ნისანის პირველი კომპაქტი Almera-ს შემდეგ: ახალი Pulsar
”ნისანმა” ახალი Pulsar-ის პირველი ფოტოები გამოაქვეყნა. ეს იქნება მორიგი კლასიკური კომპაქტი, რომელიც სხვა თანაკლასელებთან ერთად ”ფოლკსვაგენ გოლფს” ომს გამოუცხადებს. უშუალოდ ”ნისანში” კი ის Almera-ს შეცვლის, რომელიც 1995-დან 2006 წლამდე იწარმოებოდა. ცნობისათვის, ამ უკანასკნელის გამოშვება წარუმატებლობის გამო შეწყვიტეს და მის ნაცვლად ქროსოვერი Qashqai შექმნეს, რომელიც უკვე ძალიან წარმატებული მოდელი გამოდგა.
Pulsar-ის დიზაინი ”ნისანის” ახალ ვიზუალურ ხაზს ექვემდებარება და ახალი Qashqai-სა და X-Trail-ისგან არა მარტო ოპტიკის დეტალებს, არამედ ტექნიკასაც მიიღებს. ძრავებს (110-დან 130 ცხენის ძალამდე) ნაწილობრივ თანაკონცერნელი ”რენოსგან” აიღებენ. ესპანეთში წარმოებული Pulsar-ის მინიმალური ფასი დაახლოებით 15 000 ევრო უნდა იყოს.