Paradies-ში არც ომია და არც ტერაქტები ხდება. კონსტანცის შესანიშნავი უბანი ედემის ბაღი არ არის, თუმცა ძალიან კი ჰგავს - რამდენადაც ეს შესაძლებელია.
დღეს აქ ევა თავის ადამს უნდა შეხვდეს. სერიულ ”ოპელ ადამს” კი არა, რომლითაც რიუსელსჰაიმელები ასე იწონებენ თავს, არამედ მის ველურ ძმას. ნება გვიბოძეთ, გაგაცნოთ: მისტერ როკსი. ეს უკანასკნელი ”ადამის” კოსტუმში გამოწყობილი მაჩოა. ფაქტობრივად მისი ტყუპისცალი. ტიპი, რომელიც ქალებს ლოგიკურად ძალიან უნდა მოსწონდეთ. ზოგადად ცივილურად გამოიყურება, ქალბატონებს კი განიერი მხრებით იზიდავს და ტანსზემოთ შიშველი მზადაა ახალი თავგადასავლებისთვის. რაკი ავტომობილზე ვსაუბრობთ, 18-დუიმიანი დისკებიც აღნიშვნის ღირსია.

”მინდა, თუ არ მინდა?” - თავის თავს ეკითხება ევა. ”ოპელი” კი ასეთ კითხვას უსვამს: ”გოგონი, მაღალი შემოსავალი გაქვს?” საბაზო ფასი ევროპაში: 15 990 ევრო
მოიხიბლება თუ არა ევა ამ ყველაფრით? ფაქტია, რომ კარგად შესრულებულ ”ადამს” ზედმეტი მარკეტინგული წიაღსვლები არ სჭირდება იმისათვის, რომ ევები თავის შესაძლებლობებში დაარწმუნოს. ”ადამი” აუცილებლად აპატიებს ევას თავისი გაგანიერებული ფრთების დაკაწვრას იმ დროს, როცა საშოპინგოდ გამოსული ეს უკანასკნელი დაპარკინგების დროს ერთიორ შეცდომას დაუშვებს. აი, ქვედა დამცავი კი მხოლოდ შოუა - მიუხედავად იმისა, რომ Adam Rocks-ის კლირენსი ჩვეულებრივისაზე 15 მილიმეტრით მეტია. ედემში ცუდი გზები ხომ არ არსებობს, უასფალტო გზას კი სწორედ ეს დამცავი შეესაბამება.
დიდი გადასაწევი ჭერი ”ადამებს” შორის მხოლოდ Adam Rocks-ს აქვს. სხვამხრივ, ინტერიერი მისი ძმის სალონის იდენტურია
საერთო და საბოლოო ჯამში Opel Adam Rocks იმაზე მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ მარტო მისი ტექნიკა გვიჩვენებს, რომ რიუსელსჰაიმელი ინჟინრები საქმეს აბსოლუტურად სერიოზულად მიუდგნენ. ”ოპელმა” 3-ცილინდრიანი ტურბო-ძრავები ”ადამებს” შორის პირველად სწორედ Adam Rocks-ს ჩაუდგა. მართალია, ეს ერთლიტრიანი ძრავუკა ევას საყვარელ ხელჩანთაზე დიდიც კი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ 90 ან 115 ცხენის ძალა აქვს და საკმაოდ ეფექტიანადაც მუშაობს. თუმცაღა შედარებით აგრესიული ვიზუალის მიღმა მაინც რბილი მანქანა იმალება - განსაკუთრებით მაშინ, როცა ”ადამში” City-რეჟიმს აირჩევთ.
ევამ ”ადამი” გაწუწა, ”მისტერ როკსმა” კი წყალში ამაზე ღრმად შესვლა ვერ გარისკა
ასეთი გადასაწევი ჭერით მხოლოდ Adam Rocks-ია ცასთან ასე ახლოს - სხვა სერიულ ”ადამებში” ამგვარ კონცეფციას ფასიანი ოფციის სახითაც კი ვერ მიიღებთ. თუმცა შეგვიძლია დავნაძლევდეთ, რომ ცოტა ხანში სერიული ”ადამებიც” მიიღებენ ასეთ სახურავს - ოღონდ მაშინ, როცა Rocks გაყიდვებით თავის პირველ შესაძლებლობებს ამოწურავს. იგივეს ვერ ვიტყვით საბარგულის უსაშველოდ მაღალ რაფაზე - ნაშოპინგარ ევას საბარგულში მოსათავსებლად ბარგის საკმაოდ მაღლა აწევა მოუწევს. თუმცა ქალების ამბავი ხომ იცით - გამორიცხული არაა, რომ ეს იოლად აპატიოს.
მშვენიერი ცენტრალური ეკრანი უამრავი ფუნქციით
თუკი ”ადამს” და ევას უნდათ, რომ ერთად ბედნიერები იყვნენ, მაშინ ქალბატონს კიდევ ერთ დათმობაზე წასვლა მოუწევს - მიხვდით ალბათ, მანქანის მაღალ ფასს ვგულისხმობთ. ევროპაში Adam Rocks 15 990 ევროზე იაფად სახლში არცერთ ევას არ გაჰყვება. ეს კი იმის დასტურია, რომ ხანდახან ედემის ბაღშიც აბსოლუტურად მიწიერი კანონები მოქმედებს.

ფსევდო-გველი ევასთან და ადამი ფსევდო-დამცავით
დასკვნა
ევამ იცოდა, რომ ამ ”ადამს” ბევრი ქალი ჰყავს, მაგრამ მაინც დაპატიჟა სახლში. არა იმიტომ, რომ ოფროუდის ფსევდო-ვიზუალი აქვს, არამედ მისი სახურავი და უხმაური 3-ცილინდრიანი ძრავა მოეწონა. ურთიერთობისთვის ხელის შემშლელი მხოლოდ ”ადამის” მაღალი ფასია.
ტექსტი: დანი ჰაინე
ფოტოები: ანგელიკა ემერლინგი
Adam Rocks 1.0 EcoTec Turbo
ძრავა: 3-ცილინდრიანი, Turbo
მოცულობა: 999 სმ3
სიმძლავრე: 85 კვ/115 ცხ. ძ.
მაქს. სისწრაფე: 196 კმ/სთ
0-100 კმ/სთ: 9,9 წამში
ავზი: 35 ლიტრი
სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 3747/1966/1493 მმ
საბარგული: 170–663 ლიტრი
წონა: 1156 კგ