რამდენ ვარსკვლავს იმსახურებს ეს ბენცი? (+ VIDEO)
12.05.2014
გაყიდვების თვალსაზრისით, C-კლასი მერსედესის უმთავრესი დასაყრდენია და შტუტგარტელებს იმედი აქვთ, რომ მომავალშიც ასე იქნება. რა შანსები აქვს ახალ C-კლასს? ამ კითხვაზე პასუხს მისი პირველი ტესტი გაგვცემს

გრძელი ცხვირი, განიერი პირი, დაჭიმული ნაოჭები გვერდებზე - ცხადია, ახალი ”C-კლასი” ბევრ საინტერესო სიახლეს გვთავაზობს, მაგრამ შეუძლია, მთლიანად ავტომობილს იმის შესრულება, რასაც მისი ვიზუალი გვპირდება? რაც უნდა იყოს, თვალისმომჭრელი ავტომობილები ისედაც ბევრია (მარტო თვით ”მერსედესს” რამდენი ჰყავს), მაგრამ დღეს, აქ და ახლა ჩვენ ყველანი უკვე მართლაც რაღაც გრანდიოზულს და სხვა მარკებისთვის მაგალითის მიმცემს ვითხოვთ. იმიტომ, რომ ”C-კლასი” ”მერსედესის” გულია. E, S და მათთან ერთად C - ეს ის ასოებია, რომელიც ამ მარკას საკუთარი მეს და იდენტურობის მაქსიმალურად შენარჩუნებაში რომ ეხმარებიან. და რაც ყველაზე მთავარია: ”მერსედესს” ყოველთვის მხოლოდ საუკეთესო უნდა.

Auto Bild
დიდი ”C-კლასი”: 8 სანტიმეტრით მეტი სიგრძე (ახლა თითქმის 4,7 მეტრი) და 6 სანტიმეტრით მეტი ბაზა (2,84 მეტრი). ასეთი ზომა ადრე ”E-კლასს” ჰქონდა

ზემოთ დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა მხოლოდ მანქანის მართვის შემდეგ შეიძლება და აი, როგორც იქნა, ამის დროც დადგა: მაშ ასე, პირველი გასვლა ახალი ”C-კლასით”, სამხრეთ საფრანგეთში. ჩვენს განკარგულებაში ორი მოდელია: C 250 და C 250 BlueTec, ანუ ბენზინი და დიზელი. ორივე ისეთი ვერსიაა, გაყიდვები მხოლოდ ივნისიდან რომ იწყება. მანამდე კი, ანუ მარტის შუა რიცხვებიდან სხვა, დაბალ-მოტორიზირებული ვერსიების გაყიდვები დაიწყო: C 180, C 200 და C 200 BlueTec.

ვფიქრობთ, პირველად სწორედ ამ ვერსიების გატესტვა იქნებოდა უპრიანი, მაგრამ არა უშავს - რაც უნდა იყოს, ჩვენ ხომ ერთ-ერთი საუკეთესო ვერსიის ტესტით ვიწყებთ, რომელიც მართლაც ბრწყინავს. „Elegance“ გუშინ იყო, ახლა კი კომპლექტაციის ამ ვარიანტს „Exclusive“ ეწოდება, რომელიც მიზანს ”მერსედესის” კლასიკური, დიდი ცხაურით და ბევრი ქრომით ამართლებს.

Auto Bild
კარგად შესრულებული კოკპიტი, ბევრი ხე, მეტალიზირებული მასალის ჩამრთველები. 8,4-დუიმიანი მონიტორი, ცენტრში პატარა კონსოლი თაჩპადით

ჩავჯდეთ და ღრმად ჩავისუნთქოთ, რადგან ახალი მოდელის ინტერიერიც ისეთი გლამურულია, როგორც არასდროს. ”მერსედესს” ამ მხრივ პრემიუმ-სეგმენტში კონკურენტებზე მაღლა დგომა უნდა და თავისი მდიდრულობით ამას ახერხებს კიდეც - ასეთი კეთილშობილი ამ კლასში სხვა არავინაა. თუმცაღა ასეთ ექსკლუზიურ გარემოს ექსკლუზიური ფასიც აქვს: 1488 ევრო „Exclusive Interieur“-ისთვის, პლუს 1250 ევრო „Exclusive Exterieur“-ისთვის.

