წარმატება ყველას და ყველაფერს ალამაზებს. ამ მოსაზრების საუკეთესო დამადასტურებელი საბუთი ავტომოყვარულებმა ლოს ანჯელესის ავტოგამოფენაზე ვნახეთ: ახალი Mazda CX-3. გაყიდვების 20-პროცენტიანმა მატებამ ”მაზდას” თავდაჯერება შემატა და ამიტომაცაა, რომ ეს იაპონური მწარმოებელი ახალ-ახალ მოდელებს უფრო და უფრო ხშირად გვთავაზობს. ერთ-ერთი უახლესი კი სწორედ CX-3 გახლავთ - პატარა და ლამაზი ქროსოვერი, რომელიც თავისი პროპორციებით იტალიურ მანქანას მოგაგონებთ. სიგრძეში მხოლოდ 4,28 მეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ Opel Mokka-ს და Skoda Yeti-ს ფორმატის ავტომობილია.

სიგრძეში 4,28 მეტრია, სიგანეში - 1,55 მეტრი. ამ ზომებით CX-3 ”ოპელ მოკასა” და ”შკოდა იეტის” ფორმატის ქროსოვერი გამოდის
რაკი პატარა ქროსოვერების პოპულარობა უკვე უსაზღვროა, ”მაზდას” ვერსიასაც წარმატების სერიოზული შანსები აქვს. ტექნიკური თვალსაზრისით ეს ავტომობილი ორ კლასს შორის დააბოტებს და სადღაც Mazda 2-სა და Mazda CX-5-ს შორისაა პოზიციონირებული. სახელიც მიგახვედრებთ, რომ CX-5 მისი უფროსი ძმაა, რომლისგანაც ახალი CX-3 სრულ ამძრაობას, უკანა ღერძს და გადაცემათა კოლოფს მიიღებს - ოღონდ, ყველაფერი მოდიფიცირებული ექნება.

კოკპიტი Head-up-დისპლეითა და ცენტრში განთავსებული ტახომეტრით
უფროსი ძმა ახალ მოდელს რამდენიმე ძრავასაც გაუნაწილებს. CX-3 თავიდან ხელმისაწვდომი იქნება ბენზინის ორი ძრავით (120 და 150 ცხენის ძალა) და ასევე დიზელის ახალი, 105-ცხენისძალიანი აგრეგატით, რომელიც Mazda 2-ს უდგას. ყველა ვერსია ხელმისაწვდომი იქნება 6-საფეხურიანი მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფებით. ამას გარდა, CX-3 ”მაზდას” აქტუალური მოდელებიდან მიიღებს მულდიმედია-სისტემა MZD Connect-ს, რომელიც 7-დუიმიან ეკრანს, Headup-დისპლეის, სრულ LED-განათებასა და არაერთ ელექტრონულ ასისტენს გულისხმობს.

CX-3-ში ”მაზდას” აქტუალური დიზაინია გადმოცემული. Mazda CX-3-ის გაყიდვები ზაფხულში იწყება და ამ ავტომობილს ”მაზდა ცენტრი თბილისიც” შემოიყვანს

ახალი Mazda CX-3 ზაფხულიდან გაიყიდება და, სავარაუდოდ, საკმაოდ იაფიც ეღირება. ახალ ქროსოვერს, რა თქმა უნდა, ”მაზდა ცენტრი თბილისიც” შემოიყვანს. ჩვენი ვარაუდით, საწყისი ფასი 120-ცხენისძალიანი მოდელის შემთხვევაში დაახლოებით 17 000 ევრო იქნება.
დასკვნა
”მაზდა” ფორმაშია და ახალი CX-3 იაპონელთა წარმატებების კიდევ ერთი დასტური გახლავთ. თანაც, როგორც ჩანს, ეს ავტომობილი ტექნიკურად იდეალურად იქნება აღჭურვილი და ისეთი ფასი ექნება, რომლითაც პატარა ქროსოვერების მოდურ კლასში სერიოზული ამბიციებით შეაბიჯებს.
თომას ჰირშბერგერი