”შეიძლება, რომ ”მულტიპლასთან” ფოტო გადავიღო?” - მეკითხება ალექსი. უცნაური სურვილია. იმიტომ, რომ გარშემო ბევრი ”ფერარი” დგას. თითოეული მათგანის ორი საათით დაქირავება 1250 ევრო ღირს. ჩვენ მარანელოზე ვართ, ალექს პინიონე კი აქ ინსტრუქტორია. თავის დროზე მრბოლელი გახლდათ, სუპერბაიკებითა და ინდიქარებით დაჰქროდა და ნებისმიერი წითელი ”ფერარით” გასეირნება შეუძლია. ამიტომაც მიკვირს, რით მიიზიდა ცისფერმა ”ფიატმა”.
”ბებიაჩემს ჰყავდა. მაგაზე ვისწავლე მანქანის ტარება,” - მაშინ ალექსი 10 წლის იყო. და რა მანქანა ჰყავს დღეს მარანელოს ინსტრუქტორს? Ferrari California? თუ 458? პარკინგზე გავყავართ და ხელს კუთხისკენ იშვერს - იქ სწორედ Fiat Multipla დგას. 2000 წელს გამოშვებული ნაცრისფერი ”მულტიპლა”. ალექსი იტალიელისთვის დამახასიათებელი ღიმილით იღიმის და მხრებს იჩეჩავს: ”ჩემს ვაჟსაც ამაზე უნდა ვასწავლო ტარება. ახლა ექვსი წლისაა.”

Fiat 500 L Living ”მულტიპლას” თანამედროვე ვერსიაა. სავარძლების სამი რიგი, მაღალი ჭერი და 500-ის დიდი ბიძაშვილი - ისტორია მეორდება
გერმანიიდან იტალიაში სწორედ ალექსის დარი ტიპების საძებნელად ჩამოვედით. ალპებში ძველ, ბევრის აზრით დაკარგულ სიყვარულს ვეძებთ. როგორც გერმანელს, იტალიაზე პირველ რიგში გოეთე მახსენდება, რომელმაც ამ მშვენიერ ქვეყანას მაშინ მიაშურა, როცა თავს ყველაზე ცუდად გრძნობდა და იტალიიდან დაბრუნებული წერდა, თავიდან დავიბადეო. გოეთედან რიმინიმდე, ”ფიატიდან” ”ვესპამდე” - იტალიაზე ფიქრები ყოველთვის გულიდან მოდის.

”ამ ავტომობილის სრულყოფაზე წლების მანძილზე ვმუშაობდით,” - აცხადებს შეფ-მტესტავი რაფაელე დი სიმონე. ”ფერარის” შეფ-მტესტავი ინჟინერიცაა, დიპლომატიც და ერთი სიტყვით, Ferrari LaFerrari-ზე მთავარი პასუხისმგებელია
საავტომობილო კუთხით იტალიიდან ბოლო დროს არცისე კარგი ამბები გვესმის. ჰოდა, ჩვენც გადავწყვიტეთ, გვემოგზაურა იტალიაში და გაგვეგო, როგორი განწყობაა ამ მართლაც მშვენიერ საავტომობილო ქვეყანაში. ვფიქრობთ, ამ მოგზაურობისთვის ზედგამოჭრილი თანამგზავრი შევარჩიეთ: 1959 წელს გამოშვებული Fiat Multipla, რომელიც ოტცბერგის მუზეუმიდან წამოვიყვანეთ.
***
ჩვენი ტური ემილია-რომანიაში, ქალაქ მოდენას შემოგარენში, ”ძრავების ქალაქში” იწყება. ”ძრავების ქალაქი” - სწორედ ასეთი წარწერაა მარანელოს ფირნიშზე. აქვე დგას ფორმულა 1-ის V12 ბოლიდი, რომელსაც რაფაელე დი სიმონე მეთვალყურეობს. ”ფერარის” შეფ-მტესტავს ჩვენთვის მხოლოდ ერთი საათი სცალია, რადგან უკიდურესად გადატვირთული გრაფიკი აქვს. სწორედ მისი პირმშოა LaFerrari, ჰიბრიდული სუპერსპორტული ”ფერარი”, რომელიც Porsche 918-სა და McLaren P1-ს ებრძვის.
