. უდიდესი ეკრანი პირველი შეხედვით ფუტურისტულად გამოიყურება და მისი მომსახურება თვით iPad-ის გურუებისთვისაც კი არ არის ინტუიციური - ”მერსედესი” ბევრ ფუნქციას ქვემენიუებში მალავს, რომელთა ჩართვა და გამოყენება მენიუში შემოვლითი გზების გავლის შემდეგაა შესაძლებელი.

სამაგიეროდ, ფეოდალური ამბიცია ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს: დიზაინერებმა ”S-კლასში” რომბის ფორმით დაბეჭდილი ტყავი გამოიყენეს და ინტერიერი ნამდვილად ბრწყინავს. სამაგიეროდ, ”ბენცი” დამუშავებაში მოულოდნელ სისუსტეებს ავლენს: მაჩვენებელთა დაფა უსიამოვნოდ რახრახებს, დიდი პანორამული ჭერი კი უსწორმასწორო გზებზე შრიალა ხმებს გამოსცემს.

Auto Bild
Mercedes: ფუტურისტული გარემო, არც მთლად სრულყოფილი დამუშავება და რთულად შესაჩვევი მომსახურება

S-კლასის მომსახურება რთულია
შტუტგარტელებმა ახალ ”S-კლასში” კოკპიტი დაალაგეს და ახლა უფრო ნაკლები ღილაკია, თუმცა რაღაც-რაღაცები, არცთუ უმნიშვნელო დეტალები გამორჩათ

- ისეთი ფუნქციები, რომლების მგზავრობის დროსაც უნდა გამოვიყენოთ (მაგალითად წინა სავარძლების მასაჟი, საზურგის ბალიშის პოზიციონირება) მენიუს ქვეგანყოფილებებშია დამალული.
- ცენტრალური კომანდ-ღილაკის მოხმარება ყოველთვის ინტუიციურად ვერ ხერხდება, რადგან ხან უნდა დაატრიალო, ხან დააჭირო, ხან გარკვეული მიმართულებით (წინ, უკან, გვერძე) უნდა გასწიო და გამოსწიო.
- BMW-ს ”მეშვიდე სერიისგან” განსხვავებით, ”S-კლასს” თავისი მძღოლი ინტერნეტში არა ინტეგრირებული ბარათით, არამედ სმარტფონის მეშვეობით შეჰყავს. ეს კი ყველა თანამედროვე მოდელით ვერ ხერხდება.
- ”S-კლასს” აკლია თაჩპადი, რომელიც Audi A8-ს და BMW-ს მეშვიდე სერიას აქვთ და რითაც ნავიგაციაში მისამართების შეყვანა ყურადღების გაფანტვის გარეშე მოხერხდებოდა. კონკურენტებისგან განსხვავებით, ”S-კლასში” არ არის Head-up-Display-ც (აუცილებელი ინფორმაცია საქარე მიონაზე).


ეს ყველაფერი კონკურენტებს ისევე კარგად შეუძლიათ, ან უკეთესადაც კი, რაც განსაკუთრებით ”პორშეზე” ითქმის. ”პანამერა” იდეალური დამუშავებითა და მასალების განსაკუთრებული შერჩევით გვაოცებს. მას მხოლოდ მომსახურებას თუ გავუკრიტიკებთ - ცენტრალურ კონსოლზე ჩამწკრივებულ ჩამრთველებს შეჩვევა სჭირდება.

Auto Bild
Porsche: დამუშავება შესანიშნავია, მომსახურების შეჩვევას კი დრო სჭირდება - ბევრი ღილაკი ცენტრალურ კონსოლზე

სწორედ ამ კუთხით მოგვწონს BMW. ”მეშვიდე სერიის” iDrive ამ სამეულში ყველაზე მწიფეა. სხვადასხვა ფუნქციების გამოძახება მარტივად და სწრაფად, ისე ხდება, რომ გზიდან თვალის მოშორება ნაკლებად გვიწევს, ვიდრე ”მერსედესში” ან ”პორშეში”. მასალების შერჩევა და დამუშავება ”მეშვიდე სერიაში” კარგია, თუმცა დეტალების გაუმჯობესება კიდევ შეიძლებოდა.

