ჯაბახანა 431 ცხენის ძალით პანამერას ეჯიბრება
23.07.2014
რას ნიშნავს მდიდრული ავტომობილი და არის თუ არა ყველა 100 000-ევროიანი მანქანა ერთნაირი? გადავწყვიტეთ, ლუქს-კლასისთვის სხვა თვალითაც შეგვეხედა

აი, კიდევ ერთი - წინ რომ მიხეტიალობს. აგერ მეორეც - აქვე რომ არის დაპარკინგებული. დავნაძლევდეთ, რომ მესამეც მალე შეგვხვდება? მდიდრულ ავტომობილებს დღეს უკვე ყველგან ვხედავთ. უმეტესობა შავია. ან ვერცხლისფერი. უკან კი ისეთი წარწერები აქვთ, როგორებიცაა S8, S500 ან Panamera S. მათი ფასი 100 000-ევროიან ზღვარს სცილდება. წარმოსადეგები არიან, ან, უფრო მოდურად რომ ვთქვათ, იმპოზანტურები. ტექნიკურ სრულყოფილებაზე აღარაფერს ვამბობთ. კომფორტსა და სისწრაფეზე - მით უმეტეს. აი, ეგზოტიკურობისა კი რა მოგახსენოთ - თანამედროვე ლუქს-მანქანებმა სწორედ ეგზოტიკურობა დაკარგეს.

ის, ვისთვისაც ეს სულერთია, Derelict-ს ისე ჩაუვლის, ზედაც არ შეხედავს. იმიტომ, რომ ჯართი ეგონება. იმიტომ, რომ ზედმეტად უსიცოცხლო ჩანს.

Auto Bild
ორი ლუქსი, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. რომელი უფრო მაგარი ტიპია? რა თქმა უნდა, ძველი

აჰა, დაინტერესდით? ასეც ვიცოდი. De... რაო? მანქანაა ასეთი. ამერიკელებმა შექმნეს. დიახ, სწორედ Derelict ჰქვია. ანტიკვარია. 60 წელს გადაცილებული ჯაბახანა. რელიქვია იმ დროიდან, როცა მთავარი ავტომობილის ხასიათი და ბუნება იყო. როცა სხვადასხვა მარკის მანქანებში ერთსა და იმავე დეტალებს ვერ ნახავდით. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ჯაბახანა ისე დადის, როგორც ახალი ლუქს-ავტომობილი.

Auto Bild
ვიზუალურად სტილისა და გემოვნების ამბავია, ძარის ქვეშ კი ორივეს თანამედროვე ტექნიკა აქვს

კალიფორნიელ ჯონათან უორდს ეს ძველი ქუჩის კრეისერი სიგიჟემდე უყვარს. მისი აზრით, ამერიკა საუკეთესო ავტომობილებს 40 და 50-იან წლებში აწარმოებდა. ამბობს, იმ პერიოდის მანქანებიდან თითქმის ყველა განსაკუთრებით საამაყო, დამოუკიდბელი, სახასიათო და მდიდრულიაო. ”მაშინ კონტროლინგის წუწურაქები მანქანების კასტრირებას არ ახდენდნენ!” - დასძენს ჯონათანი. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი 52 წელს გამოშვებული Chrysler Town & Country Wagon გახლავთ, რომელსაც უორდი ძალიან ფრთხილად უნერგავს თანამედროვე ტექნიკას - საუკეთესო ძრავას, ძვირფას სავალ ნაწილს, ძლიერ მუხრუჭებს და ჭკვიანურ მულტიმედიასისტემებს.

მუშაობის პროცესში ჯონათანი თითოეული მომდევნო ნაბიჯისას ყურადღებას აქცევს იმას, რომ ჩარევა შეუმჩნეველი დარჩეს. იმიტომ, რომ Derelict განსაკუთრებული შემთხვევაა, ორიგინალია, რომელიც ორიგინალად უნდა დარჩეს, ოღონდ ისეთივე უსაფრთხო და მძლავრი უნდა იყოს, როგორებიც უახლესი მანქანებია.

Auto Bild

კაპოტზე ”კრაისლერის” მთავარი სავიზიტო ბარათი შენარჩუნებულია, რეკონსტრუქციის შემდეგ კი ღამღამობით ბრწყინავს კიდეც

ასეთ მიდგომას კი თავისი ფასი აქვს: ჯონათანს კონკრეტული პრაისლისტი არ გააჩნია - მისთვის მთავარი ის არის, თუ რამდენად კარგია ბაზა და კონკრეტულად რა სურს კლიენტს, მაგრამ 100 000 ევროზე იაფად არაფერი გამოვა.

ღირს ამაში ამდენის გადახდა? და, რაც ყველაზე მთავარია, რამდენად იგრძნობა ჩარევა? ჩვენ ჯონათანის საამაყო ანტიკვარი Porsche Panamera S-ს შევახვედრეთ და ორივეთი ერთად გავისეირნეთ.

