თუ საფეხბურთო ღმერთი არსებობს, არსებობს არსებობს საავტომობილო ღმერთიც. და თუ ეს ასეა, მაშინ, შესანიშნავი GT86-ის შემდეგ სწორედ საავტომობილო ღმერთი გეგმავს 2002 წელს შეწყვეტილი Supra-ს შემცვლელსაც, რომელსაც FT-1 ჰქვია. ეს ჯერ კიდევ სტუდიური მოდელია, მაგრამ ჩვენ მაინც დავუთმეთ ყურადღება.
ჯერჯერობით უცნობია, როგორი გული იძგერს გრძელი კაპოტის ქვეშ უკანა ამძრაობის მქონე მანქანაში, რომელიც მართლაც გრანდიოზულად გამოიყურება. ოპტიკა ლეგენდარულ 2000GT-ს (1967) გვაგონებს. ექსტერიერის დიზაინერმა ალექს შენმა თავისი ესკიზებით ”ტოიოტას” შეფი და ავტოსპორტის ფანი აკიო ტოიოდა ისე მოხიბლა, რომ ბოსს მაშინვე მოუნდა ამ მანქანის შექმნა.
ცხადია, შეფს ინტერიერიც მოეწონა, რომელიც ფუტურისტულია, მაგრამ ნამდვილად არ არის სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდან. მძღოლი ტყავის შავ სავარძლებში ღრმად იძირება და კარსა და მაღალ ცენტრალურ კონსოლს შორის თავს ისე იგრძნობს, როგორც ფორმულა 1-ის ბოლიდში. ერგონომიკული თვალსაზრისით ყველაფერი მძღოლისთვისაა გათვლილი. უკიდურესად სპორტულ საჭეზე სტარტ-სტოპის ღილაკს, ტრანსმისიის ბერკეტებს და მომსახურების კიდევ ორ ისეთ ელემენტს შეხვდებით, რომელთა საშუალებით აუდიოსისტემა, ნავიგაცია და ტელეფონი უნდა მართოთ. ზემოთ, საჭეზე, ციფრული მაჩვენებელია, რომელიც გადაცემას, ბრუნებს და სვლის რეჟიმს გვიჩვენებს.

ციფრული მაჩვენებელი საჭეზე: ინფორმაცია ბრუნების, სვლის რეჟიმისა და გადაცემების შესახებ ყოველთვის თვალწინ გექნებათ
ფერადი Overhead-ეკრანი: გვატყობინებს ინფორმაციას ნავიგაციის, სიჩქარისა და საწვავის შესახებ
სატელიტი ღილაკები: ამ მარჯვენა და მარცხენა სატელიტებით განათება და სვლის რეჟიმი იმართება
გასაღები იყო გუშინ: წითელი სტარტ-ღილაკი საჭის ცენტრში, როგორც ფორმულა 1-ის ბოლიდებშია
მოხვევის ციმციმა და გადართვები: ჰო, ამასაც აქვს მოხვევის ციმციმა. ტრანსმისიის ბერკეტები კი ოდნავ დამალულია
აუდიოსისტემა: ხმამაღლა, ხმადაბლა, რადიოსადგურის ძებნა წინ, ძებნა უკან - შუაში კი ტელეფონის ღილაკია
ინტერიერის დიზაინერმა ვილიამ ჩერგოსკიმ სალონის მოწყობაზე ფიქრისას ნამდვილად ”ლამბორგინისა” და ”ფერარის” კონცეფციებით იხელმძღვანელა, მაგრამ მაინც აბსოლუტურად დამოუკიდებელი კონცეფცია შექმნა. აქ ყველაფერი ისეა გათვალისწინებული, რომ მხოლოდ წინ იყურო. ”ვინც ასეთ სუპერსპორტულ ავტომობილს სწრაფად მართავს, არც ქვემოთ ჩაიხედავს და არც ინსტრუმენტებს დაუწყებს ყურებას. ამიტომაცაა, რომ უმთავრესი მაჩვენებლები ფერად Overhead-ეკრანზე ავსახეთ,” - ამბობს ჩერგოსკი.
ვისაც Playstation აქვს, ამ იაპონური სუპერსპორტული მანქანის მართვა Gran Turismo 6-ში შეუძლია. თამაშისთვის ამ მანქანას უფასოდ დაამატებთ და თავად შეძლებთ იმის წარმოდგენას, თუ რატომ აღფრთოვანდა ”ტოიოტას” ბოსი ტოიოდა ამ ტიპით.

მოგვწონს
თანმიმდევრული სპორტულობა. FT-1-ში თავს მაშინვე პროფესიონალ მრბოლელად წარმოიდგენ.
გვაკლია
ინფორმაცია ამძრაობაზე. რატომ ასაიდუმლოებენ? თქვან, რომ V8-ძრავა ექნება და ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება
გვიკვირს
დაგვიანება. გენიალური Supra-ს თუნდაც პოტენციურ შემცვლელს 10 წელზე მეტ ხანს ველოდით
დასკვნა
გთხოვთ, ტოიოდა-სან, FT-1 ის მანქანაა, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს სერიული. მასში ცოტა ხანს ვიჯექით, მაგრამ ეს დრო საკმარისი იყო იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს მანქანა არა მარტო ”ტოიოტას” იმიჯს წაადგება, არამედ ბევრი მთხოვნელიც გამოუჩნდება. ცოტაოდენ მაკიაჟზე უარს სიამოვნებით ვიტყვით.
იოახიმ რ. ვალტერი
იხილეთ ვიდეო: