მწეველები
30.10.2014
გართობის დროაო, თქვეს BMW M4-მა და Audi RS5-მა და Continental-ის ავტოდრომს მიაშურეს

ნაცრისფერი BMW M4-ის ბოროტი აგრეგატი კონტიდრომის სტარტისა და ფინიშის ნიშნულზე გამომწვევად ღმუის. ამ დუელის ინიციატორი სწორედ ისაა. მიუნხენელთა მძლავრი კუპე დღეს წითელ Audi RS 5-ს უნდა შეეჯიბროს, ეს უკანასკნელი კი თხემით ტერფამდე მოტივირებული და კონცენტრირებული ჩანს. ეს ყველაფერი ისე ჟღერს, თითქოს DTM-ის მორიგი რბოლა იწყებოდეს, მაგრამ სინამდვილეში ეს თითქმის ერთი ჩვეულებრივი დღეა: AUTO BILD-ის გუნდი ქვემო საქსონიაში, კონტიდრომზე ვართ და ტესტისთვის ვემზადებით.

BMW-სა და Audi-ს შორის გაჩაღებული დუელი პრესტიჟისთვის ახალ განზომილებაში გადავიდა. აქ და ახლა საქმე ეხება არც მეტი, არც ნაკლები, იმ კითხვაზე პასუხის მიღებას, რომელიც ასე ჟღერს: BMW-ს საშუალო კლასის კუპე უფრო სპორტულია, თუ ”აუდისა”? ეს არის კითხვა, რომლის პასუხს ორივე მარკის ფანებიც მოუთმენლად ელოდებიან და შეფებიც. ჩვენ ვიცით, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დუელი, დისკუსია მაინც გაგრძელდება, მაგრამ დუელი უნდა შედგეს!

Auto Bild
Auto Bild

BMW-მ უნდა დაიცვას სახელი და რეპუტაცია, რომელიც პირველი M3-ის გამოშვებიდან (1986) აქვს, ”აუდის” კი სწორედ ბავარიელთა ამ რეპუტაციის შელახვა უნდა.

M4 თავისი ცივილური ძმებისგან ვიზუალურად დიდად არ განსხვავდება. უფრო დიდი საჰაეროები, დისკები, პატარა კანტი და ოთხი მაყუჩი უკან - ეს ყველაზე თვალშისაცემი მახასიათებლებია. აი, ძარის მიღმა კი მიუნხენელებმა თითქმის არცერთი ჭანჭიკი არ დატოვეს თავის ადგილზე. სავალი ნაწილი, მუხრუჭები და ძრავა ძირითადად ახლებურადაა კონსტრუირებული.

ერთი სიტყვით, ბავარიელებმა ბევრი ოფლი დაღვარეს, რაც ავტომობილს პირველივე აჩქარებაზე ეტყობა. BMW კლასიკურ სპორტულ კუპეში პირველად იყენებს ტურბინას, რის გამოც ფანების საკმაოდ დიდი ნაწილი განრისხდა, მაგრამ შეგვიძლია ისინი დავამშვიდოთ. 431 ცხენის ძალის მქონე 6-ცილინდრიანმა ძრავამ თავისი საუკეთესო მანერებიც შეინარჩუნა, შესაფერისი ჟღერადობაც და, ამავდროულად, გაცილებით მძლავრი გახდა. სხვანაირად, უფრო სწორად კი, რიცხვებით რომ ვთქვათ, 1850 ბრუნის შემდეგ უკვე ბრუნის მაქსიმალურ მომენტს, 550 ნმ-ს აღწევს.


M4-ის საჭესთან თავს DTM-ის პილოტად წარმოიდგენთ


BMW-მ ძრავის ახალი კონცეფცია: ეს არის პირველი ტურბირებული 6-ცილინდრიანი M-ში, რომელიც დიდი მოცულობის მქონე ატმოსფერული ძრავივით მუშაობს. თითქმის...

უფრო დეტალურად ავხსნათ? სიამოვნებით! მოდით ასე ვთქვათ: წარმოიდგინეთ მოიერიშე თვითფრინავის სტარტი და დაუმატეთ ის შეგრძნებები, რაც ამ დროს დაგეუფლებათ - სწორედ ასეთი განცდაა M4-ის მაქსიმალური აჩქარებისას. თუმცა ამ BMW-ს მხოლოდ სწრაფად აჩქარება როდი გამოსდის, მისი მთავარი ნიჭი მოსახვევებში ვლინდება - ამ დროს ის სასიამოვნოდ ნეიტრალური და რეაქტიულია. ასეთი სრულყოფილება გართობის მოყვარული პილოტებისთვის შესაძლოა მოსაწყენი იყოს, მაგრამ სამაგიეროდ, მანქანა დროს არ კარგავს და უსწრაფესი წრე გამოსდის. 1:34,41 კონტიდრომზე M4-ისთვის ძალიან კარგი შედეგია. შედარებისთვის: ისეთი სუფთა სისხლის სპორტქარი, როგორიცაა Porsche 911, ამავე ტრეკზე მხოლოდ რამდენიმე მეათედი წამით სწრაფია.

