Tesla-ს შეფი ელონ მასკი: შეუძლებელი არაფერია!
Tesla-ს შეფი ელონ მასკი: შეუძლებელი არაფერია!
05.01.2015
გაიცანით Tesla-ს შეფი ელონ მასკი, რომელიც AUTO BILD-მა საავტომობილო სამყაროს წლის ადამიანად აღიარა და საპატიო ოქროს საჭე გადასცა

საპატიო ოქროს საჭე წელს Tesla-ს შეფ ელონ მასკს გადაეცა - პიროვნებას, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ბოსია თანამედროვე ავტოინდუსტრიაში. წარმოშობით სამხრეთ აფრიკელ მასკს Tesla-ს ქარხანაში, ფრიმონტში, სან ფრანცისკოსთან ახლოს შევხვდით. ელონი ოთახში ჭიქა წყლით ხელში შემოვიდა.

ამბობენ, ელონ მასკი დღეში რამდენიმე ლიტრ ყავას და დიეტურ კოკა-კოლას სვამსო, აქ კი წყლით მოხვედით...

ჰო, მივხვდი, რომ შეცდომას ვუშვებდი. დღეში რვა ქილა კოკა-კოლა და რამდენიმე ჭიქა ყავა ზედმეტად ბევრი კოფეინია. ეს იმ დროს იყო, როცა კვირაში 100 საათზე მეტს ვმუშაობდი.

ახლა კვირაში 37,5 საათს მუშაობთ?

არა, მთლად ასეც არაა. კვირაში დაახლოებით 80-85 საათს ვმუშაობ.

როგორია ელონ მასკის ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე?

7 საათზე ვდგები. საუზმისთვის დრო იშვიათად მაქვს ხოლმე. უმეტესად ჭიქა ყავით ვკმაყოფილდები. დღის განმავლობაში უამრავი საქმიანი შეხვედრა, მოლაპარაკება და კონფერენცია მაქვს. ჩემი სადილი უმეტესად 5-წუთიანი ლანჩია და ისიც მოლაპარაკების დროს. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ღამის პირველ საათზე ვიძინებ.

Auto Bild
ელონ მასკი: ”სამწუხაროდ, ძალიან ცოტა იდეა განვახორციელე. დრო ცოტაა, თავში კი ძალიან ბევრი რამ მიტრიალებს.”

თქვენი კომპანიებისთვის სხვადასხვა დღეები გაქვთ გამოყოფილი?

დაახლოებით. ორშაბათი Space-X-ის დღეა. სამშაბათს და ოთხშაბათს პალო ალტოში ვარ ხოლმე, ანუ, Tesla-ში. ხუთშაბათს და პარასკევს Tesla-ს დიზაინის ცენტრში ვმუშაობ, რომლის ოფისიც ლოს ანჯელესშია. ვცდილობ, რომ შაბათი და კვირა შვილებთან ერთად გავატარო.

ელონ მასკს პირველი ქორწინებიდან 2 და 3 ტყუპი ჰყავს. როგორც ხედავთ, ელონს გენში აქვს იმის ნიჭი, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოს. საკითხებს, რაც სხვებისთვის შეიძლება შეუძლებელი იყოს, ელონ მასკი ასე უდგება: ”მე ამასაც შევძლებ”

თქვენი იდეებიდან რამდენის განხორციელება მოახერხეთ?Auto Bild

სამწუხაროდ, ძალიან ცოტა იდეა განვახორციელე. დრო ძალიან ცოტაა, თავში კი ძალიან ბევრი რამ მიტრიალებს. ამიტომაც გავათავისუფლე Tesla-ს პატენტი. მიხარია, როცა ჩემს ხედვებზე სხვებიც მუშაობენ.

რა არის ამჟამად Tesla-ს მთავარი გამოწვევა?

ახლახან Model S გავაუმჯობესეთ. ჩვენმა მთავარმა გმირმა 700-ცხენისძალიანი ძრავა და სრული ამძრაობა მიიღო. გაისად ჩვენი პირველი SUV-ის, Model X-ის წარმოება იწყება. სამი წლის შემდეგ კი გამოვა მესამე Tesla, რომლითაც უკვე მასობრივი ავტომწარმოებელი გავხდებით. ეს იქნება ელექტრომობილი, რომელიც დაახლოებით 35 000 დოლარი ეღირება. პარალელურად, ინტენსიურად ვმუშაობთ სრულყოფილ ავტოპილოტზე.

ავტოპილოტიან მანქანებზე არაერთი მწარმოებელი და თვით ”გუგლიც” მუშაობს...

მიუხედავად მცდელობებისა, ეს თემა მაინც გაყინული იყო და ყინული ”გუგლმა” გაალღო. მაგრამ ჩვენ, როგორც ყოველთვის, სულ სხვა რამეს მოვიფიქრებთ და ამ თემას ახლებურად წამოვწევთ. თუმცა აუცილებლად გამოვიყენებთ ისეთი კომპანიის გამოცდილებას, როგორიცაა Bosch.

Model X-ს უკანა კარები ფრთების სტილში აქვს. ეს როგორ მოგივიდათ თავში?

ადრე ორ ავტომობილზე ვოცნებობდი და ვერცერთის ყიდვას ვერ ვახერხებდი. ეს იყო ”დაფრთიანებული” Mercedes SL და Jaguar E. ვფიქრობ, თქვენს კითხვას ვუპასუხე.

”იაგუარი” ხომ იყიდეთ?

ჰო, ეს იყო პირველი ოცნება, რომელიც ავისრულე და ეს სიამოვნება 40 000 დოლარი დამიჯდა. ეს გახლდათ 1967 წელს გამოშვებული E-Type-Roadster, რომელიც 35 000 დოლარად შევიძინე. ძალიან ამაყი და ბედნიერი გახლდით, მაგრამ ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა - ”იაგუარი” გზაშივე გაფუჭდა... დღეს ამ მანქანას, რა თქმა უნდა, არაფერი უჭირს და ჩემს ფარეხში დგას. მის გვერდითაა Ford Model T და ეს არის ორად ორი ავტომობილი ჩემს გარაჟში, რომლებსაც შიგა წვის ძრავები აქვთ.

Auto Bild
Tesla-ს ქარხანა ფრიმონტში (კალიფორნია), რომელიც მასკმა ”ტოიოტასგან” 42 მილიონ დოლარად შეიძინა. დღეს ამ ქარხნის ფასი დაახლოებით 500 მილიონი დოლარია

ამას წინათ, 850 000 დოლარად ჯეიმს ბონდის ”ლოტუსი” შეიძინეთ, რომელიც ფილმში ყვინთავს. ამ მანქანას რას უპირებთ?

ამ მანქანაზე ყმაწვილკაცობაში ვოცნებობდი. იმდენს მოვახერხებ, რომ ეს მანქანა მართლაც ჩაყვინთავს - რა თქმა უნდა, ელექტროამძრაობით.

რომელმა ავტმობილმა აღგაფრთოვანათ ბოლო დროს?

სხვა ავტომობილების სატარებლად დრო თითქმის არ მაქვს. თუმცა არსებობს მანქანა, რომელიც ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა - ეს არის Porsche 911 Turbo. სხვათა შორის, ოჯახში გვყავდა და შვილებს მაგრად ვაწვალებდი ხოლმე - ამ მანქანით დამყავდა სკოლაში.

როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

ეს არაა ადვილი. ბავშვობაშივე ძალიან მონდომებული ვიყავი და ყოველთვის რაღაცების აღმოჩენა მინდოდა. მიყვარდა ყველაფერი, რაც ტექნიკასთან ასოცირდებოდა. ჩემი საყვარელი საგნები ფიზიკა და კომპიუტერული მეცნიერება იყო. ყველაფრის ძირფესვიანად შესწავლა მიყვარს და ყველაფერს უკანასკნელ დეტალამდე ვიკვლევ. არ ვაჭარბებ: ბევრ ისეთ რამეს ვხედავ მარტივად, რასაც სხვები ვერც კი ამჩნევენ.

ელონის ჩაცმულობა ოდნავადაც არ არის პრეტენზიული - ჯინსი და პიჯაკის ქვეშ პოლოს ტიპის მაისურა. პირდაპირ Casual ეთქმის - როგორც ამერიკელები ამბობენ. ერთი შეხედვით ვერც კი შეამჩნევ, რომ ავტოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წარმომადგენელია. ელონ მასკი ისეთ საკითხებს ეჭიდება, რაზეც სხვები მაშინვე ხელს ჩაიქნევდნენ. აბა, წარმოიდგინეთ, ვინ შექმნიდა მხოლოდ ელექტრომობილებს? ელონ მასკი ქმნის და ამით ფულსაც აკეთებს. მისი მთავარი მიზანი ყოველთვის ისაა, რომ შეუძლებელი შეძლოს.


