
მართლაც გასაოცარია, როგორი თანმიმდევრულობით აფართოვებს BMW თავის სამოდელო რიგს. ახლა ასპარეზზე ახალი X4 და მეოთხე სერიის Gran Coupe გამოდიან - ავტომობილები, რომლებსაც წინამორბედები არ ჰყოლიათ. ორივე მოდელის შემთხვევაში უფროსი და წარმატებული ძმების კონცეფციაა კოპირებული - მიხვდებოდით, BMW X6-სა და მეექვსე სერიის Gran Coupe-ს ვგულისხმობთ. უბრალოდ, ახლები ერთი კლასით დაბლა არიან პოზიციონირებულები. სხვათა შორის, ეს ეხება მესამე სერიის GT-საც, რომლის მისაბაძი მაგალითი უდავოდ 5er GT გახლავთ.
მოდელ-მიქსერი: BMW-მ ყველაფერი გასაგებად ჩამოაყალიბა: სედანის და კუპეს შეერთებით Gran Coupe მივიღეთ, SUV-ისა და კუპეს შერწყმით - X4 ან X6, ხოლო ვენისა და კუპეს ნაჯვარს კი Gran Turismo ეწოდება. რას დაარქმევდნენ კაბრიოლეტისა და პიკაპის ნაჯვარს? Gran Ouverte?
როცა ეს სამი ავტომობილი ერთმანეთის გვერდით ფდგანან, ორი რამ გეცემა თვალში:
ერთის მხრივ ის, თუ რაოდენ ჰგვანან ისინი ერთმანეთს. ტრადიციული ”თირკმელები”, ორმაგი მაშუქები, უკანა ფარების დიზაინი, ერთნაირი დახრა და ტიპური ხაზები გვერდებზე - ფორმების ერთნაირი ენა აშკარაა.
მეორე მხრივ, თვალშისაცემია განსხვავებებიც. X4, რომელიც ფოტოზე M-ვერსიის სახითაა წარმოდგენილი, იმაზე გაცილებით აგრესიული, მასიური და დიდი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. კიჩო, შეგვიძლია, X6-ს შემდგარ კოპირებად მოვნათლოთ, თუმცაღა ჯამში ეს მაინც გემოვნების საკითხია.
უდავო არც მესამე სერიის GT-ს ეთქმის. ეს უკანასკნელი თავისი საკმაოდ მაღალი პოზიციით, შედარებით პუტკუნა ჩანს, რაც დიახაც უჩვეულოა - ყოველ შემთხვევაში, BMW-სთვის.
აი, მეოთხე სერიის Gran Coupe კი სცენაზე აბსოლუტურად სხვანაირი ჩანს. თანაც, ამ შემთხვევაში M-პაკეტიც ემატება, რაც მომხიბვლელობას მატებს. დაჭიმულია და გამორჩეულად თვალწარმტაცი უკანალი აქვს.
ამდენი სილამაზე დიდ მსხვერპლსაც მოითხოვს და აი ისიც: ამ სამი ავტომობილიდან Gran Coupe-ს ინტერიერში ყველაზე ნაკლები სივრცეა. წინ ღრმად ზიხარ, საგრძნობლად ღრმად, ვიდრე 3er GT-ში და გზასთან გაცილებით ახლოს ხარ. უკან ჯდომა პრინციპში საკმაოდ სასიამოვნოა, მაგრამ თავს ზემოთ ბევრი ადგილი აღარ რჩება. და, რაღა თქმა უნდა, ”მეოთხე სერიას” ამ სამეულში ყველაზე მცირე მოცულობის საბარგული აქვს - 480-დან 1300 ლიტრამდე.
სწორედ ამ კრიტერიუმში ჯობნის მას 3er GT, რომლის საბარგული 520-დან 1600 ლიტრამდე ბარგს ყლაპავს. ამასთან, უკანა სავარძელის გადახრა შეიძლება. თუმცა ეს საბარგულისთვის უფროა პლუსი, ვიდრე მგზავრის ზურგისთვის. GT-ს ამ სამეულში ყველაზე გრძელი, 2,92-მეტრიანი ბაზა აქვს (შედარებისთვის: 4er და X4 - 2,81 მეტრი) და, შესაბამისად, მისი სალონის უკანა ნაწილი გასაოცრად დიდსივრციანია. ”მეოთხე სერიაზე” გაცილებით ჰაეროვანია სალონის წინა ნაცილიც - იმდენად, რომ ჯიშიანი ვენი გეგონებათ.
ამ კუთხით მასთან ახლოს წინა მხარეს მოულოდნელად ტევადი X4-იც ვერ მიდის. თუმცაღა X6-ის უმცროს ძმაში ჯდომის პოზიცია მაღალი და საკმაოდ კომფორტულია. აი, X4-ის უკანა სავარძელზე კი კომფორტულად ვერ მოთავსდებით - ამ კრიტერიუმში ეს მოდელი უფრო Gran Coupe-სა და GT-ს შორისაა პოზიციონირებული. უკანა სავარძელი საკმაოდ დაბლაა, რაც თავს ზემოთ გარკვეულ სივრცეს ქმნის, მაგრამ მეორე მხრივ, თუ მგზავრი მაღალია, მუხლების გვარიანად მოხრა მოუწევს. საბარგულის მოცულობა X4-ში 500-1400 ლიტრი გახლავთ.
X4 ამ შედარებაში 35i ვერსიით, ანუ, ბენზინის 3-ლიტრიანი ძრავით (306 ცხენის ძალა) იყო წარმოდგენილი და უნდა ვთქვათ, რომ ამ პატარა და ხისტ ქროსოვერს ყველაზე მეტად სწორედ ეს ცოცხალი და ჟღერადი ძრავა უხდება. ამ აგრეგატით აღჭურვილი X4 SUV-ის, პარდონ, SUV-კუპეს კვალობაზე გამოკვეთილად მსუბუქად დადის და მოსალოდნელზე მეტად მოქნილია. დიდი შანსია, რომ ამ კლასში ეს მასზე უკეთ ბევრმა ვერ შეძლოს.

