”იაგუარს” შავმა კატამ გზაზე რამდენჯერმე გადაურბინა. ერთ-ერთი უკანასკნელი ასეთი შემთხვევა 2009 წელს დაფიქსირდა, როცა ”იაგუარმა” პირველად გადაწყვიტა საშუალო კლასში შეღწევა და მაშინ ეს მცდელობა ფიასკოთი დამთავრდა. სწორედ 2009 წელს წარმოადგინეს ბრიტანელებმა ”ფორდ მონდეოს” ბაზაზე შექმნილი X-Type და 350 000 გაყიდული ეგზემპლარის შემდეგ წარმოება შეწყვიტეს. მართალია, კომპანიის ბუღალტრები კმაყოფილები იყვნენ, მაგრამ იმიჯი გახლდათ შელახული. იმიჯი კი ამ ბრენდისთვის ყველაზე და ყველაფერზე წინ დგას. მიზეზი წინა ამძრაობა გახლდათ. ”იაგუარი” წინა ამძრაობით? Shocking!

2015 წლის ზაფხულში ”იაგუარი” მორიგ მცდელობას გეგმავს. ამერიკელი დედინაცვლის, ”ფორდისგან” გათავისუფლებულს, თავისუფლად მოქმედების საშუალება მიეცა და სრულიად ახალი პლატფორმა შექმნა, რომელშიც უკანა ამძრაობა არა მარტო შედის, არამედ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა ბრიტანელები მარწუხებისგან მთლად ბოლომდეც არ გათავისუფლებულან, რაშიც ახალი Jaguar XE-ს BMW-ს მესამე სერიასთან პირველმა ექსკლუზიურმა შედარებამ დაგვარწმუნა. საქმე ისაა, რომ ”იაგუარის” დიზაინერებსა და ინჟინრებს XE-ზე მუშაობის პროცესში ბავარიული კონკურენტი დიდი გულისყურით შეუსწავლიათ.
კაცმა რომ თქვას, რატომაც არ უნდა მოქცეულიყვნენ ასე? BMW-ს მესამე სერია ხომ საშუალო კლასის სპორტული სედანების ეტალონი და ამ კლასში ყველაზე წარმატებული მოდელია. და მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერები ამბობენ, ახალ Jaguar XE-ზე მუშაობისას სპორტულ F-Type-ზე ვფიქრობდითო, არა გვგონია, გადაჭარბებული იყოს იმის თქმა, რომ სინამდვილეში ორიენტაცია BMW 3er-ისკენ იყო მიმართული, რაც განსაკუთრებით წინა ფარების დიზაინს ეხება. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ახალი ”იაგუარი” ვიზუალურად გაცილებით ნორჩი ჩანს, ვიდრე BMW-ს მესამე სერია, რომელიც 2011 წლის მიწურულიდანაა ხელმისაწვდომი. იგივე უნდა ვთქვათ ინტერიერზეც. მართალია, BMW-ს სალონი ძალიან კარგადაა დამუშავებული, მაგრამ გამოყენებული მასალები, Jaguar XE-სთან შედარებით, ფასის ამ კატეგორიისთვის უკვე აღარ ჩანს ისეთი ბრწყინვალე, როგორც 2011 წელს იყო.

სალონის წინა ნაწილში სივრცე ორივე ავტომობილში საკმარისზე მეტია. BMW-ში ოდნავ უფრო სპორტულად ზიხარ. BMW-ს ტიპური კოკპიტი, რომელიც მძღოლზეა ორიენტირებული. თუმცა ”სამუშაო მაგიდის” დიზაინი ცოტათი მოძველდა - ეს მოდელი ხომ 2011 წლის მიწურულიდან გამოდის. განიერ ცენტრალურ კონსოლზე გენიალური iDrive-ის სამართავსაც ხედავთ

