როგორი იქნება პატრულის ახალი მანქანა? (+20 ფოტო)
09.02.2014
სპეციალურად პოლიციისთვის შექმნილი ავტომობილი: Ford Interceptor-ის ექსკლუზიური ტესტი და შედარება Skoda Octavia-სთან

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ასეთ ავტომობილში მოხვედრის მხოლოდ ორი გზა არსებობდა: ამისათვის ან პოლიციის თანამშრომელი უნდა ყოფილიყავი, ანაც დანაშაული უნდა ჩაგედინა. არადა თურმე მესამე გზაც არსებობს და ეს გზა ჟურნალი AUTO BILD-ია! შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვმართა თხოვნით, გაგვეტესტა ავტომობილი, რომელიც, შესაძლოა, ქართული პოლიციის ბოლიდი გახდეს და Skoda Octavia ჩაანაცვლოს. ჩვენ კი ასეთ თხოვნებს უდიდესი სიამოვნებით ვასრულებთ ხოლმე!

Auto Bild

იმ დღეს, როცა ტესტი შემოგვთავაზეს, ინტერნეტში უკვე გავრცელებული იყო რამდენიმე ფოტო წარწერით - ”როგორ მოგწონთ ახალი საპატრულო მანქანა?” თუმცა, როგორც შსს-ში გვითხრეს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ჩაანაცვლებს თუ არა ”შკოდა ოქტავიას” კონკრეტულად ეს ავტომობილი. სამინისტროში სხვა ვარიანტებსაც განიხილავენ, იდეა ჯერ მხოლოდ ტესტის რეჟიმშია და ტესტის რეჟიმში ვიყავით ჩვენც, როცა ამერიკიდან ჩამოყვანილი ათლეტური სედანი მთელი დღის განმავლობაში ჩვენს განკარგულებაში იყო. ერთი დღით დაგვითმეს პატრულის ”შკოდა ოქტავიაც” და, ამრიგად, ექსკლუზიურ ტესტთან ერთად, გარკვეულწილად, შედარებაც გამოგვივიდა. მადლობა სამინისტროს ასეთი შესაძლებლობისთვის, ნდობისთვის და, რა თქმა უნდა, იმისთვისაც, რომ AUTO BILD-ის კომპეტენტური აზრი მათთვის მნიშვნელოვანია.

ახლა კი დროა, მთავარი გმირი გაგაცნოთ. მაშ ასე, გაიცანით: სპეციალურად პოლიციის სამსახურისთვის შექმნილი, მაღალი გამძლეობის, და სრული ამძრაობის მქონე ამერიკული სედანი Ford Interceptor, რომელიც ათწლეულებია, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის პოლიციას ემსახურება. ეს არის ავტომობილი, რომელსაც პოლიციის გარდა ვერავინ შეიძენს და რომელიც სპეციალური, მაღალი გამძლეობისა და პოლიციის ეკიპაჟებისთვის სრულყოფილი უსაფრთხოების კომპლექტაციით იწარმოება - მანქანა, რომელშიც გათვლილია ყველაფერი, რაც პოლიციის თანამშრომელს პატრულირებისთვის, ოპერატიული რეაგირებისთვის და სხვადასხვა მოვალეობების შესასრულებლად სჭირდება.



როგორც კი ავტომობილები გადმოგვცეს, ჯერ ხეირიანად შეთვალიერებულიც კი არ გვქონდა, რომ მაშინვე მივხვდით: რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავცლოდით ქალაქს, რადგან Interceptor მაშინვე ხალხის ყურადღების ცენტრში მოექცა. ავტომობილის დიზაინი იმდენად მძაფრი, ათლეტური და მიმზიდველია, რომ არც ერთ გამვლელს არ დარჩა შეუმჩნეველი. მანქანები ჩერდებოდნენ, ხალხი გაფართოებული თვალებით აკვირდებოდა ქართული ავტოპარკისთვის ამ უკიდურესად უცხო ხილს. დაგვაყარეს კითხვები და ცხადი გახდა, რომ თუ სასწრაფოდ ქალაქიდან არ გავიდოდით, მთელი დღე ხალხის ლოგიკური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში გავიდოდა.