Auto Bild
BMW: ინტუიციური მომსახურება iDrive-ის დამსახურებაა. იდეალური ინტერნეტკავშირი, დამუშავება და მასალების ხარისხი მაღალ ფასს შეესაბამება

S-კლასის კამერებიანი სავალი ნაწილი მოკლე უსწორმასწორობებზე სისუსტეებს ავლენს

”მერსედესის” შეფების თქმით, ახალმა ”S-კლასმა” ყველაზე დიდი პროგრესი სავალი ნაწილის კონსტრუქციაში განიცადა. ”მერსედესის” ინჟინრებმა ცნობილი აქტიური სავალი ნაწილი ABC (Active Body Control) სტერეო-კამერით აღჭურვეს, რომელმაც გზის საფარი უნდა აღიქვას და დაკიდება წინასწარ უნდა შეუსაბამოს.
თეორიაში ეს ყველაფერი შესანიშნავად ჟღერს, პრაქტიკაში კი სრულყოფილი ნამდვილად არ ეთქმის. ორივე მხრიდან მცირე დარტყმები, ორმოები და ზოგადად გზის მშენებელთა შეცდომები სალონში იმაზე მეტად იგრძნობა, ვიდრე ამდენი დაპირების ფონზე უნდა იგრძნობოდეს. გრძელ ტალღებზე კი ”S-კლასის” სავალი ნაწილი მართლაც გამორჩეულად კარგია.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მოკლე დარტყმებს BMW ”მერსედესზე” უკეთ უმკლავდება, ხოლო უხეშ უსწომასწორობებზე კი ორივე ერთნაირად კომფორტულია.
მიუხედავად ახალი სავალი ნაწილისა და გრძელი ბაზისა, ”პანამერა” დაკიდების კომფორტით BMW-სთან და ”მერსედესთან” ახლოს ვერ მიდის. ”პორშეს” ინჟინრებმა დაკიდება მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს, მაგრამ BMW-ს მაღალ დონეს მაინც ვერ მიაღწიეს. თუმცა ეს პრობლემა არ არის - განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც ”პანამერას” შესანიშნავი სვლის თავისებურებებისა და თითქმის სპორტული მანევრულობის შესახებ ყველაფერი ცნობილია. ”პორშე” მოსახვევებში დაბალანსებულად შედის და თვით ზღვარზეც კი არ ყვება პროვოკაციას. BMW და ”მერსედესი” უფრო მყუდროდ დადიან. არასაკმარისმა ტრაქციამ სვლის თავისებურებებში ”S-კლასს” ქულები დააკარგვინა. BMW უკეთესია, ”პორშე პანამერა” კი, სრული ამძრაობით - საუკეთესო.

Auto Bild
S-კლასი გზის საფარს 15 მეტრის დისტანციაზე აღიქვამს და სავალ ნაწილს შეუსაბამებს

ტექნიკა: როგორ ფუნქციონირებს S-კლასის სავალი ნაწილი

”მერსედესი” ერთადერთი მწამროებელია, რომელიც ლუქს-კლასში აქტიურ სავალ ნაწილს გვთავაზობს. დაკიდების ”ოთხივე ფეხს” შეუძლია სხვადასხვა მოძრაობების დაბალანსება და გაწონასწორება - ეს განსაკუთრებით კარგია გრძელტალღებიან გზაზე და მოსახვევებში. ახალ ”S-კლასში” ”მერსედესი” პირველად გვთავაზობს წინამორბედი მოდელიდან ნაცნობი სისტემის კომბინაციას სტერეოკამერასთან, რომელიც გზის უსწორმასწორობებს 15 მეტრის დისტანციაზე აღიქვამს. ამის შემდეგ, მიკროპროცესოწრები სავალ ნაწილს გზას შეუსაბამებენ. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ 130 კმ/სთ სისწრაფემდე და მხოლოდ დღისით ფუნქციონირებს. რაკი ”მერსედესი” იძულებული გახდა, რომ პნევმატურ დაკიდებაზე უარი ეთქვა, სავან ნაწილს შესაბამისი ნაკლოვანებები გაუჩნდა: შედეგად, საკიდარები მოკლე დარტყმებზე (რაც ქალაქში ხშირია) ისე ვეღარ რეაგირებენ, როგორც სასურველი იქნებოდა. კამერიანი აქტიური სავალი ნაწილი 5 057 ევრო და 50 ცენტი ღირს...
Auto Bild
S-კლასის ტესტი ღამით: სიბნელეში აქტიური სავალი ნაწილიც ბრმავდება

S-კლასის ავტომატიკა მოძველებულია, მეშვიდე სერიის 8-საფეხურიანი კოლოფი - საუკეთესო