მედლის მეორე მხარე: მგზავრი თავს უფრო ვიწროდ იგრძნობს, ვიდრე წინამორბედ მოდელში. მიუხედავად იმისა, რომ აქა-იქ ზომამ რამდენიმე სანტიმეტრით მოიმატა, ტალღისებრ დიზაინს მოცულობის შეგრძნება შეეწირა. სივრცის ნაკლებობა განსაკუთრებით უკან იგრძნობა - უკანა სავარძელზე თავს ისე იგრძნობ, როგორც ეკონომ-კლასში. ცნობისათვის, ახალი ”C-კლასი” სიგრძეში 8 სანტიმეტრით გაიზარდა და აქედან მხოლოდ ორი სანტიმეტრი მიიღო უკანა მხარემ, დანარჩენი კი წინა მხარეს შეემატა.


”C-კლასში” უკან სივიწროვეა. პანორამული ჭერი (2106 ევრო) კი თავს ზემოთ სივრცესაც ამცირებს

ამ დროს სასიამოვნოა იმის გაგება, რომ C 250-მა ამავდროულად წონაში 50 კილოგრამი დაიკლო, რაც იმის დამსახურება გახლავთ, რომ მისი ”კანი” ახლა მთლიანად ალუმინისაა. და, რა თქმა უნდა, იმისიც, რომ ჰაერის წინააღმდეგობის კოეფიციენტიც შემცირდა - ე.წ. cw-კოეფიციენტმა 6,0-დან 5,5-მდე დაიკლო. ეს ყველაფერი კი ჩვენს ეკონომიურ ტვინებზე კარგად მოქმედებს და ბენზინგასამართ სადგურზე მისვლისას საფულეზეც დადებითად აისახება. ოფიციალური მონაცემებით, ”მერსედესი” დიზელისთვის 100 კილომეტრზე 4,3-ლიტრ ხარჯს გვპირდება (აქამდე 4,8 იყო), ბენზინის ძრავისთვის კი - 5,3 ლიტრს (აქამდე 6,4).

პრაქტიკაში, რა თქმა უნდა, განსხვავებული სურათი გვაქვს: თუ ბორტკომპიუტერს ვენდობით, რეალობაში საწვავის ხარჯი 2-3 ლიტრით იმატებს. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ საწვავის სერიული ავზის მოცულობა 41 ლიტრია. თუ მეტი გჭირდებათ, 66-ლიტრიანი ავზი დამატებით 60 ევრო ღირს.

Auto Bild
არცისე პატარა: საბარგულის მოცულობა 480 ლიტრია (წინამორბედისაზე ხუთით მეტი). უკანა სავარძლის საზურგის გადაწევის ფუნქციისთვის ”მერსედესი” დამატებით 345 ევროს ითხოვს

ტესტს დიზელით ვიწყებთ. 2,1-ლიტრიანი ძრავა 204 ცხენის ძალით მოუხეშავ ტიპად რჩება, რაც არცაა გასაკვირი, რადგან წინამორბედისგან თითქმის უცვლელად აიღეს. სამაგიეროდ, აგრეგატი შესამჩნევად ნაკლებხმაურიანია, რაც იმაში გვარწმუნებს, რომ ხმაურიზოლაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. გაუმჯობესებულია 7-საფეხურიანი ავტომატიკაც, რომელიც თავის საქმეს კარგად აკეთებს, რაშიც ის ფაქტორიც ეხმარება, რომ გადაცემები იშვიათად უნდა ცვალოს. 4-ცილინდრიანი ძრავის დიდი ბრუნის მომენტი (500 ნმ) კი ყველა სიტუაციაში დამამშვიდებლად მოქმედებს და ერთი სიტყვით, საერთო ჯამში ამძრაობის სასიამოვნო წყაროსთან გვაქვს საქმე.

ახლა ბენზინის ძრავა ვცადოთ - ორლიტრიანი ტურბო. 4-ცილინდრიანის კვალობაზე სვლის კარგი კულტურა აქვს, არც გრგვინვა და თითქმის არანაირი ვიბრაციები. თუმცა, სხვა მხრივ, მადას განსაკუთრებულად ვერ აღძრავს (ვერც აკუსტიკურად). მისი 211 ცხენის ძალა საკმარისია იმისათვის, რომ ”C-კლასი” მოზომილი წაჭერით ააჩქარო, მაგრამ მაღალ ბრუნებზე დიდად ბეჯითი ვერ არის. ბრუნის მომენტის ნაკლებობის (350 ნმ) მოსალოდნელზე მეტად იძაბება, რის გამოც ავტომატიკა იძულებულია, გადართვებს მოუხშიროს. ჯამში, ამ ორი ძრავიდან უპირატესობას უფრო დიზელს მივანიჭებდით.