შესაბამისად, Interceptor-ის დეტალური დათვალიერება მაშინვე გადავდეთ და სასწრაფოდ დავიძარით. პოლიციის ”ფორდმა” გზაში კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია - მანქანები ესკორტივით მიგვაცილებდნენ, გვათვალიერებდნენ, ფოტოებს გვიღებდნენ, ცერა თითებს გვიჩვენებდნენ. უკნიდან, გვერდებიდან, წინიდან - ყველა მხრიდან ბლოკირებულები ვიყავით და სისწრაფესაც ვეღარ ვუმატებდით. ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა ფანჯრიდან თავი რომ გადმოყო და ღიმილით მოგვაძახა, თანახმა ვარ, დამაპატიმროთო, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა - როგორც იქნა, გავთავისუფლდით და წავედით...

ჭკვიანი სრული ამძრაობა

ჩვენთან არც ისე ადვილია ისეთი ადგილის პოვნა, რომელიც ამგვარი ტესტისთვის შესაფერისი ფოტოსესიისთვისაც გამოდგება და მოძრაობაც არ იქნება. იმისათვის, რომ მაქსიმალურ სიმშვიდეში მუშაობის საშუალება მოგვცემოდა, თბილისის შემოვლით გზას მივაშურეთ, სადაც მართლაც აღმოვაჩინეთ წყნარი ადგილი - ოღონდ არა გზაზე, არამედ გზისპირა ფერდობზე.



Ford Interceptor სრული ამძრაობით აღჭურვილი ავტომობილია, ანუ 4x4 და უფრო დეტალურად რომ განვმარტოთ, მუდმივი AWD. თანაც საკმაოდ მაღალი კლირენსი აქვს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ უგზოობის გარკვეულ პირობებშიც უნდა გამოდგეს. ფერდობზე ”შკოდაც” უპრობლემოდ ამოვიდა, თუმცა ჩვენ Interceptor-ით სედანისთვის მაქსიმალურად რთული მარშრუტი ავირჩიეთ და მაინც უპრობლემოდ ავედით. Interceptor-ს დამოუკიდებელი წინა საკიდარი აქვს - წინა და უკანა სტაბილიზატორებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მთელი სიმძლავრის ერთი ბორბლისკენ მიმართვა შეუძლია, რაც, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ, სახელდობრ, თუ სამი ბორბალი მოყინულ გზაზე აღმოჩნდება და მხოლოდ ერთს ექნება ხეირიანი მოჭიდება, ავტომობილი ასეთი მდგომარეობიდან თავს დაიძვრენს!

დიზაინი და ინტერიერი

მაშ ასე: როგორც იქნა, განვმარტოვდით, Ford Interceptor და Skoda Octavia გვერდიგვერდ დავაყენეთ, დავიწყეთ დათვალიერება და დავსვით მთავარი კითხვა: არის თუ არა ”ფორდის” სპეცავტომობილი ისეთი მანქანა, რომელიც პოლიციის ეკიპაჟის მაქსიმალურ უსაფრთხოებასთან ერთად, დანაშაულის სწრაფ აღკვეთას და წესრიგის დაცვას მაქსიმალური კომფორტით უზრუნველყოფს?

Interceptor ”შკოდა ოქტავიაზე” გაცილებით აგრესიულად გამოიყურება და მარტო დიზაინით მოუწოდებს ყველას კანონმორჩილებისკენ. ”ოქტავია” ოჯახისთვის იდეალური და პრაქტიკული ავტომობილია, Interceptor კი სპეციალურად პოლიციისთვის შექმნილი ბოლიდი, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ”ფორდის” სპეცმობილს წინ გაძლიერებული ბამპერი აქვს, რაც არა მარტო ვიზუალური დეტალი, არამედ, პირველ რიგში, უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი დეტალია - ავტომობილის ჩარჩო 120 კმ/სთ-მდე სისწრაფით შეჯახებას უძლებს!



სპეციალური, მაღალი გამძლეობის, არასერიული საბურავები და დისკები ბორდიურზე სწრაფად ავარდნას უპრობლემოდ გაუძლებს. საბარგულის კარის გახსნა მხოლოდ გასაღებით, ან მძღოლის სამუშაო მაგიდიდანაა შესაძლებელი, რაც გამორიცხავს იმას, რომ სპეცოპერაციის დროს ვინმემ საბარგულის გახსნა შეძლოს - იქ ხომ ტექნიკა და იარაღი იქნება შენახული. საბარგულში არის სპეციალური, თუთიის ვარირებადი სათავსო თავისი გაგრილების სისტემით, რომელიც ტექნიკის გადახურებას გამორიცხავს.