სიამოვნება და გართობა კი M4-ით მაშინ იწყება, როცა ESP-ს გათიშავთ. მარჯვევა ფეხით მცირეოდენი წაცელქებაც საკმარისია იმისათვის, რომ უკანა ტანის სიმსუბუქე იგრძნოთ და M4-ით თვალსასეირო დრიფტი მაშინვე იწყება. კვამლით მიხვდებით, რომ BMW-ს ახალი კუპე სტაჟიანი მწეველივითაა და იმ დროს, როცა BMW უკვე ელექტრომობილიზაციაშიც ინოვატორად მიიჩნევა (i3, i8), M4 ”მწვანეებმა” შეიძლება ერთობ არაპოლიტკორექტულ ტიპადაც მოიხსენიონ.


BMW M4 Coupe: სიმძლავრე: 431 ცხენის ძალა ბრუნის მომენტი: 550 ნმ მაქს. სიჩქარე: 280 კმ/სთ 0-100 კმ/სთ: 4,5 წამში ფასი (EU): 72 200 ევროდან

ცოტ-ცოტა ყველაფერი კარგია, გადაჭარბება კი მით უმეტეს გაბოლებაში არ შეიძლება, რადგან რამდენიმე მოსახვევის შემდეგ უკანა საბურავები ისეთ დნობას იწყებენ, როგორც ყინული მზეზე და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ასეთი საბურავები ძალიან ძვირია, მიხვდებით, რომ ეს არც იაფი სიამოვნებაა.

ტექნიკური მონაცემებით თითქმის იდენტური ”აუდი” თავისი 450 ცხენის ძალით სიამოვნების სხვა ფაქტორზეა გაანგარიშებული. ჯერ მარტო მისი მოხვევის სისტემა გვარწმუნებს იმაში, რომ ინგოლშტადტელებს კლასიკური გაგებით სპორტულობაზე ბევრი არც უფიქრიათ და არც უზრუნიათ. მართალია, უფრო მეტი სიმძლავრის მქონე ”აუდი” (არ დაგვავიწყდეს მისი სრული ამძრაობაც) 100 კმ/სთ-მდე მხოლოდ 4,2 წამში ჩქარდება (BMW – 4,5 წამში), მაგრამ სპორტული ტრეკი RS 5-ს ისე ნამდვილად არ ეგემრიელება, როგორც M4-ს. მძიმე ძრავა ”აუდის” ქონივით აქვს და წონის თითქმის 60 პროცენტი წინა ღერძს ადგება. სწორედ ამის შედეგია ის, რასაც ”აუდის” კუპე მოსახვევებში რეაქციას აგვიანებს. დრიფტის პროვოცირება კი გამორთული ასისტენტების დროსაც არაა ადვილი, თუმცაღა RS 5 იმას მაინც ახერხებს, რომ უკანა ღერძის სპორტული დიფერენციალის წყალობით მოსახვევიდან ხეირიან გამოდის. ესეც საქმეა და ფაქტია, რომ საკუთარი ტიუნერი Quattro ამ კონცეფციიდან მეტს ვეღარ გამოწურავდა.

Auto Bild
აუდი Gran Turismo უფროა, ვიდრე ბოლიდი

Auto Bild
შესაძლებლობების მაქსიმუმი: V8 ძრავა 4,2-ლიტრიანი მოცულობით. მაქსიმალური სიმძლავრე 8250 ბრუნზე მიიღწევა

საბოლოო ჯამში, წამზომმა 3800-მეტრიან კურსზე 1:36,53 დააფიქსირა, რაც იმას ნიშნავს, რომ BMW-ს მთელი ორი წამით ჩამორჩა. საჭის პროფები და ამ თემაზე დისკუსიის მოყვარულები მიხვდებიან, რა დასკვნები უნდა გაკეთდეს აქედან, მაგრამ ვიყოთ გულახდილები: რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ტრეკზე წარმოჩენილი შესაძლებლობები და ნაჩვენები დრო ჩვენი ეგოსთვის, ყოველდღიურობაში სხვა კრიტერიუმებია მნიშვნელოვანი. თუმცა BMW-ს ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილებაც ეხერხება. ნორმალურ რეჟიმში ძრავა უკანა პლანზე გადადის, სავალი ნაწილი უსწორმასწორობებს კარგად უმკლავდება, მოხვევა კი გასაოცრად რბილი და ამავდროულად ძველებურად ზუსტია. შესაბამისად, თამამად ვიტყვით, რომ ასეთი კომფორტული და კარგად მომზადებული M ჯერ არ არსებულა. ამას ემატება საგრძნოობლად უკეთესი სივრცის კონცეფციაც. ამასთან, გირჩევთ, რომ M4 ყოველთვის ოპციური ორდისკიანი გადაბმულობით (3900 ევრო) შეუკვეთოთ. ასეთი ტრანსმისიით ყოველდღიური კომფორტიც გარანტირებულია და ამ კლასის ავტომობილისთვის ასე საჭირო მოქნილობაც.