Auto Bild
„Avantgarde“ (მარცხნივ) ბენზინის ძრავის მქონე C 250-ის სახით და C 250 „Exclusive“ როგორც BlueTec, დიზელის ძრავით. ჩვენ უპირატესობას დიზელს მივანიჭებდით

ჩვენ კლასიკურ ფრანგულ შარაგზებს მივუყვებით. ეს გზები ცხადად გვიხსნის, რატომ მოიგონეს ფრანგებმა 59 წლის წინათ Citroen DS, რომელიც დაკიდების კომფორტის გრანდია და დღეს იმავეს ”მერსედესი” ცდილობს. ახალი ”C-კლასი” პირველი ავტომობილია თავის კლასში, რომელსაც პნევმატიკური დაკიდება (Airmatic) აქვს. მართალია, ეს სიამოვნება დამატებით 1416 ევრო ღირს, მაგრამ მაინც. სახეზეა ადაპტური ამორტიზაცია, ელექტრონიკის კასკადი და ეს ყველაფერი ხუთ რეჟიმშია გადანაწილებული: „ECO“, „Comfort“, „Sport“, „Sport+“ და „Individual“). ცხადია, მიხვდებოდით, მაგრამ მაინც დავძენთ, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში ინგრედიენტებს თავად ირჩევთ. ამას ”მერსედესის” კონკურენტებიც გვთავაზობენ, მაგრამ შტუტგარტელების თანამედროვე მარკეტინგის ამბავი ხომ იცით? ჰოდა, ის, რაც BMW-ში ”მძღოლის განცდების ჩამრთველია”, ”მერსედესში” „Agility-Control“ დაარქვეს.

”C-კლასი” თვით კომფორტულ რეჟიმშიც კი ნამდვილად მოქნილად დადის. შეხვევის დროს სივიწროვეში წინა მხარეს ახლა უფრო მძლავრად კაწრავს, ვიდრე აქამდე და, შესაბამისად, მანქანის საპასუხო რეაქცია ახლა უკეთესია. ზოგადად კი, კურსის შეცვლაზე ახლა უფრო სწრაფად, პირდაპირ და მშვიდად რეაგირებს. სპორტულ რეჟიმში ეს ნიჭი კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. მოხვევა ზუსტი და საკმარისად პირდაპირია, მაგრამ მძღოლი წინამორბედ ”C-კლასზე” ნაკლებ უკუკავშირს იგრძნობს. ამ კუთხით წინა მოდელი უფრო გამოირჩეოდა, რომელსაც ელექტრონულის ნაცვლად, ჰიდრავლიკური მოხვევის ასისტენტი ჰქონდა. საერთო ჯამში მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მარტივად ივლით და მოსახვევების მოხდენილად ჩასაყლაპად მრბოლელის ნიჭი არ დაგჭირდებათ.

ეს ”მერსედესს” უხდება და ”C-კლასს” უპრობლემოდ ვპატიობთ იმასაც, რომ სპორტული სულისკვეთება წინა პლანზე არ აქვს გამოტანილი. ეს (ნებისმიერ რეჟიმში) ESP-ს დამსახურებაა. სამაგიეროდ, წინა პლანზეა სავალი ნაწილის კომფორტი: პნევმატიკური დაკიდება პატარა თუ დიდ უსწორმასწორობებს სუფთად და მსუბუქად უმკლავდება. აი, სპორტულ რეჟიმში კი გზის საფარის ნაკლოვანებები უკვე იგრძნობა, რადგან ამ დროს ამორტიზაცია გაცილებით ხისტია.


ვერსია „Exclusive“. კიჩო ყველას მოკლე მოეჩვენება

”მერსედესისგან”, რა თქმა უნდა, სამაგალითო მომსახურებისა და ფუნქციურობის კომფორტს ველით. ეს ხომ ტრადიციაა: სწორედ ამას ველოდით ახალი ”C-კლასის” წინაპრებისგანაც. კარების შიდა სათავსები მშვენიერი და პრაქტიკულია. სასიამოვნოა იმის შეგრძნებაც, რომ უამრავ ასისტენტ-სისტემას თავიანთი ჩამრთველ-გამომრთველებით ვაკონტროლებთ. ოპციური Head-up-დისპლეით, რომელიც სხვადასხვა ინფორმაციას საქარე მინაზე ასახავს, ”მერსედესი” BMW-ს მაგალითს მიჰყვა. სიახლეა ცენტრალურ კონსოლზე მოთავსებული ოფციური თაჩპადი, რომლითაც კომანდ-სისტემა (238 ევროდან) იმართება. დაატრიალებთ, დააჭერთ და ასე მართავთ მენიუს.