ინტერიერში ჩაჯდომისთანავე იგრძნობა, რომ ”ფორდის” ინჟინრებს, ასევე მიჩიგანის შტატის პოლიციის დეპარტამენტისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებს ძალიან ბევრი უფიქრიათ იმაზე, რომ შერიფებს თავი მაქსიმალურად კომფორტულად ეგრძნოთ. მძღოლის, ან გვერდითა მგზავრის სავარძელზე ხელის შემშლელი ფაქტორები არ არსებობს - შეიარაღებული პოლიციელი აქ თავისუფლად მოთავსდება და საკმარისზე მეტი სივრცე ექნება. სავარძლები მაღალი გამძლეობის ნაჭრითაა შესრულებული, მძღოლის სავარძელი ექვსი მიმართულებით, ელექტრონულად რეგულირდება. აქვეა იდაყვის საყრდენიც. აი, შერიფის ასისტენტისთვის კი მხოლოდ ორი მიმართულებით და მექანიკურად რეგულირებადი სავარძელია განკუთვნილი. რაც ყველაზე მთავარია, წინა სავარძლების საზურგეები ჯავშნით არის დაცული და ეს ოფცია ავტომობილს სერიულად მოჰყვება. დამატებითი ოფციის სახით შესაძლებელია კარების ბრონირებაც...



ცენტრალური კონსოლი მაქსიმალურად მყარია და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. იმისათვის, რომ კონსოლზე რაციისთვის და პოლიციის ავტომობილისთვის აუცილებელი, ფუნქციური ღილაკებისთვის ადგილი გამოთავისუფლებულიყო, გადაცემათა კოლოფის ბერკეტი საჭის უკანაა ატანილი. აქვე ვთქვათ, რომ ტრანსმისია 6-საფეხურიანი ავტომატიკაა. მთლიანი კოკპიტი და კარის შიდა მხარე მაღალი ხარისხის, მაქსიმალურად გამძლე, მყარი მასალებითაა შესრულებული - ასეთი სალონის გაცვეთა ადვილი არ იქნება.



რეგულირებადი საჭე ”შკოდასგან” განსხვავებით, მულტიფუნქციურია: სწორედ საჭიდან რეგულირდება სიჩქარე და აუდიოსისტემა. ინსტრუმენტების დაფის თავზე სპეციალური, უნივერსალური სამაგრია დამონტაჟებული, რომელიც იდეალურია რადარისთვის ან პოლიციის სხვა აღჭურვილობებისთვის.



გადავინაცვლოთ უკან: ანუ იქ, სადაც დაკავებული პიროვნება უნდა აღმოჩნდეს. პირველი, რაც უნდა ვთქვათ ისაა, რომ არაა აუცილებელი Ford Interceptor-ის სალონის უკანა ნაწილში დაკავებულ პიროვნებას ვინმე მიუჯდეს. კარის დახურვის შემდეგ, ფაქტობრივად, წინასწარი დაკავების საკანში მოხვდები - ვერც კარს გააღებ, ვერც მინას ჩამოსწევ და პოლიციის ეკიპაჟისგან სპეციალური, მაღალი გამძლეობის გამჭვირვალე ბარიერით ხარ იზოლირებული. უკანა რიგის სავარძელი ვინილგადაკრულია და თუ დაისვარა (რაც პოლიციის ავტომობილის შემთხვევაში ხშირად ხდება), ადვილად გაიწმინდება. უკან, რა თქმა უნდა, არ არის არც კარის პანელები, არც ჯიბეები, დინამიკები ან ჭიქის დამჭერები. მოკლედ, აქ მოხვედრას არავის ვუსურვებთ!


