სტარტ-სტოპ ტექნოლოგია, ცილინდრების გათიშვა, ეგრეთ წოდებული Downsizing, მსუბუქი ძარა - რას აღარ აკეთებენ ავტომწარმოებლები იმისათვის, რომ თავიანთ მანქანებს საწვავის ხარჯი შეუმცირონ და ამას პრინციპში ახერხებენ კიდეც. ეკონომიურობის მხრივ დღესდღეობით ყველაზე მეტად დიზელის ძრავის მქონე კომპაქტური ავტომობილები გამოირჩევიან - მათი ხარჯი 100 კილომეტრზე 5 ლიტრს იშვიათად სცდება.
თუმცა, საწვავის ხარჯის ასეთი დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ იდეალური სვლით მიიღება და არა ნებისმიერ ვითარებაში. მაგალითად, თუ გინდა, რომ საწვავის იდეალურ ხარჯს მიაღწიო, სპიდომეტრის ისარი 120 კმ/სთ-ს არ უნდა ასცდეს და ასე შემდეგ, მაგრამ პრაქტიკაში ამ ყველაფრის განხორციელება ძნელია. რაც უფრო ხშირად უახლოვდება აქსელერაციის სატერფული იატაკს, მით უფრო უსირცხვილოდ მატულობს საწვავის ხარჯი. ეს განსაკუთრებით ავტობანს ეხება, სადაც ნებისმიერი გასწრება ძვირად გვიჯდება.

გარდა ამისა, ავტომწარმოებლები ყოველ ახალ მოდელს მაქსიმალურ სისწრაფეს უმატებენ: 200 კმ/სთ-ს დღეს უკვე კომპაქტური კლასის ავტომობილებიც კი ავითარებენ (საშუალო სიმძლავრის ძრავით), 300-კმ/სთ-იან ზღვარს კი უკვე მაღალი კლასის სედანებიც სცდებიან - მაგალითად, Jaguar XFR-S, რომელსაც 550 ცხენის ძალა აქვს და რომ არა სპეციალური ელექტრონული შეზღუდვა, 300-ზე მეტსაც განავითარებდა. ქარხნის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ბოლიდი 100 კილომეტრზე საშუალოდ 11,6 ლიტრი სუპერით უნდა დაკმაყოფილდეს. ამ დროს ყველამ იცის, რომ ”იაგუარს”, მით უმეტეს 550-ცხენისძალიანს, მაგრად უნდა მიადგა და თუ მიადგამ, 11,6 კი არა, 100 კილომეტრზე შეიძლება 20-ლიტრიანი ხარჯიც სანატრელი გაგიხდეს.
ერთი სიტყვით, გვინდოდა, გაგვერკვია, რამდენს წვავს ესა თუ ის ბოლიდი მაქსიმალური აჩქარებისას. ამიტომაც მოვაწყვეთ ტესტი, რომლის დევიზი მაქსიმალური აქსელერაცია, მერე საწვავის ჩამატება და იმის გამოთვლა იყო, თუ რამდენს წვავენ თანამედროვე მანქანები სინამდვილეში, მაქსიმალური დატვირთვისას. ტესტისთვის ათი მოდელი შევარჩიეთ და ტრეკზე ათივე მაქსიმალურად გავწურეთ. დავიწყოთ ყველაზე ხარბით:
შედარებისთვის: შედეგებში ვაქვეყნებთ როგორც საშუალო ხარჯს, რომელიც თითოეული ავტომობილის ქარხნულ მონაცემებშია მოცემული, ასევე ჩვენს მიერ გატესტილ და გამოთვლილ მაქსიმალურ ხარჯს მაქსიმალური აქსელერაციის დროს
Jaguar XFR-S: ეს იაგუარი თავადაზნაურსაც გააღარიბებს
სპიდომეტრის ისარმა ამ წამს 300-ს გადააჭარბა, უძლიერესი, 5-ლიტრიანი V8 ძრავა ისე ღრიალებს, გეგონება, გასკდება. ამ დროს თითქმის დამამშვიდებელია იმის ცოდნა, რომ ნერვიული XFR-S-ის ელექტრონიკა სისწრაფეს 300 კმ/სთ-ზე ზღუდავს და მანქანას მეტის საშუალებას აღარ აძლევს. მძლავრი ბრიტანული სედანი მსუბუქი პულსირებით აგრძელებს სვლას, მისი გადაცემათა კოლოფი კი ქიქდაუნის ბრძანებას აღარ ემორჩილება - 8 საფეხურიდან მეექვსეშია ჩარჩენილი. ბრუნების რაოდენობა ამ დროს შესაბამისად მაღალია: სადღაც 6100 ბრუნზე ისარს წითელ ზონამდე მხოლოდ მილიმეტრებიღა აშორებს. ეს ყველაფერი საწვავის ხარჯზე, რა თქმა უნდა, მტკივნეულად აისახება: მაქსიმალური აქსელერაციის დროს ძრავას საწვავიც უხვად მიეწოდება და ჩვენი საზომით, ეს ”იაგუარი” მაქსიმალური გაზით 100 კილომეტრზე 62,5 ლიტრ საწვავს ხვრეპს. შესაბამისად მაღალია გამონაბოლქვიც - ყველაზე მაღალი ამ ტესტში. ბორტკომპიუტერი ამ დროს ბენზინტუმბოზე ნაკლებად მუყაითად მუშაობს - სისწრაფეს ადექვატურად არ მიჰყვება და 100 კილომეტრზე ”მხოლოდ” 45,5 ლიტრს გვიწერს. შესაბამისად, ”იაგუარი” მაქსიმალური აქსელერაციით შორს ვერ წავა - ავზის გავსების შემდეგ მას სრული გაზით 112 კილომეტრის გავლა შეუძლია.
საწვავის მაქსიმალური ხარჯი: 62,5 ლიტრი 100 კმ-ზე
საწვავის საშუალო ხარჯი: 11,6 ლიტრი 100 კმ-ზე
მაქსიმალური სიჩქარე კმ/სთ: მოცემული - 300, გაზომილი - 302
საწვავის საშუალო ხარჯი: 11,6 ლიტრი 100 კმ-ზე
მაქსიმალური სიჩქარე კმ/სთ: მოცემული - 300, გაზომილი - 302
XFR-S აღჭურვილია 8-საფეხურიანი ავტომატიკით. 300 კმ/სთ ქიქდაუნის დროს, მეექვსე საფეხურით მიიღწევა