”პორშესა” და AMG-ს ცენტრალურ ოფისებს შორის, ანუ, ცუფენჰაუზენიდან აფალტერბახამდე სულ რაღაც 20 კილომეტრია, მაგრამ ხანდახან აფალტერბახი ცუფენჰაუზენიდან ცხრა მთას იქით მოგეჩვენება - გააჩნია, როგორ შევხედავთ. თუკი ”პორშე” ნახევარ საუკუნეზე მეტია, 911-ის სახით ნებისმიერი გერმანული სპორტული მანქანისთვის მისაბაძ მაგალითს აწარმოებს, AMG-ის ინჟინრები 1967 წლიდან ”მერსედესის” სედანებსა და ყველგანმავლებს ატიუნინგებენ და მხოლოდ 4 წლის წინ გამოიყვანეს ასპარეზზე ფაქტობრივად საკუთარი სპორტქარი - მიხვდებოდით, SLS-ს ვგულისხმობთ. თუმცა ეს უკანასკნელი ზედმეტად დიდი და, რაც მთავარია, ზედმეტად ძვირი იყო იმისათვის, რომ ”პორშესთვის” სერიოზულად შეეტია.
მომავალი წლიდან კი შეიძლება ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს. სწორედ ახალი წლიდან გამოდის ასპარეზზე SLS-ის შემცვლელი Mercedes-AMG GT - ნაღდი, სუფთა სისხლის რეისერი, რომელიც გაცილებით უკომპრომისო ჩანს, ვიდრე ათწლეულების მანძილზე გამოცდილი და გამობრძმედილი 911. ჯერ მარტო მისი აგრესიული ცხვირი, დიდი ვარსკვლავი და დიდრონი ნესტოები მიუთითებს იმაზე, რომ ეს ბენცი აღარ ხუმრობს. ეს ბენცი მართლა აღარ ხუმრობს!
კლასიკური GT-პროპორციები: ძალიან გრძელი კაპოტი, მოკლე კიჩო. შუაში კი ორი მგზავრისთვის საკმარისი სივრცეა
იქ, სადაც 911-ს ძრავა უდგას, GT 330-ლიტრიან საბარგულს გვთავაზობს, სადაც ერთი დიდი ჩემოდანი ან გოლფის ორი ჩანთა ჩაეტევა
რამდენად გამოცოცხლებული ჩანს GT, ამას 911-თან პირველი პირდაპირი შედარება გვიჩვენებს. თუკი ”პორშეს” მოდელის თითოეული შეცვლისას ისტორიის ბალასტი მოყვება და მხოლოდ მცირე ცვლილებებით შემოიფარგლება, რათა თანამედროვე იყოს, ”მერსედესის” შეფ-სტილისტ გორდონ ვაგენერს მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ GT-ზე მუშაობა სუფთა ფურცლიდან დაეწყო. მართალია, ლეგენდარულ 300 SL-ზე რამდენიმე ციტატა მაინც ითქვა, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მივიღეთ სუფთა სპორტული მოწყობილობა, რომელიც გასაოცრად პროგრესული ჩანს და არ დგება ისეთ სამარცხვინო კუთხეში, სადაც ისეთ მანქანებს აყენებენ ხოლმე, რომელთა შესახებაც ასე ამბობენ - მძღოლი პროფესიონალი ფეხბურთელიაო.
თუკი GT ვიზუალურად 911-სგან სრულიად განსხვავდება, ცხადი ხდება, რომ აფალტერბახელებს ტექნიკური თვალსაზრისით ”პორშე” კარგად შეუსწავლიათ და საკმაოდ ბევრი რამ აუღიათ. არა უშუალოდ 911-სგან, რომელიც დინამიკურობისთვის შეუცვლელ უკან ჩადგმული ძრავის კონცეფციაზე აკეთებს აქცენტს, არამედ 924-სგან და 928-სგან, რომლებიც ე.წ. Transaxle-კონცეფციას (როცა ძრავა წინაა, ხოლო გადაცემათა კოლოფი უკანა ამძრავ ღერძზე) ჯერ კიდევ 70-იანი წლების მიწურულს იყენებდნენ. ასეთი კონცეფცია ძალიან კარგია წონის გადანაწილებისთვის, რაც GT-ში ფაქტობრივად იდეალური გამოვიდა - 47:53. ამრიგად, დღესვე ცხადი ხდება, რომ GT ბულვარისთვის განკუთვნილი შოუ-ვარსკვლავი კი არ არის, არამედ სპორტული ავტომობილი, რომელიც ერთობ სერიოზულად უნდა მივიღოთ.