Auto Bild
პროგრამების კინო: ახალ ”C-კლასში” ელექტრონიკის კასკადი და სვლის ხუთი რეჟიმია

ყველაზე მთავარს, ფასსაც მივადექით. უკვე მიჩვეული ვართ იმ ფაქტს, რომ ”მერსედესი” ყოველთვის მთავარ კონკურენტებზე ძვირად ფასობს. შესაბამისად, აღარ გვინდა, ამ აბზაცში ისევ მორალისტობა დავიწყოთ და საჩვენებელი თითის ქნევას მოვყვეთ. უბრალოდ დავადგინეთ, რომ ყველაზე იაფი C 180-ის ფასი 33 558 ევროდან იწყება, 250 კი მნიშვნელოვნად ძვირია. პროგნოზების მიხედვით, ბენზინის ძრავით აღჭურვილი სადღაც 41 000 ევრო უნდა ღირდეს, დიზელისძრავიანი კი - 44 000. ლოგიკურია, რომ დამატებითი ოფციები ფასს ძალიან ზრდის და ყველაზე ცუდ შეემთხვევაში, თითქმის გააორმაგებს კიდეც.
ამ დროს დამამშვიდებლად მოქმედებს იმის ცოდნა, რომ ახალი ”C-კლასის” სახით მინიმუმ ისეთ ნაღდ ”მერსედესს” მიიღებ, როგორსაც ელოდი. პირველი ტესტის შემდეგ ამის დადასტურება ნამდვილად შეგვიძლია.

MERCEDES C 250 BLUETEC
4-ცილინდრიანი, Biturbo • მოცულობა: 2143 სმ3 • სიმძლავრე: 150 კვ (204 ცხ. ძ.) • ბრუნის მომენტი: 500 ნმ/1600 • უკანა ამძრაობა • 7-საფ. ავტომატიკა • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4686/1810–2020*/1442 მმ • ბაზა: 2840 მმ • საბარგულის მოცულობა: 480 ლ. • ავზი: 41 ლ. • 0–100 კმ/სთ: 6,6 წამში • მაქს. სიჩქარე: 247 კმ/სთ • საწვავის ხარჯი (ოფიციალური): 4,3 ლ. დიზელი/100 კმ • გამონაბოლქვი: 109 გ/კმ
* სიგანე გარე სარკეებთან ერთად
ფასი: დაახ. 44 000 ევრო

MERCEDES C 250
4-ცილინდრიანი, Turbo • მოცულობა: 1991 სმ3 • სიმძლავრე: 155 კვ (211 ცხ. ძ.) • ბრუნის მომენტი: 350 ნმ/1200 • უკანა ამძრაობა • 7-საფ. ავტომატიკა • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4686/1810–2020*/1442 მმ • ბაზა: 2840 მმ • საბარგულის მოცულობა: 480 ლ. • ავზი: 41 ლ. • 0–100 კმ/სთ: 6,6 წამში • მაქს. სიჩქარე: 250 კმ/სთ • საწვავის ხარჯი (ოფიციალური): 5,3 ლ. S/100 კმ • გამონაბოლქვი: 123 გ/კმ
* სიგანე გარე სარკეებთან ერთად
ფასი: დაახ. 41 000 ევრო

მოგვწონს
აქცენტი კომფორტზე. არავითარი უსარგებლო სპორტულობა. ამის ნაცვლად, კონცენტრაცია კომფორტზე

გვაკლია
მეტი სიმშვიდე. დიზელის ძრავის ხმა კომფორტის დაპირებას ისე არ ასრულებს, როგორც საჭიროა.

გვიკვირს
ნაღდი პრემიუმი. ახალი ”C-კლასი” მართლაც პრემიუმ დონეა. დიდი ხანია, ასე არ ყოფილა


დასკვნა
კონსერვატიული თავშეკავებულობა წარსულს ჩაბარდა - ახალი ”C-კლასი” ექსტერიერითაც და ინტერიერითაც საკმაოდ თამამი ავტომობილია. ამ მანქანაში აქცენტი ”მერსედესისთვის” დამახასიათებელ ღირებულებებზე, კომფორტზე, ხარისხზე, უსაფრთხოებასა და ფუნქციურობაზეა გაკეთებული და სწორედ ეს მოგვწონს ყველაზე მეტად. დევიზი ასე ჟღერს: ”S-კლასი” ”C-კლასის” ფორმატში. და ეს დევიზი სიმართლესთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. ამიტომაც დაიმსახურა ჩემი მოწონება.
ვოლფგანგ კიონიგი