ელონ მასკი: ”ჩემი ცხოვრების საუკეთესო გამოცდილება 12 წლის ასაკში მივიღე, როცა ავსტრიაში ჩავედით და პირველად ვნახე თოვლი. იმ დღეს მიღებული შთაბეჭდილება სიკვდილამდე გამყვება.”


რომელი ფირმის დაარსება იყო ყველაზე სარისკო?

ორი აზრი არ არსებობს: Space X.

გულახდილად გვითხარით, გჯეროდათ, რომ Space X და Tesla წარმატებული პროექტები იქნებოდა?

დასამალი არაფერია: არ მჯეროდა. მეგონა, რომ ორივე პროექტი ჩავარდებოდა. მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ვინც არასდროს ჩავარდნილა, ესე იგი არასაკმარისად ინოვაციურია.
Auto Bild
...და თქვენც კინაღამ ჩავარდით: ყველა საქმეს, რაც PayPal-ის წილიდან მიღებული მოგებით დაიწყეთ, 2008 წლის ბოლოს განადგურების საფრთხე ემუქრებოდა.

ჰო, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი პერიოდი იყო. პირად ცხოვრებაშიც მაშინ გამიჭირდა, მეუღლეს დავშორდი და საქმეც უკან-უკან მიდიოდა. ცოტაც და ნერვები მიმტყუნებდა. თავიდან ვფიქრობდი, რომ PayPal-იდან მიღებული 165 მილიონი დოლარი შუაზე გამეყო და Tesla-სა და Space X-ში მხოლოდ ამ თანხის ნახევარი დამებანდებინა, მაგრამ მერე მთელი ფული ჩავდე! მესამე რაკეტაც რომ ჩაფლავდა, თითქოს ყველაფერი დამთავრებული იყო, მაგრამ მეგობრებისგან ნასესხები ფულით მეოთხე რაკეტა გავაკეთეთ. ეს იყო უკანასკნელი შანსი და სწორედ ამან გაამართლა! მეორე დღეს კი NASA-დან დარეკეს და 1,5 მილიარდს შეგვპირდნენ. მას მერე 14 რაკეტა შეიქმნა. სხვათა შორის, ინვესტორები Tesla-შიც ბოლო დღეს შემომიერთდნენ. ასე რომ არ მომხდარიყო, Tesla გაკოტრდებოდა.

ამას წინათ თქვით, რომ მარსზე გინდათ. რატომ?

იმიტომ, რომ ეს კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანია. ზუსტად ისე, როგორც ენერგია დედამიწაზე. დარწმუნებული ვარ, რომ მარსზე ჩავალთ. მეც სიამოვნებით გავფრინდები.

...და მარსზე მოკვდებით?

მანამდე უკანაც დავბრუნდები, მაგრამ თუ ასე მოხდა, რატომაც არა?

Tesla, Spaxe X, Solar City – და ეს ყველაფერი არ არის. თქვენ ისიც თქვით, რომ სან ფრანცისკოდან ლოს ანჯელესამდე ზებგერითი მეტროს აშენება გსურთ და ესეც ფანტასტიკის სფეროა. რომელს ვნახავთ უფრო ადრე: ზებგერით მეტროს თუ პირველ ადამიანს მარსზე?

მე მგონია, რომ ზებგერითი მეტრო უფრო რეალურია, ოღონდ სხვა მარშრუტით. ინტერესი ლოს ანჯელეს-ლას ვეგასის მარშრუტზე უფრო დიდია.

რომელი იყო თქვენი საუკეთესო იდეა? Space X?

ჩემი საუკეთესო იდეა ის იყო, რომ სამხრეთ აფრიკიდან აშშ-ში ჩამოვედი. მაშინ 16 წლის გახლდით. ამ ყველაფერს მხოლოდ ამერიკაში თუ განვახორციელებდი. სხვაგან ეს შეუძლებელი იქნებოდა.


