XJ უკვე აქაა, F-Type გზაშია, ოფიციალური პრეზენტაცია სექტემბერში შედგება
შოურუმში, სადაც ”ფორდისა” და ”ლენდ როვერის” მარკის ავტომობილები დგას, აუცილებლად უნდა იყოს ”იაგუარიც”. რატომ? იმიტომ, რომ ბრიტანული ბრენდი 1989 წლის მიწურულიდან ”ფორდმა” გადაიბირა და მის Premier Automotive Group-ში გააერთიანა. 2008 წელს კი ”ფორდმა” ”იაგუარი” ”ლენდ როვერთან” ერთად Tata Motors-ს დაუთმო. ასე რომ, სადაც ”ფორდი” და ”ლენდ როვერი”, იქაც ”იაგუარი” და საქართველოში ეს სამი ბრენდი უკვე ერთ ცენტრშია გაერთიანებული.
”ფორდისა” და ”ლენდ როვერის” ოფიციალური დილერი საქართველოში ”ჯი თი მოტორსია”, რომლის ცენტრში ”იაგუარის” მარკის ავტომობილების შეკვეთა აქამდეც შეიძლებოდა, მაგრამ ამიერიდან ”ჯი თი მოტორსის” შოურუმში უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ბრიტანული ბრენდის მოდელების ახლოს გაცნობის შესაძლებლობა მოგეცემათ.
”პირველი მერცხალი” არის მდიდრული სედანი Jaguar XJ, რომელიც პირველად 2012 წლის პეკინის ავტოშოუზე გამოჩნდა და რომელიც უკვე თბილისშია. ”AUTO BILD საქართველოს” ამ მოდელს და მის ყველა ვერსიას კარგად იცნობენ - მაისის ნომერში კი მის უძვირფასეს ვერსიას, XJR-საც გაიცნობდით. ”ფორდისა” და ”ლენდ როვერის” ცენტრში (დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი) ”იაგუარს” ცალკე კუთხე გამოეყო. XJ უკვე აქაა, სულ მალე კი ახალთახალი Jaguar F-Type-იც იქნება წარმოდგენილი - ”ჯი თი მოტორსში” მას ივლისის მიწურულს ელოდებიან. ორივე მოდელის ოფიციალური პრეზენტაცია კი სექტემბერშია დაგეგმილი.