კომპლექტაციები

Avantgarde
17-დუიმიანი მსუბუქი მეტალის დისკები, ცხაურა ცენტრალური ვარსკვლავით, ელ-შუშების ღილაკების ალუმინის ჩარჩოები, კლირენსის ვარირება და ადაპტური ამორტიზატორები. ფასი: 1012 ევრო (ინტერიერი), 1250 ევრო (ექსტერიერი)

Exclusive
17-დუიმიანი მსუბუქი მეტალის დისკები, კლასიკური ცხაურა, სხვანაირი წინა და უკანა მხარე, დამატებითი ქრომი და ალუმინი, ადაპტური ამორტიზატორები, სალონში ხის ვიზუალი, საკუთარი ფერები. ფასი: 1488 ევრო (ინტერიერი), 1250 ევრო (ექსტერიერი).

AMG Line
18-დუიმიანი დისკები, ცხაურა ცენტრალური ვარსკვლავით, AMG-ის ვიზუალი. სპორტული სავარძლები, სპორტული საჭე, AMG-ის სატერფულები, სპორტული სავალი ნაწილი კლირენსის 15-მილიმეტრიანი დადაბლებით, სპორტული პირდაპირი მოხვევა, ნახვრეტებიანი სამუხრუჭე დისკები. ფასი: 1785 ევრო (ინტერიერი), 2737 ევრო (ექსტერიერი).


Mercedes C 250 AMG Line

ახალი C-კლასი Apple-ით

მულტიმედიის კუთხით ”მერსედესმა” კონკურენტებთან, BMW-სთან და Audi-სთან ჩამორჩენა აღმოფხვრა. ამრიგად, შვაბები ამ მოდელში პირველად გვთავაზობენ თაჩპადს, რომლის მეშვეობითაც ნავიგაციაში მისამართებს ხელწერით ჩაწერთ. სისტემა მოძრაობას რეალურ დროში აღიქვამს და აქვეა ჰოთსფოთი სწრაფი ინტერნერისთვის (პაკეტში„Comand Online“, რომელიც 3511 ევრო ღირს) და Head-up-Display (1178 ევრო). გარდა ამისა, ”მერსედესმა” iPhone-ის ინტეგრირებაც შეძლო (Car Play). ამრიგად, აპლიკაციებს ნავიგაციის ეკრანზე გამოიყენებთ.


iPhone-ის აპლიკაციებს მანქანაშიც გამოიყენებთ

Auto Bild
ახალი წინა ღერძი, რომელსაც მალე ”მერსედესის” სხვა მოდელებიც მიიღებენ

იხილეთ ვიდეო:

facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
2014-07-08 11:01:17
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
article image
Cat Image
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
2014-07-01 10:49:46
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
article image
Cat Image
2014-06-30 13:35:59
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
ფოტოები, რომლის გამო რუს წამყვანს მილიონებს სთხოვდენ (+3 PHOTO)
ავარია, ტანკი, დაკუწმაწებული მანქანები - როგორ იღებდნენ "ფორსაჟი 6"-ს (+VIDEO)
გადაწყდა: უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზრდება
გიორგი ჭანტურია: მხოლოდ ის ვიცი, რომ ათ დღეში ბოლომდე გამოვჯანმრთელდები
რუსი მღვდელი: მუნდიალია თუ ჰომოსექსუალური სირცხვილი?
სხვა სიახლეები
ძვირფასი სათამაშო (+ VIDEO)
08.07.2014
550 ცხენის ძალა, აჩქარება 100 კმ/სთ-მდე 3,9 წამში: Jaguar F-Type R Coupe კარგი გასართობია
სრულად
სუპერსპორტული 80 ცხენის ძალით
01.07.2014
80 ცხენის ძალით მცირელიტრაჟიანების მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან ხოლმე, Caterham-ში კი ასეთი სიმძლავრე ხმაურისთვის სავსებით საკმარისია
სრულად
30.06.2014
ვინ თქვა, რომ ”ჯიპი” მაინცდამაინც კუთხოვანი და უხეში უნდა იყოს? ახალი ”ჩეროკი” საპირისპიროს ამტკიცებს: მას სირბილეც მოუხდა
სრულად
ლარს თავისი სიმბოლო აქვს
”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა
გირაოს ფასი ბინის გასაყიდ ღირებულებას გაუტოლდა
N58 ივლისი 2014
ახალი ნომერი
თბილისი 23°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes ML350
იყიდება ბმვ X 5
Opel Vectra
HONDA Hr-v