Ford Interceptor-ის სალონის უკანა ნაწილში ვერც კარს გააღებ, ვერც მინას ჩამოსწევ და პოლიციის ეკიპაჟისგან სპეციალური, მაღალი გამძლეობის გამჭვირვალე ბარიერით ხარ იზოლირებული

რა ხდება ამ დროს ”შკოდა” ინტერიერში? ”ოქტავია” ოჯახისთვის, ანუ, ზოგადად, ცივილური მოხმარებისთვის შესანიშნავი ავტომობილია. ”ფოლკსვაგენის” კონცერნის შვილობილი ჩეხური ავტომწარმოებელი ამ მოდელის სახით თავის კლასში ერთ-ერთ ყველაზე პრაქტიკულ და ხელმისაწვდომ, ფასთან აბსოლუტურად შესაბამის სედანს ქმნის. ამ ავტომობილის შეძენას ნებისმიერ ოჯახს სიამოვნებით ვურჩევთ, აი, პოლიციის ეკიპაჟისთვის კი გარემო აქ კუსტარულადაა შექმნილი. მაგალითად, წინა მგზავრის ხალიჩების ქვეშ გადის რაციის, ხმოვანი სიგნალის და სხვა აღჭურვილობების გაყვანილობა. წინა და უკანა სავარძლებს შორის არ არსებობს არანაირი ბარიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაკავებულს უკან მარტო ვერ ჩასვამ. თანაც, შესაძლოა, ”შკოდაში” უკან ჯდომა ბევრისთვის წინ ჯდომაზე გაცილებით კომფორტული იყოს. პოლიციისთვის განკუთვნილი დამატებითი აღჭურვილობა აქ შემდეგაა დამონტაჟებული - მაშინ, როცა Ford Interceptor-ში ეს ყველაფერი ქარხნულადაა შესრულებული.





აღჭურვილობა

”ფორდის” სპეცავტომობილის დამატებითი აღჭურვილობებიდან, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს 220-ამპერიანი გარდამქმნელი და მაღალი გამძლეობის აკუმულატორი, რომელსაც მომსახურება არ სჭირდება. 220-ამპერიანი გენერატორი აკუმულატორს მუხტავს და დამატებითი ენერგიით კვებავს ავტომობილის მთელ ელექტროობას. შესაბამისად, როცა ყველა განათება ჩართულია, რაც პოლიციის ავტომობილის შემთხვევაში ძალიან ხშირად ხდება, აკუმულატორი სწრაფად აღარ დაჯდება. Ford Interceptor ასევე აღჭურვილია მაღალი გამძლეობის სამუხრუჭე დისკებითა და ხუნდების დამჭერით. აქვეა კრუიზკონტროლი, მუხრუჭების ჰიდრავლიკური დახმარების ფუნქცია, წინა და გვერდითა უსაფრთხოების ბალიშები, ABS, Tracion Control, პოსტავარიული განგაშის SOS-სისტემა და საბურავების წნევის მონიტორინგის სისტემა.



როგორ დადის?

...და აი, მივადექით ტესტის ალბათ მაინც ყველაზე საინტერესო ნაწილს: როგორ დადის Ford Interceptor? მისი ძრავა ”შკოდა ოქტავიას” აგრეგატზე (1.8 TSI) გაცილებით მძლავრი, 3,7-ლიტრიანია, სიმძლავრე კი არც მეტი, არც ნაკლები, 305 ცხენის ძალა გახლავთ. მიადგამ თუ არა მარჯვენა პედალს, ”ფორდი” წამიერად თითქოს ჩაისუნთქავს, მერე კი რაკეტასავით მიექანება! ჩვენ 230 კმ/სთ-ის განვითარება გავბედეთ და Interceptor ასეთ მაღალ სისწრაფეზეც კი მაქსიმალურად მყარ მოჭიდებას ინარჩუნებდა და ცხადი იყო, რომ მანქანას მეტიც შეეძლო. მოხვევა ამხელა სედანისთვის შეძლებისდაგვარად პირდაპირია, საჭის რეაქცია - აბსოლუტურად ადეკვატური.



გადაცემების გადართვა შეუმჩნევლად, დროულად ხდება და თუ არ ჩავთვლით თავდაპირველ, წამიერ ”ჩასუნთქვას”, პაუზა თითქმის არ არსებობს. გაძლიერებული სამუხრუჭე სისტემა სპეციალური დისკებითა და ხუნდების დამჭერებით თავის საქმეს მოსალოდნელზე უკეთესად აკეთებს. პოლიციის ავტომობილი დრამატულ რეჟიმშიც კი რეაქტიული უნდა იყოს და Ford Interceptor-ის შემთხვევაში ეს სწორედ ასეა. მოსახვევში შესვლისას ავტომობილის საპასუხო რეაქცია შესაბამისია. ასე რომ, მართალია, პოლიციას დღეს დევნა აღარ სჭირდება, მაგრამ თუ მაინც საჭირო იქნება, Interceptor-ს ტრასაზე მხოლოდ სუპერსპორტული ავტომობილი თუ გაასწრებს.