***
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ”ფერარიში” ბუმია. ახლახან, კიდევ 200 ახალი თანამშრომელი აიყვანეს. წითელი სუპერბოლიდის ტირაჟი 7000-ზეა შეზღუდული და როგორც ჩანს, ხელოვნური ექსკლუზიურობა ბევრს იზიდავს. ქარხნის მუზეუმის წინ უთვალავი ავტობუსი დგას - ტურისტებს ჩვენი ჯაბახანა არ აინტერესებთ. სამაგიეროდ, ”მულტიპლა” ყურადღების ცენტრში ბენზინგასამართ სადგურზე ექცევა: ”ასეთი მეც მყავდა! - მეუბნება საწვავის ჩამსხმელი ენიო კაპი, - სწორედ ეს ”ფიატი” იყო ჩემი პირველი ავტომობილი 1969 წელს და სწორედ ამ მანქანით გავიცანი ჩემი ცოლი.”
ენიო კაპის (მარჯვნივ), რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს, ”ფიატ მულტიპლას” დანახვაზე ჯერ ცრემლები მოადგა, მერე კი ავზის თავსახურის შუასადები გამოცვალა
ნებისმიერს, ვინც გველაპარაკება, ამ ”ფიატთან” დაკავშირებით საკუთარი ისტორიები და თავგადასავლები აქვს, მაგრამ ენიო მაინც განსაკუთრებული შემთხვევაა - თვალებზე ცრემლები მოადგა და ჩვენც მულტიპლას საწვავის ავზის თავსახურს დეფექტიანი შუასადები გამოუცვალა. რა თქმა უნდა, უფასოდ.
***
66 წლის ენიოს დღეს უკვე Suzuki ჰყავს და ჩვენც ლოგიკური კითხვა გვიჩნდება: ”თუკი ძველი ”ფიატი” შენში ასეთ ემოციებს იწვევს, რატომ გყავს იაპონური მანქანა? ”ჰო, მაგრამ ჩემს Suzuki-ს ”ფიატის” ძრავა აქვს!” - მპასუხობს კაპი. რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ ძრავების ქალაქში ვართ. აი, ჩემს ცოლს ძველი ”ფიატ პანდა” ჰყავსო, დასძენს ენიო და ეს სიტყვები ბოდიშის მოხდასავითაა. თითქოს რცხვენია, თავმოყვარე იტალიელი იაპონური ავტომობილი რომ დადის.
”ლამბორგინის” თანამშრომელმა (დააკვირდით წარწერას ზურგზე) უცებ მოიცალა და ჩვენს ”მულტიპლას” ბევრი უტრიალა
”ფიატი” იტალიაში ჯერ კიდევ ყველაზე პოპულარული მარკაა, თუმცა ტენდენცია უკან მიდის. ხალხი გაბრაზებულია. იტალიელები პოლიტიკოსებზე, მენეჯერებზე და გადასახადებზე ბრაზობენ - ისეთი დროა, ბევრი უნდა იწვალო და სანაცვლოდ ცოტას იღებო. აგერ, რობერტო გამბარელი თავისი Chevrolet Aveo-თი ახალ საბურავებს ელოდება და კითხვაზე, რატომ ამჯობინა ”ფიატს” ”შევროლე”, ასე გვპასუხობს: ”ფიატი ზედმეტად ძვირია. ფასი გერმანული აქვს, ხარისხი იტალიური. ძრავები კარგია, მაგრამ დანარჩენი?” - რობერტოს სახეზე უნდობლობა აწერია, თუმცა ნებისმიერი იტალიელისთვის დამახასიათებელი ოპტიმიზმით დასძენს, როგორც ამბობენ, ახალი ”ფიატები” უკვე კარგი ხარისხისააო.