ის ფაქტი, რომ ახალი ”S-კლასი” არცისე ახალია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, პირველ რიგში მის ამძრაობას ეტყობა. იმ დროს, როცა მისი 8-ცილინდრიანი Biturbo BMW-ს ძრავის სიმაღლეზეა, 7-საფეხურიანი ავტომატიკა, BMW-სთან შედარებით, ”S-კლასის” ნაკლად უნდა მივიჩნიოთ. ”ბენცის” მოძველებული კოლოფი ყოველდღიურ ხმარებაში გადართვების გრძელი პაუზებით ხელს გვიშლის და არც აჩქარების დროსაა ისეთი ეფექტური, როგორიც BMW-ს ტრანსმისია.
როგორი უნდა იყოს ამ კლასში გადაცემათა კოლოფი, ამის საუკეთესო მაგალითი BMW-ს 8-საფეხურიანი ავტომატიკაა, რომელიც სასიამოვნოდ უხმაურო 8-ცილინდრიან აგრეგატთან გენიალურ დუეტს ქმნის. უსწრაფესი და თითქმის შეუმჩნეველი გადართვები BMW-ს ამძრაობის სრულყოფილ კომფორტს ანიჭებს. ამავდროულად, ”მეშვიდე სერიის” ძრავა ძალიან ძლიერია. 450 ცხენის ძალის დროს, 650-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტი იმის გარანტიას იძლევა, რომ მარჯვენა ფეხის მცირეოდენი წათამაშებაც საკმარისია იმისათვის, რომ 250 კმ/სთ-მდე ნებისმიერი სისწრაფე ცოტაოდენ წამებში განავითარო. თანაც, ეს პროცესი უხმაურო და მოხდენილია.

”პორშე” ამ შედარებაში 6-ცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი ერთადერთი ავტომობილია, თუმცა ეს სრულიად ახალი კონსტრუქციაა, რომელიც სერიულადაა კომბინირებული 7-საფეხურიან ორმაგი შეჭიდების კოლოფთან. მდიდრული ლიგისთვის ეს უჩვეულო კომბინაცია ყოველდღიურობაში შესანიშნავად ფუნქციონირებს - მიუხედავად იმისა, რომ 6-ცილინდრიანის ხმა ორივე კონკურენტზე მაღალია. შედარებით მცირელიტრაჟიანი ძრავის პლუსი ყველაზე უკეთ ბენზინგასამართ სადგურზე გამოჩნდება: ”პანამერამ” ტესტების დროს 100 კილომეტრზე საშუალოდ 11,2 ლიტრი საწვავი მოიხმარა და BMW-ზე ნახევარი ლიტრით ეკონომიური იყო.

Auto Bild
ასე მოთავსდება შეფი: უკან ჯდომის კომფორტი ”S-კლასში” შედარებელია, თუმცა ეს სიამოვნება ძალიან ძვირიცაა - გადახედეთ დამატებითი ოპციების ფასებს: Executive-სავარძელი: 1130,50 ევრო ≥ პირადი მძღოლის პაკეტი: 1011,50 ევრო ≥ უკანა სავარძლების ელ. რეგულირება: 1785 ევრო ≥ პირველი კლასი უკან (ორი ცალკეული სავარძელი უკან ცენტრალური კონსოლით, სასმელების გაგრილებისა და გაცხელების ფუნქცია, ორი USB-პორტი und 12-ვოლტიანი როზეტი): 1368,50 ევრო ≥ ჯამში: 5295,50 ევრო

Auto Bild
ბევრი სივრცე და რბილი, ღრმად ჩადგმული სავარძლები BMW-ში

Auto Bild
ჯდომის სპორტული პოზიცია ”პორშეში”: დიდი სივრცე მუხლებისთვის, ნაკლები ადგილი თავის ზემოთ

გრძელი პანამერა უსირცხვილოდ ძვირია, BMW-ს შვიდიანი კი - ყველაზე იაფი

ლუქს-კლასში ფასდაკლებებს და ზონდერ-შემოთავაზებებს რომ არ უნდა ველოდოთ, ეს ყველამ იცის - სამივე სატესტო ავტომობილის ფასი 100 000 ევროზე მეტია. ყველაზე იაფი BMW-ს ”მეშვიდე სერიაა”, რომლის ეს ვერსია 111 900 ევრო ღირს, რაც იმას ნჳშნავს, რომ ”S-კლასზე” 14 000 ევროთი იაფია და გრძელ ”პანამერაზე” მთელი 40 000 (!) ევროთი ნაკლები ღირს. ამ ყველაფერს ემატება ერთი ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ამბავი - BMW ამ მოდელის შემთხვევაში 100 000 კილომეტრის გავლამდე უფასო მომსახურებას გვთავაზობს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, BMW-ს ”მეშვიდე სერიამ” ჩვენს შედარებაში ”მერსედესის” ახალი ”S-კლასი” დაამარცხა, რომელიც მხოლოდ მეორე ადგილზე გავიდა. შტუტგარტელთა ახალი ფლაგმანი, რა თქმა უნდა, კარგი და წინამორბედ მოდელზე უკეთესი ავტომობილია, მაგრამ მოულოდნელი სისუსტეები მაინცმდამაინც ისეთ კრიტერიუმებში გამოავლინა, ”მერსედესს” რომ არ ეკადრება და საბოლოო ჯამში, სწორედ BMW-სთან დამარცხდა.