ეს ფოტო Tesla Model S-ის სალონშია გადაღებული. უმაღლესი ხარისხის ტყავს, უძვირფასეს ხესა და ალუმინს სხვა ავტომობილებშიც ვხვდებით ხოლმე. აი, 17-დუიმიანი მონიტორი კი არნახული ინოვაციაა. სენსორულ ეკრანზე, რომელიც Apple iPad-ზე მინიმუმ ორჯერ დიდია, ყველაფერს მარტივად და კომფორტულად ვაკეთებთ. Tesla-მ მომავლის ფორმატი აღმოაჩინა!

ელონ მასკი აშშ-ში პირველად 1988 წელს ჩავიდა, 1992 წელს კი, კინგსტონისა და პენსილვანიის უნივერსიტეტებში ფიზიკისა და ეკონომიკის ფაკულტეტები ბაკალავრის დიპლომების აღებით დახურა და სტენფორდისთვის სტიპენდიაც მიიღო. თუმცა იქ სწავლა ზუსტად ორ დღეში შეწყვიტა, რადგან მის გარშემო ყველა ინტერნეტ-ფირმებს აარსებდა და მდიდრდებოდნენ. იმ დროს ელონს ჰქონდა 2000 დოლარი, ავტომობილი, კომპიუტერი და ჰყავდა ერთადერთი მეგობარი კალიფორნიაში - მისი უმცროსი ძმა. თუმცა სამხრეთ აფრიკაში დაბრუნებაზე ერთი წამითაც არ უფიქრია - შანსი მიეცა და ამ შანსის გამოყენება უნდოდა. 1995 წელს მან დაარსა Zip2 - ინტერნეტკომპანია, რომლითაც ფირმები მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იღებდნენ. Musk&Musk მუშაობდნენ ოფისში, სადაც სახურავიდან წყალი ჩადიოდა და რომლის ქირაშიც თვეში 400 დოლარს იხდიდნენ. ძმები მასკები ოფისში იმდენ ხანს რჩებოდნენ და ისე ადრე დგებოდნენ, რომ თანამშრომლები ვერ ამჩნევდნენ, სინამდვილეში იქვე რომ ცხოვრობდნენ. შხაპს ახალგაზრდულ ქრისტიანულ ასოციაციაში (Young Men’s Christian Association – YMCA) იღებდნენ. 1999 წელს ძმებმა Zip2 სარეკორდო ფასად, 307 მილიონ დოლარად გაყიდეს. იმ დროს ელონ მასკი 27 წლის გახლდათ. მერე იყო PayPal და დამატებითი მილიონები...

ეს წარმატებები თქვენი ცხოვრების საუკეთესო გამოცდილებაა?

არა, ჩემი ცხოვრების საუკეთესო გამოცდილება 12 წლის ასაკში მივიღე, როცა ავსტრიაში ჩავედით და პირველად ვნახე თოვლი. იმ დღეს მიღებული შთაბეჭდილება სიკვდილამდე გამყვება.

არის თუ არა რაიმე ისეთი, რასაც მეორედ აღარ გააკეთებდით?

ვნანობ იმას, რომ თავიდანვე პირადად მე არ ვიყავი Tesla-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. სხვა კანდიდატების ძიებაში ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ. ფირმის შექმნა და აღორძინება გაცილებით რთულია, ვიდრე არსებული ფირმის მართვა.

რა უნდა შეეძლოს ადამიანს, რომელსაც Tesla-ში მუშაობის დაწყება უნდა?

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიცოდე, როდის მიიღო ჩვენთან მუშაობის დაწყების მსურველმა ადამიანმა ბოლოს რთული გადაწყვეტილება და რა შედეგი მოჰყვა ამ გადაწყვეტილებას. ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია, სად ისწავლა და აქვს თუ არა დიპლომი. შეხედეთ ბილ გეითსს ან სტივ ჯობსს - არცერთს არ ჰქონდა დიპლომი.

ხედავთ საერთოს თქვენსა და ბილ გეითსს, ან სტივ ჯობსს შორის?

რა თქმა უნდა! მე მათთან ორი რამ მაქვს საერთო: ტექნიკური ნიჭი და ეკონომიკური გაგება. თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ იპოვნო საჭირო ადამიანები და დაარწმუნო ისინი იმაში, რომ შენი პროექტი მაგარია. ამას ბევრი ვერ ახერხებს ხოლმე.