ახალ Jag-ს კომფორტული და კარგად ფორმირებული სავარძლები აქვს. სივრცე წინ იმდენივეა, რამდენიც BMW-ს მესამე სერიაში. Jaguar XE თანამედროვე და იოლად აღსაქმელი კოკპიტით, ბრწყინვალე დამუშავებითა და ხარისხიანი მასალებით. საერთო ჯამში, მისი ინტერიერი BMW-საზე მოდური ჩანს, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ახალი მოდელია
”იაგუარში” ჯდომის ღრმა პოზიცია მძღოლს კოკპიტში იდეალურად ინტეგრირების გარანტიას აძლევს, სრულიად ახალი მულტიმედია-სისტემა კი მინიმუმ ვიზუალურად ჩანს უფრო ახალი. რაც შეეხება კონკრეტულად ინტერნეტკავშირს და Connected Car-ის ფუნქციურ კრიტერიუმებს: BMW ამ მხრივ ჯერ კიდევ სამაგალითოა. თუმცა მოდი, ამ კრიტერიუმს მთლად ბოლომდეც ნუ შევაფასებთ, რადგან წინასერიული Jag ჯერ კიდევ არაა სრულად აღჭურვილი და მხოლოდ ის ვთქვათ, რომ ”იაგუარი” მოგვიანებით სმარტფონების აპლიკაციებსაც გვიჩვენებს.

დახრილი სახურავი უკან: ახალ Jaguar XE-ს სპორტული ფიგურა აქვს


”იაგუარის” საბარგულის მოცულობა 455 ლიტრია. ჩვენი ფოტოგრაფის ყუთი, რა თქმა უნდა, უპრობლემოდ მოთავსდა. მარჯვნივ: შტეფან ფოსვინკელი (სიმაღლე 2,00 მეტრი) ”იაგუარის” უკანა სავარძელზე. ზოგადად სივრცე საკმარისია, თავსზემოთ - ისე რა


BMW-ს საბარგულის მოცულობა 480 ლიტრია, რაც ”იაგუარისაზე” 25 ლიტრით მეტს ნიშნავს. BMW-ს მესამე სერიის სალონის უკანა ნაწილში ოდნავ მეტი სივრცეა - განსაკუთრებით თავსზემოთ
სალონის ტევადობის კუთხით ბრიტანელებს ძალიან კარგად უმუშავიათ. ამ კრიტერიუმში განსხვავებები ფაქტობრივად არ ჩანს: ორივე კონკურენტი სალონის წინა ნაწილში საკმარისზე მეტ სივრცეს გვთავაზობს - მშვენიერი მოქნილობითა და კომფორტული სავარძლებით. ეს არც გვიკვირს, რადგან მესამე სერია და XE ზედმეტად ჰგვანან ერთმანეთს - ორივე ავტომობილის სიგრძე ფაქტობრივად იდენტურია. აი, სალონის უკანა ნაწილში კი BMW ოდნავ უფრო ჰაეროვანი ჩანს. ეს პირველ რიგში თავს ზემოთ სივრცეზე ითქმის, რაც BMW-ში საგრძნობლად მეტია. საბარგულის მოცულობის თვალსაზრისით კი თითქმის თანაფარდობაა: BMW-ს 480-ლიტრიანი საბარგული აქვს, რაც ”იაგუარისაზე” მხოლოდ 25 ლიტრით მეტია.

უკანა ხედითაც ჩანს, რომ ”იაგუარისთვის” მისაბაძი მაგალითი სწორედ BMW იყო

დასკვნა
”იაგუარი” BMW-სთან ასე მიახლოვებული აქამდე არასდროს ყოფილა. ახალი XE ძალიან მომეწონა! ამ სტატიკურმა შედარებამ დამარწმუნა, რომ ამ ”იაგუარის” სახით საშუალო კლასში მესამე სერიის ღირსეული ალტერნატივა გამოჩნდა. ვიზუალური შესწავლის შემდეგ ყველაფერი ძალიან კარგადაა, დანარჩენს ტესტები გვიჩვენებს.
შტეფან ფოსვინკელი