Auto Bild
მდიდარი ხართ და პრესტიჟულ მანქანას ეძებთ? ორივე დაახლოებით 100 000 ევრო ღირს - არჩევანი თქვენზეა

”პორშე პანამერას” მანევრულობასა და სიმარდეზე ბევრი თქმულა და კიდევ უფრო მეტი დაწერილა. აჩქარების დროს 420 ცხენის ძალა არა მარტო დროზე, არამედ აკუსტიკაზეც აისახება. პანამერა მძღოლის სავარძელსაც კი ისე აგრილებს, თითქოს ეს მსოფლიოში ყველაზე ჩვეულებრივი მოვლენა იყოს. ტყავის გადაკვრა ძვირფას გარემოს ქმნის, განიერი ცენტრალური კონსოლი კი - ისეთ დისტანციას, როგორიც დიდი ხნის ცოლ-ქმარს შეიძლება სჭირდებოდეს. ახალგაზრდა წყვილები კი ”პანამერათი” არ დადიან.

კითხვები მებადება: მაინც რამდენ ხანს იღვაწეს ”პორშეს” ინჟინრებმა იმისათვის, რომ ესოდენ მსუქანი სედანისთვის ასეთი სპორტულობა მიენიჭებინათ? და რატომ უნდა შევაჯიბრო ”პანამერას” ეს ძველი ”კრაისლერი”?


კოკპიტისთვის თითქოს ხელი არ უხლიათო, არადა აქ ყველაფერი განახლებულია (ოღონდ, სტილი შენარჩუნებულია) და უნაკლოდ ფუნქციონირებს

პასუხი ანტიკვარის 6,1-ლიტრიანი, V8 ძრავით იწყება და 431-ცხენისძალიანი სიმძლავრით მთავრდება. ეს ძრავა ჩვეულებისამებრ Dodge Challenger SRT-8-ში ცხოვრობს. ჯონათან უორდმა ეს აგრეგატი გამოცდილ Town & Country Wagon-ში 6-საფეხურიან ავტომატიკასთან ერთად გადანერგა. და ეს ნამდვილად არ არის ცუდი კავშირი.

უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ, უორდმა სავალი ნაწილი ფაქტობრივად ახლებურად მოაწყო: 4-ბერკეტიანი უკანა ღერძით, ახალი ამორტიზატორებით და მძლავრი დისკური მუხრუჭებით. ფოლადის დისკების ზუსტად ისეთი დიზაინი აქვთ, როგორც 50-იან წლებში - უბრალოდ, ახლა ხელნაკეთი და 19-დუიმიანებია, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ 2014 წლის დიდმა მუხრუჭებმა იმოქმედონ. ამრიგად, ძველი კომბი ეძახეთ და, ეს მანქანა 100 კმ/სთ-მდე 5,2 წამში ჩქარდება. შესაბამისად, უკვე ვიცი, რატომაც უნდა შევაჯიბრო ”პორშე პანამერას”, რომლის აჩქარება 100 კმ/სთ-მდე მხოლოდ ერთი, ერთნახევარი მეათედი წამით სწრაფად ხდება.


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში: Derelict-ში ჩაჯდომისთანავე 50-იან წლებში გადაინაცვლებთ

ამერიკაში კლასიკური ავტომობილების სათადარიგო ნაწილები ძალიან ბევრია და სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ ჯონათანმა Derelict-ს ისეთი მოხვევის სისტემა უბოძა, რომლითაც ეს ძველი კომბი ტალანტს მოსახვევებშიც ავლენს.

მთაზე ასვლის შემდეგ ორივე მანქანა დავასვენეთ - მზეს ეფიცხებიან. ”პორშე” თამამად დგას და კვლავ მიჩნდება ის განცდა, რომ ზედმეტად ჩამრგვალებულია. სამაგიეროდ, ოთხ მგზავრს ბევრ ბარგთან ერთად მომდევნო ოკეანემდე კომფორტულად მიიყვანს. ვინც ახლა იმას იტყვის, რომ ეს ნებისმიერ Skoda Superb-საც შეუძლია, რაციონალურ მიდგომას ვულოცავთ. მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გონივრულობაზე მეტად გულისთქმას ეხება. ეს განსაკუთრებით Derelict-ზე ითქმის.

Auto Bild
ყველაფერი ისე, როგორც იყო: ძველ ”კრაისლერს” ახალი ტექნიკა არსად ეტყობა. უკანა მინის წრიპინა სახელურიც ისეთივე ტრადიციაა, როგორც 19-დუიმიანი ფოლადის დისკები

ვინც მის ძარას ხელს ერთხელ მაინც გადაატარებს, ყველა იმ ზაფხულსა და ზამთარს შეიგრძნობს, რაც ამ მანქანას გადაუტანია. მისი ინტერიერი კიდევ უფრო შთაბეჭდავია - მიუხედავად იმისა, რომ ნიანგის ტყავი გემოვნების ამბავია და ყველას არ მოსწონს. კომპლექტაციაში სხვა ყველაფერი ორიგინალია: უკანა მინის წრიპინა სახელურით დაწყებული, უკანა სავარძლების გადაწევის მექანიზმით დამთავრებული. მათი გადაწევის შემდეგ წითელი ხით მორთულ საბარგულში იმდენი სივრცეა, რამდენსაც საქორწინო საწოლში ინატრებდით და იმდენად ლამაზია, რომ 40 სანტიმეტრით მოკლე ”პანამერას” ხავერდოვანი ხალიჩა მასთან ახლოს ვერ მივა.