Auto Bild
ელონ მასკთან ინტერვიუ AUTO BILD-ის რეპორტიორმა კრისტინ მარტენსმა და მთავარი რედაქტორის პირველმა მოადგილემ, "ოქროს საჭის" მთავარმა ორგანიზატორმა იოახიმ ვალტერმა ჩაიწერეს

კიდევ რამდენ ხანს იქნებით Tesla-ს შეფი?

მინიმუმ იქამდე, სანამ ჩვენი მესამე მოდელი არ გამოვა. ეს 2017 წელს მოხდება. მერე კი ვნახოთ.

ამ მოდელმა Tesla მასობრივ ავტომწარმოებლად უნდა გადააქციოს. როგორ გინდათ, რომ ეს მანქანა 35 000 დოლარი ღირდეს? Model S-ის მინიმალური ფასი ხომ 70 000 დოლარია?

პირველ რიგში ამძრაობა უნდა გაიაფდეს. აკუმულატორები უფრო იაფი გახდება. ამიტომაც დავაარსე ელემენტების ქარხანა, სადაც აკუმულატორების წარმოება ძალიან მალე დაიწყება.

ქარხნის სახელია Gigafactory, რომელიც ნევადაში შენდება და იმდენი ელემენტი უნდა აწარმოოს, რამდენსაც დღეს არსებული ქარხნები ერთად აწარმოებენ. ქარხანა 5 მილიარდი დოლარი ჯდება.
ელონ მასკს, რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდოდა, რომ წარმატებული ბიზნესმენი ყოფილიყო და ბევრი ფული ეშოვნა, მაგრამ აშკარად ეტყობა, რომ კაცობრიობისთვის სურს რაღაცის გაკეთება. მხოლოდ გარემოზე ზრუნვა რად ღირს? Model S-ის მფლობელები თავიანთ მანქანებს Supercharger-სადგურებზე უფასოდ მუხტავენ - აშშ-ში უკვე 121 ასეთი სადგურია, ევროპაში - 76, აზიაში - 26. მასკი თავის თანამშრომლებს დღეში დამატებით 5 დოლარს უხდის იმ შემთხვევაში, თუ ისინი სამსახურში ველოსიპედებით ივლიან. გაინტერესებთ მისი პასუხი ჩვენს ბოლო კითხვაზე?


ცხოვრების მთავარი დევიზი გაქვთ?

არ მინდა, რომ უსარგებლო ვიყო.


ელონ მასკის წარმატებების ქრონოლოგია

28. 6. 1971: ელონ მასკი სამხრეთ აფრიკის ქალაქ პრეტორიაში დაიბადა (ზოდიაქო: კირჩხიბი)
1983: 12 წლის მასკმა კომპიუტერული თამაში შექმნა და კომპიუტერების ჟურნალს 500 დოლარად მიჰყიდა.
1988: მასკი კანადაში ჩავიდა, სადაც კინგსტონის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა.
1992: პენსილვანიის უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ფიზიკის ფაკულტეტი ბაკალავრის დიპლომით დახურა.
1995: მასკმა პალო ალტოში გადაინაცვლა, სადაც სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლისთვის სტიპენდია მიიღო, მაგრამ ზუსტად ორი დღის შემდეგ სწავლაზე უარი თქვა და თავის ძმასთან, კიმბალთან ერთად ინტერნეტ-კომპანია (Zip2) დაარსა.
1999: ელონ მასკმა Zip2 კომპანია Compaq-ს 307 მილიონ დოლარად მიჰყიდა. ეს გახლდათ იმ დროისთვის ინტერნეტ-კომპანიაში გადახდილი სარეკორდო თანხა. 22-მილიონიანი წილით დაარსა X.com, რომელიც PayPal-ის წინამორბედი კომპანია იყო.
2002: PayPal 1,5 მილიარდ დოლარად შეიძინა Ebay-მ, საიდანაც მასკმა 165 მილიონი დოლარი მიიღო.
2002: ელონ მასკმა კომპანია კოსმოსური კომპანია Space X.
2004: მასკმა Tesla Motors-ში ინვესტიცია ჩადო და კომპანიის CEO და განვითარების შეფი გახდა.
2006: ელონ მასკმა ბიძაშვილებთან, პიტერთან და ლინდონთან ერთად კომპანია Solar City დაარსა.
2008: Space X-ის მეოთხე რაკეტა წარმატებული გამოდგა.
2012: Tesla-მ გამოუშვა Model S.
2014: მასკმა დაანანონსა ელემენტების მსოფლიოში ყველაზე დიდი ქარხნის მშენებლობა ნევადაში.
2014: Tesla-მ ყველა პატენტი გაათავისუფლა, რათა ელექტრომობილების წარმოებას ხელი შეუწყოს.
2015: Tesla ახალ მოდელს, Model X-ს გამოუშვებს.