ჩვენ ახლა ერთმანეთს განსხვავებულ კონცეფციებს ვადარებთ და ასეთი SUV მოქნილობის ნიჭით 4er Gran Coupe-სთან ახლოსაც ვერ მივა. ”მეოთხე სერია” ”მესამე სერიის” სედანზე ხისტია და, შესაბამისად, ენერგიულიც გახლავთ. ზუსტია, მანევრული, მაგრამ გადაჭარბებული სიხისტე არ ახასიათებს. ცნობისათვის, Gran Coupe აქ 28i ვერსიის სახით იყო წარმოდგენილი - 4 ცილინდრის მქონე 2-ლიტრიანი ძრავით და 245 ცხენის ძალით.
შეიძლება ითქვას, რომ ამ თანამედროვე 4-ცილინდრიანებს ბევრს ვერაფერს დავუწუნებთ (ყოველ შემთხვევაში, სიმძლავრის კუთხით), მაგრამ 4-ცილინდრიანი მაინც 4-ცილინდრიანია და მისი ხმაც შესაბამისად ჟღერს. არადა, BMW-ს ინჟინრებმა ძრავის ჟღერადობაზე ბევრი იმუშავეს.

მესამე სერიის GT ასევე 4-ცილინდრიანი, 2-ლიტრიანი აგრეგატით (20i) გახლდათ წარმოდგენილი და ოდენ 184 ცხენის ძალა ჰქონდა. თუმცა მის კონცეფციაში ეს სიმძლავრე ჯდება. თუ 3er GT-ში პირდაპირ X4-დან ან ”მეოთხე სერიიდან” გადმოჯდებით, თავი სულ სხვა სამყაროში გეგონებათ. ამ მანქანისთვის საკმარისი, მაგრამ ზოგადად გაცილებით ნაკლები სიმძლავრე და ჟღერადობა, რომელიც იმ ორი მოდელისას დიდად ჩამოუვარდება.
GT-ც მსუბუქად დადის და საკმაოდ მოქნილია, მაგრამ გაცილებით რბილი დაკიდება აქვს. თუმცა, წინა ორზე გაცილებით კომფორტულიცაა.
ვინ იფიქრებდა, რომ დადგებოდა დრო, როცა BMW-ს სამ მოდელს ერთმანეთის გვერდიგვერდ დავაყენებდით და სამეულში ერთადერთი მესამე სერია ყველაზე იაფი არ იქნებოდა? 320i ვერსიის სახით GT 37 100 ევრო ღირს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 420i Gran Coupe-ს ფასი 35 750 ევროდან იწყება, რაც 1350 ევროთი ნაკლებს ნიშნავს. არადა, ამ დროს მოდელების იერარქიაში ის ”მესამე სერიაზე” მაღლა დგას.
თუ X4 შეგიყვარდათ, ფულის დაზოგვა დაიწყეთ: X4 xDrive 20i 46 100 ევრო ღირს - 9000 ევროთი მეტი, ვიდრე 320i GT და 10 350 ევროთი მეტი, ვიდრე 420i Gran Coupe. შეღავათი: X4-ს სრული ამძრაობა და 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი მოყვება. ამ ორი რამის შეკვეთა 3er-შიც შეგიძლიათ და 4er-შიც, მაგრამ ამ მოდელებისთვის სრული ამძრაობა 2500 ევრო ღირს, ხსენებული ავტომატიკა კი - 2150 ევრო, რაც ჯამში 4 650 ევრო გამოდის.
ასეა: BMW სამოდელო რიგთან ერთად დამატებითი ოფციების ფასებსაც ზრდის.
დასკვნა: გააჩნია გემოვნებას

BMW უბრალოდ წარმატებულ გზაზე დგას. ბავარიელები ნიშებს ოსტატურად ეთამაშებიან და ერთსა და იმავე ტექნიკას სხვადასხვა ავტომობილებში ისე გვთავაზობენ, რომ ნებისმიერი გემოვნება დააკმაყოფილონ. მშვენიერი 4-კარიანი კუპე 4er Gran Coupe და ახალი SUV-კუპე X4 ნამდვილად თვალწარმტაცი მოდელებია, თუმცა სივრცის კუთხით მცირეოდენი ნაკლოვანებები მოჰყვებათ. შედარებით დამაფიქრებელი 3-er GT კი ვენისა და კუპეს ნაჯვარია, რომელიც პრაქტიკულობით გამოირჩევა და ოჯახის ტიპია.
დირკ ბრანკე