ზოგადად, ”პორშე” მხოლოდ თანამედროვე მდიდრულ ავტომობილს კი არ განასახიერებს, არამედ ტიპურ, კარგ გერმანელსაც - თანაც, ზუსტად ისეთს, როგორსაც ამერიკელები ხედავენ: ზუსტია, კორექტული და ცივი, მაგრამ არ არის ისეთი ეგზოტიკური, როგორც ეს ძველი ”კრაისლერი”. ”პანამერა” A-დან B პუნქტამდე ნებისმიერს ძალიან სწრაფად და ელეგანტურად გადაიყვანს, თუმცა ეს ამ კლასის და ამ ფასის სხვა ავტომობილებსაც მინიმუმ ასევე კარგად გამოსდით.


”პორშე პანამერა” ნაღდად ვერ წარმოიდგენდა, რომ Chrysler Town & Country 100 კმ/სთ-მდე 5,2 წამში აჩქარდებოდა

Derelict კი სულ სხვა ტიპაჟია: ეს არის განუმეორებელი მოგზაურობა დროში, თანაც, ორი მიმართულებით. მისი მგზავრები 50-იანი წლების კლუბის ოთახში ისხდებიან, საკმარისზე მეტი სივრცე ექნებათ და არაერთ განუმეორებელ დეტალს არა მარტო აღმოაჩენენ, არამედ ხელითაც შეეხებიან. ამ ქარიზმას კი თანამედროვე, მძლავრი ტექნიკა ერწყმის, რაც მართლაც განუმეორებელი - ისეთი რამაა, რაც არასდროს დაგავიწყდება.

ვისაც ამ ჯაბახანაში მდიდრულობის შეცნობა არ შეუძლია, სწორია, რომ ”პანამერაში” ზის.
დანი ჰაინე

Auto Bild
”პორშე” მოდურია, Derelict - განუმეორებელი

Porsche Panamera S
ძრავა: V6, Biturbo; მოცულობა: 2997 სმ3; სიმძლავრე: 309 კვ (420 ცხ. ძ.)/6000; ბრუნის მომენტი: 520 ნმ/1750; მაქს. სიჩქარე: 287 კმ/სთ; 0-100 კმ/სთ: 5,1 წამში; ამძრაობა: უკანა/7-საფეხურიანი PDK; ავზი: 80 ლ; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 5015/1931/1418 მმ; საბარგული: 445–1263 ლ; წონა: 1810 კგ; საწვავის ხარჯი (ოფიციალური): 8,7 ლ. SP/100 კმ; გამონაბოლქვი (CO2): 204 გ/კმ; ფასი: 101 841 ევრო

Derelict Chrysler Town & Country Wagon
ძრავა: V8; მოცულობა: 6059 სმ3; სიმძლავრე: 317 კვ (431 ცხ. ძ.)/6200; ბრუნის მომენტი: 569 ნმ/4800; 0-100 კმ/სთ: 5,2 წამში; მაქს. სიჩქარე: 186 კმ/სთ; ამძრაობა: უკანა/6-საფეხურიანი ავტომატიკა; ფასი: 110 000 ევრო
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
ახალგაზრდა ქართველი ქომაგი, რომელმაც შვაინშტაიგერს "დინამოზე" დაუჩოქა [VIDEO]
საქართველო VS გერმანია - ზუსტად 20 წლის შემდეგ
ჯაბა კანკავა: დაცვაში კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ და ჩვენს შანს დაველოდოთ
სხვა სიახლეები
სულ სხვა ამბავი ადამსა და ევაზე
13.02.2015
თქვენ ფიქრობთ, რომ ევას ვერავინ ვეღარაფრით გააკვირვებს? ცდა ბედის მონახევრეაო, ამბობს ახალი ადამი და თავისას ცდილობს
სრულად
ჰერ მაი, რატომ მოიპარეთ ქაშქაი?
26.05.2014
”ნისანმა” ახალი ”ქაშქაის” პრეზენტაცია ესპანეთში გამართა. AUTO BILD-ის რეპორტიორმა ანდრეას მაიმ იაპონელთა ახალი ქროსოვერით აკრძალული მოგზაურობა მოიწყო
სრულად
ნადირობა მოსახვევებზე (+ VIDEO)
21.05.2014
E-Type-დან ზუსტად ნახევარი საუკუნის შემდეგ ”იაგუარმა” F-Type-ის სახით ისევ ნაღდი სპორტული ავტომობილი გამოუშვა. AUTO BILD-ის ავტორმა შტეფან ფოსვინკელმა გადაწყვიტა, ამ მანქანით მთიანი ესპანეთი დაეპყრო.
სრულად
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 11°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Nissan X-Trail 3400 $
Mercedes-Benz C 180 2800 $
Mercedes-Benz E 240 3500 $
Nissan Skyline 2700 $