ჰუდვუდში საავტომობილო ფესტივალზე წარმოადგინეს "მაკლარენის" ახალი სპორტული ბოლიდი. ეს არის სუპერკარ 650S-ის სპორტული ვერსია, რომელმაც მიიღო სუფიქსი GT3. სიახლემ უნდა შეცვალოს წარმატებული მოდელი 12C GT3 - მან სამი წლის განმავლობაში სამი საჩემპიონო ტიტული მოიპოვა და ჯამში 51 რბოლა მოიგო.
ვერსია GT3 გარეგნულად ჰგავს საბაზო ავტომობილს, მაგრამ განსხვავდება მისგან გაუმჯობესებული აეროდინამიკითა და მსუბუქი შასით, რაც მიღწეულია მსუბუქი მასალების გამოყენებით.
არის სხვა ცვლილებებიც. ასე მაგალითად, მანქანამ მიიღო გაგრილების უფრო ეფექტური სისტემა და უსაფრთხოების მძლავრი კარკასი. ასევე რადიკალურად შეიცვალა დაკიდება.
650S GT3-ის კოკპიტიც მნიშვნელოვანად შეიცვალა. "მაკლარენმა" გაითვალისწინა პილოტების შენიშვნები. ცვლილებების სიაშია გაუმჯობესებული ვენტილაცია, ახალი სავარძლები, სატერფულების ახალი ბლოკი და საჭე, რომელიც ფორმულა 1-ის ბოლიდების სტილშია გადაწყვეტილი.
ახალი "მაკლარენი" იყენებს თავისი წინამორბედის განახლებულ ძრავას. 3.8-ლიტრიანი V8-ის სიმძლავრე არ შეცვლილა და 439 ცხენის ძალას უდრის. სამაგიეროდ, სრულიად ახალია ექვსაფეხურიანი გადაცემათა კოლოფი.
2015 წლის დასაწყისისთვის "მაკლარენი" აპირებს 650S GT3-ის 15 ეკზემპლიარის გამოშვებას. ახალი ავტომობილის ღირებულება 330 ათასი ევრო იქნება.