Auto Bild
Audi RS 5: ► სიმძლავრე: 450 ცხენის ძალა ► ბრუნის მომენტი: 430 ნმ ► მაქს. სიჩქარე: 280 კმ/სთ ► 0-100 კმ/სთ: 4,2 წამში ► ფასი (EU): 78 750 ევროდან

”აუდის” ამგავრი ტრანსმისია (7-საფეხურიანი) სერიულად მოყვება, რაც ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან კოლოფი საფეხურებს ყოველთვის დროულად და ნებისმიერი რეჟიმისთვის შესაბამისად რთავს. სამწუხაროდ, ვერ შევაქებთ არაჰარმონიულ სავალ ნაწილს, რომელიც Audi RS 5-ში ზედმეტად ხისტია. ყოველდღიურ მოხმარებაში კომფორტის რეჟიმი სასიამოვნოა, დინამიკურ რეჟიმში კი ზედმეტი სიხისტე იგრძნობა. სამწუხაროა, რადგან ძრავის მშვენიერი ჟღერადობით, კოფმორტული სავარძლებითა და იდეალური კოკპიტით ეს ”აუდი” მართლაც სრულყოფილი Gran Turismo იქნებოდა.

აქ და ახლა კი BMW უკეთესია. M4-მა RS 5-ს სპორტულობის ყველა დისციპლინაში უკეთესი შოუ დადგა. ამრიგად, BMW-მ ”აუდის” ეს დუელი მოუგო და ჩვენ ის გვაინტერესებს, მოხდებოდა თუ არა იგივე DTM-შიც. როგორც იცით, მოხდა...

დასკვნა
BMW-მ M4-ის სახით წინამორბედი M-ებისგან განსხვავებული და როგორც ირკვევა, გამორჩეულად კარგი მანქანა შექმნა, რომელიც ავტოდრომზეც სრულყოფილია და ყოველდღიურობაშიც დაგაკმაყოფილებთ. თანაც, ამდენ პერფექციონიზმთან ერთად, მოსაწყენი ნამდვილად არ არის. ”აუდის” კონკურენციის გაწევა აღარ შეუძლია - ამ მოდელმა თავისი დრო მოჭამა და ვერც სწრაფ წრეს აფიქსირებს და ყოველდღიურობაშიც ზედმეტად ხისტია. თუმცა ისიც გულახდილი ტიპია, რომელიც თავის წილ სიამოვნებას ნებისმიერ პილოტს განაცდევინებს.
შტეფან ფოსვინკელი

Auto Bild
Auto Bild


იხილეთ ვიდეო:


facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
გაიცანით GLE! მერსედესმა ML-ის შემცვლელი გვიჩვენა
2015-03-26 15:14:37
M-კლასი გუშინ იყო, მის შემცვლელს კი GLE ჰქვია
სრულად
article image
Cat Image
ყველაფერი ახალი Hyundai Tucson-ის შესახებ
2015-03-25 08:23:51
ix35-ს ისევ Tucson შეცვლის!
სრულად
article image
Cat Image
სამაგალითო როდსტერი, მისტერ თავისუფლება
2015-03-20 09:26:42
თავღია TT-ს შეუძლია ყველაფერი, რაც კაბრიოლეტს უნდა შეეძლოს
სრულად
მხოლოდ ნამდვილი მამაკაცებისთვის - როგორი წვერი უნდა ვატაროთ (+PHOTO)
ეს ქალაქი 25 წელი წყლის ქვეშ იყო (+17 PHOTO)
20 ფოტო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამა!
ჯაბა კანკავა: დაცვაში კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ და ჩვენს შანს დაველოდოთ
ჩერნოგორიელმა ფანებმა რუსეთის ნაკრების მეკარეს მაშხალა თავში მოარტყეს, მატჩი ჩაიშალა [VIDEO]
შოთა არველაძე: ამის გამო შენს ნაკრებს არ უნდა დაუსტვინო
სხვა სიახლეები
ჯენტლმენი გოძილას წინააღმდეგ
03.03.2015
პირველი სერიოზული, მოხდენილი და მდიდრულია, მეორე - გაუთლელი, სასტიკი და შეუბრალებელი
სრულად
თაობების დუელი: BMW i8 და Porsche 911
26.09.2014
Playstation-ის თაობა ტრეკის გმირის წინააღმდეგ, ელექტრული ბატარეისა და ბოქსერის დუელი
სრულად
რომელი BMW გჭირდებათ?
23.07.2014
ახლა მოდაშია დახრილი სახურავები და BMW ამ მოდის ერთ-ერთი მთავარი მიმდევარია. მაგალითები გნებავთ?
სრულად
დოლარი, ლარის გარდა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ უფასურდება
მაღალანაზღაურებადი სამსახური ზარმაცებისთვის
წამლის პირველი სასახლეები საქართველოში
N65 თებერვალი 2015
ახალი ნომერი
თბილისი 10°
img
სხვა ქალაქები
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Nissan Skyline 2700 $
Opel Astra 5400 $
Mercedes-Benz C 180 2800 $
Honda Stream 2500 $