აღსანიშნავია, რომ მანევრირების მხრივ ”შკოდა ოქტავიასაც” არაფერი დაეწუნება, უბრალოდ, ”ფორდს” გაცილებით მძლავრი ძრავა აქვს, რაც აჩქარებისას საკმაო განსხვავებას იძლევა. ”ოქტავიას” ტურბინაც ეხმარება, მაგრამ საკითხავია, რამდენად გონივრულია ის, რომ პოლიციის ავტომობილი ტურბინიანი ძრავით იყოს აღჭურვილი? Turbo ძრავის სიცოცხლის ხანგრძლივობას ხომ მნიშვნელოვნად ამცირებს, პოლიციის ავტომობილები კი, ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმზე მუშაობენ. ამრიგად, ”ფორდი” სპეციალურად აძლევს რეკომენდაციას უტურბინო, მაგრამ უფრო მძლავრ აგრეგატს, რათა ძრავამ გაცილებით დიდხანს გაძლოს და სერვისზე დამატებითი თანხები არ დაიხარჯოს.

ტესტის ბოლოს ორივე ავტომობილი ქვემოდან დავათვალიერეთ. Ford Interceptor-ის იატაკი ქვემოდან ფოლადის დამცავებითაა დაცული, საკიდარის სპეციალური ბერკეტები აქვს და მუდმივი დატვირთვებისთვის ამტანი იქნება. ”შკოდას” იატაკის დამცავი კი პლასტმასისაა და ჩვეულებრივი, სერიული სავალი ნაწილითაა აღჭურვილი.

ამ ”ფორდს” ”შკოდასთან” შედარებით მხოლოდ ორი მინუსი შეიძლება ჰქონდეს: ფასი და საწვავის ხარჯი. Interceptor სპეციალურად პოლიციისთვის შექმნილი ავტომობილია და მარტო ამითაც მიხვდება კაცი, რომ ”ოქტავიაზე” ძვირია, ხოლო, რაც შეეხება საწვავის ხარჯს: ავტომატური კოლოფი და 3,7-ლიტრიანი ძრავა თავისას მოითხოვს. მანქანა ტესტირებისას ჯერ კიდევ გასახმარისების რეჟიმში იყო, ამ დროს საწვავის ხარჯი უფრო მეტია ხოლმე და არც ბორტკომპიუტერის ნდობა შეიძლება. ქარხნულ მონაცემებში ვკითხულობთ, რომ ამგვარად მოტორიზებული Interceptor ქალაქში 100 კილომეტრზე საშუალოდ 12,9 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ჩვენი ვარაუდით, რეალურ ცხოვრებაში ხარჯი ოდნავ მეტი იქნება და ”ფორდის” სპეცბოლიდი ქალაქში, აგრესიულად მართვისას, 14-14,5 ლიტრს მაინც ”გადაჰკრავს”.



აღსანიშნავია, რომ ხელმისაწვდომია 3.5, ან 2,0-ლიტრი მოცულობის შედარებით ეკონომიური, EcoBoost ძრავების მქონე ვერსიებიც. თუმცა ეს უკვე ტურბირებული აგრეგატებია, რომელთა ნაკლზეც ზემოთ ვისაუბრეთ და აქ მხოლოდ იმასღა დავძენთ, რომ მიჩიგანის შტატის პოლიციის კვლევითი ცენტრი სწორედ 3,7-ლიტრიან ატმოსფერულ ძრავას უწევს რეკომენდაციას, რადგან ეს უკანასკნელი უფრო გამძლეა. აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, Ford Interceptor-ის სერვისის ხარჯი საბოლოო ჯამში Skoda Octavia-ს სერვისის ხარჯზე ნაკლები უნდა იყოს.

