
ოქროს საჭის ფინალურ ეტაპზე Cadillac CTS საავტომობილო ოსკარისთვის საშუალო და მაღალი კლასის კატეგორიაში იბრძოდა
არა, ”კადილაკი” საქართველოში ნამდვილად არ არის წარმატებული ბრენდი. რამდენიმე წლის წინ ”ოპელისა” და ”შევროლეს” თბილისის ცენტრში ”კადილაკებიც” გამოჩნდნენ და თითო-ოროლა Escalade-იც გაიყიდა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ქართველები ”კადილაკს” რატომღაც პატივს არ ვცემთ.
რისი ბრალია ეს? იქნებ იმის, რომ ეს უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ამერიკული მარკა ”მერსედესისა” და BMW-ს ალტერნატივად აღვიქვათ? მიზეზი, სავარაუდოდ, სწორედ ესაა. ”ოქროს საჭის” ფინალურ ტესტებზე საშუალო და მაღალი კლასის ავტომობილების კატეგორიაში ახალი Cadillac CTS იყო წარმოდგენილი - მანქანა, რომლითაც General Motors-ს ევროპაშიც სურს წარმატების მიღწევა.
ხისტი ხაზები, მოსაწონი პროპორციები და Caddy-სთვის დამახასიათებელი ელეგანტურობა - ფაქტია, რომ ეს სედანი ვიზუალურად გერმანელ კონკურენტებს არ ჩამოუვარდება. მოგვეწონა მძღოლის სამუშაო მაგიდაც, რომელიც ხარისხიანი მასალებითაა მოწყობილი და ინდივიდუალური სტილის მოყვარულებს მიიზიდავს: მაჩვენებლები სრულად ციფრულია, მომსახურება კი უმარტივესი.
ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ CTS ცუდად არ დადის. დაკიდება საკმარისად ხისტია და აღარ არის კომფორტზე ზედმეტად ორიენტირებული. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ინჟინრებმა მის სპორტულობაზე ნიურბურგრინგზე იმუშავეს. მთელ კონცეფციაში კარგად ჯდება პირდაპირი მოხვევა და ბუზღუნა 4-ცილინდრიანი ძრავა. დიახ, დიახ, მოდამ სახელწოდებით Downsizing ამერიკაშიც ჩააღწია და შესაბამისად, ”კადილაკმა” 276 ცხენის ძალისთვის ძრავის 2-ლიტრიანი მოცულობა უნდა იმყოფინოს. მართალია, ახალი CTS წინამორბედ მოდელებზე ეკონომიურია, მაგრამ ტესტის დროს 100 კილომეტრზე საშუალოდ 10,4 ლიტრი საწვავი მოიხმარა, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. შედარებისთვის: BMW 528i-ს (245 ცხენის ძალა) საწვავის გატესტილი, საშუალო ხარჯი თითქმის 2 ლიტრით ნაკლებია.
ამაყ ”კადილაკს” ფასიც საამაყო აქვს: დაახლოებით 49 000 ევრო. დაამატებთ 2 000 ევროს და BMW 528i მოგივათ. ესეც მიზეზი...
კარგი ხარისხი და დამუშავება, თანამედროვე სენსორული ეკრანი. მომსახურება აბსოლუტურად უპრობლემოა
მოგვწონს: თავდაჯერებული, ინდივიდუალური სტილი და სვლის სპორტული მანერა უკანა ამძრაობის წყალობით.
არ მოგვწონს: თითქმის 300-ცხენისძალიან სიმძლავრეს საჭესთან ბოლომდე ვერ გრძნობ
გვიკვირს: რატომ არ ვაღიარებთ ამ ბრენდს? აღიარება გაყიდვების რაოდენობაში უნდა ისახებოდეს
დასკვნა
სინამდვილეში Cadillac CTS იმაზე გაცილებით უკეთესი ავტომობილია, ვიდრე მისი გაყიდვების მაჩვენებლები (საქართველოში, თუ ევროპაში) გვკარნახობს. ეს არის კარგად მოწყობილი მანქანა ინდივიდუალური სტილით, რომელიც ჩვენს ქუჩებს ნამდვილად დაამშვენებდა. უბრალოდ, უნდა გაბედოთ და იყიდოთ!
შალვა ბუაჩიძე