კლასიკური და მაინც თანამედროვე - AMG GT-ს მძღოლის სამუშაო მაგიდა. საჭეზე განთავსებული ღილაკებით ავტომობილის რამდენიმე ფუნქციას მართავთ - მათ შორის მულტიმედიასისტემის ხმოვან ფუნქციას. Dive Unit-ით სავალ ნაწილს, ძრავას და ტრანსმისიას მართავთ. AMG-სთვის დამახასიათებელი მოკლე ბერკეტი 7-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფის მბრძანებელია

Porsche 911: მშვიდი ფორმები, უმაღლესი ხარისხის მასალები და დამუშავება. შედარებით რთული მომსახურება და დროს ოდნავ ჩამორჩენილი მულტიმედია
AMG-ს ბოსი ტობიას მიორსი გვპირდება, რომ GT დინამიკის, მანევრულობისა და სპორტულობის კრიტერიუმებს უმაღლეს დონეზე დააკმაყოფილებს. ვალდებულიცაა, დააკმაყოფილოს, რადგან ნურავინ შეეცდება, დაარწმუნოს საკუთარი თავი იმაში, რომ Posche 911 დასუსტდა. მართალია, ”პორშეს” დაკიდება შედარებით დარბილდა და სპორტული სედანისას მიუახლოვდა, მაგრამ სარბოლო ტრეკზე ხასიათს რადიკალურად იცვლის, ტრადიციულად იღრინება და რეკორდებს რეკორდებზე ამყარებს.
თუმცა ასეთი აღრენილობა GT-ს თვითონაც არ უნდა. ”მერსედესის” ახალი ფლაგმანის ამოსავალი წერტილი სპორტული მანქანის კლასიკური პრინციპია - სიმძლავრე! იქ, სადაც Carrera S-ის 6-ცილინდრიანი ბოქსერი ტურბინის გარეშე 400 ცხენის ძალით უნდა დაკმაყოფილდეს, Mercedes AMG GT-ის ახალი V8-Biturbo უკვე 462 ცხენის ძალას აღწევს, ხოლო უმძაფრესი S-ვერსია კი 510 ცხენის ძალით 911 Turbo-ს ლიგაშია. მიუხედავად სიმძლავრის შედარებითი დეფიციტისა, ქაღალდზე ნაჩვენები შედეგებით ”პორშე” ახალ კონკურენტს არაფრით ჩამოუვარდება. ასე და ამგვარად, თუკი GT 0-დან 100 კმ/სთ-მდე 4 წამში ჩქარდება, ”პორშეს”, მიუხედავად 62 ცხენის ძალით ნაკლები სიმძლავრისა, იმავე სისწრაფის ასაკრეფად მხოლოდ ერთი მეათედი წამით მეტი სჭირდება. ამ დროს GT-ს კონტრიერიში მისი ძრავის სუპერ-გრანდიოზული ჟღერადობაა, რაშიც მისი დაქოქვისთანავე დავრწმუნდით.

AMG-მ შეძლო და შექმნა Biturbo, რომელსაც ისეთი მძაფრი ხმა აქვს, რომ შეიძლება ცოცხალი, ატმოსფერული აგრეგატი გეგონოთ და ამავდროულად, მეტი სიმძლავრითა და უკეთესი ბრუნის მომენტით იწონებს თავს.