კომენტარი
ბევრმა მცდელობამ ბევრი არაფერი მოიტანა!

Auto Bildრა ემართება ”მერსედესს”? ადრე, დაიმლერში ბევრს არ ლაპარაკობდნენ, მაგრამ დახურულს კარს მიღმა ისეთ ტექნიკას ქმნიდნენ, ვერცერთი კონკურენტი რომ ვერ შეედრებოდა. როგორც ჩანს, ეგ დრო წარსულს ჩაბარდა. დღეს დაიმლერის PR-სტრატეგები ახალ ”S-კლასს” Magic Body Control-ით გვაწონებენ და ფაქტობრივად გვეუბნებიან, ”მფრინავი ხალიჩააო”, მაგრამ ქუჩაში ეს ძვირადღირებული სისტემა ვერ გვარწმუნებს იმაში, რომ მარკეტინგულ ტრიუკზე იმდენად მერია, რომ მასში ამდენი ფულის გადახდა ღირდეს. ლუქს-კლასში ყველაზე მთავარი დაკიდების კომფორტია და ”ბენცის” Hightech-სავალმა ნაწილმა სწორედ აქ გაგვიცრუა იმედები. ახალი ”S-კლასი” ორმოებს ისე გრძნობს, რომ მისი ჩახუჭუჭებული ტექნიკით აღჭურვილ სავალ ნაწილში დამატებით ამდენი ფულის გადახდის იდეა არ მოგვწონს. BMW-ს ”მეშვიდე სერია” უფრო რბილად დადის - თანაც, ყოველგვარი წინასწარი დაპირებებისა და მარკეტინგის განყოფილების ზედმეტი ჭმუნვის გარეშე.
შტეფან ფოსვინკელი



სიამოვნების ფაქტორი
აქ საქმე ეხება გემოვნებას, შედეგი არ შედის საერთო შეფასებაში


Auto Bild
”შეფი მოდის!” - იტყვიან ყველგან, სადაც Mercedes ”S-კლასი” გამოჩნდება. უფრო სწორად, უნდა თქვან: ”შეფი მოჰყავთ!” ვისაც პირადი მძღოლი ჰყავს, მისთვის ”S-კლასი” უკან ჯდომის შესანიშნავი კომფორტით იდეალური ავტომობილია. აღსანიშნავია, რომ ”S-კლასის” დიზაინი ევროპულ გემოვნებას ისე არ აკმაყოფილებს, როგორც საჭიროა. ამ მხრივ, BMW-ს გაცილებით უკეთესი, ევროპული სტილი აქვს. ზოგადად, BMW-ს ”მეშვიდე სერია” კომფორტულობისა და სპორტულობის საუკეთესო კომპრომისს გვთავაზობს - ამ შედარებაში საუკეთესო დაკიდება აქვს. მისი 8-ცილინდრიანი ძრავისა და უსწრაფესი, კომფორტული ავტომატიკის კომბინაციაც სრულყოფილია. ამ მხრივ, ”პორშე” თავისი 6-ცილინდრიანი აგრეგატით მასთან ახლოს ვერ მიდის - მიუხედავად იმისა, რომ ”პანამერას” გრანდიოზული PDK აქვს. სამაგიეროდ, ”პანამერა” უფრო მოქნილი და მანევრულია. აღარაფერს ვამბობთ ”პორშეს” ტოპ-იმიჯზე.

მოგვწერეთ თქვენი მოსაზრებები ელ. ფოსტით (autobild@palitra.ge) ან ფეისბუქზე (www.facebook.com/autobildgeorgia)

Auto Bild

Auto Bild

პოდიუმი

1. BMW 750Li - 533 ქულა
BMW ”მეშვიდე სერიას” კარგად უვლის: ეს ავტომობილი დაკიდების საუკეთესო კომფორტით გამოირჩევა, მისი ამძრაობა კი თითქმის სრულყოფილია. BMW-მ სწორედ ამიტომ და კიდევ ამ სამეულში ყველაზე დაბალი ფასის გამო მოიგო.

