მიხაელ შუმახერის კომიდან გამოსვლის ალბათობა დღითიდღე მცირდება - როგორც იცით, უკვე სამი თვეა, რაც ფორმულა 1-ის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი კომაშია. თუმცა ლეგენდარული მრბოლელის ოჯახის წევრები იმედს არ კარგავენ: ბრიტანული გამოცემა ”დეილი მეილის” ცნობით, შუმის მეუღლეს, კორინა შუმახერს ჟენევის ტბის პირას მდებარე ვილის გადაკეთება უნდა, რათა შუმის მკურნალობა მის საკუთარ სახლში გაგრძელდეს.
12 მილიონი ევრო ვილის გადასაკეთებლად
ვილაში გაკეთდება სპეციალური ოთახი ყველა საჭირო სამედიცინო ტექნიკური აღჭურვილობით. ჩვენი ბრიტანელი კოლეგების ცნობით, კორინა შუმახერს ასეთი ოთახის მოწყობა 12 მილიონი ევრო დაუჯდება. შუმის ცოლს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია. უცნობია თარიღიც, თუ როდის გეგმავს კორინა მიხაელის სახლში გადაყვანას.

გამოვა კი შუმი ოდესმე კომიდან?
ზოგიერთი ექსპერტი ეჭვობს, რომ მიხაელი კომიდან აღარასოდეს გამოვა. შესაბამისად, ვრცელდება სპეკულაციები იმის შესახებ, რომ კორინამ ვილაში სპეციალური ოთახის მოწყობა სწორედ მას მერე გადაწყვიტა, რაც ექიმებმა უთხრეს, რომ მიხაელის კომიდან გამოსვლის შანსი მინიმუმამდე დავიდა. ცნობილია, რომ 29 დეკემბრის შემდეგ შუმახერმა წონის 25 პროცენტი დაკარგა.