რა უნდა, რომ გამოვიდეს პატარა კირას, როცა გაიზრდება? პრინცესა? მოცეკვავე? ”არ ვიცი,” - მეუბნება 5 წლის გოგონა დარცხვენილი სახით და თავისი პირველი ავტომობილის 500-ივე ღილაკს ლამის ერთდროულად აჭერს. ”საით გავემგზავროთ პირველად? - ეკითხება მამამისი, - კალიფორნიაში? ევროპაში? ციმბირში? კირა მხოლოდ იღიმის. მამას ხელში აჰყავს, გულში იკრავს და ამბობს: ”მეთვითონ შევარჩევ რამე კარგ ადგილს და როგორც კი მოვიცლი, მაშინვე გავემგზავროთ!”
ამ ავტომობილის მისია მსოფლიოს აღმოჩენაა. პატარა კირა ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რა აჩუქა მამიკომ. ეს არის საექსპედიციო ავტომობილი, რომელიც სწორედ მის სახელს ატარებს: ”Kira-Van”. და ეს ავტო ისეა მომზადებული, რომ უდაბნოსა თუ ტყეში მოგზაურებს რამდენიმე კვირა გააძლებინოს.
”მიწისძვრა რომ მოხდეს და შეეშინდეს, ეს ავტომობილი საუკეთესო ადგილი იქნება თავის შესაფარებლად,” - ამაყად ამბობს ბრენ ფერენი, ანუ, კირას მამა.

არა, ეს არ არის Airbus A380-ის კოკპიტი. ჩვენი ავტორი ჰაუკე შრიბერი Kira-Van-ში იმ ადგილზე მოთავსდა, სადაც მომავალში ექსპედიციის ხელმძღვანელი უნდა დაჯდეს
ავტომობილის ბაზა გერმანულია: Unimog 4500-ის შასი ერთი მეტრით დააგრძელეს და ახალი დაკიდება უბოძეს
ფერენი მულტიმილიონერია. ის ”დისნეის” განვითარების შეფი გახლდათ, მისი კერძო კომპანია ჰოლივუდის ფილმებისთვის სპეც-ეფექტებს აკეთებს და იმ დროს, როცა AUTO BILD-იდან ვესტუმრეთ, ფერენს... ჩუმად... პენტაგონიდან ჰყავდა სტუმრები.
დარბაზში, გადაკეთებული Unimog-ის გარშემო რამდენიმე კაცი დგას. კოკპიტი კი და უკანა განყოფილების ნახევარი კომპიუტერებით, ეკრანებით და ასობით ღილაკითაა მოწყობილი. ავტომობილი პირველად 2015 წლის ბოლოს დაიძრება, კირა დედიკოს და მამიკოს უკან მოთავსდება და პირველი მოგზაურობაც დაიწყება.

კირა ჯერ ხუთი წლისაა, უკვე საკუთარი ავტომობილი ჰყავს და თანაც, ასეთი. კირას მამა, იდეის ავტორი, მულტიმილიონერი ბრენ ფერენი. ამ მანქანაზე მისი ფირმის 150 თანამშრომელი მუშაობდა
ბავშვისთვის გაკეთებული ეს უდიდესი ავტომობილი სიგრძეში თითქმის 16 მეტრია და 24 ტონას იწონის. თითოეული მისი საბურავი კირას სიმაღლისაა. მოვა დრო და მამიკო აუხსნის, როგორ უნდა გადართოს კირამ ჯოისტიკით 4x4 ამძრაობა 6x6-ზე და როგორ უნდა ჩართოს სახურავზე დამონტაჟებული SOS-სიგნალი...
ჰაუკე შრიბერი
KIRA-VAN
გამოშვების წელი: 2014
გამოშვების ადგილი: აშშ
განსაკუთრებულობა: მდიდრული საექსპედიციო ავტომობილი მთელი ოჯახისთვის
ტექნიკა: Unimog 4500 Truck (ამერიკული ვერსია); ძრავა: მერსედესის 6-ცილინდრიანი; სიმძავრე: 260 ცხ. ძ.; ამძრაობა: 4x4 ან 6x6; ავზი: 640 ლიტრი; გარბენი სავსე ავზით: 3200 კმ
კომპლექტაცია: 22 კამერა, 7 ანტენა, მოტოციკლეტი, აბაზანა, სამზარეულო, სათამაშო კუთხე