2. Mercedes S 500 long - 520 ქულა
ორი აზრი არ არსებობს: ახალი ”S-კლასი” ძალიან კარგი და წინამორბედ მოდელზე უკეთესი ავტომობილია. თუმცა ეს შედარება მაინც ვერ მოიგო, რაც მისი დაკიდების კომფორტის, მოძველებული ავტომატიკისა და მაღალი ფასის ბრალია.

3. Porsche Panamera 4S Executive - 485 ქულა
”პორშე” თავის ბრტყელი ძარითა და სპორტული სვლით ლუქს-კლასის ჩარჩოებს სცდება. ამიტომაც ღირს ასე ძვირი.

დასკვნა
ახალი ”S-კლასის” შედარება ”მერსედესისთვის” მოულოდნელი შედეგით დამთავრდა: ის არ არის საუკეთესო ავტომობილი, რადგან BMW-ს ”მეშვიდე სერიასთან” მცირე ჩამორჩენით დამარცხდა - წააგო, როგორც მონაცემების, ისე ხარჯების შეფასებებში. ეს იმის ბრალია, რომ ”ბენცმა” სისუსტეები მაინცდამაინც ”მერსედესისთვის” საიმიჯო კრიტერიუმებში გამოავლინა: თანამედროვე და კამერებით აღჭურვილი სავალი ნაწილი მოკლე უსწორმასწორობებს ვერ უმკლავდება ისეთი კომფორტით, როგორსაც გვპირდებოდნენ, მისი 7-საფეხურიანი ავტომატიკა მოძველებულია, ხოლო დამუშავებაში კი დეტალები არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორსაც ”მერსედესისგან” ვართ მიჩვეულები. თუმცა შტუტგარტელები გაუმჯობესებას გვპირდებიან: ”მერსედესმა” უკვე შეიმუშავა ახალი, 9-საფეხურიანი ავტომატიკა. BMW უფრო სრულყოფილია. განსაკუთრებიტ მისი უხმაურო 8-ცილინდრიანი ძრავა და შესანიშნავი, უსწრაფესი 8-საფეხურიანი ავტომატიკა მოგვწონს. მცირეოდენ უსწორმასწორობებზე კი ის უფრო ელეგანტურად დადის, ვიდრე ”S-კლასი” და ამისათვის კამერებიც არ სჭირდება. რაც შეეხება ”პორშეს”: ”პანამერა” ზედმეტად მძაფრია იმისათვის, რომ შედარება მოიგოს. ამ სამეულში ის ერთადერთია, რომელსაც 6-ცილინდრიანი აგერეგატი აქვს, გენიალური PDK კი სპორტული ავტობილის ნიჭს უნერგავს. სამწუხაროდ, ეს სიამოვნება იმდენად ძვირია, რომ ”პანამერა” მესამე ადგილზე გავიდა.
შტეფან ფოსვინკელი
Auto Bild


facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
article image
Cat Image
ეკონომიური მაზერატი
2014-06-26 08:43:12
როგორია MASERATI QUATTROPORTE დიზელის ძრავით?
სრულად
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
"პუტინ, ხუილო!" სტადიონზე 60 ათასი ფანის შესრულებით - "შპარგალკა" ქართველ გულშემატკივრებს (+VIDEO)
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
ბრაზილიელი ჯადოქარი გერმანიის ნაკრების დაწყევლას აპირებს
2 სანტიმეტრიც და ხეიბრად დარჩებოდა - რას გადაურჩა ნეიმარი
სხვა სიახლეები
მოდა MADE IN GERMANY: პორშე მაკანი და BMW X4
07.05.2014
მაინც რით იზიდავენ ეს SUV-ები მასებს ასე ძალიან? ორივე თითქმის ერთნაირი ზომისაა, ორივე მძლავრია და ორივეს მარკის უძლიერესი იმიჯი უმაგრებს ზურგს.
სრულად
პორშემ ეს გზა აირჩია!
28.03.2014
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
მერსედესი, BMW, თუ აუდი?
26.02.2014
ახალი Mercedes C-კლასის პირველი სტატიკური შედარება BMW-ს მესამე სერიასთან და Audi A4-თან: რა სარგებლობა მოაქვს ახალ ტექნიკას?
სრულად
საქართველოში ბენზინის ფასი არაადეკვატურად გაიზარდა?
10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში
დამუხრუჭებული ავტობიზნესი
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 21°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
სასწრაფოდ იყიდება ფოლკსვაგენ გოლფ 3
Mercedes E320
იყიდება
Mercedes ML350