ინტერიერის კომფორტით ორივე კონკურენტი გვაკვირვებს. ტანმაღალი მძღოლებისთვის სივრცე საკმარისია - უბრალოდ, სხვადასხვანაირადაა ინტერპრეტირებული და კოკპიტზე თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, რომ ეს ორივე სპორტული ავტომობილი სხვადასხვა პლანეტებიდან მოდიან.
911 საღად და გონივრულადაა გაფორმებული, იდეალურადაა დამუშავებული და ძვირფასი მასალებითაა მოწყობილი. თუმცა კრიტიკის საფუძველიც არსებობს. მაგალითად, ღილაკების მოზღვავება ცენტრალურ კონსოლზე და მულტიმედიასისტემა, რომელსაც ზღაპრული ფასი აქვს და უკვე შედარებით მოძველებულია და საცობსაც კი არ გვიჩვენებს რეალურ რეჟიმში ისე, როგორც ნებისმიერი ჩასამონტაჟებელი ნავიგაცია გააკეთებს.

დარჩა ერთადერთი და ყველაზე მთავარი რამ - ფასი. ამ მხრივ ”მერსედესი” უშუალოდ 911-ს პირველად უტევს. მდიდრებს ამა ქვეყნისა ბევრი ფიქრი და ტვინის ჭყლეტა არ მოუწევთ, მაგრამ თითოეულ ცენტს თუ არა, თითოეულ ევროს ხომ მაინც მისდევენ? სანამ ოფიციალურ ფასებს გავიგებდეთ, სპეკულაციების უფლება გვაქვს: 911 S-ვერსიის სახით და გენიალურ PDK-სთან ერთად თითქმის 110 000 ევრო ღირს. ჩვენი აზრით, GT-ს საბაზო ფასი ამ ფასთან უფრო ახლოს იქნება, ვიდრე აფალტერბახი ცუფენჰაუზენთან.
დასკვნა
Wow, რა მაგარი სპორტქარია! სტატიკურმა შედარებამ დაგვარწმუნა, რომ AMG-მ 911-ის სერიოზული კონკურენტი შექმნა, რომელიც ”პორშეს” იმაზე მეტად შეაწუხებს, ვიდრე ამას ცუფენჰაუზენებელი არიან მიჩვეულები. ამ ”ბენცის” გაყიდვები ახალი წლიდან იწყება და უკვე მოუთმენლად ველით ამ ორი ავტომობილის დეტალურ შედარებას ნიურბურგრინგზე.
შტეფან ფოსვინკელი
Porsche 911 Carrera S PDK
ძრავა: 6-ცილ. Boxer; მოცულობა: 3800 სმ3; სიმძლავრე: 294 კვ (400 ცხ. ძ.)/7400; ბრუნის მომენტი: 440 ნმ/5600; მაქს. სიჩქარე: 302 კმ/სთ; 0-100 კმ/სთ: 4,1 წამში; ამძრაობა: უკანა/7-საფ. PDK; წონა: 1510 კგ; საწვავის ხარჯი: 8,7 ლ. SP; გამონაბოლქვი: 202 გ/კმ; ფასი (EUR): 108 684 ევრო
Mercedes AMG GT
ძრავა: V8, Biturbo; მოცულობა: 3982 სმ3; სიმძლავრე: 340 კვ (462 ცხ. ძ)/6000; ბრუნის მომენტი: 600 ნმ/1600; მაქს. სიჩქარე: 304 კმ/სთ; 0-100 კმ/სთ: 4,0 წამში; ამძრაობა: უკანა/7-საფ. ორმ.; წონა: 1615 კგ; საწვავის ხარჯი: 9,3 ლ. SP; გამონაბოლქვი: 216 გ/კმ; ფასი: დაახ. 110 000 ევრო

ამ პერსპექტივიდან GT და 911 თითქოს ერთმანეთს ჰგვანან. ფაქტია, რომ ამ მანქანებს ავტობანზე მხოლოდ უკნიდან თუ დავინახავთ