Auto Bild
ელონ მასკი Tesla Model S-თან და ”ოქროს საჭით”. ის უკვე დადგა ისეთი დიდი ამერიკელი ავტობოსების გვერდით, როგორებიც არიან ჰენრი ფორდ II, ლი იაკოკა, ბობ ლუტცი და ალან მალალი
facebook twitter twitter
ელფოსტა ბეჭდვა
ტეგები:
Tesla, ელონ მასკი, ოქროს საჭე,
ტესტები
მრჩეველი
რეპორტაჟი
ავტოსპორტი
ტექნოლოგიები
article image
ოქროსფერი BMW M2 630 ცხენით!
2016-07-28 13:15:11
ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, Manhart-ის ტიუნერებმა გადაწყვიტეს, BMW M2-ზე წაემუშავათ.
სრულად
Cat Image
აუდი, როგორც მერსედესი... (+ VIDEO)
2016-07-26 05:21:25
”აუდის” ახალმა კუპემ ისეთი დეტალებით გაგვაოცა, აქამდე მერსედესისგან რომ ვიცოდით...
სრულად
Cat Image
ახალი Mercedes C-კაბრიო: ღიაა ყველაფრისთვის, მაგრამ არა ყველასათვის...
2016-07-18 10:25:08
”მერსედესმა” საზაფხულოდ C-კლასი გაჭრა და ამ ოპერაციის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრ ფულს ითხოვს. AUTO BILD-მა C-კაბრიოლეტით გასეირნა
სრულად
როგორ უნდა შეარჩიოთ გასაბერი ან ასაწყობი აუზი – აუცილებელი წესები
რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა
პრეზიდენტ ერდოღანის საოცარი სასახლე, 185 მილიონი დოლარი და შოპინგზე მანიაკალურად შეყვარებული ცოლი (+ფოტოები)
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება კერძო სახლი დიდ დიღომში
იყიდება აგარაკი საგურამოში
იყიდება კერძო სახლი ჩუღურეთში
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: დასვენება, ოლიმპიადა, Tbilisi Open Air...
"ზაგრების" სპორტული დირექტორი: თბილისში გოლის გასატანად ჩავდივართ
სხვა სიახლეები
23.04.2014

სიცოცხლე ჯავშნიანი მერსედესისგან, უარი გერმანულ რეკლამას და სტუმრად ფიდელ კასტროსთან - ინტერვიუ ედუარდ შევარდნაძესთან

სრულად
ელექტრომობილების დრო მალე მოვა!
26.02.2014
Tesla-ს შეფი ელონ მასკი სამომავლო გეგმების, Model S-ისა და ზოგადად ელექტრომობილების პერსპექტივაზე საუბრობს
სრულად
ყველაფერი ახალი სანომრე ნიშნების შესახებ
14.11.2013
ნომრის შეცვლა ნებაყოფლობითი იქნება - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორ ნინო კობახიძესთან
სრულად
როგორ დავზოგოთ კომუნალური გადასახადები?
Apple-მა ფოტო/ვიდეო გადაღების ამკრძალავი ტექნოლოგია დააპატენტა
რას ნიშნავს მსოფლიო ვალუტების სახელწოდებები
N80 ივლისი 2016
ახალი ნომერი
არქივი
ფრენის განრიგი
მატარებლის განრიგი
IMG
აფიშა
ჰოროსკოპი
TV პროგრამა
ვალუტა
Mercedes-Benz C 180 2500 $
Nissan Rogue 9000 $
Jeep Liberty. 50 $
იყიდება აალების სანთელი სვეჩი /