***
”ფიატს” სასწრაფოდ ბიძგი სჭირდება და კარგია, რომ კონცერნის შეფმა მარკიონემ ცოტა ხნის წინ გენერალური გეგმა წარმოადგინა. და ახალი მოდელებიც - მაგალითად, Fiat 500L. ანაც, 500L Living, რომელიც ”მულტიპლას” თანამედროვე ვერსიაა. ცხადია, რომ ეს შვიდადგილიანი მოდელი 500-ის ოჯახს მნიშვნელოვნად გააფართოვებს. სტრატეგია კი, ფაქტობრივად 50-იანი წლების გეგმის იდენტურია.
***
მოდენაში ”მაზერატი” 100 წლის იუბილესთვის ემზადება. ზეიმი სექტემბერშია დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ახალი მოდელები, Ghibli და Quattroporte საკმაოდ კარგად იყიდება. ”თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასე კარგად დიდი ხანია აღარ ვყოფილვართ,” - ამბობს 81 წლის ერმანო კოცა, რომელიც ადრე ”მაზერატის” მექანიკოსი იყო, ახლა კი ამ ბრენდის საპატიო კონსულია. ექსკლუზიურობის ნაცვლად ”მაზერატი” აქცენტს ახლა მიზანმიმართულ ზრდაზე აკეთებს, მიზანი კი 50 000 ავტომობილია. 2015 წელს ”მაზერატის” პირველი SUV-იც გამოვა, მაგრამ ამ უკანასკნელს არა მოდენაში, არამედ ტურინში ააწყობენ. ”ფიატის” კონცერნმა იქ ბერტონეს ყოფილი დარბაზები შეიძინა - აი, ასეთია დღეს ამ მარკის სტრატეგია.

აი, ასე ვიწროდ დგანან ძველი, ლეგენდარული ”მაზერატები”
***
სამაგიეროდ, მოდენაში Alfa Romeo 4C-ს იწარმოება. პატარა და გრანდიოზულად სპორტული მანქანა, რომელსაც ”ფიატის” ბოსი სერჯო მარკიონე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს. ამ კაცს ”ალფა რომეოს” მომავლის სჯერა, რასაც ის ფაქტი მოწმობს, რომ ”ალფაში” 5 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია ჩადო და 8 ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს.
***
დილაუთენია აქ ისტორიისთვის არ სცალიათ, მაგრამ მაინც: რომ არა უმბერტო პანინი, რომელიც თავიდან ”მაზერატის” სტაჟიორი გახლდათ, მერე კი ”სტიკერების მეფე” გახდა, ”მაზერატის” კოლექცია დაიღუპებოდა. პანინიმ ეს უნიკალური კოლექცია 1993 წელს იხსნა.
”მაზერატის” საპატიო კონსული ერმანო კოცა
***
უმბერტოს ვაჟის, მატეოს სახლ-მუზეუმის ნახვლა ერთი სიამოვნებაა, აქედან 30 კილომეტრში კი უკვე ”ლამბორგინის” სამყაროა. Sant’Agata-ში ძველი ”ლამბოები” გადაგრევთ: Miura, Countach, Diablo და Murcielago. თითოეული მათგანის ისტორიას იტალიურ და გერმანულ ენებზე დაწერილი ტექსტები მოგითხრობთ. რატომ გერმანული? იმიტომ, რომ ”ლამბო” ”აუდის” ეკუთვნის...

მატეო პანინის ყველის ქარხნის შესასვლელს ”მაზერატის” და ”ფერარის” ლოგოები ამშვენებს
***
”აუდის” საკუთრებაა ”დუკატიც” - მოტოციკლების ლეგენდარული მწარმოებელი, მაგრამ აქ უკვე აღარ გვიშვებენ. წინასწარი დაჯავშნის გარეშე შესვლა აკრძალულიაო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მართლა არ შეგვიშვეს. არ გავბრაზებულვართ - ეს აკრძალვა მშვიდად მივიღეთ.
იოახიმ შტაატი
ერთი ესპრესო და ავტომობილის გასაღები იმ დროიდან, როცა გასაღები მართლა გასაღები იყო