2,5-ლიტრიანი ბოქსერი თავს ჩვეულ სტილში, იმპოზანტური 300 ცხენის ძალით გვაწონებს და ოპტიმალურ ბრუნებზე 407 ნიუტონმეტრით აღგვაფრთოვანებს. ეს ყველაფერი საკმარისია იმისათვის, რომ ამ ძრავამ მანქანა 100 კმ/სთ-მდე 5,2 წამში ააჩქაროს, მოგვიანებით კი 255 კმ/სთ განავითაროს, რითაც WRX კომპაქტური სპორტული ავტომობილების უმეტესობას გაასწრებს.

WRX ვიზუალურად თითქმის არ შეცვლილა
მაგრამ აქ ისიც უნდა ითქვას, რომ პირდაპირი სვლა ”სუბარუსთვის” ზედმეტი ვალდებულებაა და მეტი არაფერი. მისი სტიქია უფრო მოსახვევებია! რაც უნდა იყოს, მას არა მარტო სრული ამძრაობა აქვს, არამედ უკვე დიფერენციალის რეგულირებადი ბლოკირებითაც გვიზიდავს. ღილაკზე თითის დაჭერით შესაძლებელია როგორც სიმძლავრის თანაბარი გადანაწილება და მოსახვევების მძაფრად და სწრაფად ჩაყლაპვა, ასევე უკანა ღერძისკენ ოდნავ მეტი სიმძლავრის გაშვება და, შესაბამისად, სენსაციური დრიფტი.
როგორც არ უნდა დაარეგულიროთ, სიამოვნებას ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებთ - მინიმუმ მანამდე, სანამ ბორტკომპიუტერს არ დააკვირდებით, რომელიც ნორმალურ ციკლში 10,4 ლიტრს გვიჩვენებს, მძაფრი სვლის დროს კი საწვავის ხარჯი სადღაც 5-10 ლიტრით იზრდება. თუმცა სიამოვნებას სხვა ხვრელებიც აქვს: პირველიდან მესამე გადაცემამდე ნამდვილი პროფესიონალები აუცილებლად მოისაკლისებენ ორდისკიან გადაბმულობას. კონსერვატორი მძღოლები კი რამდენიმე ასისტენტსისტემას და სრულად ინტეგრირებულ ნავიგაციასაც ისურვებენ. ასევე კარგი იქნებოდა, რომ ინტერიერში ნაკლები მაგარი პლასტმასი და კარბონის იმიტატი იყოს გამოყენებული.
სამაგიეროდ, ”სუბარუმ” ფასი დააგდო. იმისათვის, რომ მანქანა არა მარტო WRX-ის ძირძველი ფანებისთვის იყოს მიმზიდველი, არამედ ახალი კლიენტებიც მიიზიდოს, ”სუბარუმ” საბაზო ფასი ევროპაში 7500 ევროთი შეამცირა და იქ WRX STI-ს ღირებულება უკვე 41 900 ევროდან იწყება. გამოდის, რომ ეს მანქანა იდენტურად მოტორიზებულ Golf R-ზე ცოტათი ძვირია, მაგრამ გაცილებით მძაფრი, გამბედავი და, ასე ვთქვათ, თავხედი სპორტული ავტომობილიც ეთქმის.

ტრადიციულად შესანიშნავი სპორტული გარემო
ტექნიკური მონაცემები
Subaru WRX STI
Subaru WRX STI
4-ცილინდრიანი ბოქსერი, Turbo • მოცულობა: 2457 სმ3 • სიმძლავრე: 221 კვ (300 ცხ. ძ.)/6000 • ბრუნის მომენტი: 407 ნმ/4000 • სრული ამძრაობა • 6-საფეხურიანი კოლოფი • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4595/1795/1475 მმ • წონა: 1524 კგ • ავზი: 60 ლ. • საბარგულის მოცულობა: 460 ლ. • 0–100 კმ/სთ: 5,2 წამში • მაქს. სიჩქარე: 255 კმ/სთ • საწვავის ხარჯი: 10,4 ლ. SP/100 კმ-ზე • გამონაბოლქვი: 242 გ/კმ
ფასი (ევროპაში): 41 900 ევროდან
მოგვწონს: ფასის პოლიტიკა. როდის გინახავთ, რომ ავტომწარმოებელს ფასი დაეწიოს? თანაც, ასე აშკარად! მადლობა ”სუბარუ”!
გვაკლია: თანამედროვე მიდგომა. WRX ძალიან კარგია, მაგრამ კონსერვატორი მძღოლები მეტ თანამედროვე სისტემებს ისურვებდნენ
გვიკვირს: მომხიბლავი ძალა. ”სუბარუს” რალის მსოფლიოს ჩემპიონატთან კავშირი აღარ აქვს, მაგრამ WRX შენში მაკრეის გააცოცხლებს.
დასკვნა
WRX-ის მართვა ჯოჯოხეთური სიამოვნებაა. მიუხედავად იმისა, რომ უფრო თანამედროვე კომპაქტური სპორტული მანქანებიც არსებობს, ისე ვერცერთი ვერ გაგიტაცებს, როგორც ”სუბარუ”
თომას გაიგერი

წინა და უკანა ღერღძებზე სიმძლავრის განაწილება რეგულირებადია
იხილეთ ვიდეო: