TUV Rheinland Group-ის დელეგაციამ საქართველოში პირველი ვიზიტი შეაჯამა
შსს-ს მომსახურების სააგენტომ ტექნიკური უსაფრთხოებისა და სერთიფიცირების სფეროში საერთაშორისო კომპანია TUV Rheinland Group-ის დელეგაციას უმასპინძლა და შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა მოლაპარაკების შედეგები საზოგადოებას გააცნეს.
როგორც მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ოთარ დანელიამ განაცხადა, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ფასი მსუბუქი ავტომობილებისთვის 48 ლარს არ აღემატება. კომპანია საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობის სავალდებულო, პერიოდულ ტესტირებას განახორციელებს. საერთაშორისო კომპანია TUV Rheinland Group-ის დელეგაციის წევრებმა ქართულ მხარესთან ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გზისთვის ვარგისობაზე პერიოდული ტესტირების სისტემის შემოღების მოსალოდნელ და სასურველ შედეგებსა და ასევე, სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.
”TUV Rheinland Group 140 წლის წინათ დაარსდა. ეს არის საერთაშორისო კომპანია ტექნიკური უსაფრთხოებისა და სერთიფიცირების სფეროში. ჩვენი ძირითადი საქმიანობა ავტომობილების ტექნიკური და ზოგადად საგზაო უსაფრთხოებაა. საგზაო უსაფრთხოება შედგება სამი კომპონენტისგან - ესენია: განათლებული მძღოლი, გზის კარგი მდგომარეობა და გამართული ავტომანქანა. თუკი ამ სამი კომპონენტიდან რომელიმე კარგად არ მუშაობს, ფატალური შემთხვევების შანსი იზრდება. ყოველი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ადამიანი უაზროდ დაკარგული სიცოცხლეა. ჩვენი მიზანია, გავუმკლავდეთ, აღმოვფხვრათ და შევამციროთ გზებზე ფატალური შედეგებით დასრულებული საგზაო შემთხვევები,” - განაცხადა TUV Rheinland Group-ის მთავარმა სპეციალისტმა საერთაშორისო საკითხებში, დოქტორმა ჰაიმან ნოცელმა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს და შეთანხმდნენ პერიოდული ტესტირების შემოღების ძირითად პრინციპებზე. მათ იმ მოთხოვნებზეც ისაუბრეს, რომლებიც აღნიშნული მომსახურების საქართველოში დანერგვისთვისაა აუცილებელი. ტექნიკური უსაფრთხოებისა და სერთიფიცირების სფეროში საერთაშორისო კომპანიის დელეგაციის წევრებმა მიმდინარე კვირაში მომსახურების სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და აკრედიტაციის ცენტრის წარმომადგენლებთან რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე პერიოდული ტესტირების პროექტის განსახორციელებელად დეტალები განიხილეს.
გერმანული კომპანია TUV Rheinland Group-ი 1872 წელს დაარსდა და დღეს ტექნიკური უსაფრთხოებისა და სერთიფიცირების სფეროში მსოფლიოს 65 ქვეყანაში ლიდერობს და მისი წლიური ბრუნვა არის 1,6 მილიარდი ევრო. კომპანიას მინიჭებული აქვს უმაღლესი ხარისხის ნიშანი ისეთ მომსახურებებში, როგორებიცაა: ავტომობილების რეგისტრირება, მართვის მოწმობების დამზადება და სხვა მომსახურებები.