დღის ბოლოს ყველანი ძალიან დაქანცულები ვიყავით, მხოლოდ ჩვენს ფოტოგრაფს არ ეტყობოდა დაღლა - მან ხომ ბავშვობის ოცნება აისრულა და ერთი დღის განმავლობაში თავი ამერიკელი შერიფის ასისტენტი ეგონა. Ford Interceptor-ით სეირნობას ჩვენც სიამოვნებით გავაგრძელებდით, მაგრამ უკვე ავტომობილების დაბრუნების დრო იყო. მანქანა ისეთი განწყობით ჩავაბარე, ბავშვობაში, საზაფხულო არდადეგების მიწურულს რომ მქონდა ხოლმე: ასეთ ავტომობილში მოხვედრის მესამე გზა ხომ ერთჯერადია - პოლიციის თანამშრომელი ჩემგან ნამდვილად აღარ გამოვა, Interceptor-ის სალონის უკანა ნაწილში არაჟურნალისტური მისიით მოხვედრას კი არავის ვუსურვებ...

დასკვნა
”შკოდა ოქტავია” ძალიან კარგი ავტომობილია, რომელსაც პირადი მოხმარებისთვის უდიდესი სიამოვნებით ვიყოლიებდი, მაგრამ როგორც პოლიციის ავტომობილი, Ford Interceptor გაცილებით უკეთესია. ეს არის სპეციალურად პოლიციისთვის შექმნილი მანქანა, უკეთესი უსაფრთხოებით, გამძლეობითა და ეკიპაჟის იდეალური კომფორტით. რაც შეეხება საწვავის ხარჯს: იმედია, ბენზინი გაიაფდება, მაგრამ რომც არ გაიაფდეს, ვფიქრობთ, ოფიცრების უსაფრთხოება შეუფასებელი უნდა იყოს. თანაც საწვავში გადახდილ თანხას იშვიათი სერვისი დაზოგავს და რაც შეეხება პოლიციის იმიჯს - ამ კუთხით Interceptor-ის უპირატესობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა.
შალვა ბუაჩიძე

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
BMW-ს ოქროს ჭრილი
2014-04-14 09:26:48
BMW-ს მეოთხე სერიის Gran Coupe-ს უკან მესამე სერია იმალება. ოღონდ, ეს უფრო ლამაზია! პირველი სტატიკური შედარება Audi A5 Sportback-თან და Mercedes CLA-სთან
სრულად
Cat Image
სტრიპტიზი სტრიპზე
2014-03-31 10:58:23
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
Cat Image
პორშემ ეს გზა აირჩია!
2014-03-28 06:21:47
ეს ამბავი კონცერნში უდავოდ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს: ”პორშემ” ახალი Macan-ით ”აუდის” Quattro-ამძრავი დაჩრდილა!
სრულად
როგორ ავიცილოთ თავიდან გაპარსვის შემდეგ კანის გაღიზიანება
საინტერესო იდეები სახლის მოწყობისთვის (+23 PHOTO)
როგორ დავკეცოთ პერანგი (+VIDEO)
"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ფიფას ჩინოვნიკთა მოსყიდვის საქმეში ფიგურირებს
PRO & CONTRA: კრიშტიანო რონალდო თუ ლიონელ მესი?
შვიდდღეული: დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს
სხვა სიახლეები
სტრიპტიზი სტრიპზე
31.03.2014
BMW-ს ახალი მეოთხე სერიის კაბრიოლეტით ლას ვეგასში
სრულად
ეს BMW ძალიან ხარბია!
20.03.2014
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ,
სრულად
Mercedes G 500: რა მსმელი, რა მჭამელი...
15.03.2014
ყველა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ღრმად ჩაძირავს აქსელერაციის სატერფულს, ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, რაც მაგრად მიადგამს გაზს, მით უფრო მეტ საწვავს მოიხმარს ავტომობილი. ჩვენ დავინტერესდით, რამდენ ლიტრ საწვავს ხარჯავს რამდენიმე ახალი მოდელი მაქსიმალური გაზის დროს და ვფიქრობთ, რომ ეს თქვენთვისაც საინტერესო იქნება
სრულად
ლი იაკოკა - წარმატების 6 გაკვეთილი მენეჯერების გურუსგან
5 წარმატებული ადამიანი, რომელიც თავიდანვე წარმატებული არ ყოფილა
შრომითი მიგრანტები: ინვესტორები თუ კონკურენტები?
ახალი ნომერი
თბილისი 14°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
ჰონდა ფიტი
იყიდება Mazda MPV
სუბარუ ფორესტერი
სასწრაფოდ იყიდება გოლფ 3.ავტომატიკა.