გამოვკითხეთ როგორც დაბალანაზღაურებადი მძღოლები, ისე საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე მესაჭეებიც და საბოლოო შედეგი ასე გამოიყურება: ქართველი მძღოლი საწვავში ყოველთვიური შემოსავლის საშუალოდ 22,2%-ს ხარჯავს.
ჩვენ მიერ ჩატარებულ კვლევაში პარადოქსული შემთხვევებიც დაფიქსირდა. მაგალითად, არაერთია ისეთი მძღოლი, ვინც საწვავში შემოსავლის 50, 60, ან სულაც 70 პროცენტს ხარჯავს. რამდენიმე მძღოლმა მოგვწერა, რომ მის შემთხვევაში ერთ თვეში საწვავში დახარჯული თანხა შემოსავლის 200, 250 ან 300 (!!!) პროცენტია, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევებში მექანიკური შეცდომები დაუშვეს და 200-ის ნაცვლად 20 პროცენტის, 250-ის ნაცვლად 25-ის, ხოლო 300-ის ნაცვლად კი 30 პროცენტის ჩაწერა სურდათ...

ყველასათვის კარგად ცნობილ ავტომობილისტ შალვა ოგბაიძეს ერთი წელია, რაც ელექტრომობილი Mitsubishi i-Miev ჰყავს. მან თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა და გვითხრა, რომ 100 კილომეტრს მაქსიმუმ 2 ლარად გადის:
”ერთი წელია რაც ელექტრომობილით დავდივარ, ამდენად შარშან 2 500-3 000 ლარამდე დავზოგე და სულ შარშანდელი დანახარჯი ელექტრო ენერგიაზე მქონდა 300 ლარამდე. ანუ, ასეთი არითმეტიკაა: საშუალოდ თვეში გავდივარ 1200-1500 კმ-ს, რაც წლიურად (სეზონურობის გათვალისწინებით) დაახლოებით 15 000 კმ-ს შეადგენს. თუ გავითვალიწინებთ, რომ ბენზინიანი მანქანით 100 კმ-ზე უნდა დამეხარჯა 8-9 ლიტრი ბენზინი (რაც საწვავის ფასის გათვალისწინებით დაახლოებით 20-22 ლარს შეადგენს), ანუ, მთლიანობაში შარშან საწვავზე 3 300-3 500 ლარი უნდა დამეხარჯა. რაც შეეხება ელექტრომობილით სიარულისთვის საჭირო ელექტროენერგიას: 1 კილომეტრი გავლაზე მოიხმარს დაახლოებით 0,1-012 კვტ/სთ. ენერგიას, რაც 100 კმ-ზე 10-12 კვტ/სთ.-ს შეადგენს, ანუ, 100 კმ-ს გავლაზე ,,ვწვავ'' 10-12 კვტ/სთ-ს, ანუ, ეს ციფრი რომ გავამრავლოთ ერთი კვტ/სთ-ს ღირებულებაზე მივიღებთ 1,8-2.0 ლარამდე ღირებულებას, აქედან გამომდინარე 15 000 კმ-ზე მე ,,დავწვი'' დაახლოებით 300 ლარამდე ელექტროენერგია. რომ იტყვიან-,,იგრძენით განსხვავება'', - აცხადებს შალვა ოგბაიძე.
ამრიგად, ელექტრომობილი ეკონომიურობის (და ცხადია, ეკოლოგიურობის) მხრივ შესანიშნავი არჩევანია, მაგრამ სამწუხაროდ, ელექტრობილები ძვირადღირებული სიამოვნებაა და დიდი მინუსია ისიც, რომ დამუხტვის შემდეგ, რასაც 7-8 საათი სჭირდება, მხოლოდ 70-80 კილომეტრს გაივლი.